Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უმაღლესი განათლების რეფორმა და გერმანული მოდელი - შეფასებები

19 თებერვალი 2016
უკანასკნელი დღეების განმავლობაში უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ აღმასრულებელი ხელისუფლების წევრთა მხრიდან რამდენიმე განცხადება გაკეთდა. გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმა და განათლების მინისტრმა შრომის ბაზარსა და საქართველოს ეკონომიკაში არსებულ მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემის ჩამოყალიბებაზე ისაუბრეს. ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქართველოში განიხილება პროფესიული განათლების გერმანული, დუალური სისტემის დანერგვა. რას გულისხმობა დუალური სისტემა და რამდენად ცხადია განათლების სფეროს ექსპერტებისთვის, რა სახის რეფორმას გეგმავს უმაღლესი განათლების სისტემაში სახელმწიფო, იმ განცხადებებიდან, რომლებიც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელებმა გააჟღერეს. კითხვები “ლიბერლმა” მაია ჩანქსელიანს და ლიკა ღლონტს დაუსვა. მაია ჩანქსელიანი ოქსფორდის უნივერსიტეტის შედარებითი და საერთაშორისო განათლების მიმართულების ასოცირებული პროფესორია. ლიკა ღლონტი საქართველოში ტემპუსის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელია. (Tempus - ევროკავშირის საუნივერსიტეტო თანამშრომლობის პროგრამა).

მაია ჩანქსელიანი

როგორია გერმანული უმაღლესი განათლების სისტემა და რას გულისხმობს, ე.წ. დუალური სისტემა?

 დუალური სისტემა არის პროფესიული განათლების გერმანული მოდელი, რომელიც გულისხმობს დაახლოებით სამი წლის განმავლობაში საწარმოში (საწარმოო პრაქტიკა) ან სხვა სამუშაო ადგილას, მაგალითად, რესტორანში, სილამაზის სალონში და ა.შ. შეგირდად მუშაობას. ამ პერიოდში კვირაში 1-2 დღე შეგირდი ასევე გადის სწავლების თეორიულ კურსს პროფესიულ სასწავლებელში.

გერმანული დუალური სისტემის არსებობის მთავარი პირობაა ის, რომ დამსაქმებლები ქმნიან შეგირდობის ადგილებს და თავად ფარავენ შეგირდების ტრენინგთან დაკავშირებულ უზარმაზარ ხარჯებს.

განათლების სამინისტროში მუშაობის პერიოდში მე ვიმოგზაურე გერმანიაში ამ მოდელის უკეთ შესწავლის მიზნით და ვესაუბრე დამსაქმებელთა ასოციაციას ბერლინში. ვთხოვე მათ, აეხსნათ ჩემთვის, რატომ ახდენენ დამსაქმებლები და მათი ასოციაციები შეგირდების მომზადებაში ასეთი დიდი თანხის ჩადებას. მათ ამის ახსნა ძალიან გაუჭირდათ. ეს არის მათი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი, მათი კულტურის ნაწილი და არ უკავშირდება მოკლევადიან მოგებაზე ფიქრს, რადგან კონკრეტული კომპანიის ინვესტიცია შეგირდების მომზადებაში ხშირად ძალიან მაღალია. ძალიან რთული სათქმელია, რამდენად ახდენს ეს კომპანია ამ ინვესტიციის ამოღებას. სამაგიეროდ, მთელი ქვეყნის ეკონომიკა რჩება მოგებული. ანუ დამსაქმებლები დებენ ინვესტიციას გერმანიის ადამიანურ კაპიტალში, შეგირდებში, რომლებიც მათ კონკრეტულ კომპანიაში კი არ აგრძელებენ მუშაობას, არამედ გადიან შრომის ბაზარზე და ხშირად ამ კომპანიის კონკურენტ კომპანიაში მიდიან სამუშაოდ.  

გაამართლებს თუ არა ეს მოდელი საქართველოში, სადაც მოკლევადიანი მოგებაა ყველა ბიზნესის მთავარი საზრუნავი? ეს მოდელი ინგლისში, მაგალითად, ვერ დაინერგა, რადგან კერძო სექტორი არ ერთვება ისე აქტიურად შეგირდების მომზადებაში, როგორც ეს გერმანიაში ხდება. ეს არ არის ინგლისის კორპორაციული კულტურის ნაწილი. კარგი იქნებოდა გვეკითხა - არის თუ არა ასეთი მოტივაცია ქართული კერძო სექტორის მამოძრავებელი?

