ემა 50 წლის პედაგოგია, მეუღლესთან და ორ სტუდენტ შვილთან ერთად ცხოვრობს. როგორც ამბობს, მეუღლის და მისი შემოსავლის ნახევარზე მეტი საკვებში იხარჯება.
„მთავარი საზრუნავი საკვებია, ისიც მხოლოდ იმ პროდუქტებს ვყიდულობთ რაც ძალიან საჭიროა, პური, შაქარი, ზეთი. მეტს მართლა ვეღარაფერს ვწვდებით, ყველაფერი ძალიან ძვირია. საკვები და გადასახადები, სხვა რამეზე ფიქრიც ზედმეტია ჩვენი შემოსავლით. ყოველდღიურად გვიწევს იმაზე ფიქრი თავი როგორ გავიტანოთ."
თენგიზი, 45 წლის ტაქსის მძღოლია, მეუღლესთან და ორ პატარა შვილთან ერთად ცხოვრობს. მეუღლე არ მუშაობს, ამიტომ ოჯახი მხოლოდ მის შემოსავლზეა დამოკიდებული. ამბობს, რომ მთავარი საზრუნავი მისთვისსაც საკვებია. გაძვირებული პროდუქტის გამო ხორცის და რძის პროდუქტების ყიდვას ვერ ახრეხებს და ეს მათ ოჯახში „ფუფუნებაა".
„დილის 6 საათიდან საღამოს 2 საათამდე ვმუშაობ, რომ როგორმე სახლში საჭმელი მივიტანო. სხვა რამეზე არც გვაქვს პრეტენზია, მთავარია შვილები გამოვკვებო."
ამ ადამიანების ნაამბობიდან კარგად ჩანს, რომ ქვეყანაში ვითარება კვლავ უცვლელია, მოსახლეობა იძულებულია თავისი შემოსავლის ძირითადი ნაწილი საკვებზე დახარჯოს. საკვებ პროდუქტებზე გაწეული ხარჯი კი უფრო და უფრო იზრდება.
რამდენია საარსებო მინიმუმი? შესაძლებელია თუ არა ამ მინიმუმით ცხოვრება და რამდენად ემთხვევა ის მოსახლეობის რეალურ მოთხოვნებს?
საარსებო მინიმუმი და გაზრდილი ფასები
საარსებო მინიმუმის დასადგენად, მინიმალური სასურსათო კალათის მთელი შემადგენლობის ღირებულებას საქართველოს ხუთი ქალაქის ფასების საფუძველზე ითვლიან, ეს ქალაქებია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი და თელავი. საარსებო მინიმუმი არც კომუნალურ ხარჯებს მოიცავს და არც აუცილებელი მოხმარების საგნების ღირებულებას.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გათვლებით, 2011 წლის მარტში საარსებო მინიმუმი 160,6 ლარი იყო. 2012 წლის იანვრის მონაცემებით, საარსებო მინიმუმი 157, 2 ლარია. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, აუცილებელ პროდუქტებს შორისაა პური, მარცვლეული, ბოსტნეული, ცხიმი, ხორცი, რძის ნაწარმი და სხვა. ამ პროდუქტების მოხმარება ადამიანმა 157,2 ლარით უნდა შეძლოს.
ფასების ზრდა თითქმის ყველა სახეობის იმპორტირებულ პროდუქტზე დაფიქსირდა. საშუალოდ 20-30 თეთრით გაძვირდა ზეთი, ბრინჯი, ჰიგიენური საშუალებები. მოიმატა ფასმა ფქვილზე და შაქარზე. ერთი ტომარა შაქრის ყიდვა 82-84 ლარადაა შესაძლებელი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური განცხადებით, 2010 წელს მომხდარმა ბუნებრივმა კატაკლიზმებმა სხვადასხვა სასურსათო პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვა გამოიწვია. ექსპორტის შეზღუდვამ კი განსაკუთრებით დააზარალა საქართველო და მსგავსი მცირე ქვეყნები, რომლებიც ეკონომიკურად განვითარებული ჯერ არ არიან.
