Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მუსლიმები და სახელმწიფო - რა გამოწვევების წინაშე დგას ხელისუფლება

23 მარტი 2016

ახალი მეჩეთის ასაშენებლად მუსლიმი თემისთვის მიწის გამოყოფის მოთხოვნა, ქობულეთში მულიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმე, სადავო შენობა მოხეში, მუსლიმი თემის მიმართ გამოვლენილი ძალადობა და დისკრიმინაცია - რელიგიური უმცირესობების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანობაზე დღეს მუსლიმი თემის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ოფიციალურმა პირებმა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

„ქართველ მუსლიმთა კავშირის” ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე მუსლიმი თემის მიმართ აგრესიას სახელმწიფოს არაეფექტიანი პოლიტიკის შედეგად მიიჩნევს. მისი თქმით, ბოლოდროინდელი დაპირისპირება სწორედ იმის შედეგია, რომ აქამდე მომხდარი მსგავსი შემთხვევები სამართლებრივად სწორად არ შეფასდა.

„ჭელის და მოხის ინციდენტები იმან გამოიწვია, რომ ნიგვზიანის, წინწყაროს, სამთაწყაროს მოვლენები არ იყო სათანადოდ გამოძებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასაფლაოს ინციდენტი, რომელიც ადიგენის რაიონში მოხდა და სამწუხაროა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მათ შორის ადიგენის რაიონის გამგებელი, პირადად უყურებდა, თუ როგორ სცემდნენ მუსლიმებს, თუმცა ჯერაც არ დაუკითხავთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ქმედებები მოხის ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც ის პირადად აგინებდა და შეურაცხყოფას აყენებდა მუსლიმ თემს. ეს ფაქტები უნდა  გამოიძიონ და უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები.  თუ ასე არ მოხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი ფაქტები განმეორდება", - ამბობს ტარიელ ნაკაიძე

EMC-ის წარმომადგენელმა, ადვოკატმა თამარ იაკობიძემ აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის არცერთ საქმეზე გამოძიების დაწყების დროს ფაბულაში მითითებული არ იყო დისკრიმინაციის მოტივი. მისივე თქმით, მოხის შემთხვევაში პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილობრივ მუსლიმებს, ქობულეთში კი თავი ვერ გაართვეს პრევენციული ზომების გატარებას და დაპირისპირების თავიდან არიდებას.

„მოხის საქმეში პოლიცია ნამდვილად იყო მობილიზებული, თუმცა კონფლიქტი გამოიწვია იმან, რომ პოლიცია იყენებდა სიძულვილის ენას, მუსლიმებს „თათრებს" ეძახდნენ და ამბობდნენ, რომ მათი ადგილი იქ არ იყო. შემდეგ უკვე პოლიციამ დაიწყო ხალხის დაუსაბუთებელი უკანონო დაკავება, ამ ყველაფრის შესახებ მტკიცებულებებიც არსებობს. მე რასაც ვამბობ, ემყარება მოწმის სტატუსით დაკითხლთა ჩვენებებს", - ამბობს თამარ იაკობიძე.

შეხვედრას შსს-ს წარმომადგენელი ზვიად ოქროპირიძეც ესწრებოდა, რომლის თქმითაც, EMC-ის არგუმენტები მტკიცებულებებით არ არის გამყარებული.

„ქობულეთის ინციდენტს საქმეზე სასამართლოში მიდის დავა. სასამართლოზე EMC-ის წარმომადგენლები სახელმწიფოს მისი პოზიტიური ვალდებულების დარღვევაში ადანაშაულებენ, რომ სახელმწიფომ უმოქმედება გამოავლინა.  იყო პრეტენზია, რომ პოლიცია ყველაფერს ხედავდა და არაფერს აკეთებდა, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ პროცესის მიმდინარეობისას, ძალიან ბევრი ფაქტი, რომელთა მტკიცებულებების წარდგენაც მოვითხოვეთ სასამართლოზე, რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული, შესაბამისად არ იყო გამყარებული”, - განაცხადა ზვიად ოქროპირიძემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას სახალხო დამცველის მოადგილემ, ნათია კაციტაძემ აღნიშნა, რომ ქობულეთის ინციდენტის შემთხვევაში გამოძიება არაეფექტიანი აღმოჩნდა.

