Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლო სისტემის პრივატიზაცია

23 თებერვალი 2016

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებებს თუ ცალ-ცალკე განვიხილავთ, ნათლად გამოჩნდება, რომ საბჭო მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ეფექტიანად ვერ ასრულებს.

სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობისთვის, მოსამართლეთა დანიშვნის და  გათავისუფლების, საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების, რეფორმისთვის წინადადებების შემუშავებისა და სხვა ამოცანების შესრულების მიზნით არის შექმნილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ხშირად იუსტიციის საბჭო არათანმიდევრულია, მისი გადაწყვეტილებები კი (არა მხოლოდ მოსამართლეთა დანიშვნასთან მიმართებაში) დაუსაბუთებელი, რომელიც უამრავ კითხვას  აჩენს.

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ისიც დაგვანახა, რომ  საქართველოს სასამართლო სისტემისთვის განსხვავებული აზრიც მიუღებელი აღმოჩნდა.

გასული წლის 29 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს იმ დროს მოქმედი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მედიას შეხვედა, სადაც მეც ვიმყოფებოდი. მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას 2012 წლის 26 ნოემბრიდან იკავებდა. ამ შეხვედრაზე მან ისაუბრა სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე და შეიძლება, ითქვას, მოულოდნელი და ხმამაღალი განცხადებები გააკეთა:

„ვერ ვხედავ ვერანაირ განვითარებას, ვერც უზენაესი სასამართლოს პირობებში და ვერც ამ საბჭოს პირობებში. ცალსახად ვფიქრობ, რომ იუსტიციის საბჭოც უნდა წავიდეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც უნდა წავიდეს, იმიტომ, რომ ვერც ერთმა ვერ გაართვა დაკისრებულ მოვალეობას თავი.“

 გულწრფელად რომ ვთქვა, მისგან ეს ნაბიჯი გამიკვირდა. თუმცა კარგია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ ღიად საუბარი გადაწყვიტა.

ამის შემდგომ, 2016 წლის 4 იანვარს დაიგეგმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა. დღის წესრიგში პირველ თემად საკითხი ასე იყო აღნიშნული - “თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 დეკემბრის განცხადების შეფასება“, რომლის მომხსენებლი იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. საკითხი როგორც ყოველთვის ახლაც ბუნდოვანი ფორმულირებით იყო წარმოდგენილი. ჩემთვის დღემდე გაურკვეველი დარჩა, თუ რა უნდა შეეფასებინა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და რამდენად იყო ეს მისი კომპტენცია.

მამუკა ახლვედიანი ამ სხდომაზე არ გამოცხადებულა. იმავე დღეს კი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მდივანი და წევრები, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეებს შეხვდნენ.

გარდა ამისა, 11 იანვარს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განიხილებოდა მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები, რომელსაც მამუკა ახვლედიანი დაესწრო.  აღნიშნული სხდომა მწვავე დისკუსიის შემდეგ საბჭოს რამდენიმე წევრმა  პროტესტის  ნიშნად დატოვა. როგორც იუსტიციის საბჭოს რამდენიმე წევრმა აღნიშნა, თუ მამუკა ახლვედიანი საბჭოს კრიტიკულად აფასებდა, რაზე უნდა ესაუბრათ მათ ამ სხდომაზე.

ამის შემდეგ,  2 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ახვლედიანთან  მორიგი შეხვედრა გაიმართა. მან მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებულ სერიოზულ დარღვევებზე ისაუბრა, კერძოდ, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო ტესტების წინასწარ გამჟღავნებაზე.

19 თებერვალს იუსტიციის საბჭომ მოსამართლეთა ტესტების შესაძლო გაჟონვის შესახებ დასკვნის პროკურატურისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.  ამ თემაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო დიდხანს მუშაობდა და მოკვლევას თავად აწარმოებდა. ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ „საბჭო მოკვლევას აწარმოებს არა მარტო ტესტების წინასწარი გამჟღავნების, არამედ სხვა თემებზეც, რომლებიც გარკვეულ კორუფციულ საკითხებს უკავშირდება“.

