Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს გზები - ომზე უფრო საშიში

26 თებერვალი 2016

გასულ წელს საქართველოში 6 432 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - 440-ით მეტი, ვიდრე 2014-ში. ავარიების რაოდენობა ბოლო წლებში გამუდმებით აჭარბებს წინა წლების მაჩვენებელს. ამ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად შარშან 602 ადამიანი დაღუპა, აქედან 28 ბავშვია. წინა წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელიც გაზრდილია.  შარშან 912 ბავშვი დაშავდა, წინა წელს -839.

2015 წელს დაღუპულთა შორის 160 ქვეითად მოსიარულე იყო,  თითქმის ორი ათასი ქვეითი კი დაშავდა.  ეს მონაცემიც მზარდია.

შსს-ის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მთავარი მიზეზები არასწორი მანევრი, სიჩქარის გადაჭარბება და მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვაა.

სამინისტრომ 2 თვის წინ საგზაო უსაფრთხოების ახალი პროგრამა წარმოადგინა, კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი კი პარლამენტს გააცნო. ამბობენ, რომ ეს მეტი პრევენციისთვის კეთდება და ავტოსაგზაო სამართალდარღვევებისთვის ადამიანები უფრო მეტად დაისჯებიან.

ინიციატივას სპეციალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების უმეტესობა იწონებს, თუმცა ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურების ფუნქციები ზოგ შემთხვევაში კვლავ ბუნდოვანია, კოორდინაცია კი მიუღწეველ ამოცანად რჩება, რის შედეგადაც დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ყოველ წელს იზრდება.

პარლამენტში შსს-ის მიერ გაგზავნილი პროექტის თანახმად, მართვის უფლების მქონე ყოველ მძღოლს წლის განმავლობაში 100 ქულა მიენიჭება. თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც აქამდე მხოლოდ ფულად ჯარიმას გულისხმობდა, კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, კონკრეტული რაოდენობის ქულის დაკლებასაც გამოიწვევს. 100 ქულის ამოწურვის შემდეგ კი მართვის მოწმობა გაუქმდება და მძღოლს მოუწევს, 2 თვეში მოწმობა ხელახლა აიღოს -ოღონდ გამოცდის თავიდან ჩაბარებით. მოგვიანებით მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება, ეს გამოცდა მხოლოდ თეორიული იქნება თუ პრაქტიკულიც.

ალტერნატიულ ვარიანტად ასევე განიხილება 100 ქულის ამოწურვის შემთხვევაში არა მოწმობის გაუქმება, არამედ მისი 6 თვით შეჩერება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის თქმით, მხოლოდ ჯარიმის გადახდით მართვის მოწმობის დაბრუნება არ განიხილება. ასევე, არ მოხდება ქულების ამოწურვაზე ჯარიმის დაწესება, რადგან ჯარიმას მძღოლები მოძრაობის წესების დარღვევისას ისედაც იხდიან.

„ქულების სისტემა უზრუნველყოფს თანაბარ მიდგომას და თანაბარ პრევენციულ ეფექტს ყველა მძღოლისთვის. ეს მექანიზმი ებრძვის დაუსჯელობის განცდას იმ მძღოლებში, რომლებსაც ჯარიმების გადახდა არაფრად მიაჩნიათ და მაინც არღვევენ მოძრაობის წესებს“, -ამბობს შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

თუმცა მძღოლს ქულები არ დააკლდება ფოტო-ვიდეო კამერებით დაფიქსირებულ დარღვევებზე. თალაკვაძის თქმით, ეს იმიტომ, რომ ამგვარი გადაღებისას მძღოლის ამოცნობა ვერ ხერხდება და ჯარიმაც ავტომობილის მფლობელს ეგზავნება და არა კონკრეტულ მომენტში დამრღვევ მძღოლს, ამიტომ ავტომობილის მფლობელისთვის ქულების დაკლება მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს. თუმცა მთლიანობაში თალაკვაძე ამ ცვლილებებს ავტოავარიების მთავარი გამომწვევი მიზეზების წინააღმდეგ მიმართულ პრევენციულ ზომად მიიჩნევს:

