Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იმრალის ტუსაღი და სხვა ქურთები

22 მარტი 2016

5-წლიანი დაპირისპირების შემდეგ, 28 თებერვალს სირიაში სამოქალაქო კონფლიქტის მონაწილე მხარეები საბრძოლო მოქმედებების დროებით შეწყვეტას დასთანხმდნენ. დროებითი ზავის დაცვის პირობა სირიის პრეზიდენტმა, ოპოზიციამ და სირიელი ქურთების შეიარაღებულმა რაზმებმაც დადეს. ამჟამად საერთაშორისო ორგანიზაციები ჰუმანიტარული მისიის დაგეგმვაზე მუშაობენ, ხოლო დიპლომატების მთავარი ამოცანა სირიის პრეზიდენტისა და ძირითადი ოპოზიციური ჯგუფების მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებაა. სამხედრო მაღალჩინოსნების მთავარ თავსატეხად კი „ისლამური სახელმწიფოსა“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების იზოლირება და დამარცხება რჩება.

თურქეთი და არაბული სახელმწიფოების ნაწილი ექსტრემისტების წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციას კვლავ არ გამორიცხავენ. ანკარის ასეთი პოზიცია კი, სავარაუდოდ, უკვე არა იმდენად „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების დამარცხების სურვილს, არამედ თურქეთის საზღვრის სიახლოვეს სირიელი ქურთების „სახალხო თავდაცვის რაზმების“ გააქტიურებას უკავშირდება. ქურთი მებრძოლების მცდელობას, სირიის ჩრდილოეთში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი აზაზი დაეკავებინათ, უკვე მოჰყვა თურქეთის მთავრობის მკაცრი რეაქცია. თებერვლის ბოლოს თურქმა სამხედროებმა სირიელი ქურთების პოზიციებს ცეცხლი რამდენჯერმე გაუხსნეს. ეს ინციდენტი კი სირიაში დაპირისპირების კიდევ ერთი ახალი ფრონტის გახსნის საფრთხეს ქმნის.

„იზოლირებული თურქეთი“

სირიელი ქურთების „სახალხო თავდაცვის რაზმებს” თურქეთში „ქურთ მუშათა პარტიის“ მოკავშირე ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევენ. მართალია, თავად სირიელები ამას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათი მიზანი სირიაში ქურთული ავტონომიის ფორმირებაა, მაგრამ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებებიდან ჩანს, რომ თურქეთისთვის ეს იდეაც კატეგორიულად მიუღებელია და ამ პოზიციის დასაცავად ვაშინგტონთან დავასაც არ მოერიდება. განსხვავებული პოზიცია აქვთ აშშ-სა და ევროკავშირში, სადაც ქურთ სირიელებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან პარტნიორებად მიიჩნევენ.

სირიაში ქურთები მოსახლეობის 7-10 პროცენტს წარმოადგენენ. ისინი, ძირითადად, დამასკოსა და ალეპოში, ასევე ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე აფრინსა და ჩრდილო-აღმოსავლეთით განლაგებულ ქამილიში ცხოვრობენ. სირიის ხელისუფლება მათ წლების განმავლობაში ავიწროებდა. 1960-იანი წლებიდან 300 ათას ქურთს მოქალაქეობა ჩამოართვეს, მათი კუთვნილი მიწები კი არაბებს დაურიგეს.

2011 წელს სირიაში კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე სირიელი ქურთი მებრძოლები სარგებლობენ როგორც რუსეთის, ისე აშშ-ის მხარდაჭერით. ამასთან მათ მოახერხეს, თავიდან აეცილებინათ ღია კონფლიქტი სირიის პრეზიდენტის არმიასთან. „სახალხო თავდაცვის რაზმებმა“ თურქეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარე რამდენიმე რაიონის „ისლამური სახელმწიფოსგან“ გათავისუფლებაც შეძლეს და ამჟამად მათ ერთმანეთთან დაკავშირებას ცდილობენ, რაშიც რუსეთის ავიაციაც ეხმარება.