22 თებერვალს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით (12 მომხრე, ერთი წინააღმდეგი) მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისა და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

იუსტიციის უმაღლეს საბჭო, მის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში არ წარმოგვიდგენს დასაბუთებას იმის შესახებ, თუ რატომ მიიღო მან აღნიშნული გადაწყვეტილება. თუმცა სხდომაზე და საჯაროდ საბჭოს წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ იუსტიციის უამღლესი საბჭო მამუკა ახვლედიანის, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის საქმიანობას, უარყოფითად აფასებს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამგვარი მიდგომით დაარღვია სამართლიანობის  პრინციპი და არ მოუსმინა მამუკა ახვლედიანს, რომელიც ითხოვდა გონივრული ვადის მიცემას არგუმენტების წარმოსადგენად. საბჭო უჩვეულოდ ჩქარობდა, ვინაიდან ჩვენ არაერთხელ გვინახავს სხდომიდან სხდომამდე გადადებული საკითხები, როცა იმ დროს განსახილველი საკითხებისთვის წევრები მზად არ იყვნენ. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 22 თბერვლის დღის წესრიგი იყო ბუნდოვანი და რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საბჭოს წევრებს სურდათ ზედმეტი დამკვირებლის გარეშე, ჩუმად განეხილათ საკითხი.

ზოგადად ამ საკითხთან მიმართებაში ჩნდება კითხვები:

  1. მაინცდამაინც ახლა რატომ გახდა  თბილისის საქალაქო სასამართლოს   თავმდჯომარის საქმიანობა იუსტიციის საბჭოს ინტერესის საგანი (მათთვის ყველა იმ საკითხზე, რასაც მისი გათავისუფლების საფუძვლად ასახელებენ, ცნობილი უნდა ყოფილიყო)?
  2. რა პრინციპით და მეთოდოლოგიით შეაფასა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის საქმიანობა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ?
  3. სასამართლოში შესული საქმეთა განაწილების დარღვევები დასახელდა მამუკა ახვლედიანის გათავისუფლების საფუძვლად.
    საინტერესოა, შეისწავლა და აღმოაჩინა თუ არა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ეს საკითხი კომპლექსურად და არის თუ არა ამავე სახის დარღვევები სხვა სასამართლოებში? და რა ზომების მიღებას აპირებს?

თუ მოვლენებს ქრონოლოგიურად მივყვებით, იუსტიციის საბჭოს ეს გადაწყვეტილება ბუნებრივია, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს არის (საბჭოსთვის) „ლოგიკური გაგრძელება’’ მამუკა ახვლედიანის აქტიურობისა და საქმიანობის საპასუხოდ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შევახსენებთ, რომ სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპები აღიარებს რომ მოსამართლეს, ისევე როგორც ყველა მოქალაქეს აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება.

ამ მოვლენების პარალელურად, წელს უკვე ჩატარდა საქართველოს მოსამართლეთა ორი  რიგგარეშე კონფერენცია –  1 თებერვალს და 20 თებერვლას.

კონფერენციის შედეგად, რომელიც 1 თებერვალს გაიმართა, მიღებული იქნა განცხადება. შეიძლება ეს იყო განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც მოსამართლეთა დიდმა ნაწილმა გამოხატა მოსაზრება კონფერენციაზე. თუმცა მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების თუ სხვა დაინტერესებული მხარეების მხრიდან სასამართლოს მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები მოსამართლეთა უმრავლესობისთვის მიუღებელია. ამიტომაც განცხადების მთავარი მესიჯი ეს იყო: „საქართველოს მოსამართლეები ვაცხადებთ, რომ თუ დროულად არ აღიკვეთა მთელი ეს კამპანია და საბჭოს საქმიანობაზე ზეგავლენის მცდელობები, რომელსაც თან ახლავს ჩვენდამი სიძულვილის თესვა, გამოუსწორებელი ზიანი მიადგება მართლმსაჯულების სისტემას, სასამართლოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას ...“

სასამართლო სისტემაში გაჩნდა ამბიცია, რომ არავინ უნდა ჩაერთოს საბჭოს საქმიანობაში,  რაც არის ძალიან არაპროგრესული და საშიში ტენდენცია. მე მრჩება განცდა, რომ თითქოს სასამართლო ხელისუფლება კონკრეტული პირების საკუთრებაა. თუმცა როგორც ჩანს, შეხსენებაა საჭირო, რომ სასამართლო ეკუთვნის ხალხს და არა თანამდებობის პირებს. ჩვენ დამოუკიდებელი სასამართლო გვსურდა და არა პრივატიზებული.