საკვებ პროდუქტზე ფასების ზრდა თვალსაჩინოა მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებიდან გამომდინარეც. როდესაც შემოსავლები იგივე რჩება, ფასები კი იმატებს, არა მარტო სასურსათო პროდუქციაზე, არამედ ტრანსპორტზე, კომუნალურ გადასახადზე ან თუნდაც განათლებაზე, მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი იზღუდება.
როგორც ცნობილია, ფასები იზრდება მაშინ, როდესაც მოთხოვნა ამა თუ იმ პროდუქტზე იმატებს. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე თვლის, რომ ფასების ზრდა მოთხოვნის ზრდამ არ გამოიწვია.
„2008 წლის შემდეგ ეკონომიკური აქტიურობა საკმაოდ დავარდა, რის გამოც ზოგადად, მოთხოვნის დონემ დაიწია. ის არგუმენტი, რომ მოთხოვნა გაიზრდა რაიმე პროდუქციაზე აბსურდია. მოსახლეობის დიდი ნაწილი 80-90 პროცენტი თავისი შემოსავლების ძირითად ნაწილს, დაახლოებით 75 პროცენტს მთლიანად სასურსათო პროდუქტზე ხარჯავს. ფასების ზრდის პირობებში, მოსახლეობას სასურსათო პროდუქტებზე ხარჯები მნიშვნელოვნად გაეზარდა. გარდა ამისა, მონოპოლიური სექტორების ფაქტორი გადამწყვეტია, ხელოვნურად არის გაბერილი მთელ რიგ პროდუქციაზე და მომსახურეობაზე ფასები, აქედად გამომდინარე მათ შეუძლიათ დაიჭირონ მაღალი ფასი და ესეც ინფლაციის ერთ-ერთი მასტიმულირებელია."[pagebreak]
რისგან შედგება მინიმალური სამომხმარებლო კალათა?
მინიმალური სამომხმარებლო კალათა იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომელიც ადამიანს არსებობისთვის ესაჭიროება. ჩამონათვალი 288 დასახელების სამომხმარებლო საქონელს და მომსახურებას მოიცავს. რაც თავის მხრივ დაყოფილია ჯგუფებად, რომელთაც სხვადასხვა წონა აქვს მინიჭებული. ასე მაგალითად, სურსათს და უალკოჰოლო სასმელებს სამომხმარებლო კალათაში 30.3% უჭირავს, ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო _ 5.5%, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი _ 2.6%, საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი _ 8.2%, ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა-შეკეთება _ 5.1%, ჯანმრთელობის დაცვა _ 7,5%, ტრანსპორტი _ 12,8%, კავშირგაბმულობა _ 5,6%, დასვენება, გართობა და კულტურა _ 6,8%, განათლება _ 6,1%, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები _ 4,4%, სხვადასხვა საქონელი და მომსახურება _ 5,0%.
სასურსათო ჯგუფში 90-მდე დასახელების პროდუქტი შედის, რაც ადამიანს არსებობისთვის სჭირდება. სია და მოხმარების დღიური რაოდენობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2003 წლის 8 მაისის ბრძანებით დაამტკიცა.
ბოლო პერიოდში ფასებმა განსაკუთრებით სასურსათო პროდუქტებზე მოიმატა. სამომხმარებლო ბაზარზე ფასების მკვეთრი ზრდა 2010 წლის აგვისტოდან შეინიშნება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2011 წელს წლიური საშუალო ინფლაცია (ფასების ზოგადი დონე) 8,5% შეადგენდა. 2010 წლის მეორე ნახევრიდან ინფლაციის მაჩვენებელმა ზრდა დაიწყო, 2011 წლის მაისში კი პიკს მიაღწია 13%-იანი მაჩვენებლით. ფასებმა ძირითადად სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე მოიმატა. ფასები გაიზარდა როგორც ქართულ ისე უცხოურ ბაზრებზე.
„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის ნინო ევგენიძის შეფასებით, საქართველოში ინფლაციის საერთო დონე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მსოფლიოში ნავთობისა და სურსათის ფასებზე.
