„საკლასო ოთახში ძალიან ცივა: ფანჯრები ჩამტვრეულია, კედლები კი დახეთქილი. ოთახი ვერ თბება. ყოველ დილით შეშას რიგრიგობით ვეზიდებით.“
აიდინს პატარა ხელებით სკოლის ეზოდან საკლასო ოთახში შეშა მიაქვს. სიამაყით ამბობს, რომ დღეს მისი რიგია. ოთახში იმდენი შეშა უნდა შეიტანოს, რომ გაკვეთილის ბოლომდე ღუმელი არ ჩაქრეს. აიდინი მარნეულის რაიონის სოფელ სარალის სკოლის მეორე კლასის მოსწავლეა.
სარალის სკოლის ერთსართულიანი შენობა თავლისგან მხოლოდ კართან ჩამოკიდებული დაფით და დროშით განსხვავდება. სკოლის მასწავლებლები ამბობენ, რომ შენობა 70-იან წლებში აშენდა და დიდი ხანია, ავარიულ მდგომარეობაშია.
„სახურავიდან ქვიშა და მიწა გვეყრება თავზე. უკვე კედლებიც იშლება. კარიც ჩამტვრეულია. ღუმელს ვანთებთ, მაგრამ ოთახი მაინც არ თბება. ასეთ მდგომარეობაში ღუმელის დანთებას რა აზრი აქვს?", - კითხულობს სარალის სკოლის მასწავლებელი მაჰირა ალიევა.
ამჟამად საქართველოში 84 აზერბაიჯანულენოვანი სკოლაა, აზერბაიჯანული სექტორი კი დამატებით კიდევ 36 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს.
"სახალხო მოძრაობა - ღირსების" თავმჯდომარე ალიბალა ასგაროვა ამბობს, რომ საქართველოში არსებული აზერბაიჯანულენოვანი სკოლების უმეტესობა საგანმანათლებლო პროცესისთვის შეუსაბამო და ამორტიზებულ შენობებშია განთავსებული.
„აზერბაიჯანული სკოლების დაახლოებით 80 პროცენტზე მეტი სავალალო მდგომარეობაშია. ისინი სულაც არ ჰგვანან საგანმანათლებლო დაწესებულებას. კარგ სკოლებს თითზე ჩამოითვლით. მათი დიდი ნაწილიც SOCAR-ის ან კიდევ რომელიმე შეძლებული ეთნიკური აზერბაიჯანელის შეკეთებულია. ჩვენ დავინტერესდით და გავარკვიეთ, რომ ყველაზე შორეული სოფლების ქართულ სკოლებში ცენტრალური გათბობაც კი აქვთ. ვფიქრობ, რომ ეს განსხვავება ეთნიკური აზერბაიჯანელების დისკრიმინაციის ნათელი მაგალითია.“
სარალის სკოლის მასწავლებელი ასია აბბასოვა აცხადებს, რომ პირობების არ არსებობის გამო ზოგიერთი მოსწავლე ქართულ სკოლებში გადადის:
„მშობლებს მოსწავლეები ჩვენი სკოლებიდან გაჰყავთ და მეზობელ სოფლებში არსებულ უფრო კარგი პირობების მქონე ქართულ სკოლებში გადაჰყავთ. ეს ბუნებრივია, მათ სურთ, რომ ბავშვებმა კარგი განათლება მიიღონ. გასულ სასწავლო წელთან შედარებით სკოლაში ბავშვების რაოდენობა შემცირდა. ამის გამო 5 კლასი დაიხურა. კლასების რაოდენობის შემცირებასთან ერთად ჩვენი საათების რაოდენობაც მცირდება.“
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სოფელ სარალის სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა თითქმის განახევრდა. წელს სკოლაში სულ 130 ბავშვი სწავლობს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, საბჭოთა პერიოდში ქვეყანაში 168 აზერბაიჯანულენოვანი სკოლა ფუნქციონირებდა. ამჟამად მათი რიცხვი 84-მდეა შემცირებული. სპეციალისტები ამბობენ, რომ აზერბაიჯანულენოვანი სკოლების დახურვის ერთ-ერთი მიზეზი სკოლებში სათანადო პირობების და ინფრასტრუქტურის არარსებობაა.
