საქართველოში მასწავლებლების ნახევარზე მეტი არასრულ განაკვეთზე მუშაობს. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სტატისტიკის თანახმად ქვეყანაში სულ 65 107 პედაგოგია. ამათგან სრული დატვირთვით 26 671 პედაგოგი, არასრული დატვირთვით კი 38 436 პედაგოგი მუშაობს.
სრული დატვირთვა გულისხმობს 36-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც კვირაში 18 საგაკვეთილო საათია.
2014 წელს ერთ-ერთი საერთაშორისო კვლევის ფარგლებში საქართველოში მასწავლებელთა დატვირთვა შეისწავლეს.
TALIS-ის კვლევის მიხედვით, არასრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების მაღალ წილს საქართველოს სასკოლო სისტემაში პედაგოგების ჭარბი რაოდენობა განაპირობებს. მასწავლებელთა ჭარბ რაოდენობას კი სხვადასხვა ფაქტორები - ქვეყნის გეოგრაფიული მოწყობა და სოციალური გარემო - განაპირობებს.
TALIS-ის კვლევა საქართველოში 2014 წელს ჩატარდა. TALIS-ის სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია ატარებს. ეს არის პირველი საერთაშორისო კვლევა, რომელიც კომპლექსურად შეისწავლის მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტს: პროფესიული განვითარება, შეფასება და უკუკავშირი, პროფესიითა და სამუშაო ადგილით კმაყოფილება. კვლევის მიზანია, დაეხმაროს მონაწილე ქვეყნებს მასწავლებლის პროფესიის განვითარებაზე ორიენტირებული ეფექტიანი პოლიტიკის დანერგვაში. კვლევის ადმინისტრირება საქართველოში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყო.
კვლევის მიხედვით, ბრაზილიასთან, მექსიკასთან და ჰოლანდიასთან ერთად საქართველო არასრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების რიცხვშია. თუმცა საქართველოსგან განსხვავებით, ჰოლანდიაში არასრულ განაკვეთზე მუშაობა მასწავლებლის არჩევანია. საქართველოში საბაზო საფეხურის მასწავლებლების 88% არასრულ განაკვეთზე დასაქმების შესაძლებლობის არარსებობის გამო მუშაობს.
კვლევის ერთ-ერთი მიგნებაა ისიც, რომ საქართველოში ყოველ 7 მოსწავლეზე 1 მასწავლებელი მოდის, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება TALIS-ის კვლევაში მონაწილე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (12:1). კვლევის ანგარიშში ნათქვამია, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ არასრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლების მაღალი წილია, თუმცა ეს ვითარება დიდწილად სკოლების გეოგრაფიული განაწილებითაა განპირობებული.
კვლევის ანგარიშში ნათქვამია, რომ არასრული განაკვეთით მომუშავე მასწავლებლების წილის სხვა ქვეყნებთან შედარებით ასეთი მაღალი მაჩვენებელი ნაწილობრივ შეიძლება იმით აიხსნას, რომ TALIS-ის ქვეყნების დიდ ნაწილთან შედარებით, საქართველოში მასწავლებლების ძალიან მაღალი პროცენტი მხოლოდ ერთ საგანს ასწავლის.
შედარებისთვის, იმ მასწავლებლების წილი, რომლებიც მხოლოდ ერთ საგანს ასწავლიან საქართველოში 83%-ია, TALIS-ის კვლევაში მონაწილე ქვეყნებში კი - 56%.
საქართველოში 2 საგანს მასწავლებლების 14% ასწავლის, 3 საგანს - 2%, 4 ან მეტ საგანს - 1%. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოფილი კომუნისტური და საბჭოთა ქვეყნებიდან საქართველოსგან მნიშვნელოვნად განსხვავებული მდგომარეობა მხოლოდ სლოვაკეთსა და ჩეხეთშია.
