Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კომუნარების და ლიტერატორების სახელით

19 თებერვალი 2016

ბერლინის კინოფესტივალმა ჩვეულებას არ უღალატა და მაყურებელს დამატებითი სოციალურ-პოლიტიკური  “დრაივი”  ჩაურთო. საკონკურსო თუ კონკურსგარეშე პროგრამაში ისეთი ფილმები უჩვენეს, რითაც ბერლინალე წლების განმავლობაში გამოირჩევა - ის  ხომ საკუთარ სოციალურ-პოლიტიკურ იმიჯს ბეჯითად აშენებს და პარალელურად აკეთილშობილებს კიდეც. მაგალითად, ცნობილი ამერიკელი კინოდოკუმენტალისტის, ალექს გიბნის „ნულოვანი დღე“ (Zero Day).  

კადრი ფილმიდან "ნულოვანი დღე"

თავის ახალ ფილმში რეჟისორი ინტერნეტსაფრთხეების პრობლემებს, მონაცემების ბაზის გაშიფვრას და ინტერნეტჯაშუშობის გამოყენება-შესაძლებლობას იკვლევს. ტერმინი Zero Day ეხება სწორედ კომპიუტერულ ხარვეზებს და მისი გამოსწორების შესაძლებლობას აღნიშნავს. გლობალურ დონეზე კომპიუტერული სიტემების დაცვა ჯერ კიდევ არ არის ისე შესაძლებელი, რომ მომხმარებელი საიმედოდ დაიცვას. თუმცა ფილმის მთავარი სათქმელი მაინც გლობალურ საკითხებსა და სახელმწიფო დონის უსაფრთხო პროგრამების შექმნას უკავშირდება. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2010 წლიდან, როცა ცნობილი გახდა Stuxnet-ს ვირუსის არსებობა, რომელიც გავლენას ახდენს კომპიუტერების მუშაობასა და Windows-ის ოპერაციულ სისტემაზე.

სოციალური და სატირული ჟღერადობით გამოირჩევა ამერიკელი რეჟისორის, სპაიკ ლის ფილმი „ჩი-რაკი“. ფილმის ორიგინალური სახელწოდებაა Chi-Raq, რასაც ორმაგი დატვირთვა აქვს: ეს არის ჩიკაგოში ჰი-ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლუბის მეტსახელი და, მეორე მხრივ, აღნიშნავს ქვეყნის სახელწოდებას - „ერაყს“, რაც ძალადობასა და ომთან ასოცირდება... ამავე დროს ეს არის თამამი, მახვილგონივრული, სატირული და გამჭვირვალე გადაძახილი  ბერძენი პოეტისა და დრამატურგის, არისტოფანეს ცნობილ კომედიასთან „ლისისტრატე“.

კადრი ფილმიდან „ჩი-რაკი“

ფილმი გამდიდრებულია რეპით, ჰი-ჰოპითა და კიდევ ათასი ჯურისა და ხარისხის მუსიკით, რომელსაც აფროამერიკელი წვრილი თუ მსხვილი ვარსკვლავები ასრულებენ. სხვათა შორის არც მსახიობთა შემადგენლობაა ურიგო: სამეულ ელ ჯეკსონი, უესლი სნაიპსი, ანჯელა ბასეტი, ჯონ კიუსაკი...

მოკლედ ასეთი ამბავია: ჩიკაგოს ქუჩებში კრიმინალური გარჩევების შედეგად 2010 -2015 წლებში იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე ამერიკელი ჯარისკაცი ერაყის ომში. აქედან მომდინარეობს ფილმის სათაურის ორმაგი შინაარსობრივი დატვირთვა. მას შემდეგ, რაც ჩიკაგოს ქუჩებში კონკურენტი ბანდები ერთმანეთს მხეცურად უსწორდებიან (იღუპებიან ბავშვები, მოზარდები თუ ზრდასრული მოქალაქეები), ქალების დიდი ჯგუფი გადაწყვეტს  ბრძოლა გამოუცხადოს ძალადობას, ანუ მამაკაცებს. რაც, მათი აზრით, თითქმის ერთი და იგივეა. და უეცრად ეს მხიარული, მოცეკვავე და ენაჭარტალა ქალები იწყებენ ომს მშვიდობისათვის!! ისინი ლამის აიძულებენ ახალგაზრდა შავკანიან მამაკაცებს. მათ შორის ცნობილ რეპერებს, უარი თქვან იმპულსურ სიძულვილსა და ძალადობაზე...

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ფესტივალის საკონკურსო პროგრამის  ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი „ბერლინალე პალასში“ უჩვენეს. ცნობილი დანიელი რეჟისორის, ტომას ვიტენბერგის „კომუნამ“ მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზეც და კრიტიკოსებზეც. ასე, რომ კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტოს“ ლაურეატს (2012 წელი, „მონადირე“) დიდი შანსი აქვს კოპენჰაგენში „ოქროს დათვიც“ ჩაიტანოს.

კადრი ფილმიდან "კომუნა"

გასული საუკუნის 70-იანი წლები, კოპენჰაგენის ერთ-ერთი მდიდრული უბანი. არქიტექტორი ერიკი (ულრიხ ტომსენი) და მისი ცოლი, ტელეჟურნალისტი ანა (ტრინე დიურჰოლმი) ცდილობენ თანამოზრეებსა და მეგობრებს ოცნება აუსრულონ და ვილას ყიდულობენ. მათ საერთო ინტერესები, განცდები და სრული თავისუფლება აქვთ. ამიტომაც სრულ ეიფორიას, სიყვარულს ეძლევიან. ვიდრე ამ  სანეტარო ვილასა თუ სამოთხე-კომუნაში ერიკის ახალი სიყვარული - ემა (არაჩვეულებრივი მსახიობი ჰელენა ნოიმანი) არ გამოჩნდება.

