„ქარწაღებულნი“ (Gone with the Wind ) ცნობილი ამერიკელი მწერლის, მარგარეტ მიტჩელის ცნობილი რომანია. ნაწარმოები 1936 წელს გამოქვეყნდა და მას პულიცერის პრემია აქვს მიღებული. 1939 წელს რეჟისორმა ვიქტორ ფლემინგმა რომანის მიხედვით იგივე სახელწოდების ფილმი გადაიღო, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა.
იმისთვის, რომ გაგვერკვია, საქართველოში, 90-იან წლებში მომხდარი ეთნიკური კონფლიქტების დროს ადგილობრივი აზერბაიჯანელები კონფლიქტის რომელ მხარეს იბრძოდნენ, ქვემო ქართლში, სახალხო მოძრაობის - „ღირსება“ ხელმძღვანელს, ალიბალა ასგაროვს შევხვდით: „ყველა კონფლიქტის ცოცხალი მონაწილე ვარ. აზერბაიჯანელებს იმ ბრძოლებში ძალიან აქტიური მონაწილეობა არ მიუღიათ. ამის მიზეზი იმ დროს საქართველოში განვითარებული პროცესები იყო: სახელმწიფო და ჯარი, ფაქტობრივად, არ არსებობდა. საქართველოს იმდროინდელ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას არასწორი პოლიტიკა ჰქონდა არჩეული. მისმა დევიზმა - „საქართველო ქართველებისთვის“ აზერბაიჯანელები და სხვა ეთნკური უმცირესობები გააღიზიანა.
სეპარატიზმს არასოდეს გავამართლებ, მაგრამ ასეთი პოლიტიკის ბოლო, აბა, რა იქნებოდა? როგორც საქართველოს მოქალაქე, სამშობლოს დასაცავად ყოველთვის მზად ვარ, მაგრამ აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყებისას პირადად მე არავინ ამიხსნა, იქ რისთვის უნდა წავსულიყავი და აფხაზისთვის ცეცხლი რატომ უნდა გამეხსნა? როგორც პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია აცხადებდა, თუ საქართველო მხოლოდ ეთნიკური ქართველებისთვის იყო, მაშინ ამ ბრძოლაში რა მესაქმებოდა? ეს იყო ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ ომში ეთნიკური აზერბაიჯანელების მონაწილეობას მასშტაბური სახე არ ჰქონდა. ჩემი ნაცნობი რამდენიმე ადამიანი კი იბრძოდა, მაგრამ ყველა მათგანი შსს-დან იყო. მარნეულის რაიონის სოფელ გორახლოში მცხოვრები ახალგაზრდა ბიჭი, ანვარი ამ ომში მოხალისედ წავიდა და დაიღუპა.“
ვაგიფ ბაირამოვი (1961-2006)
1992 წლის 27 ივლისს, იმ დროინდელმა პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ აფხაზეთში მოსალოდნელ კონფლიქტზე ისაუბრა. 14 აგვისტოს ომი მართლაც დაიწყო. ამ კონფლიქტის გამო ათასობით ადამიანი დაიღუპა, კიდევ უფრო მეტი კი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა.
შინაგან საქმეთა პოლკოვნიკ-ლეინტენანტმა, 31 წლის ვაგიფ ბაირამოვმა ომში წასვლა საკუთარ მოვალეობად მიიჩნია.
ჩვენ მის ქალიშვილს, 25 წლის ნუნუ ბაირამოვას ვესაუბრეთ. „წარმოშობით მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოდან ვართ. 90-იან წლებში ჩვენი ოჯახი თბილისში ცხოვრობდა. როცა მამაჩემი ოში წავიდა, მე ახალი დაბადებული ვიყავი. ბებიას მონაყოლით ვიცი, რომ მამა ამ ბრძოლაში საკუთარი სურვილით წავიდა. გადაწყვეტილება მამას არც დედამ მოუწონა და არც ბებიამ - იმ დროისთვის ის უკვე სამი შვილის მამა იყო, თუმცა, დედის და ბებიის ხვეწნა-მუდარამ ვერ გაჭრა.
მამას მეგობრის, მაიორ გივი ყველაძის გადმოცემით, ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს, ისინი ტყვია-წამლის გარეშე დარჩნენ. იარაღში თითო-თითო ტყვია შეუნახავთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ტყვედ ჩავარდებოდნენ, თავი მოეკლათ. მამას უფროსისთვის უთხოვია, რომ საბრძოლო მასალის მოსატანად სამხედრო მანქანით წასვლის უფლება მიეცათ.
ბუნებრივია, იმ კრიტიკულ მდგომარეობაში ყველა ფიქრობდა, რომ ვაგიფმა ეს ბრძოლიდან გაქცევის მიზნით მოიფიქრა, თუმცა, წასვლის უფლება მაინც მისცეს. ის ვილისის სამხედრო მანქანით სახიფათო გზაზე მარტო წავიდა, რამდენიმე საათის შემდეგ კი იარაღით დატვირთული მანქანით უკან დაბრუნდა და ფრონტის მეგობრები გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა."
ვაგიფ ბაირამოვი ომში გამოჩენილი თავდადებისა და სიმამაცისთვის მედლით დააჯილდოვეს. ომიდან დაბრუნების შემდეგ მან მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროში განაგრძო და გენერალ-პოლკოვნიკის წოდებაც მიიღო.
ვაგიფ ბაირამოვი 2006 წელს, გულის შეტევით გარდაიცვალა.
თუ კი ომი რომელიმე ადამიანის ცხოვრებას რამენაირად შეეხო, ის მას აღარასოდეს ტოვებს. ამ მიმოხილვის მუშაობის პროცესში, ომის მონაწილეებთან საუბრისას, სევდიანი გრძნობები დამეუფლა და ქარწაღებულნი გამახსენდა.
გულნურ ქაზიმოვა
სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების
მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას