Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორი პრემიერია გიორგი კვირიკაშვილი

17 მარტი 2016

ჯერ არ გასულა 100 დღე, რაც გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში მუშაობას შეუდგა. იგი მთავრობის სათავეში არც საკუთარი გუნდით მოსულა და არც ამ ფორმაციის მინისტრთა კაბინეტია მისთვის უცხო. მან განსხვავებული სასტარტო პოზიციიდან დაიწყო, ამიტომ ეს მოკლე დრო მის, როგორც პრემიერის, შესახებ გარკვეულ სურათს ქმნის.

როგორც პირველივე ხანში  გამოჩნდა, პრემიერმა ფორმების ცვლილებაზე გააკეთა აქცენტი და პოლიტიკური ტემპერატურის დაწევა განიზრახა. ახალი პრემიერი გაწონასწორებულად ესაუბრება პოლიტიკურ ოპონენტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაგრამ მისი საქმიანობის შეფასებისას განმსაზღვრელი იქნება შედეგი - ამ შეხვედრებზე წამოჭრილი საკითხების გადაჭრის ხარისხი.  თუკი მშვიდ გარემოში მსჯელობას თავისთავად შედეგად არ მივიჩნევთ.

ყველაზე მეტ აქტიურობას კვირიკაშვილი ეკონომიკის მიმართულებით იჩენს. მან თავისი ხედვა განვითარების ოთხ მიმართულებად დაახარისხა. პირველი  ითვალისწინებს საგადასახადო რეფორმას, რომელიც მთავრობის განცხადებით, მოიცავს ე.წ. ესტონურ მოდელს - მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრას (რეინვესტირების შემთხვევაში, ბიზნესი მოგების გადასახადისგან გათავისუფლდება). გარდა ამისა, კომპანია, რომელიც ძირითად საშუალებებს (მანქანა-დანადგარებს) იყენებს, მისი იმპორტისას აღარ  გადაიხდის დღგ-ს თანხას.

კვირიკაშვილი ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის ინიციატივითაც გამოდის. იგი ცვლილებებს საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მხრივაც გეგმავს.

კერძოდ: საგადასახადო დავის პერიოდში პირის  საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით იქნება შესაძლებელი; საგადასახადო შემოწმებას მხოლოდ საგადასახადო ორგანო შეძლებს და არა საგამოძიებო სამსახური. მაგრამ, ჯერჯერობით, არც ერთი დაგეგმილი ცვლილება არ მიუღიათ.

სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე ორიენტირებული მიმართულება ასევე მოიცავს სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ (მთავრობის გადაწყვეტილებით,  პროგრამაში ჩართვისთვის, სახელმწიფოსგან 10%-იანი თანადაფინანსების მისაღებად, სესხის მინიმალურმა ზღვარმა 150 000 აშშ დოლარიდან 75 000 აშშ დოლარამდე დაიწია). მის განშტოებებს კი წარმოადგენს - „უმასპინძლე საქართველოში“ (სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობა, გარდა თბილისსა და ბათუმში) და „გადაიღე საქართველოში“ (კინოინდუსტრიის წახალისება).

კვირიკაშვილის რეფორმის ერთ-ერთი ბლოკი გულისხმობს რეგიონების განვითარებას, რაც მისი შეფასებით, ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი უნდა იყოს. პრემიერი გვპირდება, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი გარღვევა იგეგმება - სრულიად ახალი გზა აშენდება ქუთაისიდან აბასთუმნის, ასევე ქუთაისი-სვანეთის მიმართულებით, ახალი გზა დააკავშირებს გომსა და რაჭასაც, ამასთან, აპირებს ცენტრალური ავტობანის მშენებლობის ტემპის დაჩქარებას.

აღსანიშნავია, რომ კვირიკაშვილის ინფრასტრუქტურული გეგმა საზოგადოებას შედეგებს 2020 წლისთვის სთავაზობს, რაც ბუნებრივია, მომდევნო საარჩევნო  (2016-2020) ციკლზეა გათვლილი.

პრემიერის პრიორიტეტს, აგრეთვე, წარმოადგენს პროფესიული განათლების გერმანული მოდელის დანერგვა.

შეფასებები

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) თანადამფუძნებელი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობის შეფასება ჯერ ძალიან ადრეა.

