ფოლად მამედოვი
ჩავედით ცხინვალში. იქ ქალაქი უკვე ორად იყო გაყოფილი. ზუსტად ქალაქის ცენტრში, ორივე მხარეს, მიწით სავსე ტომრებით საგუშაგოები ჰქონდათ გაკეთებული. ოსებისგან სულ რაღაც100 მეტრი გვაშორებდა.
ერთ ადგილას რაიონის ხელმძღვანელობის, ქალაქის პროკურატურისა და სასამართლოს თანამშრომლები იყვნენ შეკრებილნი. ჩვენც მათ შევუერთდით. იქ საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეც იმყოფებოდა. ის ქართული შტაბის ზედამხედველი იყო. მასთან მივედი და ვუთხარი, რომ მარნეულიდან ჯგუფი ჩამოვიდა. მან ბრძანება გასცა, რომ სადმე, შტაბთან ახლოს დავებინავებინეთ. წაგვიყვანეს. იანვარი იყო. ციოდა, მუხლამდე თოვლი იდო. ერთ ბინაში წაგვიყვანეს. იქ არც საჭმელი იყო, არც წყალი და არც გათბობა. მოკლედ, დავბინავდით. მე და კიდევ ორი ადამიანი ერთ-ერთ ქართველ პოლკოვნიკთან ერთად იმ ღამესვე გავედით პოსტზე, გავარკვიეთ, რომელ პოზიციაზე უნდა წავსულიყავით და ბრძანებისამებრ იმ ღამესვე წავედით. 2 კვირა ვიყავით იქ. მადლობა ღმერთს, იმ დროს სროლები არ იყო. ქვიშის ტომრებს ამოფარებული ქართველები და ოსები ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ. როცა შემცვლელი ჯგუფი მოვიდა, ჩვენ უკან დავბრუნდით.
მეორედ რომ წავედით, შეტაკება მაშინ მოხდა. ღმერთის წყალობით, გადავრჩით. რუსების დახმარებით მაშინ ოსები ძალიან გაძლიერდნენ. ქართველები ქალაქიდან გაყარეს... თავს ზემოთ ძალა არ გვქონდა. ხელმძღვანელობის მითითებით მარნეულში დავბრუნდით. მას შემდეგ ისევ პოლიციაში ვმუშაობდ, ახლა პენსიიონერი ვარ და დღეებს წარსულზე ფიქრში ვატარებ.”
ილიას რზაევი
მის შესახებ პირველად გვარდიის პოლკოვნიკმა, ირაკლი მუჯირმა გვიამბო. შემდეგ მისი სახელი თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, გია ყარყარაშვილმა ახსენა და გვითხრა, რომ მას „შავნაბადას“ ბატალიონში შეხვდა.
47 წლის ილიას რზაევი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანული კარგად ესმის, საუბარი უჭირს, ამიტომ რუსულად ვსაუბრობთ. „ომი რომ დაიწყო, ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი. საქართველო ჩემი სამშობლოა. 1992 წელს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით კობა კობალაძის „შავნაბადას“ ბატალიონს შევუერთდი. იქ საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების წარმომადგენლები იყვნენ. ბატალიონში ჩემთან ერთად კიდევ ბევრი ეთნიკური აზერბაიჯანელი იყო: სოხუმელი პოლკოვნიკ-ლეინტენანტი თოფიკ ჰუსეინოვი, ახალგაზრდა ჯარისკაცი მუსთაფა ნოვრუზოვი ... სამწუხაროდ, ყველას სახელი აღარ მახსოვს.
აფხაზეთის ომს ტრაგედიის გარდა სხვა სახელს ვერ ვუწოდებ. საქართველოში წლების მანძილზე ერთად მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების მქონე ადამიანები ერთმანეთს იარაღით დაუპირისპირდნენ. ციდან ცეცხლის წვიმა მოდიოდა. თქვენ მხოლოდ აფხაზეთზე მეკითხებით, არადა იმ დროს სამეგრელოშიც საბრძოლო ოპერაციები მიმდინარეობდა. ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრეები იმჟამინდელ პრეზიტენტს პროტესტს უცხადებდნენ. იმ პერიოდში ძალიან რთული პოლიტიკური მდგომარეობა იყო. მე პოლიტიკისაგან შორს ვიყავი.
აფხაზების მხარეს ყველა ეროვნების ადამიანის ნახვა შეგეძლოთ. იქ იყვნენ სომხები, ბერძნები... ჩრდილოეთ კავკასიიდანაც ბევრი მოხალისე ჩამოვიდა, მათ შორის იყვნენ ჩეჩნები, ყაბარდოელები... შემდეგ ამ ომში მონაწილეობა ბევრმა ინანა. აზერბაიჯანელების შესახებ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ყველანი საქართველოსთვის ვიბრძოდით.
მე პირადად ამ ომში წამების ფაქტები არ მინახავს. ომი ომია, ხომ გესმით... ყველაფრის მოყოლა შეუძლებელია. თავში დავიჭერი, მაგრამ გადავრჩი. ომის შემდეგ მოსკოვში, ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში მივიღე განათლება, პროფესიონალი ჯარისკაცი გავხდი და მაიორის ხარისხიც მივიღე.
2008 წლის აგვისტოს ომში, ომის მეორე დღესვე გორში არსებულ ბატალიონს შევუერთდი, მაგრამ ომში მონაწილეობა ვერ მივიღე. რუსეთმა ამ დაპირისპირებაში ავიაცია ჩართო.. ჩვენს მხარეს დიდი მსხვერპლი იყო და უკან დაიხიეს. რუსულმა ავიაციამ გორი დაბომბა. სამწუხაროდ, ჩვენ წინააღმდეგობის გაწევის ძალა აღარ გვქონდა. ორი დღის შემდეგ ომიც დამთავრდა...
ახლა რეზერვში ვარ, ვარ ომის ინვალიდი და ვიღებ პენსიას. ჩემი 20 წლის ვაჟი, თემურ რზაევიც ქართულ ჯარში მსახურობდა. შესაძლებელია, მომავალში ისიც პროფესიონალი ჯარისკაცი გახდეს და მამის გზა გააგრძელოს. მე მთელი ჩემი ცხოვრება ღირსეულად ვიცხოვრე, სამშობლოს ვემსახურე, ახლაც მზად ვარ ნებისმიერ დროს მის დასაცავად.
გაგრძელება იქნება.
სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების
მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას