Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა სარგებლობა მოაქვს საყოველთაო ჯანმრთელობას - ინტერვიუ გიორგი გოცაძესთან

11 მარტი 2016
რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამა რომ უფრო სასარგებლო გახდეს მოსახლეობის იმ ნაწილისთვისაც, ვისაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯების გაღება ყველაზე მეტად უჭირს; როგორ მუშაობს საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამა; რამდენად ეფექტურად ხარჯავს სახელმწიფო პროგრამის ფულს და რა უნდა გააკეთოს მან, რომ პროგრამის გრძელვადიან და ეფექტურ განხორციელებას საფრთხეები არ შეექმნას. კითხვები “ლიბერალმა” საერთაშორისო ფონდ “კურაციოს” აღმასრულებელ დირექტორ გიორგი გოცაძეს დაუსვა. ფონდმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ჯანდაცვის სფეროს ბარომეტის მეექვსე ტალღის კვლევის შედეგები. კვლევის მიგნებები წინა კვლევებისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. თუმცა საგულისხმოა, რომ იზრდება იმ რესპოდენტთა რიცხვი, ვინც ჯანდაცვის სფეროს პრობლემების გაუმჯობესებას ეჭვის თვალით უყურებს.

მოგვიყევით მეექვსე ტალღის კვლევის ძირითადი  და ნიშანდობლივი მიგნებების შესახებ. ხომ არ ყოფილა ახალი მიგნებები, ისეთი, რაც წინა კვლევაში არ იყო ...

ვერ ვიტყოდი, რომ არის რაღაც მიგნება, რაც წინა კვლევაში არ გამოჩნდა.

ჯანდაცვის სფეროში საყურადღებოა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ტენდენციები. დადებითია ის, რასაც ექსპერტები აღიარებენ - C ჰეპატიტის პროგრამა. ყველა აღიარებს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამაა.

მეორე დადებითი მოვლენა საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამაა, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ დეფიციტი შეექმნა, სტაბილურად მიმდინარეობს და სახელმწიფომ მის განსახორციელებლად  დამატებითი თანხა გამოყო. ეს  ფაქტი, ერთი მხრივ, დადებითიც არის და უარყოფითიც. ამას აღნიშნავენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც. როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდს, ისე მსოფლიო ბანკს აღელვებს, რამდენად კონტროლირებადი იქნება პროგრამის ხარჯი და რამდენად შესაძლებელი იქნება გრძელვადიანად ამ პროგრამის შენარჩუნება და ეფექტური განხორციელება.

კვლევაში გამოჩნდა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა სამედიცინო მომსახურების და წამლების ზრდაა, რატომ შეიძლება ჩაითვალოს ეს პრობლემად?

მოსახლეობას ალბათ აინტერესებს, რატომაა ეს პრობლემა? ჯანდაცვის მომსახურებების ძირითადი დამფინანსებელი სახელმწიფო ბიუჯეტი არაა და თუ ვინმე ასე ფიქრობს, ცდება. სახელმწიფო მნიშვნელოვან ტვირთს იღებს, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ხარჯი მოსახლეობას აწევს. ეს ტვირთი სახელმწიფო ტვირთზე გაცილებით დიდია.  ჯერჯერობით უცნობია ზუსტი ციფრები ცოტა ხანში უნდა გახდეს ცნობილი, მაგრამ ამ ეტაპზე სავარაუდოდ, სახელმწიფო ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯის მხოლოდ 30 % ხარჯავს, 70 %-ს კი მოსახლეობა საკუთარი ჯიბიდან იხდის. სწორედ ამიტომ ნებისმიერი გაძვირება მოსახლეობას აწვება ტვირთად.

როგორი იყო ეს პროპორცია საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამის ამოქმედებამდე?

საქართველოს ამ კუთხით ცუდი მაჩვენებელი ჰქონდა. მაგრამ ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს პროპორცია იცვლება. თუ ადრე სახელმწიფო ჯანდაცვაში 10%-ს ხარჯავდა, დღეს მისი წილი 30%-მდეა გაზრდილი. მაგრამ ეს მაჩვენებელი ბედნიერებისა და კმაყოფილებისთვის საკმარისი არაა, რადგან მეტი დანახარჯი მოსახლეობას აწვება. შესაბამისად, ჯანდაცვის სფეროში ნებისმიერი გაძვირება მხოლოდ სახელმწიფოს არ უძვირებს ხარჯებს, ზრდის მოსახლეობის ფინანსურს ტვირთს.