გერმანული მოდელი მისაბაძია ბევრ განვითარებულ და უფრო მეტი განვითარებადი ქვეყნისათვის (ჩილე, ეგვიპტე, ინდონეზია), მაგრამ არ არსებობს მისი დანერგვის წარმატებული გამოცდილება სხვა კონტექსტში, გარდა გერმანულთან ძალიან დაახლოებულისა, მაგალითად, ავსტრია.

დიახ, გერმანული დუალური სისტემა შეიძლება ჩაითვალოს გერმანიის ეკონომიკურ წარმატებასთან ასოცირებულ ერთ-ერთ ფაქტორად, მაგრამ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არსებობს. უფრო ზუსტი იქნებოდა გვეთქვა, რომ გერმანული დუალური მოდელისა და გერმანული ეკონომიკური წარმატების საფუძველი და მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი უნდა ვეძიოთ ამ ქვეყნის კულტურულ მახასიათებლებში - მათი დამოკიდებულება საქმისადმი და საზოგადოებრივი კეთილდღეობისადმი არის გადამწყვეტი. ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის ეკონომიკური წარმატების ერთადერთი გზა. ეს არის ერთ-ერთი გზა და გერმანელებისათვის ისტორიულად ყველაზე მისაღები და ეროვნული. დიდ ბრიტანეთში ან აშშ-ში ვერასდროს დანერგავენ ასეთ სისტემას, რადგან კერძო სექტორი არ არის ამით დაინტერესებული, მაგრამ ძალიან წარმატებული ქვეყნები არიან ეკონომიკური განვითარების თავლსაზრისით. დაუსაქმებლობის სტატისტიკა გერმანიაში, ავსტრიაში, ბრიტანეთში და აშშ-ში თითქმის იდენტურია 5-6%.  ბრიტანეთს და აშშ-ს უბრალოდ არჩეული აქვთ სხვაგვარი, კულტურულად მათთვის უფრო მისაღები, საკუთარი ეროვნული მოდელები. საქართველომაც უნდა მოძებნოს საკუთარი, უნიკალური გზა და არ გადმოიღოს მისთვის სრულიად უცხო მოდელები.

ესა თუ ის დასავლური მოდელი აღმოცენებულია იმ კულტურული და სოციო-ეკონომიკური კონტექსტიდან, სადაც შეიქმნა და მოდელის კოპირება არაფრის მომტანია. ჩვენ შეიძლება გადმოვიღოთ ესა თუ ის მიდგომა ან კომპონენტი, მაგრამ არა მთლიანი მოდელი. ეს ძალიან არასერიოზულია და შეიძლება მიგვიყვანოს გადასახადის გადამხდელთა (სახელმწიფო) თანხების გაფლანგვამდე.

რამდენად ცხადია თქვენთვის, რა სახის რეფორმას გეგმავს სახელმწიფო უმაღლესი განათლების სისტემაში იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც ამ დროისთვის უკვე გაკეთდა?

გასაგებია, რომ პროფესიულ განათლებაში გერმანული მოდელიდან დუალური სისტემის კოპირებას აპირებს.

ვერ გავიგე, როგორ აპირებს უმაღლესი აკადემიური სისტემის კოპირებას გერმანული მოდელიდან. ყველა სტუდენტის დაფინანსებით?

მთავარი მიზანი, როგორც იკვეთება, უმაღლესი განათლების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოებაა -  მაგალითად, პრემიერმა ახსენა საბანკო სექტორი, სადაც მისივე სიტყვებით, ყოველწლიურად 5-10-ჯერ მეტ ბანკირს ვამზადებთ, ვიდრე ამის მოთხოვნაა საბანკო სექტორში. რა სირთულეებს შეიძლება წააწყდეს ამ პრინციპის დანერგვის დროს სახელმწიფო ჩვენს რეალობაში?

