Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მომღერალი ჭაღი

07 მარტი 2016

„აი, აქ არის ყველაფერი, რაც მთხოვე და რაც ელექტრონულ კატალოგებში მოიძებნა“, - ია გორგიშელი თაბახის ფურცლებს მაწვდის. ჩამონათვალი არც ისე ცოტაა. „მიდი, ჯერ ესენი ნახე, მერე იქნებ კიდევ მივაგნო რამეს“, - მეუბნება  და სამკითხველო დარბაზისკენ მივყავარ.

ია ეროვნულ ბიბლიოთეკაში მუშაობს და ინფორმაციის მოძიებაში მეხმარება. მთელი ქვეყანა ახლა ოპერის შენობის გახსნასა და მოსაწვევებზე ლაპარაკობს, მე კი მისი ჭაღის ამბავი მაინტერესებს. ყურმოკვრით ვიცი, რომ ის საინტერესო ისტორიას ინახავს, მაგრამ კონკრეტულად რას, ამის გაგებას იმ პერიოდის პრესის არქივის დახმარებით ვცდილობ.

„კომუნისტს“, „ახალგაზრდა კომუნისტს“ „თბილისს“, „საბჭოთა საქართველოს“, „ფრესკას“ „ვეჩერნი ტბილისისა“ და „ზარია ვოსტოკას“ ვფურცლავ. რაღაცებს ვინიშნავ, ვასკანერებ, ხელახლა ვიწერ. შეიძლება მეჩვენება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ინტერესის მიზეზს იგებენ, კატალოგისტები განსაკუთრებით მგულშემატკივრობენ. იმ ასაკისანი ჩანან 1973 წელს ოპერის შენობის დაწვას, მერე აღდგენას და ახალი ჭაღით შემკობას აუცილებლად შეესწრებოდნენ. „იცით, მაგ ჭაღის ავტორი სკოლაშიც ასწავლიდა ხაზვას. ძალიან გვიხაროდა, მისმა პროექტმა რომ გაიმარჯვა. გახსნაზე დიდი ამბავი იყო“, - მიყვება ერთ-ერთი.

1973 -1977 წლებში, ისევე, როგორც ახლა, ოპერის აღდგენა-რეკონსტრუქციისა და გახსნის ამბავი პრესის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. თითქმის ყველა სტატიაშია მოხსენიებული ცენტრალური ჭაღიც, როგორც ოპერის შენობის ახალი სავიზიტო ბარათი, მისი ავტორი მხატვარი ნოდარ ერგემლიძე და შთაბეჭდილებები, რომლებსაც მნახველები გამოხატავდნენ. თავად ნოდარ ერგემლიძის კომენტარსაც ამ გაყვითლებულ ფურცლებზე ვპოულობ: „ოპერისა და ბალეტის თეატრისთვის ჭაღის შექმნის სურვილი ჩემში სიყვარულმა და გულისტკივილმა დაბადა. გულისტკივილმა ამ დიდი დანაკარგის გამო, სიყვარულმა ჩემი ქვეყნისა და ხალხისადმი, ღრმა პატივისცემამ მისი მაღალი სულიერი კულტურისადმი. ჭაღის პროექტზე მუშაობისას ვითვალისწინებდი თეატრის შენობის არქიტექტურულ გადაწყვეტას,  ინტერიერის ხასიათს, თეატრალური ხელოვნების დღევანდელ მოთხოვნებს, ჩემი ხალხის დიდ კულტურულ ტრადიციებს. ჩემი დიდი სურვილი იყო, თუ შეიძლება მხატვრულად ვთქვა, ჭაღსაც „ემღერა“, ყოფილიყო იგი განუყოფელი ნაწილი, როგორც ინტერიერის, ისე თეატრალური სანახაობისა.  განათების არმატურა იქმნებოდა ინტერიერის დეკორის, მისი სტილის გათვალისწინებით, ამიტომ ჭაღების დეკორატიულ ნაწილში, რომელიც დამზადებულია თითბრისგან, გამოყენებულია ის ორნამენტული მოტივები, რომლებიც დამახასიათებელია ინტერიერის მხატვრული გაფორმებისთვის. ეს მოტივები გასდევს განათების მთელ არმატურას - ყოველ ჭაღს, ტორშერსა თუ ბრას.“ - უყვებოდა მაშინ ჟურნალისტებს მხატვარი. 