ეს ტვირთიც სამ ნაწილად უნდა გაიყოს:

პირველი არის მედიკამენტები, სადაც ფასების ზრდა ყველაზე მაღალია და რომელსაც მოსახლეობა თავად ყიდულობს. არაერთი კვლევაა ამბობს, რომ თუ მოსახლეობას ამ ნაწილში არავინ შეეხიდა, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები გაღარიბდებიან;

მეორე ნაწილი ამბულატორიაა სადაც ფასები მხოლოდ ბოლო წელს 7.7%-ით გაძვირდა.  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამბულატორიას არ აფინანსებს საჭირო მოცულობით. ამბულატორია ყველაზე ხშირად მოხმარებადია და შესაბამისად მოსახლეობის ტვირთიც მხოლოდ ბოლო წლის მანძილზე 7.7% დამძიმდა, თუ ამას წინა წლებსაც დავამატებთ მაშინ ამ ტვირთის სიმძიმე მოსახლეობისთვის კიდევ უფრო დიდია;

მესამეა ჰოსპიტალური ნაწილი, სადაც ფასების ზრდის ტენდენცია ყველაზე ნაკლებია. თუმცა აქაც, თუ გადაუდებელი შემთხვევა არაა, მოსახლეობას ჯიბიდან უწევს გადახდა და ესეც მოსახლეობის ჯიბეს აწვება.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას უნდა გაეზარდა ხელმისაწვდომობა და ფინანსური დაცულობა. ფინანსური დაცულობის კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემები რჩება.  ამ პროცესის შესაჩერებლად საჭიროა კონკრეტული ქმედებები. ვგულისხმობ ჯანდაცვის სერვისებსა და წამლებზე ფასების ზრდის შეჩერება ან ზრდის ტემპის მნიშვნელოვანი შენელება.

აღსანიშნავია, რომ ამ სფეროში ( სამედიცინო სერვისები და მედიკამენტები) ინფლაციის ზრდის ტემპი საშუალო ინფლაციაზე მაღალია. რამ გამოიწვია ეს, გაჩნდა ფული და შესაბამისად გაძვირდა სერვისები?

რა თქმა უნდა ერთი მხრივ, მეტმა ფულმა ხელი შეუწყო ამ პროცესებს, თუმცა ეს კითხვა ორ ნაწილად უნდა გაიყოს. პირველია მედიკამენტების გაძვირება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო იმპორტზეა დამოკიდებული და ამერიკული დოლარის კურსის გაძვირებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში ავტომატურად გამოიწვია მედიკამენტების გაძვირება. ამიტომ წამლებზე ფასების ზრდაში შინაგან ფაქტორებზე მნიშვნელოვანი  გარეგანი ფაქტორებია. თუმცა ეს ცალსახად არ ამბობს, რომ გაძვირების ტემპის შენელება შეუძლებელი იყო თუ მთავრობა სათანადო ნაბიჯებს გადადგამდა. ამისთვის მთელი რიგი მექანიზმები არსებობს მსოფლიოში.

მაგალითად, ერთი და იგივე წამლის ფასი სხვადასხვა აფთიაქში მნიშვნელოვნად განსხვავებულია. ეს ნიშნავს, რომ ვიღაც უფრო კეთილსინდისიერი მეწარმეა და ნაკლები მოგების მარჟას დებს. შესაბამისად, ამ ნაწილშიც ჩარევა შეიძლებოდა ადეკვატური რეგულირებით. მაგრამ ეს ქართული ჯანდაცვის აქილევსის ქუსლია. ერთი მხრივ, დიდი პოზიტივია, რომ გვყავს კერძო მომწოდებლები, რომლებიც ბაზარს ხარისხიანი პროდუქტით ამარაგებენ. მაგრამ კითხვა - რის ხარჯზე ხდება ეს, რაციონალური თუ არარაციონაური მოგების ხარჯზე - ღიად რჩება.

