სხვა დანარჩენ ჭირ-სიკეთესთან ერთად, ადამიანი იმთავითვე შემგროვებელი არსებაა. არაფერია ამ ვნებაზე უფრო ძლიერი - თანაბარი შეიძლება მოიძებნოს. ხოლო ბაქო მართლა ქარების ქალაქია, რომც არ ქროდეს. რაღაც სულ გიბიძგებს და აქეთ-იქით გაქროლებს ამგვარი საქმეების მოყვარულ კაცს. იქაური „მშრალი ხიდი“ კი ჩვენსაზე გრძელია - ლამის მთელ ქალაქს სწვდება. „ჰეი, ბიჩო, პრიხადი სუდა, გამარდჯობა" - საზეპიროთი გიხმობენ მოვაჭრეები და მერე სევდიანი ხმით გიყვებიან 1973 წლის ამბავს. კაგდა მი ბილი ვ მესტე. თუ მოლოდი. რაღაც ამდაგვარი. კეთილი სახით და აუცილებელი წინადადებით: „ჩაია ნი ხათითე? ვოტ ეტი მედალი ვსე სავეთსკიე ბიჩო, სერპ ი მოლოტ, უნიკალნი. ფოთო ხათითე? ო, ფოთო რედკო“ კი, ფოტოები გვინდა. და ვიცით, რომ იშვიათია. მაგრამ ლევან თაქთაქიშვილი უფრო იშვიათი კაცია. თუ საერო სალოსები არსებობენ, სწორედ ეგეთი. თავით მიძვრება პატრონისგან მივიწყებულ ყუთებში და სკივრებში. სასტიკი და დამშეული თვალებით. როგორც განძის მთხრელებს აქვთ ძველ, სათავგადასავლო წიგნებში, ეგეთი თვალებით. და ტიფლისი. 1903. სუხუმი. 1912. ბატუმი 1915. თითო 10 მანათად. მგონი იაფია, მაგრამ მოწამლვა იმ საფეხურისაა, ოთუზ-ბირსაც გადავიხდით და დავბრუნდებით უფულოები, მაგრამ გამარჯვებულები. პათეტიკურია? ამ საქმეში პათეტიკით ფონს ვერ გახვალთ და საერთოდაც, ვატყობთ, არ ვართ ის ხალხი, მდინარეში მხოლოდ ცალ ფეხს რომ ჩაყოფს, სიღრმის გასასინჯად. ეგრე, წლები შეიძლება გავიდეს. ამიტომაც ჩავდივართ „მთლიანად" - ხან წყალი წაგვიღებს, ხან გადავრჩებით და მეორე ნაპირს ვნახავთ. ცხადია, ცურვის ცოდნაც საჭიროა. მოკლედ: როინაშვილი - სამარყანდის სერიის სამი უცნობი ფოტო. ეს კიდევ კლარის ფოტო - გოგონა თოჯინით - 1897 წელი. იცურეთ ჩვენთან ერთად.
ქარების ქალაქი ლამაზია. მაგრამ ქარს ბიძგის გარდა, ერთი ცუდი თვისებაც აქვს. მარტო ბაქოში არა. ყველგან. ფანტავს და მიაქვს. ამ აზრით ყველაზე საშიში გონების ქარია. მეხსიერების წამშლელი ქარი. თუნდაც: ბევრს გახსოვთ ალექსანდრე როინაშვილი? ვწუხვარ, რომ არა. ილია ჭავჭავაძემ კი „უჩინარი კაცი“ დაარქვა და თითქოს დაებედა, მაგრამ როდემდე? ფოტოგრაფია კლასიკურ ისტორიოგრაფიას არაფრით ჩამოუვარდა. და თუ ჩვენ გვახსოვს და სწორადაც გვახსოვს ივანე ჯავახიშვილი, რა დააშავა ალექსანდრემ? ილიავე გავიხსენოთ, სწუხდა: ჩვენი ისტორია მხოლოდ მეფეების ისტორიაა, ხალხი არსად ჩანსო. როინაშვილთან დაიბადა ხალხის მატიანე: უბრალო თუ ბრალიანი ადამიანები, სამოსი, პეიზაჟები, ქუჩები, შენობები. ფოტო ყველაზე დიდი და უტყუარი ფაქტია წარსულის სწავლისას.