სარალში მცხოვრებ ნაზილე ალიევას შვილი სოფელ ალგეთის სკოლაში დაჰყავს:
„მეოთხე კლასამდე ჩვენს სკოლაში დადიოდა. ზამთარში რომ არ გაციებულიყო, სკოლაში არ ვუშვებდი. რამდენჯერაც ავად გახდა, იმდენჯერ სკოლის ერთი კვირით გაცდენა მოუწია. სკოლა ისეთ დღეშია, იქ განათლების მიღება შეუძლებელია. ალგეთის სკოლაში კარგი პირობებია. გოგონა დილით მეუღლეს მანქანით მიყავს, მერე მე მივდივარ და მომყავს. ქართული ენა კარგად არ იცის და იქ სწავლა ცოტა გაუჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა ეჩვევა.“
საქართველოს განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვაბელი, ნატა ასათიანი ამბობს, რომ განათლების სისტემაში არასოდეს ყოფილა ეთნიკური დისკრიმინაცია:
„თუ რაიმე სახის დისკრიმინაცია იქნება, სამინისტროს რეაგირება იქნება მყისიერი. საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა მიმდინარეობს ერთი და იმავე პროგრამით, ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილია სახელმძღვანელოებით, ყველა სკოლისთვის დაფინანსების ერთიანი (ვაუჩერული) მიდგომა გვაქვს. არაქართული სკოლები და სექტორები, კი ენობრივი საჭიროების გამო, გაზრდილ ვაუჩერულ დაფინანსებას იღებენ”.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის დირექტორი შალვა ტაბატაძე ამბობს, რომ აზერბაიჯანულენოვან სკოლებში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის არსებობის ერთ-ერთი მიზეზი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის არაეფექტური ხარჯვაა.
„კვლევები გვიჩვენებს, რომ ეთნიკურ სკოლებში ადმინისტრაციული პრობლემები აქვთ. კერძოდ, დირექტორები გამოყოფილ თანხებს არასწორად ხარჯავენ. იმისთვის, რომ სკოლას საფუძვლიანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდეს, ტენდერი უნდა გამოცხადდეს და სახსრები შესაბამისად გადანაწილდეს. ეს ყველაფერი სერიოზულ მუშაობას და სათანადო ცოდნას მოითხოვს. სამწუხაროდ, ეთნიკური სკოლების ამჟამინდელ დირექტორებს ამის გაკეთება არ შეუძლიათ. ამიტომაც, ისინი ასეთ საქმეს თავს არიდებენ. გამოსავალი არის ის, რომ დირექტორებმა ამ სფეროში ცოდნა გაიუმჯობესონ და ადმინისტრაციული პერსონალის სახით სკოლებში კომპეტენტური ადამიანები დაასაქმონ.“
ტაბატაძე აცხადებს, რომ თუ მთავრობა ეთნიკური სკოლებისათვის ახალი კადრების მომზადებაზე არ იზრუნებს, უახლოეს 20 წელიწადში სკოლებში პედაგოგები აღარ ეყოლებათ. მისი თქმით, ამჟამად ეთნიკურ სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების დიდი ნაწილი 55 წელსაა გადაცილებული და ხშირად ერთი პედაგოგი ბავშვებს 8-9 საგანს ასწავლის.
აიდინის ფიქრები ჩაქრობის პირას მყოფი ღუმელისკენ არის მიმართული. დღეს მას სწავლასთან ერთად სხვა ამოცანაც აქვს შესასრულებელი: გაკვეთილზე სასწავლო პროცესთან ერთად ყურადღება ღუმელსაც უნდა მიაქციოს.
სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების
მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას