მოლდოვური ღვინის ექსპორტის აფხაზური სქემა
აფხაზეთიდან რუსულ ბაზარზე კონტრაბანდით შემოტანილი მოლდოვური ღვინო
მოლდოვური ღვინის ბიზნესი უკვე რამდენიმე წელია არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს საკუთარი პროდუქციის აფხაზეთის არაღიარებული რეგიონიდან რუსეთის ბაზარზე შემოტანით. სქემაში ჩართულია როგორც კერძო კომპანიები რუსული კაპიტალით, ასევე ცნობილი კომპანია „კრიკოვა“.
უკანასკნელი წლების განმავლობაში აფხაზეთი მოლდოვური ღვინის მწარმოებლებისათვის გადასახადების დამალვის ადგილად გადაიქცა. მას რუსეთის ფედერაციაში ღვინის ექსპორტის საბაჟო გადასახადისგან თავის არიდება სურს. ამგვარად, ღვინის პროდუქციის აფხაზეთის ანკლავში შეტანით აღნიშნული კომპანიები ზიანს აყენებენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტსაც.
ჟურნალისტების ჯგუფმა საქართველოდან და მოლდოვეთიდან ღვინის (მოლდოვეთიდან) აფხაზეთში შეღწევის მექანიზმი და მოსარგებლე მხარეების ვინაობა გამოიკვლია.
ოფიციალურად მოლდოვა არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას და არ გააჩნია რეგიონთან პოლიტიკური ან ეკონომიკური ურთიერთობა.
„ხელისუფლებას მიაჩნია, რომ კავკასიაში ვითარების სტაბილიზაციის თვალსაზრისით
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო აღიარება არსებითი ფაქტორი იქნება რეგიონში სიტუაციის დასტაბილურების მხრივ.” 2008 წელს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზინაიდა გრაჩეანის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, მოლდოვეთის მთავრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამცველი საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად იმოქმედებს.
თუმცა რეალურად მოლდოვური კომპანიები, მათ შორის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი, არაერთი წელია სადავო რეგიონს რუსეთის ფედერაციაში ღვინის ექპორტირებისათვის იყენებენ. აფხაზი და რუსი ბიზნესმენები, რომლებმაც ინვესტიციები აფხაზეთისა და მოლდოვას ღვინის წარმოებაში ჩადეს, არაღიარებულ რეგიონს თავიანთი წარმატებული ბიზნესისათვის იყენებენ.
„ასეთი ქვეყანა არ არსებობს. ჩვენ ვყიდით ღვინოს საქართველოში“.
მოლდოვას სტატისტიკის ოფიციალური სამსახურის მიხედვით, 2014 წელს ქვეყნის ღვინის მწარმოებლებმა საქართველოში 8 000 000 ა.შ.შ. დოლარის ღირებულების ღვინო შეიტანეს, ხოლო 2015 წლის 9 თვის მონაცემებით 6 000 000 დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განახორციელეს.
თავის მხრივ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში საქართველოში მოლდოვის ღვინის ოფიციალური ექსპორტი არ განხორციელებულა. რასაც ადასტურებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, რომელიც აღნიშნავს, რომ 2010-2015 წლებში მოლდოვადან ღვინის ექსპორტის პროცედურების არცერთი ჩანაწერი არ გაკეთებულა.
საკითხავია, სად მიდის მოლდოვის საბაჟოს მიერ საქართველოში საექსპორტოდ რეგისტრირებული ღვინო?
დუმიტრუ მუნტეანუ, მოლდოვის ვაზის და ღვინის ეროვნული ოფისის დირექტორი, ამბობს: „ჩვენ ვყიდით ღვინოს საქართველოში. ფორმალურად დოკუმენტაციაში მითითებულია საქართველო, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს აფხაზეთი. ჩვენ არ ვაგზავნით ღვინოს აფხაზეთში, რადგან ასეთი ქვეყანა არ არსებობს“.
2006 წლის მარტში რუსეთის ფედერაციის მიერ დაწესებულ ემბარგომდე მოლდოვეთში წარმოებული ალკოჰოლის პარტიებიდან ადგილობრივი მეღვინეების მიერ დამზადებული ღვინის დაახლოებით 70% რუსეთის ბაზარზე იგზავნებოდა.
თუმცა რუსეთის ალკოჰოლის ფედერალური და რეგიონალური ბაზრის შემსწავლელი ცენტრის (CIFRRA) მონაცემების მიხედვით, 2005 წელს რუსეთის ბაზარზე მთლიანად იმპორტირებული ღვინის 50%-იანი წილი მოლდოვურ კომპანიებზე მოდიოდა. „2005 მოლდოვიდან ღვინის ექსპორტმა რუსეთის ბაზარზე შეადგინა დაახლ. 200მლნ. ლტრ. ბოთლოვანი ღვინო და 500 მლნ.ლტრ. დაუფასოებელი (ბითუმად შემოტანილი) ღვინო. ამგვარად, ყოველი მეოთხე ბოთლი მოლდოვურ ღვინოზე მოდიოდა“, - განაცხადა ცენტრის დირექტორმა, ვადიმ დრობიზმა.
მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ქართველი მეღვინეებიც, რომლებზეც 2006 წელს რუსეთის ღვინის მთლიანი იმპორტის 10% მოდიოდა. რუსეთის სანიტარული სამსახურის, “როსპოტრებნადზორის” მიერ დაწესებული აკრძალვის შემდგომ, ექპორტი სრულიად შეწყდა. რუსეთის მაღაზიებში მოლდოვური და ქართული ღვინის გაქრობის შემდეგ ის ჩაანაცვლა სხვა ქვეყნების პროდუქციამ, მათ შორის, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკიდან შემოტანილმა. 2008 წელს, რუსეთის მიერ რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შემდგომ, აფხაზეთის წილი რუსეთის ბაზრის ღვინის მთლიან იმპორტში მხოლოდ 1% შეადგენდა. თუმცა შემდგომი პერიოდის განმავლობაში ეს მაჩვენებელი საგრძნობლად იზრდებოდა.
2013 წელს აფხაზეთი რუსეთის ბაზარზე ღვინის ექსპორტიორთა რეიტინგში მე-10 ადგილს იკავებდა. ხოლო 2015 წლისათვის უკვე მე-4 ადგილზე გადაინაცვლა და როგორც ვადიმ დრობიზი აცხადებს, დაახლოებით ბაზრის 10%-იანი წილი შეადგინა. ის მხოლოდ ესპანურ, იტალიურ და ფრანგულ ღვინოებს ჩამორჩებოდა. „აფხაზური ღვინო დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსეთში. იგი ხელახლა დამკვიდრდა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, განსაკუთრებით ქართულ ღვინოზე ემბარგოს დაწესების შემდეგ“, - აცხადებს ექპერტი.
„2015 წელს რუსეთში აფხაზური ღვინის ექსპორტმა დაახლოებით 20 მლნ. ბოთლი შეადგინა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ რეგიონში არ არის საკმარისი რაოდენობის ვენახები“,- განაცხადა რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა კავშირის პრეზიდენტმა, ლეონიდ პოპოვიჩმა რადიო თავისუფლების მოლდოვის ბიუროს ეთერში. აფხაზეთის 700-ჰექტარიან ვენახებს ყველაზე უხვმოსავლიან წელსაც კი მხოლოდ 5 მლნ-მდე ბოთლი ღვინის მოცემა შეუძლიათ.
ალკოჰოლით ვაჭრობა, რომელსაც ბიუჯეტში შემოსავლების ყველაზე დიდი წილი შეაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია არაღიარებული რეგიონისათვის. ამგვარად, სოხუმის საბაჟო სამსახურის განცხადებით, 2015 წლის პირველ ნახევარში არაღიარებული რესპუბლიკის ღვინის ექსპორტმა ბიუჯეტი 1.5 მლრდ. რუსული რუბლით შეავსო და საგარეო ვაჭრობის მთლიანი შემოსავლის 52% შეადგინა.
„აფხაზეთის ღვინის წარმატება რუსულ ბაზარზე, ერთი მხრივ, განპირობებულია მოსკოვსა და რეგიონს შორის არსებული საერთო ბაზრით, რომელიც მხოლოდ სიმბოლურ საბაჟო გადასახადს აწესებს, ხოლო, მეორე მხრივ, იმით, რომ აფხაზეთი იყენებს რუსულ რუბლს, როგორც საკუთარ ვალუტას, რაც თავის მხრივ ვაჭრობას ამარტივებს“,- დასძენს დრობიზი.