მოკლედ მოგიყვებით ალექსანდრეზე. ძირითად ამბებს:
კავკავში ოჯახურ სირთულეთა გამო გადასახლებული ბავშვობაშივე გამოიპარება თბილისში. იქ ვიღაც ხალხთან მოსამსახურედ დგება და ზღაპარიც იწყება. იყო ასეთი განთქმული კაცი, ხლამოვი, ფოტოგრაფი და სხვა სფეროებშიც კარგად მოვაჭრე. ერთ დღესაც ჩამოუვლია ამ ხლამოვს და არ ვიცი, რა მაგიით, მაგრამ როინაშვილში სურათების შემქმნელი ამოუცნია. ამოუცნია და შეგირდადაც აუყვანია. მონდომება და ნიჭი დაემთხვა. ალექსანდრე 1860 წელს პირველ ფოტოსახელოსნოს ხსნის სარაჯიშვილის სახლში. მესურათხატეობა წარმატებული გამოდგა: 1875 წელს უკვე სერიოზულ ფოტოსტუდიას ხსნის, სახელად - „რემბრანდტი“. საუკუნის მიწურულს მას კიდევ ორი - „სასურათხატო“ და „ამხანაგობა“ მიემატება. იქ ასწავლიდა და აცხოვრებდა მომავალ ფოტოგრაფებს.
ადრე სკოლაში ოთახის ბოლოს ქართველი მწერლების სურათებს რომ ჰკიდებდნენ, სულ ამ კაცის ნამუშევარია: ილია, ვაჟა, ყაზბეგი, გოგებაშვილი და ათობით პორტრეტი იმ დროის მთავარი ხალხისა. შოთა რუსთაველის პორტრეტის ბეჭდური, ფოტოპირის სახით გამოცემაც ამ კაცის იდეაა. კახეთის ძეგლებიც მან აღბეჭდა. დაღესტანიც. უფრო შორს ვეღარ წავიდა - არმოსატან მიზეზთა გამო. მუზეუმის შექმნა უნდოდა. არ დასცალდა. აი, რას წერდა: „თითქმის არც ერთი ერი არ მოიპოვება, რომ საკუთარი სახლი, ანუ მუზეუმი არ ჰქონდეს. ჩვენ კი, რომელთაც უპირატესობა გვაქვს წარსულის დიდებითა, ხელოვნებითა, მწიგნობრობითა, აზრადაც არ მოგვდის, რომ დავაარსოთ ამგვარი ეროვნული სახლი. რათა დაინახოს მომავალმა თაობამ, თავისი წარსული, თავისი დიდება“.
1887 წელს ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი დააარსა. ხომ გაბედული და ეფექტური იდეაა? მთელ რუსულ იმპერიას გააცნო ქართული სიძველეები - თავისივე გადაღებული, თავისსავე ხარჯით გამართულ გამოფენებზე.
სულ რაღაც 36 წლისა წერს ანდერძს და ქონებას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უტოვებს.
მოკლედ, დიდი კაცი.
თქვენ იცით, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკას და „ჯეოსელს“ ერთობლივი პროექტი გვაქვს: „ციფრული ფოტომატიანე“. როინაშვილის ყველა არსებული და არდაკარგული ფოტო გავაციფრეთ. არსებულს და დაკარგულს ვეძებთ. ჰოდა, წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდა უკვე შესაბამისად ხსენებულ ბატონ თაქთაქიშვილს, როცა ჩვენს კოლექციებს ნაკლული სამი ფოტო აღმოაჩინა - სრულიად სხვათა შორის მიგდებული საბჭოთა ლამფებსა და სასუვენირე სპილოებს შორის. ბევრი ვაჭრობისა და აქეთურ-იქეთურის მერე დათმო იმ კაცმა ეს სურათები, თუმცა თავიდან მგონი სრულიად უმნიშვნელო რამე ეგონა.
მოკლედ ეს სამი ფოტო, სხვა დანარჩენ ფოტოებთან, უკვე თბილისშია. პირველად „ლიბერალის“ ფურცლებზე იხილავთ. შემდეგ photomatiane.ge - ზე, შემდეგ როინაშვილის მუზეუმს ვგეგმავთ - გამოიარეთ, ნუ დაივიწყებთ მთავარ ადამიანებს.