წამლების მერე უნდა ვისაუბროთ სამედიცინო მომსახურეობაზე და ჰოსპიტალური მომსახურება შეიძლება რამდენიმე ფაქტორმა გააძვიროს. პირველი მთავარი ფაქტორი ეს არის შრომითი ძალა - პერსონალის შრომითი ანაზღაურება - თუმცა ბოლო წლებში მათი ხელფასები მნიშვნელოვნად არ გაზრდილა და ვერ ვიტყვით, რომ ამ ნაწილში ფასების ზრდის მიზეზი ესაა. მეორეა მანქანა-დანადგარები, რომლებიც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განახლდა კერძო ინვესტიციების ხარჯზე. და  ეს შეიძლება დასახელდეს ერთ-ერთ ფაქტორად. მესამეა კომუნალური ხარჯები, სადაც ასევე არა აღინიშნება ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა. ამ ნაწილშიც მივდივართ მოსაზრებამდე, რომ შესაძლოა გაძვირების მიზეზი რაციონალურზე მაღალი მოგებები იყოს. 

ბარომეტრი ასევე აღნიშნავს ჯანდაცვის ხარჯების ადმინისტრირების  პრობლემას. მკითხველისთვის გასაგებ ენაზე რომ განვმარტოთ - რაში გამოიხატება ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ხარვეზები. 

ვიხელმძღვანელოთ ლოგიკით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ურგენტული ჰოსპიტალიზაცია იყო 4%. ანუ 100 დან 4 ადამიანს სჭირდებოდა გადაუდებელი ჰოსპიტალური დახმარება და ხვდებოდა საავადმყოფოში. ეს მაჩვენებელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყების შემდეგ 15%-მდეა ასული ანუ ერთი წლის მანძილზე ყოველი 100 ადამიანიდან 15 საავადმყოფოში ხვდება. თუ ეს ასახავს მოსახლეობაში მიმდინარე ბუნებრივ პროცესს ანუ თუ 15%-ს სჭირდებოდა გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია, გამოდის, რომ წარსულში 100 დან 11 ადამიანი კვდებოდა, რადგან მარტო 4 ადამიანს შეეძლო საავადმყოფოში მისვლა. დღეს თუ 15% ხვდება, მაშინ სიკვდილიანობა ქვეყანაში მნიშვნელოვნად უნდა შემცირებულიყო. თუ ეს ასე არაა, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ რაღაც არაადეკვატური ხდება, ანუ ჩვენი მომწოდებლების ქსელი სხვანაირად იქცევა საყოველათაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ეს ზრდა (ურგენტური შემთხევების) მომწოდებლების ქცევამ განსაზღვრა.  მოდუნებული ან არა ძლიერი ადმინისტრირების ხარჯზე ურგენტული ჰოსპიტალიზაცია კატასტროფულად გაიზარდა. სამედიცინო სფერო პიჯაკის ყიდვა არაა. თუ ექიმთან მოხვდები, ის გადაგიწყვეტს, რა უნდა გააკეთო. არსებობს ეკონომიკური მოტივაციები და თუ ამ მოტივაციებს პროგრამა სწორად არ განსაზღვრავს გამოიწვევს იმ ქცევას რასაც დღეს ვხედავთ.

რა უნდა შეიცვალოს ადმინისტრირების კუთხით. გაქვთ თუ არა კონკრეტული რჩევები?

ეს გადაგვიყვანს დიდ ტექნიკურ ექსპერტულ ნაწილში. რაც შესაძლოა მკითხველისთვის საინტერესო არ იყოს. ერთს ვიტყვი, საქართველო არ ქმნის ჯანდაცვის სექტორს და არაა ერთადერთი, ვინც საყოველთაო ჯანდაცვის პოლიტიკას ატარებს. არსებობს მსოფლიო გამოცდილება რომელთა შესწავლა და ადაპტირება შეიძლება. მთავარი ერთია პრობლემა სახეზეა და საჭიროა დროული ქმედებები და კონკრეტული ნაბიჯები. 