"ჩვენ ვხედავთ, რომ სხვა ქვეყნებში მასწავლებლები ერთზე მეტ საგანს ასწავლიან, ანუ ნიჭიერი მასწავლებლების რესურსის გამოყენება ოპტიმალურად ხდება. ზოგ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი, უკიდურესობამდე მიდის, როცა ყველა საგანს მხოლოდ ერთი მასწავლებელი ასწავლის, მაგრამ ჩვენი მდგომარეობაც მეორე უკიდურესობაა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ როცა ახალ მასწავლებლებს ვამზადებთ, მათ საბაზო საფეხურზე ერთზე მეტი საგნის სწავლების კომპეტენცია მივცეთ. მაგალითად, ქართულის მასწავლებელი უცხო ენის მასწავლებელიც იყოს, ან ქიმიის მასწავლებელმა ბიოლოგიაც ასწავლოს. ანუ სისტემაში უფრო ნაკლები მასწავლებელი გვყავდეს, მაგრამ უკეთ მომზადებული, მეტი კომპეტენციის მქონე", - ამბობს კვლევის კოორდინატორი, განათლების სპეციალისტი ნათია ანდღულაძე.
„სკოლების საშუალო ზომა სისტემაში რესურსების განაწილების მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუ სასკოლო სისტემაში ბევრი მცირეკონტიგენტიანი სკოლაა, ეს დიდწილად განაპირობებს ქვეყანაში მოსწავლე/მასწავლებლის დაბალ ურთიერთშეფარდებას და, შესაბამისად, მაღალ დანახარჯებს მასწავლებლების ხელფასებზე, უფრო მეტი მასწავლებლის მომზადებისა და გადამზადების საჭიროებას“, - ნათქვამია აღნიშნულ კვლევაში. ამავე კვლევის მიხედვით, საქართველო მცირეკონტიგენტიანი სკოლების სისტემების რიგს მიეკუთვნება. სკოლების საშუალო ზომა საქართველოში 237 მოსწავლეა. TALIS-ის კვლევაში მონაწილე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 546 მოსწავლეა. სკოლების საშუალო ზომა ასევე დაბალია კვლევაში მონაწილე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში: ესტონეთში (297) პოლონეთში(221) ლატვიაში(295) ჩეხეთში (364) ბულგარეთში (345) და სლოვაკეთში 314)
ესტონეთსა და ლატვიაში სკოლების საშუალო ზომა საქართველოს სკოლების საშუალო ზომის მსგავსია, მაგრამ ამ სისტემებში საქართველოზე მაღალია მოსწავლე/მასწავლებლების ურთიერშეფარდება: საქართველოში - 7- 1, ესტონეთში 8- 1, ლატვიაში 9-1.
სკოლის ზომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი ქვეყანაში სკოლების გეოგრაფიული განაწილებაა: თუ სკოლების დიდი ნაწილი მცირე დასახლებებში (3000 ადამიანის დასახლებული სოფელი) მდებარეობს, ეს ქვეყანაში მცირეკონტიგენტიანი სკოლების სიმრავლეს განაპირობებს. ასეთი ქვეყნების სიაშია საქართველო, პოლონეთი, ლატვია, ბულგარეთი და ნორვეგია.
ამ ქვეყნებში მცირე დასახლებებში მდებარე სკოლების წილი სისტემაში არსებული სკოლების მეოთხედზე მეტია და, შესაბამისად, სხვა ქვეყნებთან შედარებით სკოლების საშუალო ზომა დაბალია. ამ კანონზომიერების გათვალისწინებით, სკოლების საშუალო ზომა საქართველოში სკოლების გეოგრაფიული განაწილების შესაბამისია.
"მაღალმთიან სოფლებში ძალიან პატარა სკოლები გვაქვს. რეალურად, ჩვენი სკოლების უმრავლესობაში 300 მოსწავლეზე ნაკლები სწავლობს. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში რთულია საათების ისე გადანაწილება, რომ მასწავლებელმა სრული დატვირთვით იმუშაოს. მათ იმის შესაძლებლობაც არ აქვთ, რომ საათები სხვა სოფლის სკოლაში დაიმატონ", - ამბობს განათლების სპეციალისტი რეზო აფხაზავა.
კვლევის შედეგების თანახმად, მასწავლებლების სამუშაო სტატუსი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითაც განსხვავდება.
სრული განაკვეთით მომუშავე მასწავლებლების წილი შედარებით ახალგაზრდა მასწავლებლებში უფრო მაღალია: 60 წლის ან უფროსი ასაკის მასწავლებლებში სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლების წილი 39%-ია მაშინ, როცა მასწავლებლების სხვა ასაკობრივ ჯგუფებში სრული განაკვეთით მომუშავე მასწავლებლების წილი 48%-სა და 53%-ს შორის მერყეობს.