თურქეთის ხელისუფლებას კი აშკარად არ სურს, სირიასთან საზღვარზე ყველა საკონტროლო გამშვებ პუნქტს ქურთები აკონტროლებდნენ. ამასთან ქურთმა მებრძოლებმა სწორედ ის ტერიტორია დაიკავეს, სადაც ანკარა ე.წ. ბუფერული ზონის მოწყობას მოითხოვდა.

პრემიერ-მინისტრ აჰმედ დავუთოღლუს განცხადებით, მთავრობა არ დაუშვებს სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს „ტერორისტული სტრუქტურების“ ფორმირებას და ნებისმიერ ასეთ საფრთხეს ადეკვატურ პასუხს გასცემს.

თურქეთში, სადაც ქურთ სეპარატისტებს წლების განმავლობაში ებრძვიან, შიშობენ, რომ სირიაში ქურთული ავტონომიის ჩამოყალიბების შემთხვევაში, ანალოგიური მოთხოვნით გამოვლენ თურქეთში მცხოვრები ქურთებიც.

„კუნძულ იმრალის ტუსაღი“

მარმარილოს ზღვაში, რომელიც თურქეთის ევროპულ ნაწილს აზიურისგან ყოფს, მდებარეობს პატარა კუნძული იმრალი. სიმბოლურია, რომ სწორედ აქაა აგებული ციხე, რომელშიც 1999 წლიდან სასჯელს იხდის თურქეთში ყველზე ცნობილი პატიმარი, „ქურთ მუშათა პარტიის” ლიდერი აბდულა ოჯალანი. ქურთისტანის დამოუკიდებლობის და შემდეგ ავტონომიისთვის მებრძოლი ოჯალანი 2009 წლამდე საკანში მარტო იმყოფებოდა მიუხედავად ამისა, ის დღემდე რჩება თურქეთში ქურთების მოძრაობის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ლიდერად. „ქურთ მუშათა პარტიის“ ბრძოლა თურქეთის წინააღმდეგ 1984 წლიდან დაიწყო. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თავად ოჯალანი ამ დროს სირიას აფარებდა თავს და იქიდან ხელმძღვანელობდა თანამებრძოლებს. 1998 წელს, ანკარის ზეწოლის შემდეგ, სირიის მოქმედი ლიდერის, ბაშარ ასადის მამა, ჰაფეზ ასადი იძულებული გახდა, ოჯალანი ქვეყნიდან გაეძევებინა.

1999 წელს კი თურქულმა სპეცსამსახურებმა ის კენიაში დააკავეს. სპეცოპერაციის დროს თავად ოჯალანს უთხრეს, რომ ის ნიდერლანდებში პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად მიემგზავრებოდა.

ოჯალანის დაპატიმრების შემდეგ, „ქურთ მუშათა პარტიის“ ლიდერმა ახალ მიზნად დემოკრატიული კონფედერაციის ჩამოყალიბება დაასახელა, რომელშიც სხვადასხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში შექმნილი ქურთული ავტონომიები უნდა გაერთიანდეს.

ქურთი მებრძოლებისა და თურქეთის ხელისუფლების დაპირისპირებას წლების განმავლობაში 40 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქურთებთან სამშვიდობო დიალოგი დაიწყო. მათ უფრო მეტი უფლებები მისცეს.

2013 წელს ოჯალანთან საიდუმლო მოლპარაკებების შედეგად თურქეთის მთავრობამ „ქურთ მუშათა პარტიასთან“ ზავი გააფორმა, თუმცა დაპირისპირება მხოლოდ 2 წლით შეწყდა.

სირიაში სამოქალაქო კონფლიქტის გამწვავებასთან ერთად თურქეთში თავდასხმები გახშირდა, რაშიც ხელისუფლებამ ქურთი მებრძოლები დაადანაშულა და მათ წინააღდმეგ საბრძოლო მოქმედებები განახლდა.

