სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესების კუთხით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამოქმედო გეგმა (2017-2021) ქვეყნებს ახალ სახელმძღვანელო ჩარჩოს სთავაზობს. ის მათ ეროვნული პოლიტიკის, სტრატეგიისა და პროგრამების შემუშავებაში დაეხმარება. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის ორგანიზებით ახალ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით თბილისში ორდღიანი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
დედათა და ჩვილთა ჯანმრთელობა, აბორტის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია, შესაბამის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა და განათლება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელსაც სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი ევროპული სამოქმედო გეგმა განიხილავს. გეგმა, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე 53 ქვეყანამ უნდა მიიღოს, ჯანმოს მიერ წევრ ქვეყნებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მუშავდება. თბილისში მიმდინარე შეხვედრის მიზანიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ამ გეგმის შესახებ შეთანხმების მიღწევაა. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად ჩვიდმეტამდე ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროებისა და სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი სქესობრივი და რეპროდუქციული პროგრამის მენეჯერი გუნტა ლაზდანე ამბობს, რომ წინა დოკუმენტისგან განსხვავებით, რომელიც უფრო მეტად სტრატეგიული დოკუმენტი იყო, ახალი ვერსია უშუალოდ სამოქმედო გეგმაა, კონკრეტული აქცენტებით სხვადასხვა პრობლემებზე. გარდა ამისა, ახალი დოკუმენტი სრულად მოიცავს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას და ჯანმრთელობაზე ზრუნვის გრძელვადიან ჯაჭვზეა ორიენტირებული.
„სამოქმედო გეგმა 53 ქვეყნისთვის მუშავდება და, რასაკვირველია, ყველა ამ ქვეყანაში განსხვავებული მდგომარეობაა. მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოსთვის დედათა ჯანმრთელობა დიდ პრობლემად რჩება. ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ამ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა და ქვეყანა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით იმოქმედებს. დანარჩენი უკვე ქვეყანაზეა დამოკიდებული. თუმცა არსებობს პრობლემები, რომლებიც საერთოა რეგიონისთვის, მაგალითად განათლება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით, სექსუალური ძალადობა და ზოგადად, ძალადობა“, - ამბობს გუნტა ლაზდანე.
ახალ სამოქმედო გეგმის განხილვასა და გამოცდილების გაზიარებასთან ერთად შეხვედრაზე ისეთ საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს რეგიონში, აღმოსავლეთ ევროპის, შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის.
გაერო-ისს მოსახლეობის ფონდის რეგიონული მრჩეველი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში თამარ ხომასურიძე ამბობს, რომ ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, რომლებიც ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი გამოწვევაა რეგიონისთვის. პირველ რიგში ეს არის ქალთა ჯანმრთელობა, დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის პრობლემები, საშვილოსნოს ყელის ონკოდაავადება, აბორტი.
„ათასწლეულის მიზნების ფარგლებში განხორცილებული ღონისძიებები მნიშვნელოვანი და შედეგიანი იყო. თუმცა ეს შედგები ძირითადად დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის მიმართულებით იყო მიღწეული. უნდა აღინიშნოს იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც დარჩა. ეს გახლავთ უნივერსალური ხელმისაწვდომობა რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებაზე. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოხდეს ყველა იმ პრობლემის პრევენცია, რომლებიც რეგიონში არსებობს. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ისეთ საკითხებს, როგორიცაა უშვილობის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, შიდსის პრევენცია. ამ მიმართულებით რეგიონს ძალზე ნეგატიური მაჩვენებლები აქვს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ეროვნული პროგრამების შემუშავება, რომელიც ფოკუსირებული იქნება იმ გამოწვევებზე, რომლებიც თითოეული ქვეყნის წინაშე დგას. ჩვენ მხარს დავუჭერთ და დავეხმარებით ქვეყნებს ამ პრობლემების დაძლევაში“, - ამბობს თამარ ხომასურიძე.
გაეროს მოსახლეობის ფონდის ინფორმაციით, 1990-იანი წლებიდან დღემდე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის განახევრდა, თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს ბარიერები, რომელთა გამოც ქალებსა და ახალგაზრდებს ხელი არ მიუწვდებათ სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში ხარისხიან ინფორმაციასა და მომსახურებაზე. რეგიონში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე არ იყენებს თანამედროვე კონტრაცეპტივებს. ასევე, მოზარდთა მშობიარობის მაჩვენებელი დასავლეთ ევროპის მაჩვენებელთან შედარებით სამჯერ მაღალია. საშვილოსნოს ყელის კიბოს შედეგად გამოწვეული სიკვდილობა ათჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში. აბორტი კვლავაც რჩება შობადობის კონტროლის ფართოდ გავრცელებულ მეთოდად და რეგიონში მეორადი უნაყოფობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ასევე, მზარდია აივ ინფექცია.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინა დარახველიძე ამბობს, რომ სამინისტრო მუშაობს, რათა შეიქმნას რეპროდუქციული ჯანმრთელობის სტრატეგია და ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც თავს მოუყრის სხვადასხვა დოკუმენტებში, სტრატეგიებსა თუ კონვენციებში ასახულ პრიორიტეტებს და შესასრულებელ ღონისძიებებს. მისი თქმით, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაწყებულია. სახელმწიფომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ამისათვის, მათ შორის გადაიხედა და განახლდა აბორტის შესახებ მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელიც 12 კვირამდე აბორტის მარეგულირებელ ნორმებს მოიცავს. ასევე, გაუმჯობესებულია სამედიცინო აბორტების ჩვენებების საკითხი. მისივე თქმით, დაგეგმილია სხვადასხვა სამედიცინო თუ საკანონმდებლო მექანიზმზე მუშაობა, რომელიც სელექციური აბორტის პრევენციას შეუწყობს ხელს. ასევე, მნიშვნელოვანია რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება.
„ადამიანმა უნდა იცოდეს, როგორ მართოს სწორად თავისი ჯანმრთელობა და რეპროდუქციული სტატუსი. ამ მიმართულებით აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, რადგან ეს ბევრ დადებით შედეგს მოიტანს და ბევრად დიდი იქნება უკუგება. როცა ადამიანმა იცის, რა არის კარგი მისთვის და მისი ოჯახისთვის, ის აუცილებლად შეეცდება, შემდგომ შესაბამისად იმოქმედოს. ჩვენ ნულიდან არ გვაქვს დასაწყები. ბევრი რამ უკვე გავაკეთეთ, მაგრამ გვჭირდება უფრო მეტად სისტემატიზაცია - რა გავაკეთეთ, რა გვაქვს გასაკეთებელი და რამდენად სწორ გზაზე მივდივართ. სტატისტიკის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია. სკანდინავიის ქვეყნების მხარდაჭერით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მოქმედებას დაიწყებს დედათა და ბავშვთა ძალიან მნიშვნელოვანი რეგისტრი, ე.წ. დაბადების რეგისტრი, რომელიც საშუალებას მოგვცემს თვალი მივადევნოთ რეპროდუქციული ჯანმრთელობის მეტად მნიშვნელოვან მაჩვენებლებს“, - ამბობს მარინა დარახველიძე.