უფასო „ჰერცეპტინის“ პროგრამას თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ახორციელებს. მასში ჩართვა იმ ქალებს შეუძლიათ, ვისაც HER2-დადებითი ძუძუს ადრეული, ანუ პირველი-მესამე სტადიის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. თუმცა განსხვავებულია დაფინანსების პირობები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და დანარჩენი პირებისთვის. მერია იმ ქალებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 000-ს არ აღემატება, მედიკამენტის საფასურს სრულად დაუფინანსებს, ხოლო ყველა სხვას - 80%-ით. „ჰერცეპტინით“ მკურნალობა მაქსიმუმ ერთი წლის განმავლობაში ანაზღაურდება.
„ჰერცეპტინი“ HER2-დადებითი ძუძუს კიბოს სამკურნალოდ მკურნალობის აუცილებელ კომპონენტად განიხილება. 2006 წლიდან აშშ-ისა და ევროპის ონკოლოგთა ასოციაციები HER2-დადებითი ძუძუს კიბოს შემთხვევაში რეკომენდაციას „ჰერცეპტინით“ მკურნალობას აძლევენ, რომელიც 40-45%-ით ამცირებს რეციდივის რისკს, ზრდის მკურნალობის ეფექტურობას და ადრეულ სტადიაში განკურნებაც შეუძლია. 2013 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ის აუცილებელი მედიკამენტების ნუსხაში შეიტანა.
მერიის ინფორმაციით, თუ თქვენ 2016 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ჩაწერილი ხართ თბილისში და HER2-დადებითი ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის დიაგნოზი დაგისვეს, მედიკამენტ „ჰერცეპტინით“ მკურნალობის ასანაზღაურებლად თბილისის მერიას უნდა მიმართოთ. ამისთვის კი მერიაში განცხადება, პირადობის მოწმობის ასლი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები, HER-2 დადებითი ძუძუს ადრეული სტადიის დამადასტურებელი დოკუმენტი, მკურნალი ექიმის მიერ მედიკამენტზე გაცემული რეცეპტის ასლი, პაციენტისთვის „ჰერცეპტინით“ ტარგეტული თერაპიის ჩატარების აუცილებლობისა და თერაპიის ჩატარებისათვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მზაობის თაობაზე კონსილიუმის დასკვნა და კალკულაცია უნდა წარადგინოთ და „ჰერცეპტინის“ დაფინანსების საგარანტიო წერილს მიიღებთ.
თბილისის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების ხელმძღვანელი სოფიო ასპანიძე „ლიბერალთან“ საუბრისას ამბობს, რომ მოქალაქეების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია დაჩქარებულ ვადებში განიხილება და ამ დრომდე მათ პრობლემები არ შექმნიათ.
მისი ინფორმაციით, „ჰერცეპტინით“ მკურნალობისთვის 3 მლნ. ლარი გამოიყო. ეს თანხა ძუძუს კიბოს წარსულში დაფიქსირებული სტატისტიკის მიხედვით გამოითვალეს. მისი თქმით, წელიწადში ძუძუს კიბოს 500 შემთხვევიდან 20-25% HER2-დადებითია. წონისა და წამლის დოზის გადამრავლებით მედიკამენტის საერთო რაოდენობა დაადგინეს და თანხაც ამის მიხედვით გამოიყო.
„დამოუკიდებელ ქალთა კლუბის“ დამფუძნებელი და ეროვნული სკრინინგცენტრის მენეჯერი თინა ბერუჩაშვილი ძუძუს კიბოს საწყისი სტადიის მქონე ქალებისთვის მედიკამენტ „ჰერცეპტინის“ აუცილებლობაზე საუბრობს. მან არაერთი ქალი იცის, ვინც მედიკამენტის შეძენა ფასის გამო ვერ შეძლო.
„იყო შემთხვევები, როცა ადგილობრივ ხელისუფლებას ან სპონსორებს მიმართავდნენ და ერთჯერადად ერთ ფლაკონს ყიდულობდნენ. მაგრამ არასრული იყო ეს მკურნალობა და ზოგჯერ აზრსაც კარგავდა იმის გამო, რომ ბოლომდე ვერ მიჰყავდათ“, - ამბობს თინა ბერუჩაშვილი „ლიბერალთან“ საუბრისას.
მისი განმარტებით, ონკოლოგიური დაავადების მკურნალობა ძალიან დიდ ხარჯებს მოითხოვს და თუ ქვეყნის ფინანსურ რესურსს გავითვალისწინებთ, ამ თანხის გამოყოფა დიდი მიღწევაა.
„მახსოვს ის დრო, როცა არაფერი არ ფინანსდებოდა და გვიწევდა ქალბატონებისთვის იმის თქმა, რომ მას სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა. მისგან კი ვისმენდით, რომ არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა და ვერ გაიკეთებდა ოპერაციას. მას ოპერაციის გაკეთებაც კი არ შეეძლო, არათუ მისი შემდგომი მკურნალობა. ამიტომ მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამის განხორციელება“, - აღნიშნავს ბერუჩაშვილი.