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამა ითვალისწინებს რეგულირების გამკაცრებას ზოგიერთ დარღვევაზე, რომელიც სიკვდილიანობისა და ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი მიზეზია: ეს არის სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრი, საჭესთან ტელეფონით სარგებლობა და ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვა. ეს პროგრამა პროპორციულად შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას, სიკვდილიანობას და დაშავებულთა რაოდენობასაც“, -ამბობს თალაკვაძე.

ახალი პროგრამის ერთ-ერთი ნაწილია „უკონტაქტო პატრულირების“ გამოყენებაც.  თალაკვაძე ამბობს, რომ ეს ნოვაცია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აპრობირებული პრევენციული ღონისძიებაა.

„დღეს მძღოლები არღვევენ მაშინ, როცა ირგვლივ პატრული ან კამერები არ ჩანს, მომავალში კი, როდესაც დარღვევები დაფიქსირდება ჩვეულებრივი მანქანებიდანაც, რომელთაც უნიფორმიანი პოლიციელები მართავენ, მძღოლები ყურადღებით იქნებიან მაშინაც,  როცა პატრულის მანქანა არ ჩანს. მსოფლიოში ასევე პოპულარულია რეგისტრატორების გამოყენება. რა თქმა უნდა, უკონტაქტო პატრულირების დროს არ მოხდება მანქანის სალონში მყოფი ადამიანების გადაღება. იმ ტერიტორიებზე კი, სადაც უკონტაქტო პატრულირება განხორციელდება, განთავსდება სპეციალური ნიშნები, რომელიც მოსახლეობას ამის შესახებ გააფრთხილებს“.

რეგულაციების გამკაცრებას ამ კუთხით მომუშავე არასამთავრობოების უმეტესობა ეთანხმება.  ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ფიქრობს, რომ ჯარიმების მოცულობასა და ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას შორის პირდაპირი კავშირი საქართველოს მაგალითზეც საკმარისად აშკარად გამოვლინდა:

„მას შემდეგ, რაც ბოლო რამდენიმე წელიწადში განახევრდა ჯარიმები სიჩქარის გადაჭარბებაზე, უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთასა და სხვა მსგავს დარღვევებზე, ამას ძალიან ლოგიკურად და თანმიმდევრულად მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდა. როგორც ჩანს, ეს იყო მთავრობის მხრიდან მინიშნება იმაზე, რომ ამ დარღვევებს სერიოზულად არ უყურებენ“, -ამბობს მესხიშვილი.

ამავე მოტივით ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისათვის“ ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, დააკვირდნენ სტატისტიკურ მონაცემებს, გაიაზრონ, ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულ-დაშავებულთა რამდენად საგანგაშო რაოდენობასთან გვაქვს საქმე და წარმოდგენილი კანონპროექტი დაამტკიცონ.

„სტატისტიკა საგანგაშოა. ის ცხადყოფს, რომ საგზაო უსაფრთხოებას მეტი ყურადღება და სიმკაცრე სჭირდება. გზებზე მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ომებში. ქულათა ეს სისტემა ხელს შეუწყობს, რომ მძღოლები უფრო მოწესრიგებულები გახდნენ. წლის განმავლობაში, როცა 6-7 მნიშვნელოვან შეცდომას დაუშვებ, იქნება ეს სიჩქარის გადაჭარბება, ღერძულა ხაზის გადაკვეთა თუ ქვეითისთვის გზის არდათმობა, რაც საერთო ჯამში მართვის მოწმობის დაკარგვით დასრულდება, მძღოლს აიძულებს, უფრო მობილიზებული და კანონმორჩილი გახდეს. დეპუტატებმა კი უნდა დაინახონ, რამდენად აუცილებელია ამგვარი ზომების მიღება“, -ამბობს ლალიაშვილი.

