Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას ამბობს საერთშორისო კვლევა ქართული სკოლების შესახებ

25 თებერვალი 2016

2014 წელს საქართველოში TALIS - ის საერთაშორისო კვლევა ჩატარდა.

TALIS-ის  სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია ატარებს.

ეს არის პირველი საერთაშორისო კვლევა, რომელიც კომპლექსურად შეისწავლის მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტს: პროფესიული განვითარება, შეფასება და უკუკავშირი, პროფესიითა და სამუშაო ადგილით კმაყოფილება. კვლევის მიზანია, დაეხმაროს მონაწილე ქვეყნებს მასწავლებლის პროფესიის განვითარებაზე ორიენტირებული ეფექტიანი პოლიტიკის დანერგვაში. კვლევის ადმინისტრირება საქართველოში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყო.

TALIS პირველად 2008 წელს ჩატარდა. ის წარმოადგენს გამოკითხვების სერიას და ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ტარდება. გამოკითხვაში მონაწილეობას იღებენ შემთხვევითი წესით შერჩეული სკოლები.

თითოეული ქვეყნისთვის თითოეულ საფეხურზე (დაწყებითი, საბაზო და საშუალო) 200 სკოლა შეირჩა.

TALIS-ში 2013 წელს 34 ქვეყანა მიიღო მონაწილეობა. 2014 წელს საქართველო და რუსეთის ფედერაცია შეურთდნენ.

საქართველოს რამდენიმე მიმართულებით კვლევაში მონაწილე ყველა სხვა ქვეყანაზე მაღალი მაჩვენელი აქვს. ეს მაჩვენებლებია: საქართველოში სისტემაში 60 წლისა და უფროსი ასაკის ყველაზე მეტი მასწავლებელია; კვლევაში მონაწილე სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ქართველ პედაგოგებს მიაჩნიათ, რომ კარგად არიან მომზადებულები; დირექტორთა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს სკოლებში კვლევაში მონაწილე ყველა სხვა ქვეყანაზე უკეთესი  კეთილსაიმედო პროფესიული კლიმატია.

სკოლის ბიუჯეტის განაწილების თვალსაზრისით, საქართველო დაბალი ავტონომიურობის მქონე ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება. ასევე, დაბალია ავტონომიურობის ხარისხი სწავლა - სწავლების შინაარსისა და შეფასების პოლიტიკის განსაზღვრაში.

საქართველოში პედაგოგების 19% 60 წლისა და უფროსი ასაკისაა

საქართველოში საბაზო საფეხურის მასწავლებლის საშუალო ასაკი 48 წელია, რაც 5 წლით მეტია კვლევაში მონაწილე სხვა ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე.

60 წლისა და უფროსი ასაკის მასწავლებლების წილი 19%-ია, - ეს მაჩვენებელი  კვლევაში მონაწილე ყველა სხვა ქვეყანაზე მაღალია. ტალისის საკვლევი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 6%-ია.

საქართველო სისტემაში ახალგაზრდა მასწავლებლების დაბალი წილითაც გამოირჩევა.

30 წლამდე ასაკის მასწავლებლების წილი 6%-ია, რაც 2-ჯერ ნაკლებია სხვა ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე, რომელიც საშუალოდ 12%-ია.

თუმცა საგულისხმოა, რომ ახალგაზრდა მასწავლებლების წილი საგნების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება: თუ ქართული ენისა და ლიტერატურის 30 წლამდე ასაკის მასწავლებლების წილი -ია, უცხოური ენების მასწავლებლების წილი 13%-ია, ხოლო საინფორმაციო ტექნოლოგიების მასწავლებლებისა - 9%.

საქართველოში საბაზო საფეხურის მასწავლებლების 84% ქალია, რაც 16%-ით აღემატება ტალისის საკვლევი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. საქართველოში კაცების წილი ყველაზე მაღალია ფიზიკური აღზრდის მასწავლებლებში (63%).

პედაგოგთა თვითშეფასება

ქართველი პედაგოგები უფრო მომზადებულად გრძნობენ თავს, ვიდრე მასწავლებლები ისეთი მაღალი შედეგების მქონე საგანმანათლებლო სისტემებიდან, როგორებიცაა: ფინეთი, იაპონია და ჰოლანდია.

TALIS-ის კვლევაში საგნის სწავლებისათვის საჭირო კომპეტენციები სამ კატეგორიადაა წარმოდგენილი: საგნის შინაარსი, საგნის პედაგოგიკა და საკლასო პრაქტიკა.

საქართველოში საბაზო და საშუალო საფეხურების მასწავლებლების ნახევარი თავს ძალიან კარგად მომზადებულად, ხოლო მასწავლებლების 46% კარგად მომზადებულად მიიჩნევს. 

საგნის პედაგოგიკაში ძალიან კარგად მომზადებულად თავს პედაგოგთა 39% მიიჩნევს,  ხოლო 54% თვლის, რომ პედაგოგიკაში კარგადაა მომზადებული.

პედაგოგების თვითშეფასება განსხვავებულია ასაკისა და სკოლის მდებარეობის მიხედვით.

მაგალითად, საგნის შინაარსში მომზადების თვალსაზრისით ახალგაზრდა მასწავლებლებს უფრო მაღალი თვითშეფასება აქვთ. საგნის პედაგოგიკასა და საკლასო პრაქტიკაში კი ახალგაზრდები თავიანთ უფროს კოლეგებთან შედარებით ნაკლებად მომზადებულად თვლიან თავს.

სოფლად მომუშავე პედაგოგებიც ქალაქად მცხოვრებ კოლეგებთან შედარებით თავს ნაკლებად მომზადებულად მიიჩნევენ როგორც საგნის შინაარსში, ასევე საგნის პედაგოგიკასა და საკლასო პრაქტიკაში.

მასწავლებლების და მოსწავლეების ურთიერთშეფარდება

საქართველოში ყოველ 7 მოსწავლეზე 1 მასწავლებელი მოდის, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება TALIS - ის საკვლევი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (12:1). ეს ვითარება დიდწილად სკოლების გეოგრაფიული განაწილებითაა განპირობებული. საქართველოში სკოლების 66% სოფლების მცირეკონტიგენტიან სკოლებს წარმოადგენს. კიდევ ერთი მიზეზი არასრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლების მაღალი წილია. საქართველოში მასწავლებლების ნახევარზე მეტი არასრულ განაკვეთზე მუშაობს. საგულისხმოა, რომ მასწავლებლების 88% არასრულ განაკვეთზე სრულ განაკვეთზე დასაქმების შესაძლებლობის არქონის გამო მუშაობს.

რას ფიქრობენ დირექტორები?

საბაზო და საშუალო საფეხურის დირექტორების ყველაზე დიდი ნაწილი სკოლების მუშაობის შემაფერხებელ ფაქტორად კვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებობას ასახლებენ: 61% ამ ფაქტორს“ ძალიან” ან “ გარკვეულწილად” შემაფერხებლად მიიჩნევს.

დირექტორების ნახევარი (51%) ასევე პრობლემატურად მიიჩნევს ბიბლიოთეკის მასალების ნაკლებობას ან შეუსაბამობას;

სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი კომპიუტერული პროგრამების ნაკლებობას ან შეუსაბამობას - 49%;

დამხმარე პერსონალის ნაკლებობას - 48%;

სასწავლო მასალების შეუსაბამობას ან ნაკლებობას - 47% და ინტერნეტზე არასაკმარის წვდომას - 46%.

ბიბლიოთეკების ნაკლებობას განსაკუთრებით მწვავედ განიცდიან პატარა სოფლების სკოლების დირექტორები. მათი 62% თვლის, რომ ბიბლიოთეკების არარსებობა ან შეუსაბამობა გარკვეულწილად ან ძლიერ აფერხებს მათ მუშაობას.

სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი კომპიუტერების რაოდენობას უჩივის სოფლის სკოლების დირექტორების 52-60%.

ქალაქის კერძო და საჯარო სკოლები ერთნაირად განიცდიან მასწავლებლებისა და სასწავლო რესურსების ნაკლებობას ან შეუსაბამობას.

ავტონომია და სკოლები

სკოლის ბიუჯეტის განაწილების თვალსაზრისით საქართველო დაბალი ავტონომიურობის მქონე ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება. ასევე დაბალია ავტონომიურობის ხარისხი სწავლა-სწავლების შინაარსისა და შეფასების პოლიტიკის განსაზღვრაში. საქართველოში საკადრო საკითხების გადაწყვეტის მხრივ სკოლებს მაღალი თავისუფლების ხარისხი აქვთ.

სკოლის ავტონომიურობის ხარისხის გასაზომად გამოიყენეს პასუხისმგებლობის ხარისხი, რომელიც სკოლას გარკვეული ფუნქციების შესრულებისას უნდა გამოევლინა.

ეს ფუნქციებია: მასწავლებლების დანიშვნა და დაქირავება, მასწავლებლის სამსახურიდან განთავისუფლება და დროებითი დათხოვნა, მასწავლებლის საწყისი ხელფასის განსაზღვრა, მასწავლებლების ხელფასების მომატება, სკოლის ბიუჯეტის განაწილება, მოსწავლეების დისციპლინური პოლიტიკისა და პროცედურების განსაზღვრა, მოსწავლეების შეფასების პოლიტიკის განსაზღვრა, მოსწავლეების სკოლაში მიღება, სასწავლო მასალების არჩევა, სწავლების შინაარსის განსაზღვრა, სასწავლო საგნების შერჩევა.

აკადემიური ავტონომია: 

აკადემიური ავტონომია გაიზომა იმის მიხედვით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრებათ სკოლებს 1) სწავლის შინაარსის განსაზღვრაში; 2) შეფასების პოლიტიკის განსაზღვრაში; 3) სასწავლო საგნების შერჩევასა და 4) სასწავლო მასალების არჩევაში.

პირველ ორი კომპონენტის მიხედვით საქართველოში სკოლებს თავისუფლება მნიშვნელოვნად შეზღუდული აქვთ. მაღალი ავტონომია აქვთ სკოლებს სინგაპურში, ავსტრალიაში და აღმოსავლეთ ევროპის სამ ქვეყანაში - ესტონეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი).

საშუალო დონის ავტონომიის მქონე ქვეყნებს განეკუთვნება ფინეთი, აშშ, კორეა, იაპონია, პოლონეთი, ლატვია, ბულგარეთი და სერბეთი.

საქართველო დაბალი ავტონომიურობის მქონე სისტემების რიცხვს განეკუთვნება  - მასწავლებლების მხოლოდ ერთი მესამედი მუშაობს სკოლებში, სადაც დირექტორები მიიჩნევენ, რომ სწავლების შინაარსის განსაზღვრის ფუნქცია მათ აკისრიათ; მასწავლებლების ნახევარზე ნაკლები მუშაობს ისეთ სკოლებში, რომლებშიც დირექტორები თვლიან, რომ სკოლა განსაზღრავს შეფასების პოლიტიკას.

აკადემიური ავტონომიის დანარჩენი ორი კრიტერიუმის მიხედვით, სასწავლო საგნების განსაზღვრა და სასწავლო მასალების შერჩევა საქართველო საშუალო ავტონომიის მქონე ქვეყნების რიგში გადის.

ეს კრიტერიუმი განსაზღვრავს რამდენად თავისუფალია სკოლა იმის განსაზღვრაში, როგორ, რა საგნების სწავლებისა და რა მასალების გამოყენებით უნდა მივიდეს სასურველ კომპეტენციებამდე. ქვეყნების ნახევარში სკოლებს ამ ორი ინდიკატორის მიხედვით მაღალი ავტონომია აქვთ.  

ფინანსური ავტონომია აღნიშნული ოთხი კრიტერიუმის მიხედვით გაიზომა: მასწავლებლის საწყისი ხელფასის განსაზღვრა, ხელფასის გაზრდა, ბიუჯეტის დაგეგმვა და ბიუჯეტის განკარგვა.

საქართველო დაბალი ფინანსური ავტონომიის მქონე ქვეყნების რიგს მიეკუთვნება.

სკოლებს არ ეკისრებათ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა მასწავლებლის ხელფასის განსაზღვრასა და ხელფასის მომატებაზე.

ამ თვალსაზრისით მაღალი ავტონომიურობა აქვთ სკოლებს ჰოლანდიაში, ესტონეთში ინგლისში, სლოვაკეთში, ბულგარეთში და შვედეში.

ფინანსური ავტონომიის დანარჩენ ორ კრიტერიუმში - ბიუჯეტის დაგეგმვა და ბიუჯეტის განკარგვა - ქართველი დირექტორების უდიდესი ნაწილის განცხადებით, სკოლებს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ენიჭებათ.

საკადრო ავტონომია:

მასწავლებლების დაქირავებასა და დათხოვნაში საქართველოში სკოლებს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრიათ.

სკოლის კლიმატი

სკოლის ზოგადი ატმოსფეროს კვლევის ნაწილში მასწავლებლებისა და მოსწავლეების სხვადასხვა ტიპის ქცევის გამოვლენის სიხშირე გაიზომა.

დირექტორთა აზრით - მათი მოსწავლეები იშვიათად ავლენენ ისეთ ქცევებს როგორიცაა - სკოლაში დაგვიანება, გაკვეთილების გაცდენა, ვანდალიზმი და ქურდობა.

კვლევაში მონაწილე ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ნაკლებად გვხვდება მასწავლებელთა მხრიდან სკოლაში დაგვიანების, გაკვეთილი საპატიო მიზეზის გარეშე გაცდენისა და მოსწავლეების გენდერული, ეთნიკური ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები. მასწავლებლების უდიდესი ნაწილი ასწავლის ისეთ სკოლაში, რომელშიც მასწავლებლები არასოდეს ან იშვიათად აგვიანებენ ან მოსწავლეების დისკრიმინაციას რაიმე ნიშნით ახდენენ.

დირექტორთა აზრით, მასწავლებელთა უდიდესი ნაწილი ისეთ სკოლებში მუშაობს, რომელშიც ძალიან კეთილსაიმედო პროფესიული კლიმატია. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ქართულენოვანი სკოლების მდგომაროება კვლევაში მონაწილე ყველა სხვა ქვეყანების მდგომარეობაზე უკეთესია.

კვლევის სრული ვერსია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^