Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოთხი წელი უწყლოდ

22 მარტი 2016

მარნეულის რაიონის სოფელ ჯანდარისკენ მიმავალ გზაზე თქვენს ყურადღებას გვალვისაგან დამსკდარი მიწა მიიპყრობს: ამ სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას უკვე 4 წელია წყალი არ მიეწოდება.

700-კომლიანი სოფელი მარნეულიდან დაახლოებით ხუთი კილომეტრითაა დაშორებული.  63 წლის სიმუზერ საფაროვა, რომელიც ეზოში ტრიალებს,  ამბობს, რომ მიწაში ჩათესილი მწვანილეულობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოვა, თუ იწვიმებს. წვიმა თუ არ მოვა, მისი ოჯახი მწვანილის გარეშე დარჩება.

„ოთხი წელია, წყალი არა გვაქვს. კვირის განმავლობაში ერთხელ, ზოგჯერ კი 10 დღეში ერთხელ გვაძლევენ წყალს.  ერთ დღეში  რომელ ერთ საქმეს უნდა მივხედოთ: დავიბანოთ, ტანსაცმელი დავრეცხოთ თუ კარმიდამოს მივხედოთ? ხუთ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი გვაქვს. პომიდორს, კიტრს დავთესავდი, მაგრამ რითი მოვრწყო? უწყლობის გამო მიწები დაუმუშავებელი გვრჩება. სოფლის მკვიდრს მიწა უნდა ჰქონდეს, დათესოს, დაამუშაოს,  თავის საარსებოდ მაინც მოიყვანოს რამე. კიდევ კარგი, ეს თურქეთი არსებობს, ახალგაზრდები მიდიან სამუშაოდ. ეგ რომ არა, შიმშილით დავიხოცებოდით.“

 სოფელში სარწყავი და სასმელი წყალიც  სოფლის მახლობლად მდებარე ჯანდარის არხიდან მოდის. ჯანდარის მკვიდრი საჰიბ აბბასოვი ამბობს, რომ ოთხი  წლის წინ წყალთან დაკავშირებით პრობლემა საერთოდ არ არსებობდა:

„ამ მხარის მიწა შავია, ნაყოფიერი, მაგრამ წყალი არ არის, რომ  რაიმე დავთესოთ. მე უმუშევარი ვარ. ქალებსაც 3-5 ქათმის მოვლის გარდა სხვა საქმე არ აქვთ.  წყალი იმიტომ არ გვაქვს, რომ არხია გასაწმენდი. პრობლემის მოგვარების მიზნით მუნიციპალიტეტს რამდენჯერმე  მივმართეთ, მაგრამ ჩვენს გულისტკივილს გულგრილად ეკიდებიან.“

სოფელში მცხოვრები ახალგაზრდების უმეტესობა სამუშაოდ  თურქეთში მიდის. 59 წლის ჯავად მირზაევი ამბობს, რომ მისმა შვილმა სოფელში საქმე რომ ვერ ნახა, თურქეთში წავიდა  და ცოლ-შვილიც იქ წაიყვანა.

„სოფელში საქმე არაა, დასათესი არაა, წყალი არაა... რა ქნან ამ ახალგაზრდებმა? უნდათ, რომ ცხოვრება ნახონ. კვირაში ერთხელ თავის დაბანის საშუალება რომ არ არის, იქ ადამიანმა როგორ უნდა იცხოვროს? წყალი რომ გვქონდეს და მიწაზე მუშაობის საშუალება, შვილი და შვილიშვილები ახლა ჩემთან იქნებოდნენ.”

რაჰიდა მამმადოვა ამბობს, რომ ოთხი წლის განმავლობაში მათი პრობლემით არავინ დაინტერესდა:

„მიწები ხან ვის მიყიდეს, ხან ვის. უკვე შევეგუეთ უმიწობას, წლებია ვსაუბრობთ და შედეგი არაა. უწყლობას როგორ შევეგუოთ?  8-სულიანი ოჯახი მაქვს. კვირაში ერთხელ მოსული წყალი ნახევარ ტონიან რეზერვუარსაც ვერ ავსებს. წყლის გარეშე სახლ-კარის მოვლა არ გამოდის, უნდა დავიბანოთ და ეზოში ერთი მეასედი  მიწის მოსარწყავი წყალი აღარ გვრჩება. მიწა თუ ვერ დავამუშავეთ, როგორ ვიცხოვროთ?“

სახალხო მოძრაობის - „ღირსება“ თავმჯდომარე, ალიბალა ასგაროვი ამბობს, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებში არსებული წყლის სისტემები სრულიად მოძველებული და ამორტიზებულია.

„სოფლებში არსებული წყლის არხები არ სუფთავდება. სამწუხაროა, რომ მთავრობა ამ პრობლემას გულგრილად ეკიდება.  მოსახლეობამ უწყლობის გამო მარნეულის მუნიციპალიტეტს საჩივრით რამდენჯერმე მიმართა, მუნიციპალიტეტი კი დუმს. იმ რაიონებშიც კი, სადაც წყლის მრიცხველებია დამონტაჟებული, ამორტიზებული ინფრაქსტრუქტურის გამო წყლის უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა შეუძლებელია.“

მარნეულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, ელშან ჰასანოვი აცხადებს, რომ სასმელი და სარწყავის წყლის პრობლემა მთელს რაიონს აწუხებს:

„მუნიციპალიტეტისთვის მოსახლეობის მიმართვას უშედეგოდ არ ჩაუვლია. პროექტი მზადდება და უახლოეს პერიოდში მარნეულის რაიონის სოფლებში  წყლის ახალი  სისტემა დამონტაჟდება.“

მარნეულის მუნიციპალიტეტის წყლის რესურსების სამმართველოს ტექნიკური მენეჯერი, როვშენ ბაბაქიშიევი აცხადებს, რომ წყლის პრობლემის გადასაჭრელად პროექტი  მუშავდება და  მის დასაფინანსებლად აზიის განვითარების  ბანკმა 65 მილიონი დოლარი გამოყო. მისი თქმით, ეს პროექტი მხოლოდ მარნეულის რაიონზეა გათვლილი. პროექტის განხორციელებას ორი წელი დასჭირდება და ის 2016 წლის ბოლოს დაიწყება.

სიმუზარ საფაროვა ბარით მიწას აფხვიერებს და ამბობს, რომ იმედი აქვს, იწვიმებს და დათესილი მწვანილეულობა ამოვა.

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების
მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^