ჭოროხის ხეობა, ართვინი, ჯერათთეფე, შავიზღვისპირეთის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ეკოლოგიური ცენტრი... ყველაფერი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როდესაც, თურქეთის ხელისუფლებასთან სიახლოვით ცნობილმა ჯენგიზ ჰოლდინგმა( რომლის თავმჯდომარეს, - მეჰმეთ ჯენგიზს, თურქული პუბლიკა ინტერნეტში გავრცელებული სკანდალური სატელეფონო საუბრის ჩანაწერით იცნობს, სადაც, ერთერთი ფრაზა დაახლოებით ასე ჟღერს: 'Bu milletin amına koyacağız,İnşallah'(ამ ერს (დედის) მ******* მ****** ინშალაჰ(თუ ალაჰი ინებებს)) ართვინში,ჯერათთეფეს მთაზე, სპილენძისა და ოქროს მოპოვების ნებართვა მიიღო.
ართვინის მოსახლეობამ ამის საპასუხოდ, რიზეს პროვინციულ სასამართლოში ჯენგიზ ჰოლდინგის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და 2014 წლის დეკემბერში ართვინელთა სარჩელი დაკმაყოფილდა, სასამართლომ ჯენგიზ ჰოლდინგზე გაცემული მადნის მოპოვების ნებართვა უკანონოდ ცნო.
ჯენგიზ ჰოლდინგმა გადაწყვეტილება სახელმწიფო საბჭოში(Danıştay - მისი ფუნქციები დაახლოებით იგივეა,რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოსი.) გაასაჩივრა; სახელმწიფო საბჭოს 2015 წლის აპრილის თვით დათარიღებული პირველადი გადაწყვეტილებაც რიზეს რეგიონული სასამართლოს გადაწყვეტილების იდენტური იყო, თუმცა პირველადი გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და ჯენგიზ ჰოლდინგის "გაჭირვების ტალკვესიც" ზუსტად ეს გამოდგა...
ჯენგიზ ჰოლდინგმა გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართა და მოახერხა აეღო მადნის მოპოვების დაწყებისათვის საჭირო ნებართვა და ეს მაშინ, როცა სახელმწიფო საბჭო ჯერ ისევ წლების წინ გაუქმებულ ძველ ნებართვას განიხილავდა. კომპანია ართვინს დაუბრუნდა და ჯერათთეფეში ტერიტორიის შემოღობვა დაიწყო. ართვინელები ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილნენ და გარდა იმისა, რომ ახალი გადაწყვეტილებაც გაასაჩივრეს, გარდა ამისა, 2015 წლის ივნისიდან მოყოლებული, ართვინელი აქტივისტები, მოძრაობა "მწვანე ართვინის" თაოსნობით, ჯერათთეფეზე მორიგეობენ.
ყველაფერი 16 თებერვალს დაიწყო, აქტივისტებს, რომლებიც ჯერათთეფეზე ივნისის თვიდან მორიგეობენ, თავს რეგიონში საგანგებოდ გადასროლილი პოლიციის ქვედანაყოფები ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით თავს დაესხა. პოლიციის ქმედებების საპასუხოდ, ჯერათთეფეს მიმდებარე დასახლებების მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა და ჯერათთეფესაკენ მიმავალი გზები გადაკეტა, მომიტინგეებს ცოტა ხანში შეუერთდნენ ართვინის პროვინციის სხვა რაიონების მცხოვრებლები, გაიფიცნენ სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლები, ხელოსნებმა, წვრილმა მოვაჭრეებმა და სხვებმა დუქნები დახურეს, თურქეთის სხვადასხვა რეგიონებში გადასახლებული ართვინელები მშობლიური მხარისაკენ დაიძრნენ, ხოლო ხოფას მოსახლეობამ საერთაშორისო საავტომობილო მაგისტრალი გადაკეტა. ართვინის გუბერნატორმა ქალაქში შესასვლელი გზების გადაკეტვის ბრძანება გასცა...
უკვე მეექვსე დღეა პოლიციის თავდასხმა მშვიდობიან აქტივისტებზე გრძელდება, დაშავდა არაერთი ადამიანი, თურქეთის მმართველ პარტიასთან და პირადად პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან დაახლოებულმა მედია საშუალებებმა, რომელთაც ხალხში სასახლის კარის მედიის სახელით იცნობენ, მოვლენების გამომწვევ მიზეზებად მედია მაგნატ აიდინ დოღანის კუთვნილი მედია, ფეთჰულა გულენი და ქურთისტანის მუშათა პარტია მონათლეს და განაცხადეს, რომ მადნის მოპოვების პროცესში "მხოლოდ" 3500 ხე მოიჭრება,რომელთა ადგილასაც მადნის ამოწურვის შემდეგ ახალი ხეები დაირგვება; მთავრობის მომხრე მედიას არც ის 277 სამუშაო ადგილი დავიწყებია,რომელთაც მადნის მომპოვებელი კომპანია შექმნის... ხოლო სატყეო და წყლის რესურსების მინისტრი ვეისელ ეროღლუ, ართვინელებს სასტიკად დასჯით დაემუქრა...
ჯერათთეფე არ არის მხოლოდ ართვინისა და ართვინელების ლოკალური პრობლემა, ბოლო პერიოდში თურქეთის ხელისუფლებისა და კაპიტალისტური წრეების უპასუხისმგებლო პოლიტიკამ შავიზღვისპირეთის ეს ულამაზესი რეგიონი ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზე მიიყვანა, გაიცა 120(!) სხვადასხვა სიმძლავრის ჰესის მშენებლობის ნებართვა,რომელიც დატბორვას უქადის ართვინის არაერთ რეგიონს; მურღულის სპილენძის საბადოების ზემოთ ნახსენებ ჯენგიზ ჰოლდინგისათვის გადაცემის შემდეგ, მოისპო ეკოლოგიური კონტროლის ყოველგვარი ზომა, სპილენძის მოპოვების შედეგად დარჩენილი მასა ჩაედინება ჭოროხში და ასევე, ერევა ბუნებრივ ნალექებს, რაც დაბინძურების ბევრად დიდ მანძილზე,მათ შორის გურიაში და აჭარაში გავრცელებას უწყობს ხელს.
შესაბამისად, ის, რაც ართვინში ხდება, არ არის მხოლოდ ართვინის ან თურქეთის პრობლემა, ეს მთელი შავიზღვისპირეთის პრობლემაა,მათ შორის ჩვენიც, რადგანაც შავიზღვისპირეთი თანაბრადაა ართვინელისაც, ბათუმელისაც, სოხუმელისაც და იალტელისაც,თურქისაც,ქართველისაც,უკრაინელისაც და აფხაზისაც.
ამგვარად, ყველა ჩვენგანის ვალია ავიღოთ ჩვენს თავზე ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ბუნების წინაშე და გავაკეთოთ თუნდაც ის მცირედზე უმცირესი, რაც შეგვიძლია - სოლიდარობა გამოვუცხადოთ ართვინელებს და ეს არ იქნება მხოლოდ სოლიდარობის ჟესტი, ეს ამავე დროს მთელ შავიზღვისპირეთზე ზრუნვაც იქნება.
ართვინელები მარტონი არ არიან.!
Artvin Halkı Yalnız Değildir!
ავტორის შესახებ: "მწვანე მუშტის" წევრი, სტუდენტი.