„მისი საქმიანობის შესაფასებლად საკმარისი დრო არ გასულა და ამიტომ სამართლიანი ვერ ვიქნები. ახალ პრემიერმინისტრს ვერც დადებითად და ვერც უარყოფითად ვერ შევაფასებ“, - უთხრა „ლიბერალს“ სერგი კაპანაძემ, - „განსხვავებით წინა პრემიერისგან, რომელზეც პირველივე დღეებში შემეძლო მეთქვა, რომ უარყოფითად ვაფასებ, იმიტომ, რომ ბევრი შეცდომა დაუშვა, მათ შორის, გამოირჩეოდა არასწორი განცხადებებით. ახლანდელი პრემიერის შემთხვევაში საბედნიეროდ, ასე არ არის. მგონია, რომ წინა პრემიერი ზოგადად ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პრემიერი იყო. იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით გიორგი კვირიკაშვილზე. მაგრამ, საკმარისი დრო არ გასულა იმისათვის, რომ მისი, როგორც პოლიტიკოსის დადებით და უარყოფით თვისებებზე ვისაუბროთ“.

სერგი კაპანაძის თქმით, ერთ-ერთი, რაც კვირიკაშვილს წინა პრემიერისგან განასხვავებს, არის ის, რომ საერთაშორისო პარტნიორებს ის გაცილებით მეტად მოსწონთ. „ეს აშკარად იგრძნობა. გიორგი კვირიკაშვილი უფრო წარმოსადეგია და მას უფრო სწორი გზავნილები აქვს“, - მიიჩნევს სერგი კაპანაძე.

წინასაარჩევნოდ გიორგი კვირიკაშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ ელექტორალურ ლიდერად ქცევის შესაძლებლობის შესახებ საუბრისას სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერი კვლავ ბიძინა ივანიშვილია.

„პრემიერ-მინისტრის შეცვლის გადაწყვეტილებაც ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებს. აქედან გამომდინარე, შენიღბვა იმისა, რომ კოალიციას სხვა ლიდერი ჰყავს, ჩემი აზრით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“, - ამბობს კაპანაძე. მისი თქმით, კვირიკაშვილს წინა პრემიერთან შედარებით მეტად აქვს შანსი, რომ დამოუკიდებელად იმოქმედოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნება“ მაინც ბიძინა ივანიშვილს ექვემდებარება.

როგორც კაპანაძე ამბობს, წინა პრემიერთან შედარებით გიორგი კვირიკაშვილის მიმართ  უკეთესი მოლოდინი არსებობს, რადგან ძნელია, იყო უარესი.

სერგი კაპანაძის განცხადებით, პრემიერები იწრთობიან და ფასდებიან კრიზისების შედეგად, ჯერ კვირიკაშვილი მნიშვნელოვანი კრიზისის წინაშე არ ყოფილა, რომლითაც მისი შეფასება იქნებოდა შესაძლებელი.

„რესპუბლიკელებსა“ და „მრეწველებს“ შორის დაპირისპირება შესაძლოა, კრიზისად იქცეს, მაგრამ ჯერ არ არის. ამასთან, ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებს „რესპუბლიკელებსა“ და „მრეწველებთან“ შეხვედრას, ვხედავთ, რომ ისევ მასთან წყდება ყველაფერი. აი, როგორ დამთავრდება ეს პროცესი, იქიდან გამომდინარე, შეგვიძლია,  ვიმსჯელოთ“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.

გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობის შესაფასებლად, ჯერჯერობით, ყველაზე მეტ სივრცეს მისი ეკონომიკური ინიციატივები ტოვებს. იმის გამო, რომ  განსაკუთრებული ხელშესახები შედეგები ჯერ არ გვაქვს, საჭიროა, ვიმსჯელოთ მის ეკონომიკურ ხედვაზე.

ეკონომისტი სოსო არჩვაძე „ლიბერალთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ კვირიკაშვილმა საქმიანობა საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო. მისი თქმით, ის, რომ პრემიერი ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენელია, მის შედარებით გაწონასწორებულობასა და ეკონომიკური საკითხების გადაჭრაზე  ფოკუსირებას განსაზღვრავს.

