Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დრო მიდის, თსუ-ის თვითმმართველობა კი რჩება

22 თებერვალი 2016

სტუდენტურ თვითმმართველობაში იერარქიულად მაღალ თანამდებობაზე ყოფნა რომ პრივილეგიაა, არახალია, თუმცა ეს ამავდროულად გარკვეულ გარანტიებსა და სოციალურ სიკეთეებს გაძლევს: ფაქტობრივად სტუდენტური სტაჟირებაა, რომლის შემდეგაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში დაწინაურდები. ამ უკანასკნელში კი უხვად შეხვდებით თვითმმართველობის ყოფილ წევრებს, მათ შორის იმათაც, ვინც სტუდენტების ცემასა და თავისუფალი აზრის შეზღუდვაში იყვნენ შემჩნეულნი. ზოგიერთი ვერ კმაყოფილდება ადმინისტრაციაში მუშაობით და კანცლერობისთვისაც კი იბრძვის.

2015 წლის 20 ოქტომბერი ალბათ ის ისტორიული დღეა, როცა სტუდენტური თვითმმართველობა "გამოფხიზლდა" და უნივერსიტეტში არსებული პრობლემების გაპროტესტება დაიწყო. თვითმმართველობის 200-მდე წევრი გამოვიდა და ერთხმად მოითხოვა ვლადიმერ პაპავას გადადგომა.  პრობლემები, რომლებიც მათთვის წლების განმავლობაში შეუმჩნველი იყო, მოულოდნელად, მათი დღის წესრიგის ნაწილი გახდა.  სტუდენტური თვითმმართველობა ადმინისტრაციის რეორგანიზებას, ბიუჯეტის გადახედვას, უღირსი და არაპროფესიონალი ლექტორების უნივერსიტეტიდან დათხოვნას, ლიტერატურის თარგმნასა და ტენდერებისა გამჭვირვალობას, უნივერსიტეტის დეცენტრალიზებასა და გადაწყვეტილებების მიღებისას სტუდენტების მეტ ჩართულობას მოითხოვნდნენ, რაც, რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნოდ ჟღერდა. რადგანაც სტუდენტი, რომელიც არსებულ მანკიერ სისტემას უპირისპირდება, მხოლოდ ქებას იმსახურებს. თუმცა ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სტუდენტური თვითმმართველობა, 2010-11 წლიდან მოყოლებული დღემდე არათუ თვალს ხუჭავდა ამ პრობლემებზე, არამედ ხელსაც უწყობდა მას, უეცრად კი ხარისხიანი განათლების მოთხოვნით გამოვიდა. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ მათ ძირითადი აქცენტი გააკეთეს არა სისტემურ ცვლილებებზე, არამედ კონკრეტული პერსონის, რექტორის გადადგომაზე. და მაინც რა მიზანი ჰქონდათ მათ, თუ არა თავიანთი პოზიციების გამყარება და რექტორის დაშინება? (რომელიც ნამდვილად გამოირჩევა კონფორმულობით) ამბავი, რომელსაც ქვემოთ მოვყვები, მშვენივრად ხსნის თვითმმართველობის წევრების აქციების მიზანს.

იანვარში, კაცლერის კანდიდატების დებატებზე ვიყავი და ნამდვილად არ გამკვირვებია, რომ მას თვითმმართველობის წევრებიც ესწრებოდნენ. თუმცა ნამდვილად საკვირველი იყო ის, რომ ერთი-ერთი კანდიდატის ყოველ გამოსვლას მათი სინქრონული და საკმაოდ ხმამაღალი ტაში მოჰყვებოდა-ხოლმე. მხოლოდ დებატების დასრულების შემდეგ გავიგე, თუ ვინ იყო ეს კანდიდატი. ეს უკანასკნელი გიორგი გაფრინდაშვილი აღმოჩნდა, რომელიც წლების განმავლობაში იყო შემჩნეული სტუდენტების თავისუფალი აზრის შეზღუდვასა და დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებაში. "არავინ არავის არ ურტყამს" - ასე მიმართა დასისხლიანებულ და ნაცემ სტუდენტებს ბატონმა გიორგიმ. დღეს კი, ეს ადამიანი იბრძვის იმისთვის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსები განკარგოს და გახდეს შესაბამისად, უნივერსიტეტის მეორე პირი. რეპრესიული სისტემის ნაწილსა და ერთ-ერთ მთავარ მონაწილეს, დღეს, სულ რამდენიმე ხმა აშორებს იმასთან, რომ კაცლერი გახდეს.