აღსანიშნავია, რომ რეჟისორი ფილმში საკუთარ გამოცდილებასაც ეყრდნობა, რადგან მისი ოჯახი 70-80-იან წლებში კოპენჰაგენში, სწორედ ამგვარ კომუნაში ცხოვრობდა... ვნახოთ, ეყოფა თუ არა გაბედულება ჟიურის ეს შესანიშნავი ფილმი „ოქროს დათვით“ დააჯილდოვოს.

ფესტივალზე უჩვენეს ბრიტანელი თეატრალური რეჟისორის, მაიკლ გრანდაჯის ფილმიც – „გენიოსი“. პრემიერისადმი ინტერესს ისიც აძლიერებდა, რომ ფილმში ტომას ვულფის როლს ჯუდ ლოუ, სკოტ ფიცჯერალდს - გაი პირსი, ხოლო ლიტერატურის გამომცემელსა და რედაქტორს - კოლინ ფერტი თამაშობს. რეჟისორი „დესერტად“ არანაკლებ საინტერესო ფონს  გვთავაზობს: ნიკოლ კიდმანი ალინ ბერნსტაინის როლში და ვანესა კირბი ზელდა ფიცჯერალდის როლში (სკოტ ფიცჯერალის მეუღლე).

კადრი ფილმიდან "გენიოსი"

ნიუ-იორკი, გასული საუკუნის 20-იანი წლები. გამომცემელი და რედაქტორი პერკინსი (კოლინ ფერტი) ჯერ კიდევ  უცნობ ტომას ვულფს (ჯუდ ლოუ) ხელსაყრელ კონტრაქტს სთავაზობს. იგი დარწმუნებულია, რომ ამ უცნაურ, ქაოსურ და ათასგვერდიან ხელნაწერში გენიოსი აღმოაჩინა. მალე პერკინსი და ვულფი  დამეგობრდებიან. ამას ემატება პერკინსის ნაცნობობა და კონტაქტები ფიცჯერალდთან და ახალგაზრდა ერნესტ ჰემინგუეისთან. იწყება გაუთავებელი დისკუსიები, კამათი და პატარა შურისძიებანიც - ვინ უფრო ნიჭიერია და რატომ...

ვერ ვიტყოდი, რომ ფილმი რაიმე კინემატოგრაფიული აღმოჩენებით, განსაკუთრებული წიაღსვლებით ან სკანდალური სიმძაფრით გამოირჩევა. ეს უფრო ოსტატურად შესრულებული და ზომიერად გამორჩეული რეტროა - ბევრი სიტყვებითა და კარგი გამოსახულებით.

ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დავაფასოთ ჯონ ლოგანის სცენარი და რეჟისორ მაიკლ გრანდაჯის მცდელობა, ახალი რაკურსით დაგვანახოს ამერიკული, უფრო ზუსტად ნიუ-იორკის მდიდარი ლიტერატურული ატმოსფერო. არანაკლებ მნიშვნელოვანია ნიკოლ კიდმანის  მეორეხარისხოვანი, მაგრამ ბრწყინვალედ ნათამაშევი როლი (ლიტერატორი ალინ ბერნსტაინი), რომელიც მომავალი წელს, „ოსკარის“ ნომინანტებს შორის ნამდვილად უნდა მოხვდეს.

კინომანებს ბერლინალემ ამ დღეებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ლიტერატულ-კინემატოგრაფიული ისტორია აჩუქა. ოფიციალური კონკურსის პარალელ პროგრამაში, რომელსაც „ფორუმი“ ეწოდება და რომელსაც სხვათა შორის ქართული კინოს დიდი გულშემატკივრები - ულრიხ და ერიკა გრეგორები ხელმძღვანელობენ, უჩვენეს ნაკლებად ცნობილი გერმანელი რეჟისორის, რუთ ბეკერმანის ფილმი სახელწოდებით „მეოცნებენი“. ბერტოლუჩის მოყვარულთ, ცხადია, თავიანთი განსაკუთრებული ასოციაციები გაუჩნდებათ ამ ფილმის სათაურისადმი, თუმცა ბეკერმანის „მეოცნებენი“ (მეოცე საუკუნის შესანიშნავი გერმანელი მწერალი ინგებორგ ბახმანი და არანაკლებ მნიშვნელოვანი პოეტი პაულ ცელანი) ბევრად უფრო დრამატულ გზას გადიან ცხოვრებაში.

ანია ჰარტვიგის პოეზიით გაჯერებული სცენარი გვაცნობს 60-იანი  წლების აღმოსავლეთ გერმანიის ლიტერატურულ გარემოს, სადაც მემარცხენე ვნებები და პოეტური სიმართლე ზედმეტად ნევროზული  და ნაივურია; სადაც  ჯერ კიდევ ურყევია იდეოლოგიური ბარიერები და საიდანაც ბერლინის კედელი უსასრულოდ მყარი და უსასრულოდ გძელი ჩანს. ცნობილი  გერმანელი ხელოვანებისადმი მიძღვნილი ბიოგრაფიული დრამა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ კინოს გაცილებით მეტი შეუძლია გააკეთოს კულტურის არქეტიპების შესანარჩუნებლად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^