მოლდოვის მიერ დაუფასოებელი (ბითუმად შემოტანილი) ღვინის გადაგზავნა აფხაზეთში საბაჟო გადასახადის თავიდან ასაცილებლად
2013 წლის სექტემბერში რუსეთმა მოლდოვურ ღვინოზე აკრძალვა დააწესა. ხოლო 2015 მოხსნა შეღავათიანი რეჟიმი მოლდოვურ საქონელთან მიმართებაში, როგორც სასჯელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერისათვის. „ჩვენს ბაზარზე ევროკავშირის ქვეყნებიდან სხვადასხვა ბრენდის მოლდოვური პროდუქციის სტატუსით შემოსვლის საფრთხე არსებობს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2014 წელს დსთ-ის ლიდერების შეხვედრაზე.
ამას შედეგად მოჰყვა მოლდავურ ღვინოზე საბაჟო გადასახადის ზრდა, და როგორც დუმიტრუ მუნტეანუ აღნიშნავს, ის ღვინის ღირებულების დაახლოებით 15% შეადგენს, რაც ბევრად აღემატება დსთ-ის დანარჩენი ქვეყნების გადასახადს და აფხაზეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში მოქმედ ტარიფსაც.
მაშასადამე, ემბარგოს მოქმედების პერიოდში აფხაზეთის რეგიონი იქცა მოლდოველი მეღვინეებისათვის თავიანთი ნაწარმის რუსეთის ბაზარზე შეტანის საშუალებად, რომლითაც ისინი აღარ იხდიან რუსეთის ფედერაციის მიერ მოლდოვეთის ღვინის ექსპორტზე დაწესებულ მაღალ საბაჟო გადასახადს. 2013 წელს სოხუმის მთავრობამ კანონში ცვლილებები შეიტანა, რათა აღნიშნული ნიშით ესარგებლა. ამგვარად, ბოთლოვანი ან სხვა საფუთი ტარის 2 ლიტრზე ნაკლები რაოდენობის ღვინო 100 რუს.რუბ/ლტრ-ზე იბეგრება, მაშინ როდესაც დაუფასოებელი პროდუქციის გადასახადი 1 რუბ/ლტრ-ზე შეადგენს.
აფხაზეთის მონოპოლია
2015 წელს აფხაზეთის ოფიციალური სტატისტიკით მხოლოდ ერთი ღვინის ექსპორტიორი დასახელდა - შპს „აფხაზეთის ღვინოები და წყლები“ ("Vina i Vodi Abkhazii" LLC)(. ამავდროულად, rbc.ru მიერ ციტირებული რუსეთის საბაჟოს განცხადებით, ერთადერთი კომპანია, რომელიც რუსულ ბაზარზე იმპორტს ახორციელებს, არის მოსკოვში რეგისტრირებული შპს „მისტრალ ალკო“ (Mistral Alco LLC). აღნიშნული კომპანიის ძირითადი აქციონერი არის ბესლან აგრბა, მოსკოვში აფხაზეთის დიასპორის პრეზიდენტი და სოხუმის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი.
რუსეთის მოქალაქეობის მქონე აგრბა კომპანიის 75%-ს ფლობს, ხოლო დანარჩენი წილი რეგისტრირებულია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე არსებულ ფირმა Totnes Business Inc.-ის სახელზე. rbc.ru-ს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია 2010 წელს დაფუძნდა, მან 5 წელიწადზე ნაკლებ დროში რუსეთის ღვინის ბაზრის ლიდერობა შეძლო. აღნიშნული კომპანია, რომლის დირექტორია მოლდოვეთის მოქალაქე ლივიუ სიტნიკი, ასევე ახორციელებს ღვინის ექსპორტს ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და იტალიიდან, მაგრამ გაყიდვების ძირითადი ნაწილი აფხაზურ ღვინოზე მოდის.
საოჯახო ბიზნესი (ავტონომიური და არაღიარებული რეგიონიდან)
აფხაზეთის ღვინის მსხვილი მწარმოებლები წარმოდგენილია 2 კომპანიით, შპს „აფხაზეთის ღვინოები და წყლები“( Vina i Vodi Abkhazii LLC)და შპს Napitki Abkhazii & Ko". მათ შორის ყველაზე დიდი ბესლან აგრბასთან დაახლოებული პირების მიერ იმართება. მეორე კომპანიის Napitki Abkhazii & Ko-ს დირექტორობას ასევე მოლდოვეთის მოქალაქეს, ვიტალიე რუსუს მიაწერენ.
