Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"დასავლეთის ფეტვა" გაუქმდა

19 თებერვალი 2016

1989 წელს ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ჰომეინიმ, გამოსცა ფეტვა, რომლითაც წარმოშობით ინდოელ, ბრიტანელ მწერალ სალმან რუშდის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. განკარგულება, რომლის უსიტყვო აღსრულებაც ყველა მორწმუნის ვალია, რუშდის წიგნს, „სატანურ ლექსებს” ეხებოდა. რომანის პერსონაჟებს შორის შეიძლება ამოიცნო როგორც მუჰამედ წინასწარმეტყველი, ისე თავად აიათოლა ჰომეინიც. ირანის ერთ-ერთმა სახელმწიფო ფონდმა რუშდის მკვლელობისთვის დააწესა ჯილდო 2,5 მილიონი დოლარი, რომელიც 2012 წელს 3,3 მილიონამდე გაზარდეს. „ფეტვა“ დღემდე ძალაშია, რადგან მისი გაუქმება მხოლოდ ავტორს შეუძლია.

27 წლის შემდეგ პარიზში, იქ,  სადაც შარშან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად მსოფლიო ლიდერებმა ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმა მარშით გააპროტესტეს, სამხედრო პატივით დახვდნენ ირანის პრეზიდენტს.  ჰასან როჰანი ისლამური რესპუბლიკის პირველი ლიდერია, რომელიც ბოლო 16 წლის განმავლობაში სტუმრობდა ევროპის კონტინენტს. თეირანის ბირთვული პროგრამის გამო 12 წლის წინ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ დასავლეთს ირანთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი აქვს. გლობალურ ეკონომიკაში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, ირანის თითქმის 80-მილიონიან, აუთვისებელ ბაზარზე შესვლა ევროკავშირის იმ ქვეყნებისთვის, სადაც უკვე რამდენიმე წელია „ქამრების შემოჭერას“ ცდილობენ, საკმაოდ მიმზიდველი პერსპექტივაა.  რამდენად სტაბილური პარტნიორი იქნება ევროპისთვის ირანი და მოუტანს თუ არა მისი გაძლიერება რეგიონს მშვიდობას, ჯერ რთული სათქმელია.

„ყუმში მოქსოვილი ხალიჩა”

შეფუთული ანტიკური სკულპტურებისა და ფრანგული ღვინის გამო ჩაშლილი ვახშმის გარდა, ირანის პრეზიდენტის ევროპული ვოიაჟის დროს მნიშვნელოვანი და სიმბოლური გამოდგა ვატიკანში გამართული შეხვედრაც. პონტიფიკოსთან აუდიენციაზე ჰასან როჰანიმ ფრანცისკეს სპარსული ხალიჩა აჩუქა, რომელიც ქალაქ ყუმში მოქსოვეს. ყუმი მუსლიმ შიიტთა წმინდა ქალაქია, სადაც 1978 წელს სტუდენტების აქციის დარბევით ირანის ისლამური რევოლუცია დაიწყო. საპასუხოდ რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა როჰანის ღარიბთა სიყვარულითა და დახმარებით ცნობილი წმინდა მარტინის მედალი გადასცა.

სიმბოლოების გაშიფვრის გარეშეც ნათელია, რომ ევროპის პოლიტიკურ თუ საქმიან წრეებში ირანის მიმართ ცხოველი ინტერესი არსებობს. ისლამური რესპუბლიკის იზოლაციიდან გამოსვლისა და საერთაშორისო ბაზარზე დაბრუნების მსგავსი ფაქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ მომხდარა. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ, განსხვავებით აღმოსავლეთ ევროპისგან,  ირანს უბრუნდება წლების განმავლობაში ნავთობის გაყიდვით შეგროვებული მილიარდობით დოლარი, რომელიც ამ დრომდე უცხოურ ბანკებში გაყინულ ანგარიშებზე ინახებოდა. იტალიასა და საფრანგეთში ირანის პრეზიდენტის ვიზიტისას უკვე გაფორმდა რამდენიმე წინასწარი შეთანხმებაც, მათ შორის საავიაციო სფეროში. თეირანს უახლოეს ხანში სჭირდება სამოქალაქო თვითმფრინავების განახლება. ევროპულმა კონცერნმა „Aირბუს“-მა უკვე მიიღო პირველი შეკვეთაც. ირანელ კოლეგებთან ერთობლივი საწარმოს გახსნაზე მოლაპარაკებები დაიწყო ევროპაში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავტომობილების მწარმოებელმა კომპანია „პეჟო-სიტროენმაც“. ირანში უკვე პროგნოზირებენ „ტურისტულ ცუნამისაც“.