2015 წლის დეკემბრიდან დღემდე თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც, ძირითადად, ქურთები ცხოვრობენ, უშიშროების ძალებმა არაერთი სპეცოპერაცია მოაწყვეს. ჯიზრეში, დიარბაქირსა და სხვა ქალაქებში კომენდანტის საათი ზოგჯერ რამდენიმე კვირაც კი მოქმედებდა. თურქული ავიაცია დღემდე პერიოდულად ბომბავს ერაყის ტერიტორიას, სადაც მთიან რეგიონებში „ქურთ მუშათა პარტიის“ წევრებს საწვრთნელი ბანაკები აქვთ მოწყობილი. შექმნილ ვითარებაში ოჯალანისა და მისი თანამებრძოლების იდეების ხორცშესხმის პერსპექტივა ბუნდოვნად გამოიყურება. ჩაშლილი ზავისა და თურქ სამართალდამცველებზე გახშირებული თავდასხმების პირობებში „ქურთ მუშათა პარტიის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოღება არარეალურია, თუმცა სირიელი ქურთების წარმატებამ შესაძლოა, მათ წინააღმდეგობის მოძრაობას მნიშვნელოვანი ბიძგი მისცეს.

„ერაყელი ქურთების მაგალითი“

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს იერიშების გამო შექმნილი ქაოსით ყველაზე „მოხერხებულად“ ისარგებლეს ერაყელმა ქურთებმა. მათ ჯერ კიდევ 2014 წლის ივნისში დაიკავეს ქალაქი კირკუკი, რომლის სტატუსიც წლების განმავლობაში სადავო იყო. თავად ქურთები კირკუკს დედაქალაქად მიიჩნევენ. მართალია, მოგვიანებით ექსტრემისტებმა ქურთების მიერ კონტროლირებადი ქალაქების დაპყრობა შეძლეს, მაგრამ ერაყელი ქურთების შეიარაღებული ძალები, იგივე პეშმერგა, რომელშიც 80 ათასამდე სამხედრო მსახურობს, დღემდე რჩება დასავლეთის სახელმწიფოების ყველაზე ძლიერ პარტნიორად „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. ერაყის ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში იმყოფებიან აშშ-ის სპეციალური დანიშნულების რაზმებიც, რომლებიც ერაყელ და ქურთ სამხედროებს ექსტრემისტების წინააღმდეგ ოპერაციების დაგეგმვა-მოწყობაში ეხმარებიან.

ერაყის ქურთისტანი ფართო ავტონომიით სარგებლობს. 2005 წელს მიღებულ კონსტიტუციაში ისიც კი ჩაწერეს, რომ რეგიონს აქვს უფლება, გავიდეს ქვეყნის შემადგენლობიდან, თუ ერაყის ხელისუფლება ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს. ავტონომიას ჰყავს პრეზიდენტი და პარლამენტი. აქ მოქმედებს ორი ოფიციალური ენა - ქურთული და არაბული. ნავთობით მდიდარი ქურთისტანი ერაყში ლამის ერთადერთ სტაბილური ზონად მიიჩნევა. ამასთან ის ქურთების თვითგამორკვევისთვის ბრძოლის სიმბოლოა.

2016 წლის თებერვლის დასაწყისში ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტმა, მასუდ ბარზანიმ დამოუკიდებელობის გამოცხადების შესახებ რეფერენდუმის გამართვაც არ გამორიცხა. დასავლეთში ეს იდეა უარყვეს. მოგვიანებით მიუნჰენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე ჩასულ ბარზანის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ესაუბრა და აღნიშნული იდეის გამო შეშფოთება გამოთქვა.