პოლიტიკური ნება?

პოლიტიკური ნება და ექსპერტული ცოდნა-გამოცდილება.

ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ ექსპერტებისა და სპეციალისტების მოსაზრებებისა და მოლოდინების შესწავლის ერთ-ერთი მიზანი ისიცაა, რომ სამინისტრომ პოლიტიკის განსაზღვრის დროს გამოიყენოს ეს მიგნებები. რამდენად უწევს ანგარიშს აღმასრულებელი ხელისუფლება აღნიშული კვლევის მიგნებებს პოლიტიკის დაგეგმვისას?

ეს კვლევა ერთადერთი არაა, რომელიც ხაზს უსვამს ამ პრობლემებს. ეს არის დამატებით მტკიცებულება, რომ ეს პრობლემები არსებობს. სახელმწიფო არ გაურბის ამ ფაქტის აღიარებას. რა კეთდება ამ მიმართულებით - ჯერ ერთი დაქირავებული გვყავს უზარმაზარი საკონსულტაციო კომპანია - გლობალ ალიანსი, რომელიც უნდა თანამშრომლობდეს მთავრობასთან ამ ინსტრუმენტების მოსაძიებლად.

საქართველოს ირგვლივ არსებულ ქვეყნებში მაკროეკონომიური სიტუაცია არასაახარბიელოა. ეს ფაქტორები საქართველოს ეკონომიკისთვის და აქედან გამომდინარე ბიუჯეტისთვის ნეგატიურია. ბიუჯეტი არალიმიტირებული რესურსი არააა, ამიტომ მისი ეფექტურობა მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ. საკითხი აქტუალურია და სწრაფ ნაბიჯებს საჭიროებს. ჩვენ დიდი დრო არ გვაქვს. ცალსახად არ ვიცით, რომ ამ კუთხით რაიმე ნაბიჯები იდგმება - არავინ ამბობს, რომ 2016 წლის მაისისთვის  რაიმე ინიციატივა განხორციელდება. კონკრეტულად რა როდის და როგორ უნდა მოხდეს - საჯარო სივრცე არაა ინფორმირებული. ეს იმდენად აქტუალურია რომ  იმსახურებს საჯაროობას.

ანუ თქვენ თვლით, რომ თუ სამინისტრომ ადმინისტრირების კუთხით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა, შესაძლოა საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამის განხორციელებას პრობლემები შეექმნას?

მე ეს არ მითქვამს რომ სამინისტრომ ადმინისტრირების კუთხით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა. მე ვთქვი, რომ ბიუჯეტის რესურსი ლიმიტირებულია და შესაბამისად სახელმწიფომ ყოველთვის რაღაცას უნდა მოაკლოს და გადაიტანოს ამ სივრცეში. შეიძლება ორი ხიდით ნაკლები აშენდეს და საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამას არაფერი მოაკლდეს. მაგრამ თუ საბიუჯეტო ხარჯვის ეფექტურობა გაიზრდება, მაშინ აღარ მოგიწევს რომ სხვა პრიორიტეტებს მოაკლოთ ფული და ჯანდაცვასაც ეყოფა გამოყოფილი ასიგნებები.

მომწოდებლები ამბობენ, რომ თანხების დროული ჩარიცხვაც მნიშვნელოვანი პრობლემაა …

მოდით ამ პრობლემის არსზე ვისაუბროთ. რადგან ისინი ამას ამბობენ, ცხადყოფს, რომ სისტემაში თანხები დაგვიანებით ირიცხება.

რა მოცულობისაა ეს თანხა? შეიძლება იყოს 5-საწოლიანი საავადმყოფო და დაგვიანებული თანხის მოცულობა იყოს 300 ლარი. შეიძლება ეს იყო უფრო მეტი? რატომ აქვს ამას მნიშვნელობა?

