უნდა წამოდგე ლოჟადან,
უნდა წახვიდე როჟავაში,
როჟავადან უნდა დაჩექინდე,
დაჩექინდე.
გ. ხასაია
2016 წლის 13 მარტს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თურქეთის მთავრობამ PKK-ს (ქურთისტანის მუშათა პარტიას) დააკისრა, მაგრამ მალევე ტერაქტი "ქურთისტანის თავისუფალი ქორების" დაჯგუფებამ, რომელიც რეალურად მუშათა პარტიის სეპარატისტული ფრაქციაა, თავის თავზე აიღო. პრინციპში, თურქეთის ხელისუფლებისთვის ამ ორ ფლანგს შორის განსხვავება არც არსებობს. მისთვის ორივე ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი დაჯგუფებაა. PKK არის მემარცხენე მილიტარისტული, მარქსისტულ-ლენინისტური პარტია, რომელიც პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა ერაყსა და თურქეთში. 1984 წლიდან ეს ბლოკი ებრძვის თურქეთის ხელისუფლებას, რათა მოიპოვოს პოლიტიკური და კულტურული დამოუკიდებლობა, მოახდინოს ქურთების თვითდეტერმინაცია. "PKK"-ს გარდა, თურქეთში ბევრად უფრო რადიკალური მემარცხენე იდეოლოგიის მატარებელი დაჯგუფებები არსებობს, მაგალითად DHKP-C (რევოლუციური სახალხო განმათავისუფლებელი პარტია), DHKP და PKK ერთსა და იმავე წელს ჩამოყალიბდა.
2003 წლის 18 თებერვალს, მაშინ როდესაც თურქი დეპუტატები დახურულ კარს მიღმა ბჭობდნენ იმაზე, უნდა მიეღო თუ არა მონაწილეობა თურქეთს ერაყის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიაში აშშ-სა და კოალიციური ჯარების მხარეს, სიჰიეს მოედანზე 50 000-ზე მეტი მოქალაქე გამოვიდა პაციფისტური ტრანსფარანტებით: "ჩვენ არ გვინდა ვინმეს მოკვლა, ჩვენ არ გვინდა მოვკვდეთ", "არა ომს !" "ჩვენ გვინდა მშვიდობა". მალევე ჩატარდა რეფერენდუმი, ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტი მხარს უჭერდა თურქეთის ნეიტრალურ პოზიციას. ეს ის პერიოდია, როდესაც ქვეყანაში ჯერაც არ აქვთ ისლამისტებს ფეხი მოკიდებული, რეჯებ ტაეპ ერდოღანი კი არ ღალატობს ათა თურქისეულ ლაიცისტურ გეზს. ხალხის ხმამ გაიმარჯვა, თურქეთმა უარი თქვა, ყოფილიყო ახალი გამტარი და არტერია კოალიციური ჯარებისათვის, რაც სამხედრო ექსპერტთა აზრით, უაღრესად არასწორი ნაბიჯი იყო, რადგან თურქეთის უარით ისარგებლეს ჩრდილოეთ ერაყელმა ქურთული სამხედრო დაჯგუფება "ფეშმარგას" ლიდერებმა და აშშ-ს დახმარება შესთავაზეს, რაზეც, რა თქმა უნდა, პენტაგონი დიდი სიამოვნებით დათანხმდა. საბოლოო ჯამში, ერაყის ქურთებმა უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული როლი შეასრულეს სამხედრო კამპანიაში და აშშ-სგან დიდი ოდენობით იარაღი და, რაც მთავარია, მსოფლიო მასშტაბის მხარდაჭერაც მიიღეს. ერაყელი ქურთების დამოუკიდებლობისათვის ნიადაგი უკვე შემზადდა, რამაც ბიძგი და მოტივაცია მისცა თურქ ქურთებს, აეხდინათ დიდი ხნის ნატვრა, შეექმნათ ერთიანი, დამოუკიდებელი ქურთისტანის სახელმწიფო.
ბოლო პერიოდში სამხედრო ექსპერტები ხშირად სვამენ შეკითხვას, რომელი მხარე უფრო დიდ საფრთხეს უქმნის თურქეთს - "დაეში", "PKK" თუ ბაშარ ალ-ასადი? ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ერდოღანისთვის უმთავრესი საფიქრალი მაინც "მუშათა პარტიაა", რომელიც სულ უფრო და უფრო მეტად მიმართავს რადიკალურ ზომებს პოზიციების გასამყარებლად. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის უშუალოდ თურქეთის ტერიტორიაზეა, თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი არ უნდა გავაიგივოთ სალაფიტური ჯიჰადის იდეოლოგიის მატარებელ, ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან, ისევე როგორც ერაყული "ფეშმარგა" და ჩრდილოთ სირიული "PYG" (დემოკრატიული ერთობის პარტია), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალაა სირიაში.