ნამდვილად ვეთანხმები საქართველოს მთავრობას, რომ გერმანული დუალური მოდელი  პროფესიულ განათლებას შრომის ბაზართან აახლოებს. პრობლემა შემდეგშია: გერმანული დუალური სისტემის არსებობის მთავარი პირობაა ის, რომ დამსაქმებლები ქმნიან შეგირდების ადგილებს და თავად ფარავენ შეგირდების ტრენინგთან დაკავშირებულ უზარმაზარ ხარჯებს. ეს საქართველოში არ მოხდება.

რა უნდა ქნას მაშინ საქართველოს მთავრობამ? უმაღლეს განათლებას სახელმწიფო ვერ მოარგებს ეკონომიკურ საჭიროებებს, თუ არ აქვს ხუთწლიანი გეგმებით გათვლილი საბჭოური ეკონომიკა. კერძო სექტორს უნდა ჰქონდეს ბერკეტები, წაახალისოს ამა თუ იმ სპეციალობის განვითარება პროფესიულ სასწავლებლებში და უმაღლეს სასწავლებლებში. დანარჩენს დაარეგულირებს სტუდენტების მოთხოვნა.

რატომაა ცუდი ის, რომ საქართველოში საბანკო სექტორში ამდენი კურსდამთავრებული გვყავს? საბანკო სექტორი ცუდადაა განვითარებული? რომელი სხვა სექტორია ბევრად უკეთ განვითარებული საქართველოში?

სტუდენტებს უნდა მიეცეთ საშუალება, დაეუფლონ იმ პროფესიულ თუ აკადემიურ სპეციალობებს, რაც მათ აინტერესებთ. განათლების რეფორმის ცენტრში უნდა იყოს სტუდენტი და არა მუდმივად ცვალებადი ბიუროკრატიული სისტემა, რომელიც სასწავლებლებისა და სტუდენტების აკრედიტაციას, ლიცენზირებას, ეროვნულ გამოცდებს და უამრავ სხვა დაბრკოლებას ეფუძნება. როცა სტუდენტი დაინტერესებულია იმ სპეციალობით, რომელსაც ირჩევს, ის თავად შექმნის საკუთარი დასაქმების შესაძლებლობას და სხვებსაც დაასაქმებს. ეს არის ჩემი ძირითადი მესიჯი. სტუდენტებს უნდა მივცეთ ეს შესაძლებლობა (სახელმწიფო დაფინანსებით) და სასწავლებლებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, აირჩიონ სტუდენტები.

საქართველოს მთავრობას ვურჩევდი, დახარჯოს არსებული თანხები სტუდენტების დაფინანსებაზე, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებისა და პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სამეცნიერო კვლევის განვითარებაზე. ვვარაუდობ, რომ საკმაო თანხების გამოთავისუფლება შეიძლება ბიუროკრატიული წნეხის მინიმუმამდე დაყვანით.

მინდა ასევე კომენტარი გავაკეთო ლიცენზირება-აკრედიტაციის სისტემაზე და მოსალოდნელ ცვლილებებზე. რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდა საქართველოს განათლების სამინისტროს სისტემაში მომუშავე კოლეგა და მთხოვა, მიმეწოდებინა ინფორმაცია დიდ ბრიტანეთში არსებული აკრედიტაციისა და ლიცენზირების სისტემაზე. ასეთი სისტემა დიდ ბრიტანეთში არ არსებებს. მას აინტერესებდა, თუ საიდან იღებდა აკრედიტაციას ოქსფორდის ან კემბრიჯის უნივერსიტეტი. მე, ოქსფორდის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს განათლების ფაკულტეტიდან ასეთი აკრედიტაციის შესახებ არაფერი მსმენია. ასეთი აკრედიტაცია არ არსებობს. ზედმეტი დაბრკოლებების სისტემის შექმნა და სხვა ქვეყნების სისტემების გადმოკოპირება ამ მიზნით დაუშვებელია. მივცეთ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს თავისუფალი არსებობის საშუალება. უვარგისი სასწავლებელი ბუნებრივად მოისპობა, რადგან ვერ გაუძლებს კონკურენციას.

ლიკა ღლონტი

1. უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული განცხადებებიდან ცხადია თუ არა თქვენთვის სახელმწიფოს გეგმები?

