Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

25 ლარი და 60 თეთრი

21 მარტი 2016

სახელი და გვარი: თეიმურაზ ხაჭაპურიძე

ასაკი: 54 წელი

პოზიცია შახტაში: გამგორე

ხელფასი გაფიცვამდე: ხელზე 366 ლარი

ხელფასი გაფიცვის შემდეგ: ხელზე 391 ლარი და 60 თეთრი

შახტაში მუშაობის გამოცდილება: 28 წელი

სამუშაო გრაფიკი: თვეში 20 დღე, დღეში 9-საათი.

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული, ჰყავს 10 წლის შვილი.

ინტერვიუ ტყიბულში გაფიცვის მეთოთხმეტე დღეს ჩავწერე. მეშახტეები ჯერ კიდევ იბრძოდნენ, იბრძოდნენ ხელფასის გაზრდისა და შრომის პირობების გაუმჯობესებისთვის. გარეთ, წვიმასა და სიცივეში იდგნენ და ერთმანეთს ამხნევებდნენ. თეიმურაზ ხაჭაპურიძე გაფიცულების მასიდან შემთხვევით ამოვარჩიე. თავიდან უარი მითხრა -დავიღალე ლაპარაკით, ძალა მაქვს გამოცლილიო, მაგრამ რამდენიმე წამში გადაიფიქრა.

დღეს გაფიცვა დასრულებულია. შეთანხმების მიხედვით, მუშებს კომპანია „ჯი-აი-ჯი“ ხელფასს 7%-ით, აპრილიდან კი კიდევ 3%-ით გაუზრდის. მუშები გაფიცვიდან მეთექვსმეტე დღეს მიწისქვეშ, შახტაში დაბრუნდნენ.

- 16 წლის ვიყავი შახტაში მუშაობა რომ დავიწყე. 1978 წელი იყო. სკოლა დავამთავრე თუ არა ეგრევე. თავიდან მიწისზედა სამუშაოზე ვმუშაობდი. ერთ წელიწადში ჯარის დრო მოვიდა, წავედი. მერე იყო ომი, ტრავმები ფეხზე. ჭრილობა რომ მოვიშუშე, ისევ შახტას დავუბრუნდი, ოღონდ, უკვე მიწისქვეშა სამუშაოებს. პარალელურად, ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ძალიან დიდი ხანი ელმავლის მემანქანე ვიყავი, ვიყავი მნგრეველიც. მერე შახტი დაიხურა და უკრაინის ცირკში, ადმინისტრატორად მოვეწყვე, 2006 წელს კი ისევ მიწის ქვეშ დავბრუნდი. რამდენიმე წელია, გამგორედ ვმუშაობ, ნახშირი გამომაქვს გარეთ.

ამდენი წელია, მუშაობთ შახტაში. რა იყო ადრე?

ზოგადად, ჩვენი პროფესია ძალიან რთულია. ტყიბულის შახტები სხვა კატეგორიისაა; აქ ყველა შენი ქმედება სიცოცხლეზე გადის, ერთი შეცდომა და უფსკრულში ხარ; დიდი ყურადღებაა საჭირო; ელემენტარული ნორმების ცოდნა, მაგალითად, არ შეიძლება სიგარეტის მოწევა. მაგრამ ადრე დაფასებაც სხვანაირი იყო. არ იფიქროთ, რომ კომუნისტურ პერიოდს მივტირი, მაგრამ ფაქტია, რომ მაშინ ჩემი პროფესია გაცილებით მეტად იყო დაფასებული. ამას ჰაერზე არ ვამბობ, მაგალითად, იყო პერიოდი, თუ შახტაში მათ საჭმელს არ წავიღებდი, შიგნით არ მიშვებდნენ -კარგად უნდა იკვებო, რომ კარგად იმუშაოო. იყო განსაკუთრებული კვების დღეები, ხორცი, თევზი. ახლა? ახლა საკვებს ჩვენ თვითონ ვყიდულობთ, არ გვექნება და სულ არ აინტერესებს ადმინისტრაციას, მშიერი კუჭით ვიმუშავებთ თუ არა. გარდა ამისა, თუ სამსახურში დასვენების დღეებში გამომიძახებდნენ, ან საწარმოს ჩემი შრომა დამატებით სჭირდებოდა, აუცილებლად ანაზღაურებდნენ. იყო პენსია, მაშინ 220 ლარი დიდი ფული იყო, არავის არ ჰქონდა მეშახტისნაირი პენსია. წესი იყო ასეთი, 20 წელი თუ სანგრევში მუშაობდი, რა ასაკისაც არ უნდა ყოფილიყავი, პენსია გენიშნებოდა. ახლა კი 65 წლამდე, მგონი, ბევრი ვერც აღწევს.

ახლა ხელზე 366 ლარს იღებთ. როგორ ანაწილებთ ამ თანხას?

