Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„სელფი“ სამოთხის ფონზე

17 მარტი 2016

ლამის სოციალურ-ფსიქოლოგიურ-სექსუალური  სიშლეგის რეჟიმში მცხოვრები საზოგადოებისთვის თანამედროვე ფერმწერის, მერაბ აბრამიშვილის გამოფენა ნამდვილად არტთერაპიის ტოლფასი იქნება. ზურაბ წერეთლის თანამედროვე სახვითი ხელოვნების თბილისის მუზეუმში წარმოდგენილია ცნობილი მხატვრის მიერ 1985- 2006 წლებში შექმნილი 200-მდე ნამუშევარი, რომელთა დიდი ნაწილი საქართველოსა და უცხოეთის კერძო კოლექციებშია დაცული და პირველად არის გამოფენილი.

არტით დაინტერესებულთ თუ შთაგონებულთ მერაბ აბრამიშვილის სახელობის ფონდი „ბიზონი“ მხატვრის მესამე, ყველაზე სრულყოფილ და ვრცელ კატალოგს სთავაზობს, რომლის პრეზენტაციაც მუზეუმის დიდი დარბაზში გაიმართა. მასში თავმოყრილია აქამდე უცნობი საარქივო მასალებიც. გამოფენის ორგანიზატორია გალერია „ბაია“ და თბილისის მერიის კულტურის ღონისძიებათა ცენტრი  (კურატორი ბაია წიქორიძე).

ყველაზე თვალშისაცემი, რაც გამოფენის გახსნას თან ახლდა, რაღაცნაირი, ჭარბი ვნებით ნაკვები აჟიოტაჟი, უამრავი სელფი ნამუშევრების ფონზე, დიდი ხნის უნახავი ნაცნობების სალამ-ქალამი, გადაძახილი და გადაჭედილი დარბაზის რეაქცია იყო. რაც ბოლოს დროს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ გალერეაში, დავით კაკაბაძის გამოფენაზე მახსოვს. ჯერ კიდევ მერაბ აბრამიშვილის სიცოცხლეში დაწერილი, ყველაზე გაცვეთილი ფრაზა - „ის თვითმყოფადი და გამორჩეული მხატვარია“ - ვერაფრით აღწერს მხატვრის უჩვეულო შინაგან ეგზისტენციას, „გადარეცხილ“ ფერებთან შერწყმასა და ჩაკარგულობას, ფლორითა და ფაუნით გამდიდრებულ სამოთხეში „ხეტიალს“...

დიახ, მერაბ აბრამიშვილის ტილოებით შეუძლებელია თავად არ იგრძნოთ მიახლოება მიუღწეველ სამოთხესთან, რომელსაც ასეთი სიცხადით და სიჯიუტით იმეორებს უამრავ ნამუშევარში. 

ერთ-ერთ ინტერვიუში მერაბ აბრამიშვილი ამბობს : „ბავშვობაში მინდოდა ვეფხვების მომთვინიერებელი ვყოფილიყავი.  ეს ჩანაფიქრი ვერ განვახორციელე. სამაგიეროდ, ჩემს ბავშვურ ოცნებებს ტილოზე ვაცოცხლებ. გარდა ამისა, ბავშვობაში გატაცებული ვიყავი სათავგადასავლო ლიტერატურით. ასეთი ჟანრის წიგნები ბევრი მაქვს წაკითხული და მოგვიანებით, როდესაც მხატვარი გავხდი, ბავშვობაში მიღებულმა შთაბეჭდილებებმა თავი ისევ შემახსენეს - ცხოველების ხატვა დავიწყე, რადგან მათი ხატვისას დიდ სიამოვნებას ვიღებ”. და მართლაც, გამოფენაზე ერთმანეთს ენაცვლებიან ავაზები, ლეოპარდები, ლომები და ვეფხვები, რომელთა აღქმა და ტრანსფორმაცია მხატვრის კონკრეტულ განწყობას, დაკარგულ დროსა და ნაპოვნ კონტექსტს გულისხმობს.

ასევე მდიდარია ამრამიშვილის „სამოთხის ფლორაც“ - ასკეტური მაყვლის ბუჩქებითა და გაცრეცილი შინდის ხეებით დაწყებული, თითქოს არაყვითელი  მზესუმზირებით და პალმის რტოებით დამთავრებული. და მაინც, სახარების თემები გადამწყვეტ, მაკოორდინირებელ როლს თამაშობს მის მხატვრულ სისტემაში, სადაც გამოირჩევა „ანგელოზები“, „სამოხე“, „დატირება“, „იუდას ამბორი“.

სხვათა შორის, გამოფენის გახსნას უამრავი ახალგაზრდა ესწრებოდა, რომელთა ნაწილმა ალბათ პირველად შეიტყო მხატვარ მერაბ აბრამიშვილის შესახებ. და ეს ნიშნავს, რომ ისინი პირველად გაეცნობიან გასული საუკუნის 80-იანელთა თაობის შესანიშნავ მხატვარს, რომელმაც წარსულის გამოცდილებით (ის ტრადიციული ხატწერის ნიმუშებზე აღიზარდა) საოცარი, განახლებული ფერწერული არქეტიპები დაუტოვა თანამედროვეობას.

როდესაც სამოქალაქო ომის დროს მხატვრის სახლთან ერთად მისი 16 ნამუშევარიც დაიწვა, მხატვარს უთქვამს, „ჩემი 16 შვილი დაიწვაო“. თუმცა სამოთხის ხელნაწერები, უფრო ზუსტად ხატწერა არ იწვის და ამის შესახებ თანამედროვე სახვითი ხელოვნების მუზეუმში მოწყობილი გამოფენაც ადასტურებს. ასე რომ, იჩქარეთ და იხილეთ მერაბ აბრამიშვილის გამჭვირვალე,  გაცრეცილი , „უცხო სამოთხეები“. გამოფენა აპრილის შუა რიცხვებამდე გასტანს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^