ცხადი არ არის რას გეგმავს სახელმწიფო, კერძოდ კი განათლების სამინისტრო ამ მიმართულებით. წავიკითხე მინისტრის ინტერვიუ, რომ სისტემა არ რეფორმისთვის მზადაა და 2–3 წელიწადში ავაწყობთ ყველაფერსო. მეეჭვება. თან მინისტრი საუბრობს პროფესიულ განათლებაზე, პრემიერმა კი უმაღლესი ახსენა.

2. პრემიერმა დასაქმებაზე ორიენტირებული უმაღლესი განათლების სისტემა ახსენა…

100%-იანი დასაქმების გარანტიას ვერანაირი რეფორმა ვერ უზრუნველყოფს – ასეთი დასაქმება საბჭოთა კავშირში იყო, გეგმური ეკონომიკის, სახელმწიფო დაკვეთისა და სამსახურში განაწილების პირობებში, მაგრამ კარგად გვახსოვს მისი ეფექტურობა. საკითხავია, რა იგულისხმება ამ დაანონსებულ რეფორმაში: დაფინანსების მოდელის შეცვლა? შეგახსენებთ, რომ ახლა სახელმწიფო უკვე აფინანსებს, ე.წ. "უფასო ფაკულტეტების" ფორმატში საინჟინრო და აგრარულ მიმართულებებს და არ აფინანსებს სამართალსა და ბიზნესს. აპირებს თუ არა სახელმწიფო ბიზნესის დაინტერესებისა და საგანმანათლებლო პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით (სწორედ ამას გულისხმობს დუალური სისტემა) საგადასახადო პირობების შეცვლას? მოკლედ, "ახალი" სისტემის დაფინანსების მოდელი საინტერესო იქნებოდა და ალბათ რეფორმის მთავარი ფოკუსიც ეს უნდა იყოს.  ამას დამატებული იმ ხალხის გადამზადება, ვინც სტუდენტებს საწარმოებში/ინდუსტრიაში პრაქტიკის გავლაში დაეხმარება.

 ასევე საგულისხმოა ის, რომ საქართველოში შრომის ბაზრის კვლევების  სიმწირეა – მინისტრმა კი ახსენა ერთი კვლევა, მაგრამ თუ გვინდა მეტი ეფექტურობა, კვლევები რეგულარულად უნდა ტარდებოდეს სექტორებისა და რეგიონების მიხედვით. კიდევ ერთი პრობლემა – პრაქტიკაზე ორიენტირებული აკადემიური პერსონალის მომზადება. მაგ. იგივე გერმანიაში Fachhochshule-ში ლექტორად რომ მიგიღონ, უნდა გქონდეს პრაქტიკაში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება. ასევე საწარმოში სტუდენტს დუალური განათლების დროს უნდა დახვდეს სპეციალურად მომზადებული ინსტრუქტორი, რომელიც ფლობს შესაბამისი სწავლების მეთოდიკას. გარდა ამისა, როგორია საქართველოში თავად ბიზნესის მზაობა, რომ სტუდენტები მიიღოს და მოამზადოს? იციან კი, რა კომპეტენციის კადრები სჭირდებათ?

აქამდეც ბევრი უნივერსიტეტი ცდილობს გააფორმოს ხელშეკრულება ბიზნესთან პრაქტიკის გავლის მიზნით და, როგორც წესი, ეს ფორმალურ ხასიათს ატარებს. იწვევენ ამ დამსაქმებლებს საგამოცდო კომისიებში, ასწრებენ ნაშრომების დაცვას და ა.შ. მაგრამ, თუ ბიზნესის მხრიდან რეალური ინტერესი არაა, ეს ყველაფერი მხოლოდ ქაღალდზე რჩება.

სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესსა და დასაქმებაზე ორიენტაცია უფრო კარგად სწორედ კერძო უმაღლესებს გამოსდით, ვიდრე დიდ სახელმწიფო უნივერსიტეტებს. მაგრამ რატომღაც კერძო სასწავლებლებს სახელმწიფო "უფასო" ფაკულტეტებს არ აძლევს – მშვენიერი მაგალითია აგრარული უნივერსიტეტი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^