დის ქმარი მყავს საზღვარგარეთ, ის რომ გაჭირვებაში არ მეხმარებოდეს, ხანდახან ისეთი მდგომარეობა მაქვს, ალბათ, თავს მოვიკლავდი. ჩემს შვილს ხან რა სჭირდება ხან რა. ინგლისურზე მინდა ვატარო. კომპიუტერი არ ჰქონდა, მეზობელთან გადადიოდა ხოლმე. ჩემი ხელფასით კრედიტს ვერ გამოვიტანდი, ახლობელს ვთხოვე და ახლა ყოველთვე 120 ლარს ვუხდი. დარჩა 246 ლარი ხო? აბა რა გითხრათ? -კომუნალურები, საკვები, ცალკე ჩემი შახტაში ყოფნის დროს საჭირო კვების ფული, სახლიდან თუ ვერ მიმაქვს, მაღაზიაში ძეხვს და პურს ვყიდულობ ხოლმე. თვეში 20 სამუშაო დღე, 9-საათიანი რეჟიმით ვმუშაობ და ერთხელ კვება მაინც მჭირდება. სახლში 80 წლის ავადმყოფი მამა მყავს, მარტო შარშან სამი ოპერაცია გავუკეთე. კაცი პანაშვიდზე რომ ვალით წახვალ, სხვა რაღაზე ვილაპარაკო, არ ვიცი. ზუსტად ამ გაჭირვებას მიჰყავს ადამიანი გალოთებამდე, ამას მოჰყვება ოჯახების დანგრევა და კონფლიქტები.

როგორ დაიწყო პროტესტი?

ეს მუხტი მეშახტეებში ძალიან დიდი ხანია არსებობს. უსამართლობას ყოველთვის ვხედავდით, მაგრამ, ძირითადად, უკმაყოფილება ჩვენ შორის რჩებოდა, ან დირექტორთან ვჩიოდით. ბოლოს ძალიან დავიღალეთ. გაფიცვის იდეა ჩემი პოზიციის ხალხისგან წამოვიდა, ვისაც ყველაზე დაბალი ხელფასი გვქონდა; მერე სხვებიც გვერდით დაგვიდგნენ. გაღიზიანებას ისიც ემატებოდა, რომ ადმინისტრაციას ჩვენთან შედარებით ათჯერ და ასჯერ დიდი ხელფასი ჰქონდა. პრემიებსაც ისევ თვითონ იწერდნენ; არ იყო არანაირი დანამატი, წახალისება, ადამიანები სხეულის დაზიანებებს იღებდნენ და როგორც კი შრომისუუნაროები ხდებოდნენ, კომპანია მათ ივიწყდებდა, არანაირ პენსიას არ უხდიდა. ასეთი დამოკიდებულებით, შრომას ინტერესი დაუკარგეს. მე რომ გისრულებ გეგმას და ჯილდოს შენ იღებ, მეორეჯერ რაღატომ უნდა ვიყო სამსახურში პასუხისმგებლიანი? ამიტომ ვთქვით, რომ ეს უნდა დასრულდეს. ჩვენ გვინდა ღირსეული ანაზღაურება, ღირსეული შრომის პირობები, დაფასება და ოჯახების კეთილდღეობა.

გაფიცვის მეთოთხმეტე დღესაც იმავე პოზიციაზე ხართ? მზად ხართ, ბოლომდე დაიცვათ თქვენი ინტერესები?

ძალიან დავიღალეთ, ფიზიკურადაც და მორალურადაც. მარტივი არაა ეს ყველაფერი, მაგრამ მგონია, რომ ჯერ კიდევ შეგვიძლია კომპანიას გავაგონოთ ჩვენი ხმა და ვუთხრათ, რომ მონობა ცუდია! დღეს მონობის დრო აღარაა!

სოლიდარობა მუშებს! მუშა და არა მონა! -ამ შეძახილებით გაფიცვის მეთორმეტე დღეს სტუდენტურ გაერთიანებებთან ერთად მეშახტეები „ჯი-აი-ჯის“ ადმინისტრაციის შენობაში შეიჭერით და მათგან თქვენს მოთხოვნებზე პასუხის გაცემა ითხოვეთ...

კი, ეს ღამე მგონია, რომ ცოტათი სახიფათო, მაგრამ აუცილებელი იყო. მიხარია, რომ მშვიდობიანად დასრულდა ყველაფერი, მაგრამ ვითარების დაძაბვის საფრთხე არსებობდა. ძალადობის წინააღმდეგი ვარ და ეს იმ ღამესაც გამოჩნდა, მაგრამ ვინმე ნასვამი რომ ყოფილიყო, შეიძლება, ჩვენი გაფიცვა სავალალოდ დასრულებულიყო. ჩვენს მხარეს არავინ დაიჭერდა და ისევ ოლიგარქები იხეირებდნენ. ხალხი დაღლილია, გაღიზიანებული და არაფერი იყო გამორიცხული, მაგრამ გამოსაფხიზებლად ძალიან კარგი ნაბიჯი იყო.

მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეშახტეებს სამუშაო პროცესში კარს უკეტავენ. საუბარია ასევე მძიმე სამუშაო პირობებზე, ტრავმები და სიკვდილიანობა დიდია...