თუმცა სოსო არჩვაძის აზრით, მხოლოდ პრემიერის სურვილსა და ინიციატივაზე არ არის დამოკიდებული ეკონომიკაში წარმატების მიღწევა.

„ნათქვამია, „მეფის როლს თამაშობს ამალა“, ამიტომ საზოგადოების მხრიდან ამ რეფორმების მიმართ განწყობა, მონდომება და კრეატიული დამოკიდებულება მეტწილად განაპირობებს ჩვენი წინსვლის მასშტაბებსა და დინამიზმს. ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ხელს თუ არ შეუწყობს, არ შეუშალოს მაინც აღნიშნულ მიმართულებას“, - ამბობს არჩვაძე. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ჟორჟოლიანის თქმით, მთლიანობაში კვირიკაშვილის წარმოდგენით, განვითარება ინკლუზიური უნდა იყოს და იგი საზოგადოების წარმომადგენლების ფართო ჩართულობას უჭერს მხარს. კერძოდ, ბიზნესის წარმომადგენლებთან აქვს ხშირი შეხვედრები, როგორც ჟორჟოლიანი ამბობს, სასარგებლო იქნებოდა, თუკი პრემიერი შეხვედრებს გააგრძელებს და დასაქმებულთა ინტერესებსაც მოისმენს. „ვფიქრობ, ასეც იქნება, სრული ჩართულობა უნდა იყოს“, - უთხრა „ლიბერალს“ გია ჟორჟოლიანმა.

პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური საქმიანობის შეფასებისას „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი აცხადებს, რომ მთავრობაში ძალიან დიდ ხანს გრძელდება დისკუსიები და ცოტა საქმე კეთდება. „ამ მცირე და საშუალო ბიზნესს რად უნდა პრემიერთან შეხვედრები. უნდა გამოაჩინონ, რა კარგი მთავრობაა?! ან რა მიზანს ემსახურება?! თუ მთავრობა ადეკვატურ ნაბიჯებს დგამს, ბიზნესი ამას ისედაც მშვენივრად იგებს“, - ამბობს ჯანდიერი. მისი თქმით, ნელი ნაბიჯების შემთხვევაში, ინვესტორები სხვაგან წავლენ, ამიტომ მკვეთრი და სწრაფი მოქმედებებია საჭირო. როგორც ჯანდიერი ამბობს, ინვესტორებმა უნდა დაინახოს, რომ ქვეყანაში საგადასახადო ლიბერალიზაცია შემთხვევითი ღონისძიებები არ არის და მას გრძელვადიანი ხასიათი აქვს.

„აწარმოე საქართველოში“

სოსო არჩვაძე ეკონომიკის სისუსტის გამო გარკვეულ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესისთვის პირველი ბიძგის მიცემას მიესალმება და ამბობს, რომ პრემიერს მცირე, საშუალო ბიზნესი არ დავიწყებია. როგორც ეკონომისტი აცხადებს, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მცირე ზომის ბიზნესპროექტების მხარდაჭერის გადაწყვეტილება მისასალმებელია. „სანამ ავადმყოფია, წამლები უნდა მივცეთ, მაგრამ ჯანმრთელისთვის წამლის მიცემამ შესაძლოა, უკუეფექტი გამოიღოს. იმ დროს, როცა ეკონომიკა ფეხზე დადგება და დამოუკიდებლად შეძლებს გავლას, რა თქმა უნდა, ზედმეტი ჩარევისგან უნდა გავათავისუფლოთ“,  - ამბობს არჩვაძე. 

გია ჟორჟოლიანი სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ და მის ახალ კომპონენტებს მსოფლმხედველობრივ ჭრილში აფასებს.

„ეს არის აქტიური სახელმწიფოს გამომხატველი. ეს ნიშნავს სახელმწიფოს უშუალო მხარდაჭერას ეკონომიკური სფეროებისადმი. ვისურვებდი, ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მიზანმიმართულად გავრცელდეს ინდუსტრიის სფეროზე“, - უთხრა „ლიბერალს“ გია ჟორჟოლიანმა. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმირებაა საჭირო და დასაქმების ძირითად ადგილად არ უნდა დარჩეს კვლავ სოფლის მეურნეობა, სადაც დღეს მუშახელის 55%-ზე მეტია დასაქმებული და მშპ-ს მხოლოდ 9% იწარმოება. ამ დასაქმებულთაგან უდიდესი წილი თვითდასაქმებულია, რომელიც სამწუხაროდ, ხშირად არასასაქონლო, არამედ ნატურალურ მეურნეობას ეწევა.