მხატვარი ნოდარ ერგემლიძე ოპერის ცენტრალური ჭაღზე მუშაობის პროცესში. 1976 წელი. ფოტო: ედუარდ გიგილაშვილი.

თბილისის ოპერის ჭაღი ერთ-ერთი ყველაზე პომპეზური, სავსე და დიდია ევროპაში. 4,5-მეტრიანი დიამეტრის, 7 მეტრი სიგრძისა და 2,5 ტონის ნაკეთობა 600 ნათურისგან შედგება. მთლიანად თეატრის განათების სისტემა კი  11 სხვადასხვა სახის 33 ჭაღს, 89 ბრას, ხუთნაირი დეკორით შესრულებულ 360 პლაფონს, კიბის უჯრედებისთვის შექმნილ 16 ბრას და 4 ტორშერს აერთიანებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის ორნამენტიკაა, რომლითაც  მათი დეკორატიული ნაწილია შესრულებული, რადგან  შენობის ინტერიერისთვის დამახასიათებელ მოტივებს იმეორებს. მაყურებლისთვის უხილავია ლითონისა და ბროლის დეკორატიულ საფარქვეშ მოქცეული სინათლის წყაროები, თუმცა როცა ცენტრალური ჭაღი სრულად ნათდება, ავსტრიული ბროლი კი სინათლის სხივებით ცისარტყელას ფერებით ფერადდება, დარბაზში ზღაპრული შთაბეჭდილება იქმნება.

კაშკაშა ჭაღი პირველად საზოგადოებამ 1977 წლის 30 აპრილს, ოპერის გახსნაზე ნახა. ყველა აღფრთოვანებული დარჩა: განათების სისტემის ინდივიდუალური სტილი ინტერიერსა და ოპერის აღდგენაზე მომუშავე არქიტექტორების - ლერი მეძმარიაშვილისა და მურთაზ ჩაჩანიძის ჩანაფიქრს იდეალურად მიესადაგებოდა.  

„საკუთარი თვალით უნდა ნახო ეს უნიკალური ქმნილება, რომ მისი სიდიადე და ეფექტი სრულად შეიგრძნო, აღიქვა და ღირსეულად შეაფასო. ასეთ ნახელავს სხვაგან იშვიათად  ნახავთ“, - ვკითხულობ „თბილისის“ ერთ-ერთ სტატიაში. გაზეთებს ვხურავ, რუსთაველის გამზირს მივუყვები და  ოპერაში უკანა შესასვლელიდან შევდივარ. დერეფნებში მუშები ჯერ ისევ ფაციფუცობენ, პრემიერამდე  სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. „აი, აქეთ მობრძანდით“, - არქიტექტორი ლერი მეძმარიაშვილი, რომელიც ოპერის აღდგენაზე  ახლაც მუშაობს,  კარს მიღებს და ცენტრალურ დარბაზში შევყავარ. თვალი მაშინვე ბევრჯერ ნანახი ჭაღისკენ გამირბის. ვცდილობ, ახლა უფრო კრიტიკულად შევხედო, მაგრამ არ გამომდის. 

„აი, შეხედეთ ჯერ ჭაღს და მერე დარბაზს, თითქოს ყველაფერი ერთი ხელის გაკეთებულია, შეისრული ფორმებითა და მავრიტანული ორნამენტებით“, - მაფხიზლებს ლერი მეძმარიაშვილი. მერე კი 1975 წელს, ოპერის ჭაღის ესკიზზე გამოცხადებული კონკურსის შედეგებს იხსენებს: „ჟიურის წევრები მე და მურთაზ ჩაჩანიძეც  ვიყავით. წარმოადგინეს სხვა კარგი  ნამუშევრებიც, მაგრამ  როგორც კი ამ ჭაღის ესკიზი ვნახეთ, მაშინვე მივხვდით:  ზუსტად ის იყო, რაც გვინდოდა. თბილისის ოპერის მთავარი ჭაღი სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო. მერე ნოდარმა ეს ესკიზი და შრომატევადი საქმე მშვენივრად შეასრულა, შესაბამისი სტილისტიკითა და აღმოსავლური ფორმებით“, - მიყვება ლერი მეძმარიაშვილი.