მეორე მხრივ კი, ალბათ იცით, რომ სტუდენტების ნაწილმა 2015 წლის შემოდგომაზე სტუდენტური თვითმმართველობის ბიუჯეტი გამოვითხოვეთ. ილუზიონისტ ზურაბ ვადაჭკორიას მოყვანისთვის, პოეზიის საღამოების, კონცერტების ჩატარებისთვის და ა.შ. დახარჯული ათასების გარდა,  მითითებული იყო, რომ თვითმმართველობის ასმა წევრმა 19 000 ლარად ტრენინგი გაიარა ბაკურიანში 2014 წელს. რა თქმა უნდა, ამან სტუდენტების დიდი ნაწილის აღფოთება გამოიწვია. მაშინ, როდესაც, სტუდენტებს ხშირად მინიმალური პირობებიც კი არ აქვს ხარისხიანი განათლების მისაღებად, 100 სტუდენტის ბაკურიანში წასვლა მსუბუქად რომ ვთქვათ, არაეთიკურია. ამაზე, თვითმმართველობის წევრებმა გვიპასუხებს, ჩვენ არა, წინა მოწვევის თვითმმართველობა იყო წასულიო. არც თუ ისე დიდი ხნის წინ სრულიად შემთხვევით გაირკვა, რომ იმ დოკუმენტში, რომელიც ჩვენ გამოვითხოვეთ, გამორჩენილი იყო კიდევ ერთი 19 ათასი. მარტივად რომ ვთქვათ, ის ტრენინგი, რომელმაც ჩვენი პროტესტი გამოიწვია, მართლაც წინა თვითმმართველობის დროს, 2014 წელს ჩატარებულა (წინა ფორმალურად მხოლოდ რამდენიმე ადამიანით ჩანაცვლდა) მაგრამ, იგივე ტრენინგი გაიმართა არსებული თვითმმართველობის დროსაც - 2015 წელს, მაგრამ ამაზე არაფერი იყო დოკუმენტში ნათქვამი და თვითმმართველობის წევრებმაც, რა თქმა უნდა, არ შეიმჩნიეს ეს „გამორჩენა“.

უნდა გაგახაროთ, და გითხრათ, რომ ტრადიცია წელსაც არ დაირღვა. მაშინ, როდესაც თქვენ ამ წერილს კითხულობთ, ჩვენი თვითმმართველობის 100 წევრი ბაკურიანში „ტრენინგს“ გადის.

მართლაც, ამ ადამიანების თავგანწირულმა ბრძოლამ და შიმშლობამ შედეგი გამოიღო, ჩვენმა კომპეტენტურმა და სტუდენტებზე ორიენტირებულმა ადმინისტრაციამ იგრძნო, რომ არ შეიძლებოდა ამ ადამიანების დასვენების გარეშე დატოვება და კიდევ ერთხელ გამოუყო მათ 19 ათასი.

და ბოლოს, უფრო ნათელი რომ გახდეს: სტუდენტური თვითმმართველობა მართავს აქციას და ითხოვს რექტორის გადადგომას, ამას მოსდევს თვითმმართველობის ყოფილი წევრის, გიორგი გაფრინდაშვილის არათუ კანცლერობისთვის კანდიდატურის წამოყენება, არამედ მისი აკადემიური საბჭოს მიერ არჩევა და სენატისთვის წარდგენა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას თანამდებობამდე სულ რამდენიმე ხმა აშორებს. და ასევე თვითმმართველობის სახელთან დაკავშირებული 19 ათასიანი ტრენინგი, რომელიც პროტესტის მიუხედავად კვლავ დაფინანსდა. საინტერესოა, ახლაც სჯერა ვინმეს, რომ სტუდენტური თვითმმართველობის პროტესტი მართლა უნივერსიტეტში არსებული პრობლემების გადასაჭრელად იყო მიმართული?!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^