„მოდერნიზების, ფერმერული მეურნეობის განვითარების შემთხვევაში, ეს ხალხი გამოთავისუფლდება და ეკონომიკაში ის სფერო უნდა გაჩნდეს, სადაც ისინი დასაქმდებიან. ეს არის ინდუსტრია“, - ამბობს ჟორჟოლიანი, - „ევროპაშიც კი, სადაც ინდუსტრია ჩვენზე გაცილებით განვითარებულია, სხვათა შორის, სოციალ-დემოკრატებმა მოამზადეს დიდი პროგრამა (300 მილიარდი უნდა იქნას მობილიზებული), რომლის მიხედვით, 2020 წლამდე ევროკავშირის მშპ-ში ინდუსტრიის ხვედრითი წილი 15%-დან 20%-მდე უნდა გაზარდონ. ეს სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია და კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულების მხარდაჭერას ნიშნავს. საქართველოშიც მხარდაჭერის პროგრამები უნდა გაუმჯობესდეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ თავიანთი როლი შეასრულეს. მთავრობის ნაბიჯების მასშტაბები არასაკმარისია და ამ მიმართულებით მეტი თანხის მობილიზება უნდა მოვახერხოთ“.

როგორც ჟორჟოლიანი ამბობს, შექმნილია ინდუსტრიის განვითარების სპეციალური ჯგუფი, რომელიც უფლებამოსილებით და რაოდენობრივად ჯერ სუსტია. დეპუტატის თქმით, ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა  მრეწველობის მიმართულების მხარდაჭერაა.

გიორგი კვირიკაშვილი პირველი ტექნოლოგიური პარკის გახსნაზე. თბილისი. 2015 იანვარი

კვირიკაშვილის ინიციატივებისადმი განსხვავებული დამოკიდებულება აქვს გია ჯანდიერს. იგი პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“  ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობის წინააღმდეგია. ჯანდიერმა „ლიბერალს“ უთხრა, რომ საქართველოში სასტუმროს მომსახურება ძალიან ძვირია. მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად, თურქეთში ის გაცილებით იაფია.

„ამ პროგრამის მიხედვით, ჩვენს მიერ გადახდილ გადასახადებს ვიღაცას ჩუქნიან. ამ ნაბიჯით, მთავრობა ჩვენ გვეუბნება, რომ ფულს, რომელსაც თქვენ, ვიღაც დოყლაპიები გადასახადში იხდით, ამ ხალხს ვჩუქნით, რომლებიც შეიძლება, გაცილებით დოყლაპიები არიან, მაგრამ ჭკვიანები აღმოჩნდნენ და პროგრამის რიგში ჩაეწერნენ. მდიდარი ქვეყანა რომ ვიყოთ, გასაფლანგი ფული გვქონდეს, კი ბატონო, მაგრამ მთავრობა თუ ფიქრობს, რომ გადასახადები მაღალია, უბრალოდ  დაწიონ იგი და ეს ბიზნესს ბიძგს ავტომატურად მისცემს - მათ შორის, ისეთი მიმართულებებით განვითარდება, როგორიცაა, „აწარმოე საქართველოში“, ხუმრობით, რომ ვთქვათ, „დაპატიჟე საქართველოში“, „აქეიფე საქართველოში“ და სხვა ყველაფერს. უბრალოდ შეესრულებინათ ის გეგმა, რომლის მიხედვით 2015 წლისთვის ყველა გადასახადი უნდა შემცირებულიყო“, - ამბობს ჯანდიერი. 

ამიტომ, ჯანდიერის თქმით, სჯობს, მთავრობამ რაღაცების გამოგონებისგან ხელი აიღოს. ეკონომიკის განვითარებისთვის კარგი ის არის, რომ მთავრობამ ცოტა ხარჯოს და მეტი ფული დაუტოვოს ბიზნესს. „ეს ნიშნავს, რომ შეამცირონ გადასახადები და თავიანთი ხარჯი.  ეს ფული ეკონომიკაში პირდაპირ დატრიალდება, რაც მარტივი ფორმულაა და ყველგან მუშაობს, მათ შორის საქართველოში. ის ბიზნესი, რომელიც ასეთი რეფორმის შემდეგ შეიქმნა, დღესაც მშვენივრად მუშაობს. ბიზნესს მთავრობის ბიძგი არ სჭირდება“, - აცხადებს გია ჯანდიერი.