იგივე ტენდენცია გაგრძელდა მოსამართლეთა მორიგ კონფერენციაზე, რომელიც 20 თებერვალს ჩატარდა. გარდა ამისა, კონფერენციამ აირჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 ახალი წევრი. სისტემაში, რომელშიც 280-ზე მეტი მოსამართლეა, გასაკვირია, რომ  სერგო მეთოფიშვილი ერთდაერთი კანდიდატი იყო. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს კანდიდატების რაოდენობას, მაინც ის შედეგი იქნებოდა, რაც დადგა. 

კენჭისყრის წინ სერგო მეთოფიშვილმა სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს, რომელსაც მე საპროგრამო გამოსვლას ვერ დავარქმევდი. არც დაპირებები მოგვისმენია და არც გეგმები, თუმცა ის მაინც აირჩიეს. ყველაფერთან ერთად მეთოფიშვილი სამწლიან გამოსაცდელ ვადაში იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის წარმოადგენს ინსტიტუტს (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს), რომელიც აფასებს მოსამართლეებს. ამავდროულად მეთოფიშვილი პირადად იქნება შეფასებული ორგანოს მიერ, რომლის წევრიც თავად გახდა. აღნიშნული შეფასების შედეგების საფუძველზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო საბოლოოდ იღებს გადაწყვეტილებას, გაამწესოს თუ არა მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ.

როგორც ჩანს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძეც იზიარებს უმრავლესობის აზრს და ამ შემთხვევას ინტერესთა კონფლიქტად არ მიიჩნევს, ვინაიდან მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ “ეს არანაირ დაბრკოლებას არ ქმნის“.

მე ვფიქრობ,  ასეთი გადაწვეტილებები ქმნის შესაძლებლობას, რომ პოტენციურად,  საბჭოს  რვავე მოსამართლე წევრი 3-წლიან გამოსაცდელ ვადაში იყოს. ასე რომ გაგრძლედეს, საბოლოოდ ვინ ვის შეაფასებს და როგორ გაამწესებს თანამდებობაზე არავინ იცის.

ეს იყო მოსამართლეთა მორიგი კონფერენცია, რომელიც კვლავ ეძღვნებოიდა არარსებულ პრობლემებზე საუბარს, ნაცვლად იმისა, რომ ემსჯელათ მოსამართლეთა გადატვირტთულობაზე, სხვა არსებით ხარვეზებსა და საჭირო ღონისძიებებზე. მე ვერც კი წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ერთმა მოსამართლემ განახორციელო მართლმსაჯულება, როცა წარმოებაში გაქვს ერთდროულად დაახლოებით 500 საქმეზე. ეს ადამიანის შესალებლობების მიღმაა. ისმის კითხვა, რას აკეთებს ასეთ დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და თუ  აქვს მას სტრატეგიული გეგმა გადატვირთულობის პრობლემის აღმოსაფხვრელად? რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია -  არა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის როლი ასეთ კრიზისულ ვითარებაში თვალსაჩინო უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მას როგორც საბჭოს თავჯდომარეს აქვს მხოლოდ 1 ხმა. 

აღნიშნულ კონფერენციაზე თავმჯდომარემ მხოლოდ მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ირგვლივ გატარებულ საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრა. კარგი იქნებოდა, თუკი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ისაუბრებდა ღირებულებებზე,  რეფორმებზე, პროგრესზე, დაბრკოლებებზე, ინდივიდუალური მოსამართლის და სასამართლო სისტემის საჭიროებებზე. საინტერესო იქნებოდა, მოგვესმინა მისი გულწრფელი შეფასებები სასამართლო სისტემის შესახებ და ინიციატივები პროგრესული ცვლილებების გასატარებლად.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ სასამართლო სისტემა რჩება, რომლისთვისაც აუცილებელია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა, პრობლემების იდენტიფიცირება და სტრატეგიის შემუშავება.

P.S. არ მინდა ჩემი მოსაზრებების საჯარო გაცხადებით ზიანი მივაყენო „მოსამართლეთა ერთობის“  წევრებს, რადგან შესაძლოა, ეს შეფასებები საბჭოს წევრების განხილვის საგანი გახდეს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე (როგორც ეს არაერთხელ ყოფილა). ამიტომ,  მივმართავ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, რომ ეს არის ჩემი თვალსაზრისი.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^