ზოგიერთ სამართალდარღვევაზე რეაგირება, რომლებიც ქულების დაკლების წესშია მითითებული და თითოეულს შესაბამისი ქულაც ენიჭება, არც ამჟამად ხდება და არც უახლოეს მომავალში იგეგმება, თუნდაც ეს კანონპროექტი კანონად იქცეს - სანამ ქვეყანაში ავტომობილების ტექნიკური ვარგისიანობის შემოწმება, იგივე სავალდებულო ტექდათვალიერება არ ამოქმედდება, მანამდე დარღვევათა ნაწილის ადმინისტრირება უბრალოდ შეუძლებელია.

ასეთია მაგალითად, დარღვევა, როდესაც ავტომობილის გამონაფრქვევში გამაჭუჭყიანებელი ნივთიერებების მაღალი კონცენტრაციაა. ამგვარი ჯარიმა, როგორც ჩანს, კანონმდებლობის ახლანდელ რედაქციაშიც წერია და ის მექანიკურად გადმოიტანეს, თუმცა თალაკვაძე არ მალავს, რომ ამ ნორმის ადმინისტრირებაც ტექნიკური დათვალიერების ამოქმედებამდე შეუძლებელია.

„ამ პრობლემის დაფიქსირება ვერ ხდება და ვერ მოხდება მანამ, სანამ ტექნიკური დათვალიერება არ გახდება სავალდებულო“, -ამბობს თალაკვაძე.  ასევე არ დააკლდებათ ქულები  „თვითნებურად გადაკეთებული“ ავტომობილის მძღოლებსაც, სანამ ამას ტექნიკური დათვალიერება არ გამოავლენს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც მძღოლების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, მართვის მოწმობის თან არქონის გამო ქულების დაკლების ნორმა იყო. მაშინ, როდესაც პატრულის თანამშრომელს შეუძლია, პირადობის მოწმობით ნებისმიერ დროს შეამოწმოს მართვის მოწმობის სტატუსი, რატომ ხდება მისი ტარება აუცილებელი? -კითხულობდნენ მძღოლები. თუმცა მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ეს ნორმა აქამდეც ასეთივე ფორმულირებით არსებობდა, მაგრამ მისი ადმინისტრირება კვლავ არ მოხდება, ეს ნორმა დარჩება კანონში, სადაც „მექანიკურად გადმოვიდა“.

თალაკვაძის მტკიცებით, ამ მხრივ, არაფერი შეიცვლება, ნორმა მხოლოდ ფურცელზე იარსებებს, მისი შესრულების ან შემოწმების საჭიროება არ იქნება.

საგზაო უსაფრთხოების ახალი პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და საკამათო პუნქტი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების დარეგისტრირების შეზღუდვა აღმოჩნდა, ინიციატივას მძღოლების ნაწილი საპროტესტო აქციებით შეხვდა.

შსს-ის ინიციატივა არ შეეხება, ქვეყანაში უკვე რეგისტრირებულ მარჯვენასაჭიან ავტომობილებს, მათი გაყიდვა, გასხვისება ან რეექსპორტის მიზნით შემოყვანა არ აიკრძალება. არ შეიზღუდება ასეთი ავტომობილების სპორტული სარგებლობისა და სპეციალური დანიშნულებისთვის შემოყვანაც. სამინისტრო დილერებსა და იმპორტიორებს დაჰპირდა, რომ მისცემს გონივრულ პერიოდს, რამდენიმე თვეს იმისათვის, რომ დაწყებული ოპერაციები დაასრულონ.

„2013 წლიდან ყოველწლიურად რეგისტრირებული მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა რამდენიმე ათასით აჭარბებს მარცხენასაჭიანების რიცხვს“, -ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში. შსს-ში ამბობენ, რომ მათი გათვლით, ზრდის ტემპი იმდენად მაღალია, ფასთა სხვაობიდან გამომდინარე, რომ 3-5 წელიწადში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა მარცხენასაჭიანისას   გაუთანაბრდება.

