რა შემთხვევაში განიხილავს აკადემიური საბჭო რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს?
უნივერისტეტის წესდების მიხედვით, აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას“.
დაარღვია თუ არა რექტორმა კანონი, როდესაც მან თავის დროზე არ გაამჟღავნა ინფორმაცია, ე.წ. “ოდეერების” შესახებ და არ მიმართა შესაბამის უწყებებს. შესაძლებელია თუ არა, რომ ეს ფაქტი, მისი თანამდებობიდან გადაყენების საფუძველი გახდეს?
ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები “ლიბერალმა” ორ იურისტს - რეზო ხოფერიასა და გიორგი ჩიტიძეს დაუსვა.
შეგახსენებთ, რომ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს და მათ მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ რექტორმა ვერ გაართვა თავი დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც გამოიხატა იმაშიც, რომ ვერ უზრუნველყო სენატის სხდომის ჩატარება, რომელსაც კანცლერობის კანდიდატის არჩევაზე უნდა ემსჯელა. ასევე ისინი თვლიან, რომ თუკი რექტორმა იცოდა, რომ უნივერისტეტში, ე.წ. ოდეერები მუშაობდნენ, მას ამის შესახებ უნდა განეცხადებინა. სამი დღის განმავლობაში თვითმმართველობის წევრები რექტორს ამ და სხვა პრეტენზიებს უყენებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ. თვითმმართველობის წევრებმა და მათმა მხარდაჭერებმა აქციები შეწყვიტეს, თუმცა რექტორის გადადგომის საკითხი ძალაში დატოვეს. თავის მხრივ ამ საკითხის განხილვის პირობა აკადემიური საბჭოს მხრიდანაც მიიღეს.
რეზო ხოფერიას თქმით, რექტორი სენატის სხდომასთან კავშირში არაა. სენატი დამოუკიდებელი ორგანოა, რექტორი კი აკადემიურ საბჭოს ხელმძღვანელობს. შესაბამისად სენატის სხდომის არ გამართვა არ უნდა ჩაითვალოს რექტორის მხრიდან დაკისრებული მოვალეობების არასათანადო შესრულებად.
რაც შეეხება უნივერისტეტში, ე.წ. “ოდეერების” არსებობის საკითხს:
“თუ რექტორმა იცოდა, რომ უნივერსიტეტში არსებობდა ოდეერი და მაშინვე არ განაცხადა, ეს შეიძლება ჩაითვალოს კანონმდებლობის დარღვევად, რადგან მას ევალება დაიცვას უნივერსიტეტის ავტონომია. თსუ ავტონომიური დაწესებულებაა. როცა მისთვის ცნობილი გახდა ასეთი პირის არსებობის შესახებ, მას ამის შესახებ უნდა განეცხადებინა და მის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა ეწარმოებინა. რექტორი ვალდებულია, ავტონომიის პრინციპის დაცვით მართოს დაწესებულება”, - განუცხადა “ლიბერალს” რეზო ხოფერიამ, თუმცა დასძინა, რომ მხოლოდ რექტორის დადანაშაულება არასწორი იქნებოდა და უნივერსიტეტში, ე.წ. “ოდეერების” არსებობის გამო პირველ რიგში პასუხი მთავრობას უნდა მოეთხოვოს.
უნივერსიტეტის წესდების მიხედვით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტონომიური დაწესებულებაა. ამავე წესდების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტი კი ამბობს, რომ რექტორი მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს უნივერსიტეტის მართვას.
იურისტ გიორგი ჩიტიძის აზრით, არ იკვეთება რექტორის მხრიდან კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი და ამ საფუძველზე მის მიმართ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის პროცედურის დაწყება არ უნდა მოხდეს.
“უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, მის მიერ დასახელებულ პირსა (ე.წ. „ოდეერს“) და უნივერსიტეტს შორის, არსებობს შრომით ურთიერთობა. შესაბამისად, თუ თანამშრომელი ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, არ არღვევს უნივერსიტეტის შიდა რეგულაციებს ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს (მაგალითად, თუ ხელშეკრულებით ევალება გარკვეული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა და გაუმჟღავნებლობა) ცალკე აღებული ის ფაქტი, რომ იგი, შესაძლოა თანამშრომლობდეს სამართალდამცავ ორგანოებთან, მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი ვერ გახდება.
