თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი 3 წლის განმავლობაში ვერ ჩააბარებს საგნის გამოცდას, სკოლა ვალდებულია, მასთან შრომითი ურთიერთობა გაწყვიტოს.
სქემის მიხედვით, პედაგოგებს, რომლებმაც პირველ ცდაზე ზღვარი ვერ გადალახეს, კიდევ 5-ჯერ შეეძლებათ საგნობრივ გამოცდაზე გასვლა. გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდებს წელიწადში ორჯერ ატარებს.
პრაქტიკოსი მასწავლებლების პირველ საგნობრივ გამოცდაზე, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში ჩატარდა, სულ 10 552 პრაქტიკოსი პედაგოგი დარეგისტრირდა. მათგან ტესტირება 6 477-მა გაიარა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი, რომელიც 60%-ით განისაზღვრებოდა, 1 101-მა გადალახა, ანუ საერთო რაოდენობის თითქმის 17%-მა. 83%-მა ის ვერ გადალახა.
2015 წლის სექტემბრის მონაცემებით, მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში 60 821 მასწავლებელი დარეგისტრირდა. პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 45 434 პედაგოგს მიენიჭა; უფროსი მასწავლებლის სტატუსი 15 236-მა, ხოლო წამყვანი მასწავლებლის 151-მა პედაგოგმა მიიღო.
ამ ეტაპზე საგნობრივ გამოცდაზე, რომლის ჩაბარების შემთხვევაში პედაგოგს 10 ქულა ენიჭება, 45 432 პრაქტიკოსი პედაგოგიდან მხოლოდ 6477 გავიდა.
სქემის მიხედვით, პედაგოგებს, რომლებმაც პირველ ცდაზე ზღვარი ვერ გადალახეს, საგნობრივ გამოცდაზე გასვლა კიდევ 5-ჯერ შეეძლებათ. გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდებს წელიწადში ორჯერ ატარებს.
თუმცა 4 წლის განმავლობაში, იმისათვის, რომ პედაგოგებმა უფროსი მასწავლებლობისთვის საჭირო 19 ქულა დააგროვონ, მხოლოდ გამოცდის ჩაბარება საკმარისი არაა.
სქემის მიხედვით, პრაქტიკოსმა მასწავლებელმა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად 4 წლის განმავლობაში 19 კრედიტქულა უნდა დააგროვოს.
საგნის გამოცდა - 10 ქულა;
გაკვეთილის წარმართვა, რომელზეც დაკვირვებას ახორციელებს მასწავლებლების შეფასების ჯგუფი - 4 ქულა;
მასწავლებლის პროფესიულ უნარებში პროფესიული განვითარების კურსის გავლა - 5 ქულა.
პრაქტიკოსი მასწავლებელი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად კრედიტქულებს არა უმეტეს ოთხი წლის განმავლობაში აგროვებს. ვინაიდან 2015- 2016 სასწავლო წელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია მასწავლებლის შეფასების სისტემის პილოტირების წლად, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად მასწავლებელს აღნიშნულ ვადაზე დამატებით კიდევ ერთი წელი მიეცემა.
იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი 3 წლის განმავლობაში ვერ ჩააბარებს საგნის გამოცდას ან უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებისათვის განსაზღვრული ვადის შემდეგ ვერ დააგროვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელ კრედიტქულებს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, გაწყვიტოს მასთან შრომითი ურთიერთობა და გამოაცხადოს ვაკანსია.
3-წლიანი ვადის შემდეგ ამ კომპონენტში წარუმატებლობის შემთხვევაში მასწავლებელს უწყდება შრომითი ხელშეკრულება და მის ადგილზე ცხადდება ვაკანსია.
მას შემდეგ, რაც პრაქტიკოსი მასწავლებელი წარმატებით დაძლევს საგნის გამოცდას, მან პედაგოგიურ უნარებში პროფესიული განვითარების კურსი უნდა გაიაროს, რომლის მიზანია პრაქტიკაში შეძენილი ცოდნისა და უნარების დანერგვა; ასევე, მასწავლებლის დახმარება მისი სტატუსის შესაბამისი კომპეტენციების განვითარებაში. აღნიშნული კურსის გავლით მასწავლებელმა 5 კრედიტქულა უნდა მოაგროვოს.
პრაქტიკოს მასწავლებელს გაკვეთილზე მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აკვირდება. გაკვეთილი შეფასდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული სტანდარტიზებული ინსტრუმენტით - გაკვეთილის შეფასების რუბრიკით.
მასწავლებლის შეფასების ჯგუფი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად 4 წლის განმავლობაში მინიმუმ ორჯერ აკვირდება პრაქტიკოსი მასწავლებლის გაკვეთილებს.
2015 წლის 20 თებერვალს საქართველოს მთავრობამ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა დაამტკიცა.
ერთი სტატუსიდან მეორეზე გადასასვლელად მასწავლებლებმა კრედიტები სხვადასხვა აქტივობით უნდა დააგროვონ.
კრედიტების რაოდენობა საფეხურების მიხედვით განსხვავებულია.
პრაქტიკოსმა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად 19 კრედიტქულა უნდა დააგროვოს.
ასევე 19 კრედიტქულა უნდა დააგროვოს უფროსმა მასწავლებელმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად. წამყვანმა პედაგოგმა კი მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად 25 ქულა უნდა მოაგროვოს