საქართველოში ჩვენ ვხედავთ ხაზინამ რა გადაიხადა. ვალებს, ანუ იმ თანხას რომელიც ჯერ არ გადაუხდიათ, ვერ ვხედავთ. მას ხედავს მარტო სოცსააგენტო ან ჯანდაცვის სამინისტრო. რესპოდენტების ინფორმაციით სექტორში დაგროვილია ვალი. რამხელაა ეს ვალი? თუ ეს ერთი მილიონია, მაშინ შეგვიძლია არ ვიდარდოთ. მაგრამ თუ ეს უფრო მეტია მაგალთად, 70 მილიონი მაშინ ძალიან დიდი პრობლემაა. პრობლემის არსი არის ის, რომ ეს მონაცემები გაუმჭირვალეა. სახელმწიფო რომ გამოდიოდეს და ამბობდეს - ჩვენ გადავიხადეთ ამდენი და გადასახდელი გვაქვს ამდენი - იქნებოდა გამჭირვალე. მაგრამ სახელმწიფო ამას არ აკეთებს. მაშინ როცა მომწოდებლები ცხადად ამბობენ, რომ დაგვიანებას აქვს ადგილი. 3-თვიანი დაგვიანება პატარა დაგვიანება არ არის. მაგრამ ვერაფერს ვამბობთ რადგან ეს საჯარო სივრცისგან დაფარული ინფორმაციაა. ინფორმაციის საჯაროობა იქნებოდა სწორი ნაბიჯი, რომ სახელმწიფომ ან უარყოს ან დაადასტუროს ჩვენი შიშები. წლის ბოლოს რომ 70  მილიონი დაემატა ჯანდაცვის ბიუჯეტს, იქნება 100 უნდა დამატებოდა? ვინ იცის და ვის აქვს ამაზე პასუხი? პარლამენტმა იცის? 

კვლევის ერთ-ერთი საინტერესო მიგნება კერძო დაზღვეულთა ზრდასთან დაკავშირებული ციფრია. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა მომხმარებლის ეს ქცევა და შესაძლებლობა, რომელიც, როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავთ, დადებითია - როგორ უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ ის?

მე ვფიქრობ, რომ ეს დადებითი მოვლენაა, რადგან მოსახლეობის იგივე ნაწილი კვლავაც თვლის, რომ ჯანდაცვასთან მიმართებით მასაც აქვს პასუხისმგებლობა და სჯობს თავად მიხედოს თავის ჯანმრთელობას, ვიდრე სახელმწიფოს გადააბაროს ის. მაგრამ რამდენად პოზიტიურ გავლენას იქონიებს ეს დარგზე, ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ მაქვს.

რა თქმა უნდა ანეგდოტურად, მაგრამ ხშირია შემთხვევა, როცა კერძო დაზღვეული ხვდება საავადმყოფოში და ეუბნებიან, რომ მოდი სახელმწიფომ გადაგიხადოს და რაც დაგაკლდება, მერე ჩვენ გადაგიხდით. თუ გამონაკლისის სახით არის, ეს პრობლემაა არაა, მაგრამ თუ მასიურად ხდება ეს პრობლემაა.

ესე იგი სადაზღვევო კომპანიები  რისკს ჯერ ბიუჯეტს აკისრებენ და თუ ბიუჯეტი ვერ გაწვდება მერე იღებენ ამ რისკს საკუთარ თავზე/ბიუჯეტზე. ეს კერძო დაზღვევისთვისაც და ჯანდაცვისთვისაც ცუდია. ცუდია თუ არ არის მკაცრი დემარკაციის ხაზი.

კერძო დაზღვეულიც და დაუზღვეველიც სახელმწიფოსგან ერთნაირ დახმარებას იღებს. ეს კარგ სიტუაციაში არ აყენებს დაუზღვეველ, მოწყვლად მოსახლეობას. თუ ჩვენ გვადარდებს ღარიბი მოსახლეობა, მაშინ ჯობია მათ მეტად ვეხმარებოდეთ, ვიდრე მდიდრებს. დღეს სისტემა უფრო მდიდრებისთვის და კერძო დაზღვეულებისთვის მუშაობს.