 თუმცა ყველა საქმიანი კონტრაქტის შესრულება კვლავ პოლიტიკურ კლიმატზე იქნება დამოკიდებული.  ისიც ცხადია, რომ ირანელი კონსერვატორები არსად გამქრალან და არც ყუმში აპირებენ „გადაბარგებას“, ხალიჩების მოსაქსოვად. განსაკუთრებით საინტერესო და ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება 26 თებერვალს ირანში დაგეგმილი არჩევნები. ამ დღეს ისლამურ რესპუბლიკაში პარლამენტისა და „ექსპერტთა ასამბლეის“ ახალ შემადგენლობას აირჩევენ. ამ უკანასკნელს კი, საჭიროების შემთხვევაში, ირანის ახალი სულიერი ლიდერის დასახელების უფლებაც აქვს. 

წინასაარჩევნო პერიოდს ირანში იოლად არ ჩაუვლია. კონსტიტუციის დამცველთა საბჭომ, რომელიც ძირითადად კონსერვატორებისგან შედგება, „ექსპერტთა ასამბლეის“ წევრობის 600-ზე მეტ კანდიდატს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრა. მათ შორის აღმოჩნდა აიათოლა ჰომეინის შვილიშვილიც. 43 წლის ჰასან ჰომეინი „რეფორმისტებთან“ არის დაახლოებული და ირანის მოქმედი პრეზიდენტის მოკავშირედ მიიჩნევა. ანალოგიური შეზღუდვები შეეხო დეპუტატობის მსურველ, ირანში შედარებით „ლიბერალური ფრთის“ წევრებად მიჩნეულ პოლიტიკოსებსაც.

ეს გადაწყვეტილება ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჰაშემი რაფსანჯანიმაც გააკრიტიკა,  რომელმაც თავის დროზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჰასან როჰანის გამარჯვებაში. თავის მხრივ, ირანელი კონსერვატორები შიშობენ, რომ საერთაშორისო სანქციების მოხსნის შემდეგ როჰანის მოკავშირე კანდიდატები ამომრჩევლის მხარდაჭერას მოიპოვებენ. თუ ირანის მოქმედი პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოსა და „ექსპერტთა ასამბლეაში“ საჭირო რაოდენობით „რეფორმისტების“ შეყვანას ვერ შეძლებს, ეს 2017 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი გამარჯვების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად შეამცირებს და, გარკვეულწილად, საფრთხეს შეუქმნის დასავლეთის ქვეყნებთან გაფორმებულ შეთანხმებასაც.

„შეიხი ნიმრი - ვის აწყობს დაძაბულობა?“

ირანისთვის ეკონომიკური სანქციების შემსუბუქებას, შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ზრდასთან ერთად, უკვე მოჰყვა პირველი უთანხმოება ტრადიციულ მეტოქესთან. 2 იანვარს საუდის არაბეთში ტერორიზმსა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში ბრალდებული 47 პატიმარი სიკვდილით დასაჯეს. მათ შორის იყო ცნობილი და გავლენიანი შიიტი მქადაგებელი ნიმრ ალ-ნიმრი. სასულიერო პირი 2012 წელს საუდის არაბეთის აღმოსავლეთ ნაწილში აგორებული ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების შემდეგ დააკავეს. შეიხ ნიმრს უამრავი მიმდევარი ჰყავდა, როგორც საუდის არაბეთში ასევე ბაჰრეინშიც. შიიტი სასულიერო პირის სიკვდილით დასჯას ირანში საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრანტებმა თეირანში  საუდის არაბეთის საელჩო დაარბიეს და მისი დაწვა სცადეს. საპასუხოდ ერ-რიადში გადაწყვიტეს, ირანიდან ელჩი გაეწვიათ. 1988 წლის შემდეგ ორ მეზობელს შორის ასეთი დაძაბული ურთიერთობა არასდროს ყოფილა. მეტიც, შესაძლოა დღევენდელი ვითარება ახლო აღმოსავლეთისთვის უფრო სახიფათოც კი იყოს.

ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. უმთავრესი ის კონფლიქტებია, რომელშიც, ფარულად თუ ღიად, ორივე ქვეყანა მონაწილეობს.  სირიაში ირანი ბაშარ ასადს უჭერს მხარს, ხოლო საუდის არაბეთი  - ოპოზიციონერ მეამბოხეებს. იემენში თეირანი შიიტი ჰუსიტების, ხოლო ერ-რიადი მთავრობის ინტერესების დამცველია. დაუსრულებელი ომების გამო, შიიტებსა და სუნიტებს შორის უნდობლობის უფსკრული კიდევ უფრო გაღრმავდა. ირანის მიერ დასავლეთთან შეთანხმების გაფორმების შემდეგ კი ერ-რიადში მიიჩნიეს, რომ ბალანსი აშკარად დარღვეულია და თან არა მათ სასარგებლოდ.

მეფე აბდულას გარდაცვალებისა და ტახტზე სალმანის ასვლიდან ერთი წლის თავზე საუდის არაბეთის მმართველებს რთული დრო უდგათ. თუ ამ დრომდე სამეფო ოჯახის ქვეყნის შიგნით პრობლემებს ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლებით, ასე თუ ისე, უმკლავდებოდა, დღეს, „შავი ოქროს“ გაუფასურების შემდეგ, ერ-რიადი იძულებულია, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი შეკვეცოს. მცირდება სახელმწიფოს სუბსიდიებიც. პროვინციებში გახშირდა ტერორისტული თავდასხმები მეჩეთებში, რომელზე პასუხისმგებლობაც ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ხშირ შემთხვევაში სამიზნე შიიტური სამლოცველოებია, რითაც ექსტრემისტები, ერაყის მსგავსად, რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობენ. ამას თან ერთვის უკვე ნახსენები დაპირისპირება იემენსა და სირიაში, რაც სამეფო ოჯახის ხაზინას სოლიდური თანხა უჯდება. თუმცა განსხვავებით დასავლეთის ქვეყნებისგან, რომლებისთვისაც უმთავრეს ამოცანას ირანისთვის ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობის მოსპობა წარმოადგენს, საუდის არაბეთში მთავარ საფრთხედ ირანის მიერ დაფინანსებულ გასამხედროებულ მოძრაობა ჰეზბოლას და იემენში მოქმედ ჰუსიტ შიიტებს მიიჩნევენ.

როგორც ჩანს, არც ერ-რიადი და არც თეირანი რეგიონში პოზიციების დათმობას არ აპირებენ. საინტერესოა ისიც, რომ ორ ქვეყანას შორის მუდმივი დაძაბულობა შესაძლოა, აწყობდეთ ირანის მმართველი წრეების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტ ჰასან როჰანის დასავლეთთან დაახლოების პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან.  სხვათა შორის, სწორედ ამ ძალებს მიიჩნევენ თეირანში მეზობელი ქვეყნის საელჩოს დარბევის ორგანიზატორებადაც.  მზარდი პოლარიზაცია, სავარაუდოდ,  ხელს აძლევს საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წევრებსაც, რადგან ღია და განვითარებული ირანი, შესაძლოა, რეგიონში მისაბაძ მაგალითად იქცეს. ეს კი ერ-რიადში ნამდვილად არ აწყობთ.

„ნავთობის ომი“

საუდის არაბეთსა და ირანს შორის რეგიონში ლიდერობისთვის ბრძოლის კიდევ ერთი მაგალითი ნავთობის გაუფასურებაა. ამის ძირითადი მიზეზი წიაღისეულის ჭარბი რაოდენობაა. თუ აქამდე მსგავსი კრიზისის გადაჭრა შავი ოქროს მოპოვების შემცირების გზით ხერხდებოდა, ახლა მსოფლიოში ნომერ პირველი მომპოვებელი, საუდის არაბეთი, ასეთი ნაბიჯის გადადგმას არ ჩქარობს და წილის შენარჩუნებაზე ზრუნავს. ასე იქცევიან ნავთობის ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნებიც. მათ უბრალოდ სხვა გზა აღარ აქვთ, რადგან ბიუჯეტს შევსება სჭირდება.