„ეს, ერთი მხრივ, გააუარესებს უსაფრთხოებას, მეორე მხრივ კი, შესაძლოა, მოგვიწიოს საგზაო ინფრასტრუქტურის გადაგეგმვა-გადაკეთება, რაც მილიარდზე მეტი შეიძლება დაუჯდეს ქვეყანასა და მოსახლეობას, რადგან დღეის მდგომარეობით მსოფლიოს მხოლოდ 3 ქვეყანაში (ავღანეთი, რუსეთი, მიანმა) არის დაშვებული მარჯვენა და მარცხენასაჭიანი ავტომობილების თანაბარი უპირატესობით მოძრაობა“, -განმარტავს სამინისტრო ცვლილების აუცილებლობას. 

მინისტრის მოადგილის თქმით, მარჯვენასაჭიანები 40%-ით მეტი რისკის ქვეშ არიან ავტოსაგზაო შემთხვევებთან მიმართებაში, თუ ისინი მარცხენა საჭეზე დაგეგმილ გზებზე მოძრაობენ -ჩამოსვამენ მგზავრს, ცდილობენ გასწრებას, თუ ღამით საპირისპიროდ მოძრავ მანქანას მათივე შუქებით უშლიან ხელს. სწორედ ხილვადობისა და მანევრირების შესაძლებლობის შეზღუდვის გამო (რაც მარჯვენასაჭიანების უშუალო პრობლემაა) გამოწვეულ ავტოსაგზაო შემთხვევათა დაახლოებით 25% შსს-ის მონაცემებით, სწორედ მარჯვენა საჭის მქონე ავტომობილებზე მოდის.

თუმცა ერთ-ერთი რისკი, რომელზეც ამ შემთხვევაში ამახვილებენ ყურადღებას სპეციალისტები, დაბალი ხარისხისა და მოძველებული ავტომობილების შემოდინების გაზრდაა, რადგან მარჯვენასაჭიანი მანქანები სწორედ ის კატეგორია იყო, რომელთა ყიდვაც შედარებით დაბალ ფასად შეიძლებოდა და ვიღებდით ახალ, ეკოლოგიურად ნაკლებად სახიფათო, ტექნიკურად კი მეტად გამართულ ავტომობილს.

თუმცა, როგორც ჩანს, კანონპროექტით დაგეგმილი ცვლილებები მომავალი ტექნიკური დათვალიერების პირობებსაც ითვალისწინებს, რომელიც ამჟამინდელი მდგომარეობით 2018  წლიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა დათქმულმა თარიღმა უკვე რამდენჯერმე გადაიწია.

გელა კვაშილავა, ფონდ -„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე, „ტრასეკას“ საგზაო უსაფრთხოების პროექტის რეგიონული კონსულტანტი ფიქრობს, რომ დაგეგმილი ცვლილებები ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს ადმინისტრირების გამკაცრებას და მას დიდი პრევენციული როლის შესრულება შეუძლია. განსაკუთრებით კი დარღვევების შემცირება იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც ჯარიმის გადახდა არ უჭირს. კვაშილავას თქმით, ახალი წესები მათ წინააღმდეგ გაცილებით სერიოზული ბერკეტი იქნება:

