Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქარწაღებულნი

28 თებერვალი 2016

ხმა გაისმა რამაში გოდებისა და დიდი გლოვისა:

რაქელი დასტირის თავის შვილებს და არა სურს ნუგეში, ვინაიდან აღარ არიან

მათეს სახარება (2:18)

90-იან წლებში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის -  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე დიდი ზიანი კავკასიის ქვეყნებს მიადგათ. 90-იან წლებში ეს რეგიონი დაუჯერებელი სიძულვილით სავსე  ეთნიკური კონფლიქტების, დაპირისპირებებისა და ომების არენად იქცა.

ამ კონფლიქტების შედეგად ათასობით ადამიანი გარდაიცვალა  და დაშავდა, მილიონობით ადამიანი კი საკუთარი სახლის გარეშე დარჩა. ამ სასტიკ ომებში განხორციელებული ეთნიკური წმენდის ფონზე კავკასიის ეთნიკური პალიტრა უფრო მონოტონურ ფერებში შეიმოსა.

საინტერესოა, რომ კონფლიქტების ეთნიკური არსის მიუხედავად, დაპირისპირების ორივე მხარეს "internasional"  ძალებიც მონაწილეობდნენ. აქ უჩვეულო სიმბიოზების ნახვაც იყო შესაძლებელი: მაგალითად, აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტში სომხების მხარეს უზბეკები, აზერბაიჯანის მხარეს კი უკრაინელები მონაწილეობდნენ.

 საქართველოში 90-იანი წლების კონფლიქტებში (აფხაზეთი და ოსეთი ) და 2008 წლის  5-დღიან ომში ადგილობრივი აზერბაიჯანელები  რომელ მხარეს იდგნენ? მათი ამ ომში მონაწილეობის მოტივაცია და ომის შემდგომი ცხოვრების ისტორია როგორია? ახლა სად არიან ისინი, ომმა მათ ცხოვრებაზე როგორი ზეგავლენა მოახდინა?

დიდი გამოძიების მიუხედავად, ამ ომებში მონაწილე აზერბაიჯანელების ზუსტი რაოდენობა ვერ დავადგინეთ, რადგან საჯარო ორგანიზაციებში ომის თითოეული მონაწილის ეროვნული კუთვნილება არსადაა აღრიცხული.  სამხრეთ კავკასიის მშვიდობის გზით განვითარების კავშირის (The Union for peaceful development of the South Caucasus) ვიცე-პრეზიდენტი, ვეტერანი, რეზერვის პოლკოვნიკი, გურიის ბატალიონის ხელმძღვანელი, 55 წლის ირაკლი მუჯირი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანელები საქართველოში არსებული  სხვა ეთნიკური ჯგუფებისაგან განსხვავებით, ყველა ომში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისათვის იბრძოდნენ.

ამავე კითხვით მივმართეთ 90-იან  წლებში თბილისის კომენდანტს და ყოფილ თავდაცვის მინისტრს, გენერალ-მაიორ გიორგი ყარყარაშვილს. „იმ დროს ჩვენ მებრძოლების ეროვნული კუთვნილება არ გვანიტერესებდა,“ - გვითხრა სატელეფონო საუბრისას გენერალმა და აღნიშნა, რომ აფხაზეთში მებრძოლი ეთნიკური აზერბაიჯანელებიდან გამორჩეულად ილიას რზაევი ახსოვდა.

ჩვენ ქვემო ქართლში, მარნეულში წავედით, რათა ომის მონაწილეებს თავად შევხვედროდით.

ფოლად მამედოვი

75 წლის პენსიონერს, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ ფოლად მამედოვს სახლში  შევხვდით.  ის საკუთარ ისტორიას გვიყვება.

„წარმოშობით აქაური ვარ, მარნეულში დავიბადე. თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული. სწავლის ბოლო წელს რაიონული კომკავშირის მე-2 მდივნად ამირჩიეს. იქ 2 წელი ვიმუშავე, შემდეგ ბაქოს უმაღლეს პარტიულ სკოლაში ვისწავლე, რომელიც 1971 წელს დავამთავრე და ისევ ჩემს რაიონს დავუბრუნდი. სწორედ ამ დროიდან, 1990 წლიდან მარნეულის რაიონის პოლიციის განყოფილებაში დავიწყე მუშაობა. 50 წლის ვიყავი, როცა კაპიტნის წოდება მომცეს და რაიონული პოლიციის უფროსის მოადგილედ დავინიშნე.

იმ დროს საქართველოს ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდია მოვიდა დევიზით - „საქართველო ჩვენია!“ (სლოგანი, რომელსაც 80-იანი წლების დასასრულს და 90-იანი წლების დასაწყისში გამსახურდიას მომხრეები იყენებდნენ და რომელსაც ეთნიკური უმცირესობები არ აღიარებდნენ - ე.მ.). ამის შემდეგ ხელმძღვანელობამ მოგვთხოვა, რომ მარნეულის რაიონის პოლიციის განყოფილებაში მომუშავე აზერბაიჯანელები სამსახურიდან “საკუთარი ნებით” წავსულიყავით.  ეს ჩემთვის ძალიან მწარე რეალობა იყო, მაგრამ რას ვიზამდი, როგორც გვიბრძანეს “საკუტარი ნებით” განცხადება დავწერე და პენსიაზე გავედი. აქტიურ ცხოვრებას მიჩვეული ადამიანისათვის ეს ძალიან მძიმეა. ამგვარად, 4-5 თვის განმავლობაში უმუშევრად დავრჩი. 

ზუსტად ამ დროს, სამაჩაბლოში კონფლიქტი დაიწყო. საქართველოს ჯარი არ ჰყავდა, ამიტომ ბრძოლაში შინაგან საქმეთა სამსახურის ორგანოების და პოლიციის წარმომადგენლები მიჰყავდათ. მეც სწორედ ამ დროს სამსახურში დამიძახეს და მითხრეს, რომ თუ ცხინვალის რეგიონში  საბრძოლველად წავიდოდი, ძველ თანამდებობაზე დამაბრუნებდნენ. დავთანხმდი და დანარჩენი თანამშრომლების გარკვეული ნაწილიც სამსახურში დავაბრუნეთ. ჩემი ორგანიზატორობით 40-კაციანი  პოლიციელების ჯგუფი შევქმენით და  ცხინვალში წავედით.

ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთები თბილისიდან გამგზავრების დროს უკავშირდება. ჯგუფები მწკრივებად დაგვაყენეს, ცხინვალში წასასვლელად ვემზადებოდით. ჩვენ მარნეულიდან  ჩამოსულ ხელმძღვანელობას ანგარიშს ვაბარებდით, როდესაც ერთ-ერთი ქართველი პოლკოვნიკი სხვა სამხედროს გაუბრაზდა  და დაუყვირა: „ შენ რა, ამ „თათრებს“ იარაღი ანდე? “... (მოხუცი აქ ტირის, მას ცრემლების დამალვა უნდა და ძალიან მძიმედ გასაგონ, დაბალ ხმაზე, ჩურჩულით განაგრძობს საუბარს). ჩვენ ხომ სიკვდილზე მივდიოდით, შვილო.. გესმის?” (ის ვეღარ აგრძელებს საუბარს და ჩერდება.. ხმის ჩამწერის გამორთვა გვიწევს.. )

გაგრძელება იქნება

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების
მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^