„ვფიქრობთ, რომ ჯერჯერობით ეს პრობლემა ისევ მოუგვარებელია. რა მიმართულებითაც წარიმართა საქმე, არ არის დამამაყოფილებელი, რადგან იმ შემთხვევაშიც იკვეთებოდა მთელი რიგი სხვა გარემოებები, რომლებზეც აქცენტი გამოძიებას არ გაუკეთებია”, - განაცხადა ნათია კაციტაძემ.

მოხეში მცხოვრებმა მუსლიმმა ოთარ მიქელაძემ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ძალადობის ფაქტებზე ისაუბრა. როგორც თვითონ ამბობს, მის შვილს, თეიმურაზ მიქელაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„წაროიდგინეთ თავი ჩემს ადგილზე -  შენს სამშობლოში „თათარს“ გეძახიან, გაგინებენ, თავში გირტყამენ, გაფურთხებენ, როგორც მოსისხლე მტერს. ამ დროს რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება? პოლიცია, რომელიც თავისი ქვეყნის მოქალაქეს უნდა იცავდეს, თვითონვე აგინებს, აპატიმრებს. არ მინდა კონკრეტული მაგალითები მოვიყვანო, მაგრამ ერთს ვიტყვი - როცა ჩვენს სოფელში, მოხეში, მშვიდობიანი აქცია ტარდებოდა მეჩეთის დემონტაჟის საწინააღმდეგოდ, ჩაგვსვეს მანქანაში და დაგვაკავეს. შემდეგ თვითონ გამგეობის ხელმძღვანელის თანდასწრებით ინციდენტი მოხდა და დღემდე არავინ დაუკითხავთ. ვითხოვთ ხელისუფლებისგან, მოგვეცეს საშუალება, ჩვენი რიტუალები თავისუფლად აღვასრულოთ.", - ამბობს ოთარ მიქელაძე.

შეხვედრაზე მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შესახებ კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვეს, თუმცა სააგენტოს წარმომადგენლები შეხვედრას არ ესწრებოდნენ.

„რელიგიის სააგენტო, რომელიც სახელმწიფომ შექმნა, პირდაპირ ფარად ჩააყენეს ჩვენსა და ხელისუფლებას შორის, რომ ჩვენი პირდაპირ ვერ მიგვეტანა ხელისუფლებამდე. თითქმის 2 წელი სრულდება, რაც მოხეს პრობლემები ყველასათვის ცნობილია, მაგრამ სახელმწიფო სამსახურებიდან მხოლოდ სოფია შერმადინმა ისურვა თავისი თვალით ენახა მიმდინარე პროცესები, სხვა არავინ დაინტერესებულა, რა ხდება ჩვენთან, რა პრობლემებია.", - განაცხადა ოთარ მიქელაძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს წარმომადგენელმა გიორგი მახარაძემ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო ბათუმში ახალი მეჩეთის აშენება. მახარაძემ იმედი გამოთქვა, რომ ამ კვირაში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მუსლიმთა სასარგებლოდა დასრულდება.

„მუსლიმ მრევლს მეჩეთი ობიექტურად სჭირდება, შესაბამისად, დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრას ექნება შედეგი და პრობლემა მოგვარდება მუსლიმი საზოგადოეისვის”, - განაცხადა გიორგი მახარაძემ.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი თამთა მიქელაძე ამბობს, მთავრობა მუსლიმთა პრობლემებით უნდა დაინტერესდეს, რადგან ეს საკითხი მხოლოდ კონკრეტული ჯგუფის უფლებებს არ ეხება.

„იმედია, სახელმწიფოს უფლებამოსილი პირები მოვლენ მსგავს შეხვედრებზე და მთელი კომპლექსურობით გაიაზრებენ იმ პროლემებს, რომელიც მუსლიმ თემს აქვს. ეს,  ერთი მხრივ, უკავშირდება კონკრეტული ჯგუფის უფლებებს, მაგრამ, მეორე მხრივ - ეს არის ჯგუფის დეზინტეგრაციის სერიოზული პროცესი ჩვენი სოციალური და პოლიტიკური სივრციდან. ის უკავშირდება და კიდევ უფრო მეტად შეიძლება დაუკავშირდეს უსაფრთხოების საკითხებს. ამიტომ პრობლემების კრიტიკულობა მთავრობამ უფრო მეტი სიცხადით უნდა დაინახოს და არ შეეცადოს მათ გადაფარვას და გაყალბებას.”, - ამბობს თამთა მიქელაძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^