მსოფლიო ბანკის კვლევამაც აჩვენა, რომ ფინანსური ტვირთი უფრო შეუმსუბუქდა მდიდარ მოსახლეობას, ღარიბებს კი პირიქით გაეზარდა. სახელმწიფო წამლების პროგრამაში შეტანას გეგმავს. ოღონდ ითქვა, რომ ის შესაძლოა მხოლოდ მოწყვლადი მოსახლეობისთვის იყოს უფასო. როგორ აფასებთ ამ ინიციატივას. ანუ რაღაც ტიპის მომსახურებები ყველას შეეხება, მაგრამ რაღაცები (მაგ, წამლები) მხოლოდ ღარიბებს …

საყოველთაოობამ შეძლებულ ფენებს მეტი სიკეთე მოუტანა, ვიდრე მოწყვლადებს. საყოველთაოობა შეიძლება იყოს შენარჩუნებული, მაგრამ არსებობდეს დიფერენცირებული სიკეთე. მოწყვლადი იღებდეს მეტ სიკეთეს და არამოწყვლადი ნაკლებ სიკეთეს, რადგან მას აქვს უნარი ჯიბიდან დაფაროს და ან დაზღვევა შეიძინოს. ამიტომ თუ სახელმწიფო ამ ნაბიჯს გადადგამს და მოწყვლადს დამატებით თანხას მოახმარს ჩემი აზრით ეს იქნება სწორი ნაბიჯი.

ჯანდაცვის სამინისტრო განსხვავებული მეთოდით უხდის ფულს ამბულატორიებს და ჰოსპიტლებს. ამბულატორიებს, ე.წ. კაპიტაციური მეთოდით, როდესაც დაწესებულებისთვის თანხის ჩარიცხვა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ხდება. ჰოსპიტალური სერვისის შემთხვევაში წინასწარი  არის განფასებული სხვადასხვა ნოზოლოგიები და დაწესებულებებისთვის თანხის ანაზღაურება ასე ხდება.  გადახდის ამ მეთოდებმაც ხომ არ განაპირობა პროგრამის არასწორი ადმინისტრირებაა?

გადახდის მეთოდებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ვიტყვი ერთს, ადმინისტრირების მექანიზმი გადახდის სისტემის მოწესირგებასთან კავშირშია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი სწორედ ესაა ჯანდაცვის დაფინანსების ეფექტურობის გასაზრდელად.

მოსაწესრიგებელია თუ არა მოქმედი გადახდის სისტემა? 

ნამდვილად რადგან 4%-დან 15%-მდე გაიზარდა ჰოსპიტალიზაცია. ეს იმას ცხადყოფს რომ ეს პრობლემა მისახედია.

განსაკუთრებით აკრიტიკებენ ამბულატორიული სერვისებისთვის თანხის გადახდის სისტემას. ამბობენ, რომ ეს ანაზღაურება ადეკვატური არააა.

ნამდვილად ვიცი ერთი რაღაც. სიმსივნეს საყოველთაო ჯანდაცვა აფინანსებს - მაგრამ ექიმი რომ შეხედავს, ვერ იტყვის აქვს თუ არა სიმსივნე ადამიანს, თუ ძალიან გამოხატული არაა, მაგალითად რამე დიდი წამონაზარდი თავზე. ამის დასადგენად საჭიროა რიგი ამბულატორიული და დიაგნოსტიკური კვლევები. წინასწარი კვლევების გარეშე ვერ აირჩევ სამკურნალო ტაქტიკას. ამ ეტაპს დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ეტაპი ჩემს უახლოეს ნაცნობებს ზოგს 2000, ზოგს 10, 000 ლარი დაუჯდა. ამ ეტაპზე ამბულატორიული პროგრამა ისეა აგებული, რომ ამ კვლევებს სრულად არ აფინანსებს, მაგრამ თუ დაგჭირდა საავადმყოფო, მერე ქიმიოთერაპიას - დაგიფინანსებენ და ოპერაციასაც.