მისი მეუღლე ვიტალი და სვეტლანა ბონდარენკოს ქალიშვილი, ლიუდმილა ბონდარენკოა. ბონდარენკოები კომრატელი მეღვინეების ოჯახია, რომელიც გაგაუზის ავტონომიურ რეგიონში რეგისტრირებულ რამდენიმე ღვინის მწარმოებელ კომპანიას მართავს. თუმცა ჩვენ მიერ გამოკითხულმა არაერთმა კომპანიამ დაადასტურა, რომ ამ კომპანიებს აფხაზეთის ღვინის მწარმოებლებთან კარგი ურთიერთობა აქვს, და რომ ისინი რამდენიმე წლის განმავლობაში არაღიარებული რეგიონიდან ღვინის ექსპორტს ახორციელებდნენ. ამას თბილისშიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ "Cioc Maidan Vin" JV არღვევს საქართველოს მთლიანობას და სეპარატისტულ ანკლავში საბითუმო (დაუფასოებელი პროდუქციის) ექსპორტს ახორციელებს.
"Cioc Maidan Vin" JV -ს ვიტალი ბონდარენკო ხელმძღვანელობს, ხოლო მისი დამფუძნებელია ცოლ-ქმარ ბონდარენკოს კუთვნილი 3 შპს. მოლდოვეთის საბაჟო სამსახურმა კომერციული საიდუმლოს დაცვის საფუძველზე უარი თქვა იმ კომპანიების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე, რომლებიც მოლდოვეთიდან აფხაზეთის რეგიონში ღვინის ექსპორტს ახორციელებენ. თავის მხრივ თბილისის ხელისუფლება სხვა კომპანიებს ასახელებს, რომლებიც კონტრაბანდული წესით მოლდოვეთიდან არაღიარებულ რეგიონში ღვინის ექსპორტს ახორციელებენ და ამგვარად არღვევენ საქართველოს სუვერენიტეტს. ერთ-ერთმა მათგანმა - 100% სახელმწიფო კაპიტალის მქონე და „მოლდოვეთის რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის“ სტატუსის მატარებელმა Cricova Winery JV-მ - საქართველოს ხელისუფლების განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია.
კიშინიოვში საქართველოს ელჩის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შემდგომ Cricova Joint Venture-ამ (ერთობ.საწ. კრიკოვა) აფხაზეთში ღვინის ექსპორტი შეწყვიტა, რასაც ადასტურებს Cricova JV-ს ოფიციალური პასუხი.
სორინ მასლო, Cricova JV-ს მარკეტინკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში მათ რეგიონში მხოლოდ ბოთლებში ჩამოსხმული ღვინო შეჰქონდათ. თუ Cricova JV-სთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ მოლდოვეთის სამთავრობო წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებმა შეწყვიტა ღვინის ექსპორტი, მაშინ სხვა კომპანიებთან მიმართებაში მოლდოვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო უძლური გამოდგა ეკარნახა მათთვის (კერძო კომპანიებისათვის), სად გაეყიდათ თავიანთი ნაწარმი.
სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი იონ სულა ამბობს: „ჩვენ არ ვაწარმოებთ ექსპორტს აფხაზეთში, ჩვენ ვყიდით საქართველოში. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიესალმება სხვა ბაზრებზე ექპორტირების ახალ შესაძლებლობებს. სამინისტრო არ არის დაწესებულება, რომელსაც შეუძლია ეკონომიკური ოპერატორების ბიზნესში ჩარევა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სუბიექტების შემთხვევაში”.
ღვინისა და ვაზის ეროვნული ოფისის დირექტორი, დუმიტრუ მუნტეანუ: „თქვენ უნდა გაიგოთ ერთი რამ: მანამ, სანამ დოკუმენტაციაზე მითითებულია საქართველო და საექსპორტო კომპანია იცავს ყველა წესს, ჩვენ სახელმწიფოს არ აქვს ჩარევისა და ექსპორტის აკრძალვის უფლება. ჩვენ მოგვმართეს აკრძალვის დაწესების თხოვნით, მაგრამ ამ შემთხვევაში არ შეგვიძლია არაფრის გაკეთება, ზუსტად ისევე, მაგალითად, როგორც მოლდოვეთი ვერ აკრძალავს ტირასპოლში რაიმეს იმპორტს“.
