Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჰარმონიის შესაძლო გაკვეთილები

30 მარტი 2016

ლიზა ლეონსკაია მშობლიურ ქალაქში, ბეთჰოვენისა და დვორჟაკის “ენაზე”

ლიზა ლეონსკაია მსოფლიოში ცნობილი პიანისტია, რომელიც თბილისში დაიბადა, თუმცა ამჟამად ვენაში ცხოვრობს. დიდი ხნის განმავლობაში მეგობრობდა სვიატოსლავ რიხტერთან და იოსიფ ბროდსკისთან (ბროდსკიმ მას ლექსებიც კი უძღვნა). 60-იანი წლების მეორე ნახევარში სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში, დახვეწილი გემოვნების პედაგოგისა და მუსიკოსის, იაკობ მილშტეინის კლასში. არის ჯორჯ ენესკუს, მარგარეტ ლონგისა და დედოფალ ელისაბედის საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი...

ებრაული წარმოშობის ლიზა ლეონსკიამ 1978 წელს ისრაელის ვიზა მიიღო, თუმცა იქიდან მოსკოვში აღარ დაბრუნებულა. სრულიად ბუნებრივად ცხოვრებისა და შემოქმედების ქალაქად ვენა აირჩია, სადაც დღემდე ცხოვრობს და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა.

დიდი ხნის პაუზის შემდეგ ლიზა ლეონსკაია მშობლიურ თბილისს ისევ ეწვია, სადაც თავის დროზე, ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში, ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრთან ერთად კონცერტი გამართა. ასე რომ, მისი კონცერტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ერთგვარი საკონცერტო რიმეიკი იყო. სადირიჟორო პულტთან ნიკოლოზ რაჭველი იდგა, რომელიც ბეთჰოვენის მესამე საფორტეპიანო კონცერტსა ( C-moll, თხზ. 37) და სკრიაბინის საორკესტრო შედევრს - „ექსტაზის პოემას“ (Op. 54) დირიჟორობდა. აღსანიშნავია, რომ ეს კონცერტი ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა დასარტყამ საკრავთა ჯგუფის სოლისტის, დიანა მეტრეველის ხსოვნას მიუძღვნა, რომელიც კონცერტის წინა დღეებში გარდაიცვალა.

ბეთჰოვენის დო-მინორული კონცერტის ამაღლებულ-საზეიმო განწყობა და დარბაზის მოლოდინი ერთმანეთს ავსებდა და იმ აუცილებლ მუხტსა თუ ატმოსფეროს ქმნიდა, რაც ასეთ შემთხვევაში ხშირად იბადება ხოლმე. პიანისტის თავშეკავებული ვნება და ტექნიკა, მისი უბადლო უბრალოება და უცნაური, თითქოს გაუცხოებული დიდებულება იმ დიდ, კლასიცისტურ-რომანტიკული ეპოქის  მუსიკას ქარგავდა, რომელშიც მკრთალი სიზმარივით ირეკლებოდა ნაპოლეონის დროის ომებიც და ბატალური სცენების სისხლიანი დრამატიზმიც, მოოქროვილი დარბაზების  ეპოქაც და კომპოზიტორის ფსიქოლოგიური ტრავმებიც.

მართალია, ორკესტრი დროდადრო ანემიურად და არაენერგიულად ჟღერდა (განსაკუთრებით მეორე ნელ ნაწილში, პლუს აკუსტიკის აშკარა პრობლემები), მაგრამ ყოველ ჯერზე ლიზა ლეონსკაია დირიჟორის წახმარებით ნახულობდა შესაფერის ტემპსა და გაბედულ ობერტონებს სიტუაციის გამოსასწორებლად. კონცერტი, რომელშიც ძალიან მკაფიოდ იკითხება რომანტიკული საწყისი, იმ დღეს საოპერო დარბაზში ნაწილობრივ თანამედროვედ, უფრო მეტად ჰარმონიულად და სამყაროსთან შემარიგებლურად ჟღერდა.

ნებისმიერ მუსიკოსს საკუთარი ბეთჰოვენი „ჰყავს“, რომელშიც საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენას ცდილობს. საბედნიეროდ, იშვიათად, მაგრამ  მაინც არსებობენ პიანისტები, რომლებიც საკუთარ მასშტაბს კი არ უსადაგებენ მუსიკას, არამედ კომპოზიტორის კონცეფციიდან, მისი სიღრმისეული განცდიდან ამოდიან. როგორც ჰენრიხ ნეიგაუზი იტყოდა, „კარგი პიანისტები მუსიკის სიღრმეს პირველ რიგში ნოტებში ეძებენ“.

ლიზა ლეონსკიას მიერ ბისზე შესრულებული ბეთჰოვენის მე-17 სონატის მესამე ნაწილი სწორედ „ნოტებში მუსიკის ძიების“  პროცესს ჰგავდა. და მიუხედავად იმისა, რომ ამ სონატის მრავალნაირი შესრულება მომისმენია, ლეონსკაიას შესრულებას ორდინარული უფრო ეთქმოდა, ვიდრე გამორჩეული. სამაგიეროდ გამორჩეული იყო მეორე დღეს, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში სულხან ცინცაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელზეც ანტონონ დვორჟაკის საფორტეპიანო კვინტეტი (A-dur, თხზ. 81) შესრულდა. თუმცა, ვიდრე მუსიკოსები ამ შესანიშნავ კამერულ-ფსიქოლოგიურ ნაწარმოებს შეასრულებდნენ, ჩვენი სახელოვანი მუსიკოსები მორის რაველის იმპრესიონისტული სინატიფით გამორჩეული კვარტეტით (F-dur) „გახურდნენ“, რასაც შუბერტის დახვეწილი მინიატურებიც მოჰყვა.

ლიზა და კვარტეტი (კონსტანტინე ვარდელი - პირველი ვიოლინო; თამაზ ბათიაშვილი - მეორე ვიოლინო; ნოდარ ჟვანია - ალტი; ოთარ ჩუბინიშვილი - ჩელო) მუზიცირების ნატიფ განზომილებაში გვეპატიჟებიან - იქ, სადაც ჰარმონია და ურთიერთგაგება მუსიკოსთა აუცილებელი შინაგანი მდგომარეობაა. ყველაზე არსებითი მაინც ლიზა ლეონსკაიასა და  კვარტეტის წევრების მუსიკისადმი დამოკიდებულებაა, რომელშიც ყველაფერია - ნაწარმოების მიმართ ბავშვური აღფრთოვანებითა და გულწრფელობით დაწყებული, ვირტუოზული შესრულებითა და საოცარი, გიჟური ტემპით დასრულებული. და ეს ყველაფერი შეუმჩნეველი ტექნიკური სრულყოფილებისა და საოცარი მუზიცირების ფონზე ხდება. ეს ჰგავდა მიპატიჟებას ჰარმონიისა და რომანტიზმის სამყაროში, სადაც მუსიკა პირველადია, მთავარი, უდიდესი.  და მხოლოდ მერეა ყველაფერი დანარჩენი - თვალისმომჭრელი კაბები, ეფექტური პოზები და ჟესტები და სულიერების პრეტენზიით აღბეჭდილი ვიდეოები, რაც დღეს ასე მოდურია.

სწორედ ამიტომ მიიღო ლიზა ლეონსკაიამ ავსტრიის  უმაღლესი ჯილდოც - ღირსების ორდენი მეცნიერებასა და ხელოვნებაში მიღწეული წარმატებისათვის, ანუ ჰარმონიის შესაძლო გაკვეთილების წარმატებით ჩატარებისთვის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^