Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„იმედი მაქვს, სახალხო დამცველი მოიკვლევს რამდენად კანონიერი იყო ძალოვანი უწყებების „სტუმრობა“ ჩემს სახლში“ - ინტერვიუ ირაკლი კუპრაძესთან

10 მარტი 2016

7 მარტს თსუ-ში სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიები, მათ მიერ უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან არამიზნობრივად დახარჯული თანხები და აკადემიური საბჭოს მიერ კანცლერის კანდიდატად გიორგი გაფრინდაშვილის წარდგენა გააპროტესტეს. რექტორთან და აკადემიური საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე სტუდენტებმა განაცხადეს, რომ გაფრინდაშვილი სტუდენტურ თვითმმართველობასთან დაახლოებული პირია და მის კანდიდატურას არჩევნებში  სახელმწიფო უშიშროების  „ოდეერები“ ლობირებენ. ინფორმაცია თსუ-ში, ე.წ. „ოდეერების“ არსებობის შესახებ შეხვედრისას რექტორმა ვლადიმერ პაპავამაც დაადასტურა. მეორე დღეს, 8 მარტს, სტუდენტური აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა ირაკლი კუპრაძემ საკუთარი facebook-ის გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ საუბრობს. იმ დღესვე დაიგეგმა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია, რომელიც თსუ-ში 10 მარტს, გაფრინდაშვილის კანდიდატურის სენატზე განხილვამდე ერთი საათით ადრე გაიმართება.  

საპროტესტო აქციებისა და ზეწოლის ფაქტების შესახებ „ლიბერალი“ ირაკლი კუპრაძეს ესაუბრა.

- 7 მარტის აქციამდე რამდენიმე დღით ადრე ბათუმში, ჩემს სახლში, უშიშროების ან პოლიციის ორი თანამშრომელი პოლიციის „პიკაპით“ იყო მისული. ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე ინფორმაცია გამოიკითხეს, ისე, რომ არაფერი აუხსნიათ. აინტერესებდათ, სად ვმუშაობ, სად ვსწავლობ, საერთოდ რას ვსაქმიანობ. მაშინ, როცა უკვე ოთხი წელია ოჯახთან ერთად აღარ ვცხოვრობ. ეს ინფორმაცია გუშინ გავასაჯაროვე. აქამდე თავს ვიკავებდი, რადგან საქმე ოჯახს ეხებოდა, მათი ჩარევა არ მინდოდა. გარდა ამისა, 8 მარტს გავრცელებული კადრების მიხედვით მტკიცდება, რომ მე და ლევან ლორთქიფანიძეს გვითვალთვალებენ. ფარულად გადაღებულ ვიდეოში, რომელიც სოციალური ქსელებით გავრცელდა,  ჩანს, როგორ გამოვდივართ შეხვედრიდან. ამ კადრების გარდა, სოციალურ ქსელში გაავრცელეს ცილისწამებლური განცხადებები ჩვენი და ჩვენი ოჯახების შესახებ. მიმაჩნია, რომ ეს იყო ჩემზე ზეწოლის ერთ-ერთი ხერხი, რომ დავეშინებინე, ოჯახის წევრები უფრო მეტად ენერვიულებინათ.

უკვე ორი კვირაა სტუდენტური თვითმმართველობის წინააღმდეგ ვმართავთ საჯარო გამოსვლებს. სტუდენტებისა და პროფესორების ნაწილი ამ პროტესტში გვიერთდება. ვაპროტესტებთ მათ პრივილეგიებსა და უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვას. თავის მხრივ, ამ პროცესში გამოიკვეთა უშიშროების თანამშრომლების  უხეში ჩარევა უნივერსიტეტის საქმიანობაში.  7 მარტს სტუდენტურ აქციაზე ღიად დასახელდა ეს სახელები და გვარები - ივა კავსაძე და ირაკლი ხარჯევანიძე. მოვთხოვეთ რექტორს, რომ ასევე ღიად დაეფიქსირებინა და ეღიარებინა უნივერსიტეტში, ე. წ. „ოდეერების“ არსებობა. რექტორმა ეს დაადასტურა.

ირაკლი ხარჯევანიძე თსუ-ში სპორტისა და კულტურის დეპარტემენტის ხელმძღვანელი იყო. მის სტუდენტურ თვითმმართველობასთან სიახლოვეზე მიუთითებს ის, რომ ამ დეპარტამენტში წლების განმავლობაში ინიშნებოდნენ და დღესაც მუშაობენ ყოფილი თვითმმართველობის წევრები, რომლებიც სტუდენტებზე ძალადობდნენ. რაც შეეხება ივა კავსაძეს, ის გიორგი გაფრინდაშვილის ჯგუფელი და ახლო მეგობარია. ეს ინფორმაცია შეხვედრისას რექტორმაც დაადასტურა. მას კრიმინალური წარსული აქვს,  ის ლარსის საბაჟოს  ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. როცა „გლობალ ტვ-ის“ ტექნიკა შემოჰქონდათ საზღვარზე, მან გამიზნულად ტექნიკა  მწყობრიდან გამოიყვანა. ამის გამო პროკურატურაში საქმე წაუყენეს. ეს ოფიციალურად დადასტურებელი ინფორმაცია არაა, თუმცა ადმინისტრაციის წევრები პირად საუბრებში ამას ადასტურებენ. შემდეგ, როცა პროკურატურიდან ეს ბრალდება „აორთქლდა“, ის  თსუ-ში, ე.წ. „ოდეერად“ მოგვევლინა.

ამგვარად, ჩვენ შევეჯახეთ უშიშროების მანქანას, რომელიც უნივერსიტეტში ჩანერგილია და ცდილობს, სტუდენტებსა და უნივერსიტეტზე კონტროლი დაამყაროს. 2012 წლის სტუდენტურმა გამოსვლებმა აჩვენა, რამდენად ძლიერი და მნიშვნელოვანი ძალაა სტუდენტობა. ალბათ ამიტომაცაა, რომ  წინასაარჩევნოდ შფოთავენ და უნივერსიტეტის კონტროლი სურთ.

მიმართეთ თუ არა შესაბამის ორგანოებს აღნიშნული ფაქტების მოკვლევის მიზნით?

- სახალხო დამცველის ოფისში ვიყავი, შევიტანე განცხადება,  რომლის მიხედვითაც  ამ ყველაფერთან დაკავშირებით დაიწყება ძიება. იმედი მაქვს სახალხო დამცველი მოიკვლევს რამდენად კანონიერი იყო ძალოვანი უწყებების „სტუმრობა“ ჩემს სახლში, ბათუმში, იქ, სადაც არ ვცხოვრობ.  განცხადებაში ვითხოვ, რომ დაინტერესდნენ უნივერსიტეტში „ოდეერების“ საქმიანობით, რამდენად კანონიერია მათი საქმიანობა და რამდენად ერევიან ისინი საუნივერსიტეტო საქმიანობაში, მფარველობენ თუ არა სტუდენტურ თვითმმართველობას. მინდა გაირკვეს, რა ხდება ამ მხრივ სხვა უნივერსიტეტებში. არის თუ არა ეს სისტემური პრობლემა. მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად სისტემურია. იგივე მეორდება, ე. წ. „ოდეერის“ სამსახურთან დაკავშირებით, მაგალითად, ბათუმისა და თელავის უნივერსიტეტებში. განცხადებასთან ერთად აღნიშნულ ფაქტებზე მათ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციაც გავაცანი, განცხადება ჩაიბარეს და ველოდები გამოხმაურებას.

10 მარტს 17 საათზე უნივერსიტეტის სენატი კანცლერის თანამდებობაზე გაფრინდაშვილის კანდიდატურას განიხილავს. იქამდე, სტუდენტები საპროტესტო აქციას გეგმავთ. რა არის სტუდენტების მთავარი მოთხოვნა?

- აქციის ძირითადი მოთხოვნაა მოიხსნას გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა ან დაიბლოკოს ის სენატის მიერ და არ აირჩიონ.  გაფრინდაშვილი კანცლერის თანამდებობისთვის შეუფერებელია. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ ის არის თვითმმართველობის ყოფილი წევრი, ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი თავმჯდომარე. ის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო იმ პერიოდში, როცა სტუდენტური თვითმმართველობა სცემდა და ძალადობდა სტუდენტებზე, დევნიდა თავიანთი პოლიტიკური შეხედულებისა და განსხვავებული აზრის გამო. ის არასდროს გამოსულა ამის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, მათი თანამონაწილე იყო. 2011 წელს, როცა მიმდინარეობდა სტუდენტების მიერ ჯგუფი „თარგმნეს“ პრეზენტაცია, როცა სტუდენტები  სასწავლო სახელმძღვანელოების თარგმნას ითხოვდნენ, თვითმმართველობის წევრებმა სცემეს კრიტიკულად განწყობილი დამოუკიდებელი სტუდენტები. ამ შეკრებაზე გიორგი გაფრინდაშვილიც იმყოფებოდა, როგორც ადმინისტრაციის თანამშრომელი. ამის ამსახველი კადრებიც არსებობს სტუდია „მონიტორის“ მიერ გადაღებულ საგამოძიებო რეპორტაჟში. იქ ჩანს, როცა სტუდენტი დავით შუბლაძე მიდის გაფრინდაშვილთან, როგორც ადმინისტრაციის თანამშრომელთან, ცხვირიდან სისხლი მოსდის და სთხოვს, რომ გაჰყვეს, რათა აჩვენოს, როგორ სცემეს მის მეგობარ სტუდენტებს. გაფრინდაშვილი ამ დროს ამბობს, რომ არავინ არავის არ სცემს. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ხელს აფარებდა თვითმმართველობის წევრებს, საკუთარ მეგობრებს. გასაკვირი არაა, რომ დღეს თვითმმართველობის ფავორიტი კანცლერის პოსტზე გიორგი გაფრინდაშვილია.

თუკი თქვენი მოთხოვნა არ შესრულდება და ხვალინდელ შეხვედრაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა  არ მოიხსნება, რას გეგმავთ სტუდენტები?  

- მოვლენების ამგვარად განვითარებას ნაკლებად ველოდები. თუკი მაინც ასე მოხდება, სტუდენტები მზად ვართ რადიკალური ნაბიჯები გადავდგათ, სისტემატური აქციებით გავაპროტესტოთ. რადგან, თუკი გიორგი გაფრინდაშვილი გახდება კანცლერი, მას წვდომა ექნება უნივერსიტეტის 70 მილიონიან ბიუჯეტზე, რაზეც თვალი უჭირავს სტუდენტურ თვითმმართველობას. სტუდენტური თვითმმართველობისთვის გაღებული არამიზნობრივი ხარჯები, რომლებსაც წლებია  ვაპროტესტებთ, კიდევ უფრო გაიზრდება, აღარ გაკონტროლდება. მაგალითად, თუკი წელს 25 000-მდე გაიხარჯა მათთვის ბაკურიანის ტრენინგის დაფინანსებაში, მომავალში იქნება უფრო გაიხარჯება, რადგან მათ რესურსებთან შეუზღუდავი წვდომა ექნებათ. გიორგი გაფრინდაშვილი მათი კადრია, ასევე კანდიდატი, რომელსაც უსაფრთხოების სამსახურის „ოდეერები“ ლობირებენ. როგორ შეიძლება ეს დასაშვები და მისაღები იყოს საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^