საყოველთაო ჯანდაცვა აფინანსებს გულში სტენტის ჩაყენაბას - რიგ საავადმყოფოებში დაბალხარისხიანი სტენტის ჩაყენებას. ფინანსდება დაბალხარისხიანი იმიტომ, რომ იაფია. თუ ხელახლა დასჭირდა ოპერაცია ნაოპერაციევი ადამიანების თუნდაც 10%-ს, რეალურად საზოგადოებას ის უფრო ძვირი უჯდება რადგან მოკლე ვადაში ისევ ახალი, მაგრამ იაფი სტენტია ჩასაყენებელი. ამავე დროს სტენდტების რაოდენობა შეგიძლია მნიშნელოვნად შეამცირო, თუ საზოგადოებაში შეამცირებ მოწევას, თუ მისცემ ჰიპერტენზიულ წამალს, თუ ადამიანს ექნება რეგულარულად ამბულატორიაში სიარულის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე თუ დახარჯული ფულის ამოცანაა, რომ ადამიანი მყავდეს ჯანმრთელი და კარგად მაშინ დიზაინი სერიოზულ ცვლილებებს საჭიროებს. 

საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამის ერთ-ერთი შედეგი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაც უნდა იყოს. ზოგიერთი სპეციალისტი ამბობს რომ ჯერ მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, უფრო სწორად მნიშვნელოვან შედეგებზე საუბარი ადრეა და პროგრამის სიკეთეებს ცოტა გვიან მოვიმკით. თქვენც ფიქრობთ, რომ ამ კუთხით პროგრამის შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა? თუ არსებობს სხვადასხვა მაჩვენებლები რომლებთა მიხედვითაც შეგვიძლია შევაფასოთ, რა გავლენა იქონია ამ პროგრამის ამოქმედებამ საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

არაა ადრე, საბოლო დასკვნის გამოტანა ძნელია და ამაზე შეგედავებიან, მაგრამ კონკრეტული მაგალითების დადება არაა რთული. მარტივი მაგალითი, გაკეთდა ამდენი ონკოლოგიური ოპერაცია. შევადაროთ, ამ ოპერაციებით დიდ ხანს ვაცოცხლეთ თუ არა ეს ხალხი. შევადაროთ ადრინდელი და ახლანდელი მაჩვენებელი. იდეაში ჩვენ უნდა გაგვეხანგრძლივებინა მათთვის სიცოცხლე და უნდა შემცირებულიყო სიკვდილიანობა. სახელმწიფო სტატისტიკა ამას აღრიცხავს. ეს დათვლადია. თუ ვამბობთ, რომ ადრე ვერ იტარებდნენ მკურნალობას, ახლა კი ეს მათთვის ხელმისაწვდომია, შესაბამისად უნდა იყოს პროგრესი. ეს გაზომვადია. ასევე ვისაუბროთ კარდიოლოგიაზე - ერთ-ერთი მთავარი მკვლელია ხო? - თუ ადრე ადამიანები ინფარქტებით კვდებოდნენ, სიკვდილიანობა იმ ასაკობრივ ჯგუფში ასევე შემცირებული უნდა იყოს - ეს გაზომვადია, მაგრამ ვინ ზომავს? სახელმწიფოს უნდა აინტერესებდეს ამ შედეგების დადება. გაზომვადი შედეგების ანალიზი არა მარტო საქართველოში, პოსტსაბჭოთა სივრცეში არავის უყვარს. საზოგადოება ამ მოთხოვნას არ აყენებს და პოლიტიკოსისთვის კი  ხაფანგია.

შევაჯამოთ. კვლევის მიხედვით ჩანს, რომ საყოველთაო ჯანდაცვა კარგია მაგრამ რჩება ბევრი მაგრამ …

პრინციპულად შევთანხმდეთ - როგორ შეიძლება ცუდი იყოს ის, რომ სახელმწიფო გაზრდილ ვალდებულებას იღებს ჯანდაცვაზე. ეს პოზიტივია საზოგადოებისა და პოლიტიკური ესტაბლიშმენტისთვის. თვითკმარები უნდა ვიყოთ ამით თუ არა - საკითხი დგას ისე, რომ ამ ეტაპზე თვითკმარები არ უნდა ვიყოთ. წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ამ ნაბიჯმა პოზიტივი შეიძლება მალე დაკარგოს. ჩვენ როგორც მოქალაქეებს გვინდა, რომ ეს პოზიტივი გვოქნდეს არა ერთი ან ორი წელი, არამედ სულ და გვინდა, რომ ყოველწლიურად გაუმჯობესდეს და მივიღოთ რეალური შედეგი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^