ჭაღზე გამოცხადებულ კონკურსში ნოდარ ერგემლიძემ სპეციალისტებისთვის მოულოდნელად გაიმარჯვა. ჟიურის 28 ხმიდან 26 სწორედ მან მიიღო. მაშინ მხატვარი 35 წლის იყო და თბილისის სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების კათედრის უფროს მასწავლებლად მუშაობდა.  იმ პერიოდში საქართველოში განათების ასეთ სისტემასა და ჭაღზე მუშაობის გამოცდილება, პრაქტიკულად, არ არსებობდა, თუმცა ეს არ იყო ერთადერთი სირთულე.

„უდიდესი შემოქმედებითი უნარ-შესაძლებლობების, მუყაითობისა და სიმტკიცის წყალობით, მხატვარმა შეძლო, ადვილად გადაელახა ყველა სიძნელე“, - წერს 1978 წლის „თბილისი“, თუმცა თავად სიძნელეებზე არაფერს ჰყვება.  გაშუქების ინტენსივობის მიუხედავად,  საბჭოთა წყობისთვის დამახასიათებელ წინააღმდეგობებზე, რომელთა გარეშე არც თბილისის ოპერის ჭაღის შექმნას ჩაუვლია, იმ პერიოდის პრესა დუმს. სამაგიეროდ, კარგად ახსოვთ მხატვრის ოჯახის წევრებს. ნოდარ ერგემლიძის შვილი, ეკა ერგემლიძე მიყვება, რომ  პირველ წინააღმდეგობას ავტორი საბჭოურ ბროლთან დაკავშირებით წააწყდა. „მამას სურდა მაღალმხატვრული ჭაღის შექმნა, მისი მუშაობის მთავარი პრინციპიც სწორედ ეს იყო. მიაჩნდა, რომ ადგილობრივი ხარისხის ბროლით დამზადებული ჭაღი დროთა განმავლობაში მხატვრულ ღირებულებას აუცილებლად დაკარგავდა, ამიტომ მიუხედავად იმ საშიშროებისა, რომელიც საბჭოთა პერიოდში მის  გადაწყვეტილებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა, სსრკ-ში წარმოებული ბროლის გამოყენებაზე უარი თქვა“, - ამბობს ეკა ერგემლიძე. 

ნოდარ ერგემლიძეს თავისი პოზიცია და ადგილობრივი ბროლის დაბალი ხარისხი შესაბამისი არგუმენტებით უნდა დაესაბუთებინა. „მოიარა ყველა რესპუბლიკა, სადაც ბროლს აწარმოებდნენ. დაათვალიერა ყველა საწარმო. ჩამოიტანა ბროლის ნიმუშები, ლაბორატორიული დასკვნები მათი შემადგენლობისა თუ წახნაგების შესახებ და მაინც მოახერხა  მაშინდელი ხელმძღვანელობის  დარწმუნება, ჭაღისთვის საჭირო ბროლი საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ მოეძებნათ. ქვეყნის მაშინდელ ხელმძღვანელობასაც  ესმოდა ყველა დეტალის მნიშვნელობა და, შეძლებისდაგვარად, მხარში ედგნენ მას“, - იხსენებს ეკა ერგემლიძე.