„ქულების სისტემა თანაბრად კარგად მუშაობს როგორც მაღალგანვითარებულ ისე განვითარებად თუ ჩვენს მსგავს ქვეყნებში. თუ ამ ყველაფრის კარგი აღსრულება მოხდება, შესუსტდება დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც შეძლებულ მძღოლებს აქვთ. ახლა მათ შეუძლიათ, წელიწადში 2-ჯერ, 3-ჯერ თუ 10-ჯერ გადაკვეთონ ღერძულა ხაზი, გადააჭარბონ სიჩქარეს, საფრთხე შეუქმნან სხვის და თავიანთ სიცოცხლეს და ამისთვის მხოლოდ ჯარიმა გადაიხადონ, მეტი არაფერი. ახლა კი მათთვის ეს პროცესი გაცილებით უსიამოვნო გახდება. 4-5 დარღვევის შედეგად წლიური ლიმიტი 0-ს გაუტოლდება, მოუწევთ მართვის მოწმობის თავიდან აღება, გამოცდის ჩაბარება, მანამდე კი ორთვიანი ლოდინი, რაც საკმაოდ დიდ დისკომფორტთან იქნება დაკავშირებული“, -ამბობს კვაშილავა. ის იხსენებს, რომ 2014 წელს სიჩქარის გადაჭარბებასა და სხვა დარღვევებზე ჯარიმის განახევრება ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად აისახა ავარიების რაოდენობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტების უმრავლესობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ ღონისძიებებს ეთანხმება და ადმინისტრირების გამკაცრებას წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს, ისინი თანხმდებიან იმაზეც, რომ ეს ყველაფერი ეფექტიან შედეგს ვერ გამოიღებს, სანამ ქვეყანაში არ იარსებებს ერთი სახელმწიფო სტრუქტურა, რგოლი, რომელიც საგზაო უსაფრთხოებაზე იქნება პასუხისმგებელი.

ეკა ლალიაშვილიც და გელა კვაშილავაც ამბობენ, რომ საგზაო უსაფრთხოების მისაღწევად თანაბრად მნიშვნელოვანია სამართალდარღვევებზე რეაგირების გამკაცრება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ავტოპარკის განახლება, მძღოლების კვალიფიკაციის გაზრდა, განათლება და ცნობიერების-ჩვევების შეცვლა. ეს კი მიუღწეველი ამოცანაა, სანამ ფუნქციები აბსოლუტურად გაფანტული იქნება, არ გვექნება ერთიანი საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია და სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობა ურთიერთშეთანხმებული არ იქნება.

ავტოსაგზაო შემთხვევების

რაოდენობა:

2012    5359   

2013    5510    151-ით მეტი

2014    5992    482-ით მეტი

2015    6432    440-ით მეტი

საგზაო სფეროში არსებული სტატისტიკით, საქართველო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებლით 10 ყველაზე მაღალი რისკის მქონე ქვეყნებს შორისაა. ამ მონაცემით, ევროპაში - რუსეთისა და სომხეთის შემდეგ  ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ საქართველოში აღინიშნება -საშუალოდ 16 ადამიანი ყოველ 100 000 მოსახლეზე.

2015 წელს 160 ქვეითად მოსიარულე დაიღუპა, 1998 - დაშავდა;

2014 წელს- 145 დაიღუპა, 1993 დაშავდა; 2013 წელს _125 დაღუპული და 1687 დაშავებული იყო, ხოლო 2012 წელს კი -160 დაღუპული და 1509 დაშავებული. აქედან  დედაქალაქში 2015 წელს, ავტოავარიით 90 ადამიანია დაღუპული, 3834 ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, 2015 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში 1 053 181 ავტომანქანაა რეგისტრირებული. მათ შორის, მსუბუქი, სატვირთო, სამგზავრო და სპეციალიზებული. აქედან მხოლოდ თბილისში 389 756 ავტომანქანაა რეგისტრირებული. ამ მანქანების 90% -ზე მეტი 11 წელსაა გადაცილებული.

შსს-ის კანონპროექტის მიხედვით,  სამართალდარღვევების გამო მძღოლებს ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, წლის განმავლობაში მინიჭებული ასქულიანი ლიმიტიც შეუმცირდებათ:

უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა -10 ქულა, მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა -15 ქულა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით -10 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენა იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, -20 ქულა;

ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა -5 ქულა; აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში -10 ქულა.  ამკრძალავი ნიშნის “გაჩერება აკრძალულია” და “დგომა აკრძალულია” მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა -5 ქულა;

უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა -10 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში -20 ქულა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^