საგადასახადო რეფორმა - ე.წ. ესტონური მოდელი

„ამერიკელებს აქვთ ასეთი ხუმრობა: ამერიკის ეკონომიკა ვითარდება ღამით, როცა მთავრობას სძინავს“, - გვეუბნება სოსო არჩვაძე და აღნიშნავს, რომ  საქართველოს ეკონომიკას ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ჯერ კიდევ არ მიუღწევია იმ დონისთვის, რაც მას დამოუკიდებლობის მოპოვების დროს ჰქონდა. იგი საგადასახადო ლიბერალიზაციის მომხრეა.

საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე, მათ შორის ე.წ. ესტონურ მოდელზე საუბრისას, ჟორჟოლიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აქ საქმე ეხება რეინვესტირების ხელშეწყობას. დეპუტატის შეფასებით, ეს განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა საბიუჯეტო შემოსავლების დანაკლისს გამოიწვევს და, როგორც ჟორჟოლიანი ამბობს, ამის კომპენსირების გზების შესახებ პრემიერს ესაუბრა: ეს ეხება მმართველობის ოპტიმიზებას (რაც სრულ დანაკლისს ვერ უზრუნველყოფს), გარდა ამისა, სხვა გზებზეც არის ფიქრი. „ამის ბოლომდე გაანალიზების გარეშე, ცვლილებები ძალაში არ შევა“, - ამბობს ჟორჟოლიანი.

გია ჯანდიერის შეფასებით, კვირიკაშვილის საგადასახადო ინიციატივა მოგების გადასახადის მიმართულებით ბევრ პროცედურას გულისხმობს და მაინცდამაინც დადებითი შთაბეჭდილება არ დატოვა. ჯანდიერის თქმით, თუ მთავრობა ფიქრობს, რომ მოგების გადასახადი ცუდია, მაშინ გააუქმოს.

„ამ აბდაუბდის ნაცვლად, რასაც ახლა ლაპარაკობენ, ინვესტორს თუ ეტყვი, რომ საქართველოში მოგების გადასახადი აღარ იქნება, უამრავი ვიღაც დაინტერესდება იმით, რომ ქვეყანაში კიდევ ერთი გადასახადი აღარ იარსებებს“, - ამბობს ჯანდიერი. მისი შეფასებით, საგადასახადო სისტემაში უფრო დიდი პრობლემები არსებობს, რის შესახებაც 15-16 წელია, ხმამაღლა საუბრობენ და მთავრობა უყურადღებოდ ტოვებს.

„მაგალითად, ის, რომ საგადასახადო ორგანოებს ზედმეტი უფლებამოსილებები აქვს, რომლითაც ისინი უამრავი ადამიანის უფლებებს არღვევენ. გეგმური საგადასახადო შემოწმება ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ საგადასახადო სამსახურში გეგმა დაწერა, რომ ბიზნესი უნდა შეამოწმონ. მათ ჩვენს წინააღმდეგ არც მტკიცებულება და არც ეჭვები აქვთ, მაგრამ რადგან გეგმური ჰქვია, მიაჩნიათ, რომ ამ თემაზე დავაც კი არ შეიძლება. ეს რას ნიშნავს? უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც კონსტიტუციის ნაწილია, აღარ მუშაობს?! ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე რაღაცას მაბრალებ. არაგეგმური შემოწმება უფრო მისაღებია, რადგან შესაძლოა, სასწრაფოდ რაღაც ეჭვი გაჩნდეს და ამიტომ იყოს შემოწმება საჭირო“, - აღნიშნავს გია ჯანდიერი და განაგრძობს, - „როგორც ცნობილმა აუდიტორმა, ირაკლი შავიშვილმა თქვა, საგადასახადო ორგანოს შენი და შენი კონკურენტების შესახებ უამრავი დოკუმენტი უჭირავს და კარგად შეუძლია, გაშიფროს, მართლა გაქვს თუ არა მოგება და აჩვენებ თუ არა სწორ ბრუნვას“.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^