კარის ჩაკეტვის შემთხვევები ჩემი თვალით მინახავს. ეს მინდელის სახელობის შახტში ჩვეულებრივი ამბავი იყო. სამუშაო პირობები მძიმე რომ არის, ამას შახტში დამარცხების სტატისტიკაც აჩვენებს. დამარცხება, ასე ვეძახით ტრავმას ან სიკვდილს, რომელიც ტყიბულელებს უკვე აღარც კი გვიკვირს. რა თქმა უნდა, შახტი თავისთავად საშიში ადგილია, არავინ არაფრისგან არაა დაზღვეული. არც კომპანიას შეუძლია, წინასწარ განსაზღვროს აფეთქების რისკი. ვერ დავითვლი, რამდენი ადამიანი დაშავებულა და მომკვდარა ჩემს თვალწინ, მაგრამ ზუსტად ამის გამოა, რომ კომპანია სოლიდარობას უნდა გამოხატავდეს, უნდა ადარდებდეს ჩვენი ბედი, უნდა დაგვიფასოს ასეთი მძიმე შრომა. სულ იმის მეშინია, შახტიდან რომ ვერ ამოვიდე, რას იზამს ჩემი ოჯახი, ჩემი 10 წლის ბიჭი, რომელიც ახლა იწყებს ცხოვრებას.

გინდათ, რომ თქვენმა ბიჭმაც შატხაში იმუშაოს, მომავალში?

არავითარ შემთხვევაში. ამის ძალიან მეშინია. ყველაფერს ვიზამ, რომ ისწავლოს და აქედან წავიდეს. მამაჩემი სამთოველი იყო, ჩემი ძმაც შახტში მუშაობდა, მაგრამ თავი დაანება, ახლა 200 ლარად ჭადრაკს ასწავლის. დაბალი ხელფასი აქვს, მაგრამ სწორადაც იქცევა, ჩემი აზრით. არც ის უსურვებს თავის შვილს შახტში მუშაობას და სწორიცაა.

თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ასეთ ვითარებაში? ვის მხარეს დგას ახლა?

ამ პროცესებიდან გამომდინარე, ვიტყვი, რომ მთავრობა კერძო ინტერესების დამცველი უფროა, ვიდრე ჩვენი. პირველ რიგში, არ შეიძლება ამხელა მიწისქვეშა რესურსი ერთ ოლიგარქს, ერთ ინდივიდს გადასცე, რომლის სახეც კი არასდროს გვინახავს. ეს უკვე დიდი ბოროტებაა. მიდიხარ კაცი გამგებელთან, დახმარებას სთხოვ, ის კი გეუბნება -მაგის ბერკეტი არ მაქვსო. არ აქვს და ვერც ვამტყუნებ; ბოროტი კი არაა ეს ადამიანი, უბრალოდ, ასეთი წესებია ქვეყანაში და მორჩა. მაგრამ ახლა, როცა ტყიბული და არა მარტო, სოციალური აფეთქების რისკის წინაშეა, შეიძლება სახელმწიფო ისევ ასე დუმდეს და უმოქმედო იყოს? კომპანიისთვის კანონები არაფერია, ამათთვის პატიოსნება ყველაზე გაუგებარი ცნებაა. იქცევიან ისე, როგორც თვითონ უნდათ, სახელმწიფოც მათ გვერდითაა.

დავუშვათ, რომ ტყიბულში შახტა ისევ დაიხურა, რა იქნება, რას იზამს მოსახლეობა, თქვენ?

დაიხურება ყველაფერი; აქ არ იმუშავებს აფთიაქი; არ იქნება მაღაზიები, სხვა დაწესებულებები. წავალთ დიდ ქალაქებში, ქუთაისში, თბილისში და აქაურობა დარჩება ასე ცარიელი და გამოშიგნული. ჩვენი გაჭირვება კი, სავარაუდოდ, გაგრძელდება; უსახლკაროდ ქალაქში ცხოვრება ისედაც მძიმეა; მაგრამ ეს არ უნდა დავუშვათ, ხომ ხედავთ დღეს ყველანი ერთად ვართ. მუშების სოლიდარობა გრძელდება; ჩვენთან ერთად არიან ჭიათურელი, ზესტაფონელი მუშები, მუშები რუსთავიდან; ქსანი გაფიცულია. ჩვენი უნდა ეშინოდეთ. არ ვიცი, რით დამთავრება ყველაფერი, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ყველაფრის დასაწყისი იქნება. ამის შემდეგ გაჩუმებას აღარ ვაპირებთ, ჩვენ უკან შვილები, ცოლები, დედები, მამები დგანან.

ამ ინტერვიუდან ორი დღის შემდეგ საგაფიცვო კომიტეტი მთავრობის, პროფკავშირისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მათთან ერთად 50-მდე მუშა იყო. შეთანხმება შედგა და მეორე დილით ცვლის მუშები მიწისქვეშ შევიდნენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^