როგორ მოხდა პედაგოგთა შერჩევა პილოტირების ეტაპზე?
პილოტირების პროცესი ოქტომბერში დაიწყო. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გაკვეთილების ჩაწერის რამდენიმე ეტაპი გავიარეთ. ამ პროცესში ყველა პედაგოგი საკუთარი ნებით იღებს მონაწილეობას. აქ შერჩევა არ მომხდარა. პილოტირების პროცესში გაკვეთილებს ის პედაგოგები იწერდნენ, რომლებსაც ამის სურვილი ჰქონდათ.
პილოტირება გრძელდება. ის ბევრ კომპონენტს მოიცავს. ჩვენ ვმუშაობთ შეფასების რუბრიკის დახვეწაზე, რომელიც უკვე შემუშავებულია. 1 მარტიდან დაიწყო მთელი პროცესის პილოტირება - დაწყებული პედაგოგების ვებპორტალზე დარეგისტრირებიდან, დასრულებული გაკვეთილების შერჩევით - როგორ უნდა მოხდეს მათი ჩაწერა და შესაფასებლად ცენტრში გამოგზავნა.
ორი კვირაა, რაც ამ პროცესის პილოტირება დაიწყო. ბუნებრივია, ამ პროცესის დროს ჩაწერილ გაკვეთილებს შეფასების რუბრიკის დასახვეწად გამოვიყენებთ. პილოტირების პროცესი აპრილის შუა რიცხვამდე გაგრძელდება. მაისის ბოლოს ჩვენ გვექნება გარე დაკვირვების ინსტრუმენტის საბოლოო ვერსია. ამ ვერსიის მიხედვით, პედაგოგები გაივლიან რეალურ დაკვირვებას, როცა სკოლებს ამის შესაძლებლობა ექნება.
როგორ ახდენდნენ მოხალისე პედაგოგები გაკვეთილების ჩაწერას პილოტირების ეტაზე? ვინ უწევდა მათ ტექნიკურ დახმარებას?
მათ ამ პროცესში ეხმარებიან ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები, რომლებიც სკოლასთან არიან მიბმული. მათ გაიარეს ტრენინგი. პედაგოგებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაწერონ გაკვეთილები, შეარჩიონ თავიანთი ორი გაკვეთილი, გადაიწერონ დისკებზე და გამოგვიგზავნონ შესაფასებლად. აქამდე ჩვენი თანამშრომლები იმ სკოლებში მიდიოდნენ, სადაც გაკვეთილის ჩაწერის სურვილი ჰქონდათ და სკოლებს ტექნიკურად ეხმარებოდნენ. იწერდნენ და მოჰქონდათ ჩვეთან შესაფასებლად.
ცენტრს აქვს ტექნიკის ორი ტიპის კომპლექტი. მისი მიზანია ასევე ტექნიკის გამოცდა - რომელი უფრო ადეკვატური და შესაბამისი იქნება გარე დაკვირვებისთვის. ყველა დეტალის გამოცდა ამ პროცესში ხორციელდება.
რამდენმა პედაგოგმა გამოთქვა პილოტირების პროცესში ჩართვის სურვილი?
ძალიან ბევრმა გამოთქვა სურვილი. უბრალოდ შრომატევადი სამუშაოა. ჩვენ ვსხედვართ და ვაფასებთ ამ გაკვეთილებს. ბუნებრივია, რომ ჯერ ქულა არ იწერება, რადგან ინსტრუმენტის დახვეწა მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ მათ ვაწვდით დეტალურ უკუკავშირს - როგორ ჩაატარეს გაკვეთილი, რა იყო გაკვეთილის ძლიერი და სუსტი მხარეები და ა.შ. თითოეულს ვაწვდით ამ უკუკავშირს.
რამდენი ვიდეოგაკვეთილი უნდა გამოგზავნოს პედაგოგმა შესაფასებლად?
სამომავლოდ იგეგმება, რომ პედაგოგი სკოლის ადმინისტრაციის ხელშეწყობითა და დახმარებით ჩაიწერს რამდენიმე გაკვეთილს, მაგრამ შესაფასებლად 2 გაკვეთილს გამოაგზავნის. საბოლოო ჯამში ქულა ამ ორი გაკვეთილის შეფასების მიხედვით დაიწერება. ერთი პედაგოგის ორი გაკვეთილი.