სრული განაკვეთით მომუშავე მასწავლებლების ყველაზე მაღალი წილი მათემატიკის მასწავლებლებშია (65%). ყველა დანარჩენ საგანში მასწავლებლების ნახევარზე ნაკლები სრული დატვირთვით მუშაობს. არასრული დატვირთვით მომუშავე მასწავლებლების წილი ყველაზე დაბალი საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ხელოვნების მასწავლებლებს შორისაა.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, TALIS-ის კვლევის ეროვნული კოორდინატორი ფიქრობს, რომ მასწავლებლების რაოდენობასა და სამუშაო სტატუსზე გარკვეულწილად ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონიც ახდენს გავლენას.
"დემოგრაფიული ცვლილების კვალდაკვალ მოსწავლეების რაოდენობა შეიცვალა, შემცირდა. მაგრამ მასწავლებლების რაოდენობა ამის თანმიმდევრულად არ შეიცვალა. შედეგად, დღეს იმაზე მეტი მასწავლებელია სისტემაში, ვიდრე გვჭირდება. მაგრამ მათ დირექტორი მათი სოციალური პრობლემების გათვალისწინებით სკოლიდან ვერ უშვებს. იძულებულია არსებული საათები რამდენიმე ადამიანს გადაუნაწილოს. დირექტორისთვის ძალიან რთული გადასაწყვეტია, რომ ადამიანი, რომელსაც სხვა შემოსავალი არ გააჩნია სახლში გაუშვას", - ამბობს ნათია ანდღულაძე.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია მასწავლებელთა რაოდენობის ოპტიმიზაციისაკენ მიმართული ქმედითი ნაბიჯების დროულად დაგეგმვა. რადგან, არსებული მდგომარეობა ბევრ პრობლემას ქმნის. ბევრ მასწავლებელს მეტი ფინანსური რესურსი სჭირდება.
რეზო აფხაზავა კი მიიჩნევს, რომ მხოლოდ პროცენტული გაანგარიშებით, ჭარბია თუ არა, სისტემაში მასწავლებლების რაოდენობა ვერ განისაზღვრება. მისი თქმით, გასათვალისწინებელია ბევრი სხვა ფაქტორიც ქვეყნის ლანდშაფტი, სოციალური ფონი, სკოლებისა და მოსწავლეების რაოდენობა და ა. შ.
"თუკი მასწავლებლების რაოდენობას შევამცირებთ, ეს უნდა მოხდეს სკოლების ოპტიმიზაციით ან მექანიკურად, მასწავლებლების დიდი რაოდენობის სკოლიდან დათხოვით. ამ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ ზოგიერთ სკოლაში საერთოდ აღარ დარჩება იმ საგნების მასწავლებლები, რომლებსაც ისედაც ცოტა საათები აქვთ, მაგალითად ქიმიის ან ფიზიკის მასწავლებლები. ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებლები, რომლებიც საპენსიო ასაკის არიან, არ გადიან პენსიაზე. ასე მათი ხელოვნური შენარჩუნება ხდება ნაცვლად იმისა, რომ დასაქმდნენ ახალგაზრდა მასწავლებლები, რომლებსაც ნაკლები სამუშაო გამოცდილება აქვთ, მაგრამ სწავლების უფრო თანამედროვე მეთოდებს იცნობენ, დაუსაქმებელი რჩებიან", - ამბობს რეზო აფხაზავა.
მისი ვარაუდით აღნიშნულ პროცესს ხელს შეუწყობს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა. ვინაიდან, მისი თქმით, გარკვეული ასაკის მასწავლებლები ახალ სქემაში მონაწილეობას შესაძლოა აღარ გეგმავდნენ. შესაბამისად, სისტემაში ახალი მასწავლებლების საჭიროება გაჩნდება. ახალი კადრები კი მნიშვნელოვანია, რომ კომპეტენტური და კარგად მომზადებული იყოს.
კვლევის რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ საჭიროა სკოლებში მასწავლებლების ოპტიმალურ განაწილებაზე მიმართული გრძელვადიანი პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება. მასწავლებლების ოპტიმიზაციის გრძელვადიანი გეგმები, ერთი მხრივ, შეიძლება უკავშირდებოდეს ისეთი მასწავლებლების მომზადებას, რომლებსაც ერთზე მეტი საგნის სწავლების კომპეტენცია აქვთ; მეორე მხრივ, მასწავლებლებისთვის დამატებით საგნების სწავლებისთვის საჭირო კომპეტენციების შეძენის შესაძლებლობებისა და წახალისების მექანიზმების შექმნას.