მალევე მოსკოვში ევროპის ქვეყნების სიმპოზიუმზე, რომელსაც საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაცია „რაზნოექსპორტი“ მართავდა, ნოდარ ერგემლიძემ ავსტრიული კომპანია „ჰაუპტის“ ხელმძღვანელი რიჰარდ ჰაუპტი გაიცნო. 100-წლიანი ისტორიის მქონე ფირმას იმ დროს უკვე ჰქონდა ანალოგიური გამოცდილება. მისი ბროლით დამზადებული ჭაღები  კი ვენის საოპერო თეატრს, პარიზის გრანდ-ოპერასა და კრემლის დარბაზებს ამშვენებდა. თბილისის ოპერის ჭაღის ესკიზები ჰაუპტმა მოსკოვში ნახა. მეტალის, ორნამენტისა და ბროლის კომბინაციით, ტექნოლოგიით, რომელიც მანამდე არ გამოიყენებოდა, იმდენად მოიხიბლა, რომ მაშინვე დასთანხმდა დამკვეთს, ავსტრიული ბროლი საბაზრო ფასთან შედარებით გაცილებით იაფად  გადაეცა. მართალია, საბჭოთა ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს კრემლის დარბაზში გამოყენებული ბროლით თბილისის ოპერის ჭაღის დამზადების იდეა არ მოეწონა,  მაგრამ საბოლოოდ ჰაუპტთან შეთანხმება მაინც შედგა.

სანამ ავსტრიაში ჰაუპტი ნოდარ ერგემლიძის ესკიზების მიხედვით სპეციალურად თბილისის ოპერის ჭაღისთვის დეტალებს აწარმოებდა, საქართველოში, დიმიტროვის სახელობის 31-ე ქარხანაში სპეციალური  ფოლადის ქრომანსილისაგან ცენტრალური ჭაღის მზიდი კარკასი მზადდებოდა. ჭაღის გარე დეკორატიული დეტალები  კი ოფორტის უნიკალური მეთოდით მუშავდებოდა: მეტალის ფირფიტებზე ღრმა გრავირება ქიმიური საშუალებებით სრულდებოდა, რაც ძალიან რთული, შრომატევადი პროცესი იყო. ნოდარ ერგემლიძე ყველა სამუშაოში უშუალოდ მონაწილეობდა.

კონსტრუქცია დამზადდა და ავსტრიული ბროლიც ჩამოვიდა, თუმცა ჭაღის აწყობის ნანატრმა პროცესმა ახალი სირთულე წარმოშვა: უსაფრთხოების სათანადო ზომების არარსებობის გამო, უკვე აწყობილი  ჭაღებიდან, ტორშერებიდან და ბრებიდან  ბროლის  დეტალები იკარგებოდა. „მამამ იცოდა, რომ იმავე ბროლის საქართველოში შემოტანა ძალიან რთული იქნებოდა, ამიტომ გადაწყვიტა, შენობაში მხოლოდ უახლოესი ადამიანები მიეყვანა.  მეგობრები, და, სიძე, მამა. მთელი ოჯახი საცხოვრებლად ოპერის თეატრში გადავიდა, რათა როგორმე ჭაღის აწყობის  პროცესი ბოლომდე უდანაკარგოდ მიეყვანა“,  - მიყვება ეკა ერგემლიძე.

სულ ოპერის თეატრის განათების სისტემაში 200 სახეობის სხვადასხვა ზომისა და ფორმის ბროლის დეტალია, რომელიც ყოველ ჭაღში სხვადასხვა ვარიანტით მეორდება. ცენტრალურ ჭაღში გამოყენებულია 2 სახის უმაღლესი ხარისხის ბროლი: „ბოჰემიან გლასს“ და „სტრასსენ  ცრისტალ“  („ბოჰემური მინა“ და „ქუჩის ბროლი“). რიჰარდ ჰაუპტს ნოდარ ერგემლიძის ნამუშევარი განსაკუთრებით მოსწონდა. ის არ მალავდა, რომ  კომპანიის ბროლით დამზადებულ ჭაღებს შორის პირველობას სწორედ მას ანიჭებდა. 

ოპერის თეატრის ჭაღმა სსრკ-ს მაშინდელი ხელისუფლებაც მოხიბლა. იმდენად, რომ იმავე დიზაინის ჭაღის შექმნა ნოდარ ერგემლიძეს საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებისთვისაც დაავალეს, თუმცა მხატვარმა მის შესრულებაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ ეს ჭაღი უნდა ყოფილიყო ერთადერთი და მხოლოდ თბილისის ოპერისთვის.