უფრო მეტიც, უნივერსიტეტის წესდებით, რექტორს ფაქტობრივად არ გააჩნია საკადრო ფუნქციები. ადმინისტრაციულ პერსონალს ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი, ხოლო აკადემიურ პერსონალი ინიშნება კონკურსი წესით, აკადემიური საბჭოს მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ. შესაბამისად, ხსენებული თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი რომც არსებობდეს, მასზე რეაგირება რექტორის ფუნქციას არ წარმოადგენს.
ამავდროულად, რექტორის მიერ იმის ცოდნა, რომ მისი თანამშრომელი შესაძლოა, ინფორმაციას აწვდიდეს მესამე პირებს, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, არ წარმოშობს რექტორის რაიმე კანონისმიერ ვალდებულებას, რომ ამ ინფორმაციის შესახებ საჯაროდ განაცხადოს ან მიმართოს რომელიმე უწყებას“, - განუცხადა “ლიბერალს” გიორგი ჩიტიძემ.
გიორგი ჩიტიძის თქმით, თუ თსუ-ში, ე.წ.”ოდეერი” სუს-ს ჰყავდა მივლინებული, მაშინ გამოდის რომ კანონი დაარღვია სუს-მა, რადგან „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით უსაფრთხოების სამსახურს (სუს-ი) შეუძლია, სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებში, სპეციალური ხელშეკრულების საფუძველზე, მიავლინოს თავისი თანამშრომელი კონკრეტული ფუნქციების შესასრულებლად.
თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ამომწურავი ჩამონათვალი განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით და მასში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არის.
“შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით, სუს-ი არ არის უფლებამოსილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიავლინოს თავისი თანამშრომელი (ე.წ. „ოდეერი“). იმ შემთხვევაში, თუ ამ ფორმით, უნივერსიტეტში მაინც არსებობს თანამშრომელი, ე.ი. სუს-ი კანონს არღვევს. აღნიშნული, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს, რომ თსუ-ის რომელიმე თანამშრომელი თავისი ინიციატივით და არა სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, ურთიერთობდეს სუს-თან და აწვდიდეს მას შესაბამის ინფორმაციას”, - ამბობს გიორგი ჩიტიძე.
შეკითხვაზე რექტორის მხრიდან აღნიშნული ფაქტის გაუმჟაღვნებლობა შეიძლება თუ არა ჩაითვალოს რექტორისთვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელებად, გიორგი ჩიტიძემ გვიპასუხა: “საეჭვოა, რექტორის მხრიდან აღნიშნული ფაქტის თავის დროზე გაუმჟღავნებლობა ავტომატურად ჩაითვალოს შეუფერებელ საქციელად. შეუფერებელი საქციელი, დიდი ალბათობით, გულისხმობს, რექტორის ისეთ ქმედებას, რომელიც მართალია კანონდარღვევა არ არის, მაგრამ მორალური თვალსაზრისით მიუღებელია ან სხვაგვარად შეუთავსებელია რექტორის სტატუსთან. ვფიქრობ, ეს შემთხვევა შეუფერებელ საქციელად ვერ ჩაითვლება და ამ მიზეზით უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა არასწორი იქნება“, - ამბობს გიორგი ჩიტიძე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ 10 მარტს „რუსთავი 2-თან" საუბრისას განაცხადა, რომ უნივერსიტეტში, ე.წ. „ოდეერს“ ივა კავსაძეს კანცლერის თანაშემწის თანამდებობა უკავია.
„ოდეერის ინსტიტუტი ქვეყანაში არსებობს და მე პრინციპულად წინააღმდეგი ვარ ასეთი სისტემის არსებობის. მე ეს სისტემა დამხვდა. შემდეგ მოხდა საკადრო ჩანაცვლება. დადგა დრო, რომ ქვეყანა გათავისუფლდეს ამ სისტემიდან“, - განაცხადა ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ 8 მარტს სტუდენტებთან შეხვედრისას.
მეორე დღეს სუს-მა თსუ-ში, ე.წ. “ოდეერის არსებობა უარყო. აღნიშნულ თემაზე რექტორის ბრძანებით თსუ-ში შიდა მოკვლევა დაიწყო.
ასევე ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის არსებობა/არარსებობის საკითხზე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა საქართველოს პარლამენტს მიზანშეწონილად მიაჩნია.