ონკოპრევენციასთან დაკავშირებით მერიის კიდევ ერთი ახალი წამოწყება მიზნობრივი სკრინინგის პროგრამაა, რომელსაც მერია გაერო-ის მხარდაჭერით საპილოტე რეჟიმში დიდუბესა და გლდანში განახორციელებს. ის 25-60 წლის ყველა ქალის საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგზე მიწვევას გულისხმობს. ამისთვის ეროვნული სკრინიგცენტრი პირველადი ჯანდაცვის რამდენიმე ობიექტთან კონტრაქტს გააფორმებს. ეს დაწესებულებები მათთან მისულ ქალებს პროგრამის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და ეროვნულ სკრინინგცენტრში გადაამისამართებენ. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პირველი საფეხური ნაცხის ანალიზია, მისი პასუხის მიხედვით კი ან დაიბარებენ ქალს შემდგომ გამოკვლევებზე, ან - არა.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ პროგრამით მაქსიმალურად ყველას ჩავუტარებთ სკრინინგს. იმის გამო, რომ მოქალაქეთა უმეტესობა პირველადი ჯანდაცვის ობიექტებს მიმართავს, იმედი გვაქვს ეს პროექტი ხელს შეუწყობს ონკოპრევენციის პროგრამის განვითარებს. შედეგებს 6 თვის თავზე შევაჯამებთ და შემდეგ უკვე თბილისის მასშტაბით დანერგვაზე ვიფიქრებთ“, - აღნიშნავს სოფიო ასპანიძე.
როგორც მიზნობრივი სკრინინგი, ისე „ჰერცეპტინით“ მკურნალობის ანაზღაურება ონკოპრევენციის პროგრამის ქვეპროგრამებია.
ონკოპრევენციის პროგრამას ეროვნულ სკრინინგცენტრთან ერთად დედაქალაქის მერია 2008 წლიდან ახორციელებს. ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით, 2011 წლიდან ის რეგიონებშიც ფუნქციონირებს. ონკოპრევენციის პროგრამა ოთხ მიმართულებას - საშვილოსნოს ყელის კიბოს, ძუძუს კიბოს, პროსტატის კიბოსა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგს მოიცავს. ოთხივე მათგანისთვის სხვადასხვა ასაკობრივი ზღვარია დადგენილი. ძუძუს კიბოს სკრინინგით სარგებლობა 40-70 წლის ქალებს შეუძლიათ, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგით - 25-60 წლის ქალებს, პროსტატის კიბოს სკრინინგით - 50-70 წლის მამაკაცებს, მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგით - ორივე სქესის წარმომადგენლებს 50-70 წლის ასაკში.
2016 წლიდან ამ პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ეროვნული სკრინინგცენტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თვითონ გახდა გადამხდელი. ამისთვის მას თბილისის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 1 200 000 ლარი გამოეყო. ეროვნულ სკრინინგცენტრს თბილისში 22 ქვეკონტრაქტორი ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა სახის კიბოს სკრინინგს აკეთებენ. პროგრამით სარგებლობისთვის მერიისთვის მიმართვა საჭირო არაა. მოქალაქეს პირდაპირ სკრინინგცენტრში ან მის ქვეკონტრაქტორ დაწესებულებაში მისვლა და მომსახურების მიღება განცხადების ან საგარანტიო ფურცლის გარეშე შეუძლია.
სოფიო ასპანიძის ინფორმაციით, გაწერილია თუ რა ინტენსივობით უნდა ხორციელდებოდეს სკრინინგი. თუ გამოკვლევებით არანაირი პრობლემა არ გამოვლინდა, რეკომენდებულია, რომ ძუძუს კიბოს სკრინინგი წელიწადში ერთხელ ჩატარდეს, პროსტატის - 2 წელიწადში ერთხელ, საშვილოსნოს კიბოს - 3 წელიწადში ერთხელ, მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი - 2 წელიწადში ერთხელ. თუ სკრინიგის მერე საეჭვო დიაგნოზი დაისვა, განმეორებითი სკრინინგი, როგორც წესი, 6 თვეში ტარდება.
მერიის ინფორმაციით, 2015 წელს ძუძუს კიბოს სკრინინგით 16 576-მა ქალმა, საშვილოსნოს ყელის სკრინინგით - 13 801-მა, მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგით - 1 040-მა კაცმა, ხოლო პროსტატის კიბოს სკრინინგით - 4 874 მოქალაქემ ისარგებლა. გამოკვლევების საერთო ღირებულებამ კი დაახლოებით 900 ათასი ლარი შეადგინა.