საქართველო იმ ქვეყნების სიაში გადავა, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ვიზიტისთვის ვიზა აღარ დასჭრდებათ, - ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ წინადადებაშია ნათქვამი, რომელიც ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
ეს წინადადება ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს წარუდგინა. საბოლოოდ, სწორედ ამ უწყებებმა უნდა მოახდინონ საბოლოოდ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება.
სავიზო რეგულაციების შესახებ დოკუმენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ამოქმედდება მისი ძალაში შესვლისთანავე: "საქართველომ მიაღწია ყველა იმ ნიშნულს, რაც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში იყო აღნიშნული და რომელიც საქართველოს მთავრობას 2013 წლის თებერვალში წარედგინა. საქართველო ასრულებს არსებულ კრიტერიუმებს იმისათვის, რომ საკუთარ მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობისთვის ვიზა არ დასჭირდეთ", - წერია დოკუმენტში.
ასევე, დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შემუშავებულ რეგულაციაში არ მონაწილეობს დიდი ბრიტანეთი და ირლანდია და რეგულაცია ამოქმედდება ისლანდიაში, ლიხტენშტეინში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში.
გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს რეგულაცია დამტკიცების შემდეგ ძალაში შევა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს.
"რეგულაცია არის ევროკავშირის საერთო სავიზო პოლიტიკის ნაწილი, რომელიც 180-დღიან პერიოდში 90 დღით დარჩენას გულისხმობს", - წერია დოკუმენტში, რომელიც ევროკავშირის ოფიციალური ჟურანლის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. მას ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი პრესკონფერეციაზე რამდენიმე საათში წარადგენს.