„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სასურსათო ინფლაცია უფრო მაღალი, მერყევი და ხანგრძლივია, ვიდრე არასასურსათო ინფლაცია. მიჩნეულია, რომ 2011 წელს სურსათზე ფასების ყველაზე მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა 36 წლის განმავლობაში. სურსათზე ფასების მატება ენერგორესურსების ფასების ზრდამ გამოიწვია. დღეს საქართველოს ოთხჯერ მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია შემოაქვს, ვიდრე გააქვს. შესაბამისად, საქართველოში სასურსათო ფასების დამოკიდებულება მსოფლიო ფასებზე კვლავ მაღალია." [pagebreak]
განახლებული „სამომხმარებლო კალათა"
საქრთველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ინფლაციის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეცვალა და 2012 წლისთვის სამომხმარებლო კალათა განაახლა. საქართველოში სამომხმარებლო კალათა ბოლოს 2010 წელს გადაიხედა. ადრე ის სამ წელიწადში ერთხელ იცვლებოდა, ახლა კი „საქსტატი" სამომხამრებლო კალთის განახლებას ყოველწლიურად გეგმავს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორის მოადგილე თენგის ცეკვავა მედიასთან საუბარში აღნიშნავდა, რომ ადრე კალათაში შემავალი პროდუქტების წონა შინამეურნეობის გამოკითხვების საფუძველზე, საშუალო მომხმარებლის დანახარჯების მიხედვით დგინდებოდა. 2012 წელს კი ეროვნულ ანგარიშთა სისტემის 2010 წლის მონაცემებია გამოყენებული.
კალათის განახლებაში ამა თუ იმ პროდუქტზე და მომსახურეობაზე წონის შეცვლა იგულისხმება. სულ 12 ჯგუფია. თუ 2010 წელს კალათაში 266 პროდუქტი და მომსახურეობა შედიოდა, მათმა რაოდენობამ რამდენიმე ერთეულით მოიმატა. ის მოსახლეობის დანახარჯების ახალ სტრუქტურას ასახავს, რაც „საქსტატის" ინფორმაციით, უფრო საიმედოს გახდის სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილებას - ინფლაციის მაჩვენებელს.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ განახლებულ სამომხმარებლო კალათაში სურსათის ხვედრითი წილი 40%-დან 30%-მდე შემცირდა. საინტერესოა, რა გავლენას მოახდენს ინფლაციის მაჩვენებელზე სამომხმარებლო ფასების გაანგარიშების ახალი მეთოდი და რამდენად ემთხვევა „საქსტატის" მიერ შედგენილი სამომხმარებლო კალათა მოსახლეობის რეალურ მოთხოვნებს.
„მას შემდეგ რაც ინფლაციამ ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია. საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის მოსათოკად საკმაოდ მკაცრი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, რის გამოც გაზარდეს რეფინანსირების განაკვეთი, სავალდებულო რეზერვები. ერთ-ერთი ნაბიჯი იმ არსენალში, რომელიც ხელისუფლებამ და ეროვნულმა ბანკმა გამოიყენა იყო სწორედ ინფლაციის დასათვლელ სამომხმარებლო კალათაში სურსათის წილის შემცირება 40%-დან 30%-მდე. რითაც ის გავლენა, რასაც სასურსათო პროდუქცია ახდენს სამომხმარებლო ფასების ინდექსზე შემცირდა"- ამბობს ნოდარ ჭიჭინაძე
„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" მიერ გამოქვეყნებულ 2011 წლის ეკონომიკურ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2012 წელს მოსალოდნელია სურსათის ფასების ინფლაციის შემცირება 2011 წლის დონეებთან შედარებით, თუმცა ეს ინფლაცია ბოლო ორი ათწლეულის საშუალო მაჩვენებელზე მაღალი მაინც იქნება. პროგნოზის მიხედვით, 2011 წელთან შედარებით სურსათზე ფასები 2.5%-იდან 3.5%-ით მოიმატებს, კერძოდ, ფასები სუპერმარკეტებში, სავარაუდოდ, 3-4%-ით მოიმატებს. „2012 წელს სურსათზე ფასები დონეები მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ისეთ სხვა მაკროეკონომიკურ ფაქტორებზეც, რომელთა წინასწარმეტყველება ძნელია, მაგალითად, ამინდზე, საწვავის ფასებზე და ა.შ. გაეროს სურსათის სააგენტოს თანახმად, სურსათზე ფასები, დიდი ალბათობით, მერყევი დარჩება."