არასასურველი შედეგის შემთხვევაში გაკვეთილის რამდენჯერ ჩაწერის შესაძლებლობა აქვს პედაგოგს?
ასეთ შემთხვევაში სქემის მიხედვით მას აქვს უფლება რამდენჯერმე გაიაროს გარე დაკვირვება
ცნობილია თუ არა პილოტირების დასრულების შემდეგ ტექნიკურად როგორ მოხდება ვიდეოგაკვეთილების ჩაწერა და შესაფასებლად მისი ცენტრში გადაგზავნა?
ამას ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. ამ ეტაპზე ამ პროცესს ჩვენ ვუზრუნველყოფთ. ახლა პილოტირების ნაწილს შეადგენს ისიც, თუ როგორ უნდა გამოაგზავნოს მასწავლებელმა ეს ჩანაწერები - სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ამას, რესურსსცენტრი თუ ვინ? მასწავლებელს სჭირდება მხარდაჭერა, რომ ჩვენამდე ჩაწერილი ვიდეოგაკვეთილები მოვიდეს.
შემფასებელთა ჯგუფის შესახებ რომ მითხრათ?
ჩვენ ამ ეტაპისთვის შეზღუდულები ვიყავით, რადგან მოქმედ პედაგოგებს დამკვირვებლებად ვერ ავიყვანდით. მოქმედ პედაგოგებს გარე დაკვირვების გავლა ევალებათ და შესაბამისად ვერ გახდებიან შემფასებლები. თუმცა როცა გაივლიან პოტენციური შემფასებლები გახდებიან. ამ ეტაპზე ვერ ავიყვანეთ მოქმედი პედაგოგები. შეირჩა 17 ექსპერტი. არიან საგნის სპეციალისტები, რომლებთაც განათლების სფეროში მოღვაწეობის გამოცდილება აქვთ. მათ ჩვენს ცენტრში ინტენსიური ტრენინგი გაიარეს. ამ რუბრიკის დასწავლის შემდეგ ისინი ინტენსიურად თანამშრომლობენ ცენტრთან. ინტენსიურად აფასებენ ვიდეოგაკვეთილებს. სპეციფიკური პროცესია. ექსპერტების მიერ საგნების მიხედვით შეფასებულ გაკვეთილებს შემდეგ პროფესიული უნარების ჯგუფის წევრებიც აფასებენ. ნებისმიერი ერთი გაკვეთილი ორი ადამიანის მიერ ფასდება. მიზანია, შეადარონ თავიანთი შეფასებები. ესეც ემსახურება ინსტრუმენტის დახვეწას, რომ ის ობიექტური იყოს.
თქვენ თქვით, რომ ინსტრუმენტში გარკვეული ცვლილებები შევიდა პილოტირების ეტაპზე. რა სახისაა ეს ცვლილებები?
პილოტირების პროცესში ხდება ინსტრუმენტის გამოცდა და ბუნებრივია, რომ პროცესის დასრულებამდე გარკვეული ცვლილებები იქნება. ინსტრუმენტის შეფასების რუბრიკა ვრცელი დოკუმენტია. ის ორ დიდ სფეროს შეიცავს, რომელშიც სხვადასხვა კომპონენტები და ელემენტებია გაწერილი; ასევე კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც ადგენს პედაგოგის ამა თუ იმ უნარს. ბუნებრივია სხვადასხვა თვალსაზრისით სხვადასხვა კომპონენტებში ცვლილებები შევიდა. ვერ ვიტყვი, რომ ძირეული ცვლილებები, მაგრამ შევიდა.
როგორია თქვენი ზოგადი შთაბეჭდილებები იმ გაკვეთილების ირგვლივ, რომლებიც შეფასდა პილოტირების ეტაპზე?
როგორც გითხარით, პილოტირების პროცესში ქულას არ ვწერთ. თუ ჩვენი ზოგადი შთაბეჭდილება გაინტერესებთ, გეტყვით - მოხალისე პედაგოგების გაკვეთილების შეფასების შთაბეჭდილებები პროფესიული უნარების თვალსაზრისით დადებითია.