ოლიგარქ უსმანოვის მეტალურგები და მოლდოვური ღვინის ექსპორტი
მესამე კომპანია, რომელიც აფხაზეთიდან რუსეთში ექსპორტის სქემაშია ჩართული, არის ფალეშტში მოქმედი ერთობ. საწ. Mold-Nord, რომელსაც პიოტრ ჩირმი ხელმძღვანელობს. თუმცა Mold-Nord სხვა რუსულმა ფირმამ, ბელგოროდის რეგიონის ქალაქ სტარი ოსკოლში რეგისტრირებულმა შპს Victoria-მ დააფუძნა.
აღნიშნული კომპანიის მმართველი ალექსანდრე მოსკვიტინია; პიოტრ ჩირმის ეკუთვნის აქციების 52%, შპს Rusinvest ფლობს 42%, და დაახლოებით 5% მოსკვიტინის საკუთრებაშია. Rusinvest იმართება შპს Rusmet მიერ-65%, მოსკვიტინს ეკუთვნის 10%, ხოლო 25% უკავია ალექსანდრე სლეახოვს (უკანასკნელი სტარი ოსკოლში მუნიციპალური დუმის პრეზიდენტის მრჩეველია).
შპს Rusmet-იც რეგისტრირებულია ბელგოროდის რეგიონში. მისი 100% წილი ბელგოროდის რეგიონის დუმის წევრს და ბიზნესმენს, ანდრეი უგაროვს ეკუთვნის. კომპანია იმავე ალექსანდრე მოსკვიტინის მიერ იმართება. ბელგოროდის დუმის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ უგაროვი ამჟამად Metalloinvest-ის დირექტორის მოადგილე და წარმოების მენეჯერია. Metalloinvest არის მეტალურგიული კონცერნი, რომელსაც კრემლის მმართველობასთან ახლოს მყოფი მილიარდერი ოლიგარქი, ალიშერ უსმანოვი აკონტროლებს.
2012 წელს ალექსეიმ, უგაროვის მამამ, უსმანოვის მიერ კონტროლირებად კომპანიას მეტალურგიული ქარხანა „ლიბედინსკის“ 5% მიჰყიდა, რომელშიც უგაროვს გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა. ამ გარიგებით რუსმა ოლიგარქმა რუსეთის ფედერაციაში უმსხვილეს რუსულ მეტალურგიულ კომპლექსზე კონტროლი მოიპოვა.
ამავდროულად, Rusmet-ის მფლობელი პირად ბლოგში წერს, რომ მან მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორისაა ვლადიმირ პუტინის მიერ მინიჭებული რუსეთის ფედერაციის „ღირსეული მეტალურგის“ ჯილდო, და ინდივიდუალური დაკვეთით დამზადებული საათი რუსეთის პრეზიდენტის ინიციალებით, რომელიც მას გადაეცა განსაკუთრებული ღვაწლისთვის რუსეთის მეტალურგიის განვითარებაში.
შეუსრულებელი დაპირებები
საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, 2014 წელს სამმა მოლდოვურმა კომპანიამ აფხაზეთის ტერიტორიაზე 5.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ჩამოსასხმელი (დაუფასოებელი) ღვინის ექსპორტი განახორციელა. კიშინიოვის სტატისტიკის მონაცემებით, ამავე პერიოდში მოლდოვური ღვინის მწარმოებლებს უნდა განეხორციელებინათ 7.5 მლნ დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი, რაც 2 მლნ-ით აღემატება ქართული მხარის მონაცემებს.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ მოლდოვეთიდან დაუფასოებელი ღვინის ექსპორტი აფხაზეთში უკრაინის გავლით ხორციელდება.
ალექსანდრუ ბოლფა (ფრილანსერი, მოლდოვეთი), სალომე ცეცხლაძე (სტუდია მონიტორი, საქართველო).
გამოძიების კოორდინატორები: იონ პრეასკა და დუმიტრუ სტოიანოვი (RISE Moldva, მოლდოვეთი), მასალა მომზადებულია საგამოძიებო ჟურნალისტების საერთაშორისო ქსელის საპილოტო პროექტ "n-vestigate"-ის ფარგლებში.