„მამა ჰაუპტთან, რომელიც თეატრის გახსნის შემდეგ სტუმრადაც იყო ჩამოსული, მეგობრობდა. ერთმანეთს მოსკოვშიც ხვდებოდნენ, ერთობლივი პროექტებიც დაგეგმეს, მაგრამ  საბჭოთა პერიოდში უცხო ქვეყნებთან საქმიანი კომუნიკაცია ძალიან რთული იყო. ჰაუპტი მამას  ხშირად იწვევდა  სხვადასხვა ქვეყანაში, გამოფენებზე, სიმპოზიუმებზე,  თუმცა ყველა მიწვევა, რომელსაც მის  სახელზე გზავნიდა,  დაგვიანებით მოდიოდა, ანუ მაშინ, როცა გამოფენა უკვე დასრულებული იყო, ან წასვლას ვეღარ ასწრებდა“, - ამბობს ეკა ერგემლიძე.

ერთ-ერთი ასეთი ერთობლივი პროექტი ქუვეითშიც იყო დაგეგმილი. ჰაუპტს სურდა, იგი  ნოდარ ერგემლიძესთან ერთად განეხორციელებინა და ამ პროცესში ქართველი მხატვრის მიერ შექმნილი, მეტალზე შესრულებული უნიკალური ორნამენტი გამოეყენებინა. ნოდარ ერგემლიძეს საბჭოთა ხელისუფლებამ პროექტში მონაწილეობისა და ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცა, ამიტომ მხატვარმა  ორნამენტის ექსკლუზივიც და ესკიზებიც ჰაუპტს აჩუქა. შემდეგ ეს ორნამენტი ჰაუპტმა წარმოებაში ჩაუშვა და სხვა პროექტებში გამოიყენა. 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რიჰარდ ჰაუპტსა და ნოდარ ერგემლიძეს შორის ურთიერთობა კვლავ აღდგა.  თანამშრომლობაზე საუბარიც გაგრძელდა და პროექტებიც დაიგეგმა, თუმცა 1993 წელს  ნოდარ ერგემლიძის მოულოდნელი გარდაცვალების  გამო, ერთობლივი გეგმები განუხორციელებელი დარჩა.

და კიდევ ერთი ამბავი წარსულიდან: დასრულებული ჭაღი პირველად ნოდარ ერგემლიძემ თავის მასწავლებელს, დავით ციციშვილს აჩვენა. „ნოდარ, დღეს შეგიძლია მოკვდე, ისტორიას შენი ნამუშევარი შემორჩება“,- ასეთი იყო მისი შეფასება. 30 იანვარს ოპერისა და ბალეტის თეატრის კიდევ ერთ გახსნაზე მისულ მაყურებელს  სწორედ ნოდარ ერგემლიძის მიერ შექმნილი რესტავრირებული ჭაღი დახვდა. მისი, ისევე როგორც მთლიანად განათების სისტემის, რესტავრაცია 2010 წლიდან დაიწყო.  საერთო ჯამში ჭაღს და მთლიანად  განათების სისტემას 12 000 ბროლის დეტალი აკლდა. იმავე შემადგენლობის ბროლი შესაბამისი ლაბორატორიული დასკვნებითა და სერტიფიკატებით ფონდმა „ქართუმ“  კომპანია „სვაროვსკისგან“ შეიძინა, ხოლო ჭაღის ზოგიერთი დაკარგული დეტალი, რომელიც ახლა უკვე აღარ იწარმოება, სპეციალური შეკვეთით  დამზადდა. განათების სისტემის მეტალი და ორნამენტები ქიმიურად დამუშავდა, გაპრიალდა და კოროზიის საწინააღმდეგო ლაკით დაიფარა. განათების სისტემა მთლიანად იმავე ფორმისა და ხარისხის ბროლით აღდგა, რომლითაც პირველად შეიქმნა.

* * *

ამ ისტორიაში ყველაფერია, რაც ელექტრონულ კატალოგებსა თუ პირად არქივებში მოიძებნა. თბილისის ოპერის და მასთან ერთად ჭაღის ცხოვრება გრძელდება. ეს სტატია კი მალე ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრესის არქივს შეუერთდება და ჭაღის ისტორიის ახალ მაძიებელს დაელოდება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^