აზერბაიჯანელი უფლებადამცველი რასულ ჯაფაროვი თავისუფალია. ამის შესახებ "ლიბერალს" ჯაფაროვის მეგობარმა და იურისტმა, გუნაი ისმაილოვამ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შეწყალების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი, სადაც რასულ ჯაფაროვთან ერთად კიდევ რამდენიმე პოლიტიკური პატიმრის - ჟურნალისტებისა და აქტივისტების გვარები მოხვდა. მათ შორისაა არასამთავრობო ორგანიზაცია “არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიის კვლევების ცენტრის” თავმჯდომარე ანარ მამადლი, რომელიც გადასახადებისთვის თავის არიდების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის 2013 წლის 16 დეკემბერს დააკავეს. 2014 წლის მაისში კი პატიმრობა მიუსაჯეს.
გუნაი ისმაილოვას თქმით, ჯაფაროვი ციხეს, სავარაუდოდ, ხვალ დატოვებს.
აზერბაიჯანელ უფლებადამცველ რასულ ჯაფაროვს ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლომ 2015 წლის 16 აპრილს 6,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მის წინააღმდეგ საქმე გენერალურმა პროკურატურამ 2014 წლის მაისში აღძრა. ამავე წლის 7 ივლისს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს, 25 ივლისის ქვეყნის დატოვება აუკრძალეს. ჯაფაროვი მოწმის სტატუსით პროკურატურაში რამდენჯერმე დაიბარეს, მაგრამ 2 აგვისტოს დაკითხვაზე მისულს სტატუსი შეუცვალეს, დააკავეს და სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
ჯაფაროვმა „ადამიანის უფლებათა კლუბი“ 2010 წლის 10 დეკემბერს დააფუძნა. ის ასევე ხელმძღვანელობდა კამპანიებს „იმღერე დემოკრატიისთვის” და „ხელოვნება დემოკრატიისთვის“. რასულ ჯაფაროვი ხშირად საუბრობდა აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების არსებობის შესახებ. მის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, 2014 წლის 1 აპრილისთვის აზერბაიჯანში 91 პოლიტპატიმარი იყო, ძირითადად, ჟურნალისტები, ბლოგერები, უფლებადამცველები, რელიგიური ლიდერები და პოლიტიკური აქტივისტები.
რასულ ჯაფაროვს ბრალად არაკანონიერი მეწარმეობა (აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლი), გადასახადებისთვის თავის არიდება (213-ე მუხლი), თანამდებობის ბოროტად გამოყენება (308-ე), სხვისი ქონების მისაკუთრება (179.3.2-ე მუხლი) და საბუთების გაყალბება (313-ე მუხლი) ედება. ბრალდების მხარის მტკიცებით, გადასახადების დამალვით მან ბიუჯეტს 6 162 მანათის ღირებულების ზიანი მიაყენა.
ადგილობრივი უფლებადამცველები და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის „Amnesty International“ ჯაფაროვის დაკავებას მის საქმიანობას უკავშირებენ და მას პოლიტპატიმრად აღიარებენ.