საინტერესოა ისიც, რომ თურქეთი მჭიდროდ თანამშრომლობს ერაყის ქურთისტანის ხელისუფლებასთან. ამის ძირითადი მიზეზი ნავთობია. კირკუკის მილსადენით თურქეთი დღეში 120 ათას ბარელ „შავ ოქროს“ იღებს. სავაჭრო ურთიერთობები ორივე მხარისთვის სასარგებლო აღმოჩნდა. თურქული კომპანიები ერაყის ქურთისტანში ინვესტიციების დაბანდებას არ ერიდებიან. ამის ერთ-ერთი მაგალითია ერბილში აეროპორტის მშენებლობაც.

თუმცა ანკარას ჰყავს ოპონენტებიც. მათ შორის არიან ერაყის ყოფილი პრეზიდენტის, წარმოშობით ქურთი, ჯალალ თალაბანის „ქურთისტანის პატრიოტთა გაერთიანება“ და მასთან დაკავშირებული ოპოზიციური მოძრაობა „გორანი“, რაც ქურთულ ენაზე ცვლილებას ნიშნავს.

სწორედ ამიტომ, თურქი სამხედროების იერიშები სირიელი ქურთების „სახალხო თავდაცვის რაზმების“ წინააღმდეგ, ერაყის ქურთისტანში რეაგირების გარეშე არ დაუტოვებიათ.

„სირია - კონფლიქტის შემდეგ“

სირიელი, ერაყელი და თურქი ქურთების სამხედრო თუ პოლიტიკურ ასპარეზზე გააქტიურება თურქეთის ხელისუფლების უკიდურეს შეშფოთებას იწვევს. ამას ემატება რუსეთ-თურქეთის გაუარესებული ურთიერთობები და დიპლომატიური დავა აშშ-თან. ანკარა მოსკოვს სირიელი ქურთების დახმარებაში ადანაშაულებს, რაც ერდოღანის მთავრობის აზრით, თურქეთის საზღვრის სიახლოვეს კიდევ ერთი ქურთული ავტონომიის შექმნას ისახავს მიზანად. ეს კი ქვეყნის ისედაც არასტაბილურ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაძაბულობის ახალ კერას წარმოშობს. ეს მოსაზრება კიდევ უფრო გაამყარა თებერვლის შუა რიცხვებში მოსკოვში სირიელი ქურთების წარმომადგენლობის გახსნამ.

ანკარას პრეტენზიები აქვს ვაშინგტონთანაც. ერდოღანის გაღიზიანება ამერიკელი დიპლომატისა და სირიელი ქურთი მებრძოლების შეხვედრამ გამოიწვია. თურქეთის პრეზიდენტმა ღიად მოუწოდა აშშ-ს თურქეთსა და სირიელი ქურთების პარტია „დემოკრატიულ კავშირს“ შორის არჩევანისკენ. ანკარა ასევე მკაცრად ეწინააღმდეგება სირიის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით დაგეგმილ კონსულტაციებში ქურთების მონაწილეობას.

კვლავ ღიად რჩება სირიის მომავალი ტერიტორიული მოწყობის საკითხიც. ამ მხრივ საგულისხმოა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი რიბიაკოვის განცხადება, რომ სირია შესაძლოა, ფედერაცია გახდეს. ამაზე საუბრობენ სირიელი ქურთებიც, რუსულ მედიაში კი სირიის სამ ნაწილად დაყოფის შესაძლებლობაზე წერენ და მაგალითად ბოსნია მოჰყავთ, რომელიც 1990-იანი წლების სამოქალაქო ომის შემდეგ ფედერაციულ საპარლამენტო რესპუბლიკად გამოაცხადეს. როგორც ცნობილია, ამ ინციატივას სირიის ოპოზიცია მხარს არ უჭერს, თუმცა, თუ შეთანხმება მაინც შედგა, ის ყველაზე მეტად სირიელ ქურთებს აძლევს ხელს. ამ შემთხვევაში სირიის შემადგენლობაში კიდევ ერთი ავტონომია გაჩნდება, ხოლო ქურთები კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებიან აბდულა ოჯალანის დემოკრატიული კონფედერაციის იდეას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^