ამ თემაზე ბევრი მოსაზრება არსებობს, ყველაზე გავრცელებული კი აშშ-ისა და საუდის არაბეთის საიდუმლო გარიგებაა, რომელიც რუსეთის დასუსტებას ისახავს მიზნად. ამ თეორიის მხარდამჭერებს ყველაზე ხშირად  მაგალითად საბჭოთა კავშირი მოჰყავთ. ეს ისტორია სათავეს 1970-იან წლებში იღებს, როდესაც ირანის ისლამური რევოლუციისა და ირან-ერაყის ომის დროს ნავთობზე ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამან, თავის მხრივ, ბიძგი მისცა, დიდ ბრიტანეთსა და ნორვეგიას ჩრდილოეთის ზღვის ნაპირზე, აშშ-ს ალასკაზე, ხოლო საბჭოთა კავშირს ციმბირის საბადოებზე წიაღისეულის მოპოვება დაეწყოთ. ათ წელიწადში მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გადაჭარბებული რაოდენობა ფასზე აისახა. მაშინ საუდის არაბეთმა წიაღისეულის მოპოვება ხელოვნურად შეამცირა, თუმცა სხვა ქვეყნები ასე არ მოქცეულან, რის გამო ერ-რიადმა წილი დაკარგა. საპასუხოდ, სამეფო ოჯახმა გადაწყვიტა, სწრაფად გაეზარდა წიაღისეულის მოპოვების ტემპი. სწორედ ამან განაპირობა 1986 წელს „შავი ოქროს“ მკვეთრი გაუფასურება. პანიკა წლის ბოლოს დასრულდა, როდესაც ნავთობის მომპოვებელი ქვეყნები ახალ კვოტაზე შეთანხმდნენ და რომელიც 2000-იან წლებამდე მოქმედებდა.

„შავი ოქროს“ ისეთი დაბალი ფასი კი, როგორიც დღეს არის ბაზარზე, პირველ რიგში თავად არაბებს აწუხებთ. მათ უწევთ სოციალური ხარჯის შემცირება, რაც მოქალაქეთა უკმაყოფლებას იწვევს, თუმცა, თუ შეთქმულება მართლაც არის, სავარაუდოდ, მისი სულისჩამდგმელი მაინც ტრადიციული ნავთობის მომპოვებლები არიან, რომლებიც ე.წ. ფიქალის ნავთობის საწარმოების წინააღმდეგ იბრძვიან.  საუდის არაბეთი, უბრალოდ, ელოდება, როდის დაეცემა ნავთობის ფასი ამერიკულ საბადოებზე მოპოვებული „შავი ოქროს“ თვითღირებულებაზე დაბლა.

მეორე მხრივ კი ერ-რიადი ირანისთვის ბაზარზე ღირსეულად დაბრუნებაში ხელის შეშლასაც ცდილობს. თეირანში უკვე განაცხადეს. რომ „შავი ოქროს“ ექსპორტს, მისი ფასის მიუხედავად, მაინც დაიწყებენ. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Mოოდ’ს-ის ბოლო კვლევის მიხედვით კი, ირკვევა, რომ  სანქციების პირობებში ირანმა უფრო სწრაფად შეძლო ეკონომიკის ნავთობზე დამოკიდებულების შემცირება და  სტრუქტურული რეფორმების გატარება, ვიდრე ეს ნავთობის  სხვა ექსპორტიორებმა გაააკეთეს.

„პარტნიორები არ იცვლებიან“

ირანთან ბირთვული პროგრამის შეკვეცის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად მიიჩნევენ. ვაშინგტონში იმასაც ამტკიცებენ,  რომ საუდის არაბეთისა და შტატების მეგობრულ ურთიერთობებს არაფერ ემუქრება. ამ წონასწორობის შენარჩუნება იმ დროს, როდესაც ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე შეიარაღებული კონფლიქტი გრძელდება, ხოლო ნავთობის გაუფასურების გამო სპარსეთის ყურეში მმართველი მონარქიები ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგანან, საკმაოდ რთული იქნება, განსაკუთრებით კი არჩევნების წინ.

2016 წლის ბოლოს აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ეყოლება. კანდიდატობის მსურველთა წინასაარჩევნო რიტორიკისა და იმის გათვალისწინებით, რომ კონგრესში უმრავლესობას ჯერ რესპუბლიკელები ფლობენ,  ობამას ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში ირანთან გაფორმებული შეთანხმება კიდევ ბევრჯერ გახდება მსჯელობის საგანი. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ლიდერობისთვის გამძაფრებული ბრძოლის გამო კი, არ არის გამორიცხული, დასავლეთში კიდევ ბევრი ახალი „ფეტვას“ გამოცემა მოუწიოთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^