მას შემდეგ, რაც PYG-მ წარმატებას მიაღწია დაეშთან ბრძოლაში და დაიწყო მის ხელთ არსებული ტერიტორიების ფედერალიზაცია, ცენტრით როჟავაში, თურქეთი ახალი საფრთხის წინაშე დადგა, მის წინააღმდეგ შეიკრა ჯაჭვი, რომელიც აერთიანებდა ერაყის, თურქეთისა და ახლა უკვე სირიის ქურთულ სამხედრო დაჯგუფებებს. გამოითქვა აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ს აწყობს ერთიანი ქურთული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, მარიონეტული მთავრობით, რაც შედეგად გამოიღებს მის ჰეგემონიას ისეთ ნავთობით მდიდარ რეგიონზე, როგორიცაა, მაგალითად, ერბილი. თუმცა მე ეს ალოგიკურად მეჩვენება, რადგან ამ შემთხვევაში ნავთობის ექსპორტი აუცილებლად თურქეთის ან სირიის გზით უნდა მოხდეს, რაც ქურთისტან-თურქეთისა და ქურთისტან-სირიის კონფლიქტის პირობებში შეუძლებელი იქნება.
გასული წლის ზაფხულში დაიწყო ქურთების მძლავრი საპროტესტო გამოსვლები თურქეთის ისტორიულ ქალაქ დიარბექრში, სადაც PKK-ს ახალგაზრდულმა ფრთამ დაუმორჩილებლობა გამოუცხადა შინაგან ძალებს, რასაც ხელისუფლების მხრიდან მათ წინააღმგეგ უმკაცრესი სანქციების გატარება მოჰყვა. აჯანყებულები ფაქტობრივად ალყაში აღმოჩნდენ, საკვებისა და საჭირო მედიკამენტების გარეშე. ის ღირებულებები, რომლებისთვისაც ეს ხალხი იბრძვის, ერდოღანისეული, დიქტატორული თურქეთისთვის, რომელიც უგულებელყოფს ქალთა უფლებებსა და სოციალურ თანასწორობას, კატეგორიულად მიუღებელია. ქალთა და მამაკაცთა უფლებების ნიველირება დღევანდელი თურქეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ჩემი დაკვირვებით, ერდოღანი ეტაპობრივად ცდილობს ქვეყანა ირანის პოლიტიკურ მოდელს დაუახლოვოს. ალბათ შედარება ოდნავ უტრირებულიც კია, შეიძლება მავანმა შიიზმისა და სუნიზმის ერთმანეთისგან ვერგამიჯვნაც დამაბრალოს, მაგრამ ასეთი დასკვნა არსებულ ფაქტებზე დაყრდნობით გამომაქვს. ფაქტები კი ისაა, რომ ქემალისტურ, სეკულარულ თურქეთში აკრძალული იყო ისეთი გამოკვეთილად რელიგიური ატრიბუტიკის ტარება, როგორიცაა ბურკა ან ნიქააბი. დღეს ეს რეგულაცია თურქი ქალებისთვის მოხსნილია. განათლების რეფორმის თანახმად, ყველა სამხედრო და საჯარო სასწავლებელში ისლამის სწავლება აუცილებელი გახდა, აშენდა 8000-მდე მეჩეთი, ისლამურ საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი კი მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტს ჩამორჩება. არ გამიკვირდება, ახლო მომავალში თურქეთის ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს ალკოჰოლზე რეგულაციაც რომ დაუწესოს.
ქურთული ზომიერ მემარცხენეთა პარტიები (საპარლამენტო პარტიები) ისეთ ექსტრემისტულ ორგანიზაციებში არ უნდა აგვერიოს, როგორებიცაა DHKP-C (რევოლუციური სახალხო განმათავისუფლებელი პარტია) და ნაციონალისტური ქურთული დაჯგუფება FFC (kurdistan freedom falcons), რომელმაც, როგორც სტატიის დასაწყისში ვახსენე, პასუხისმგებლობა აიღო 2016 წლის 13 მარტს მომხდარ აფეთქებაზე. მასვე უკავშირდება 2016 წლის 17 თებერვლის საზარელი ტერაქტიც ანკარაში. ვერც PKK-ს უდანაშაულობაზე დავდებ თავს, იმის გათვალისწინებით, რომ "ქურთისტანის თავისუფალი ქორები" სწორედ ამ პარტიას გამოეყვნენ და არსებობს ეჭვები, რომ სწორედ PKK-სგან ფინანსდებიან.
ახლა კი ცოტა უკან დავბრუნდეთ. 2016 წლის 12 იანვარს სტამბოლში, თვითმკვლელმა ტერორისტმა, ნაბილ ფადლიმ თავი აიფეთქა. ტერაქტს შეეწირა 13 ადამიანის სიცოცხლე, ხოლო დაშავდა 14. თავიდან მომხდარზე პასუხისმგებლობა "DHKP-C-მ" აიღო. სინამდვილეში კი, როგორც შემდეგ გაირკვა, ტერაქტი "დაეშს" დაუგეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ "თბილი ურთიერთობა" თურქეთსა და "ისლამურ სახელმწიფოს" შორის დასრულდა. სირიაში კონფლიქტის დაწყების დღიდან თურქეთის კარი ყველა ექსტრემისტი მოჯაჰედისთვის ღიაა. ქართველი ექსტრემისტების რეკრუტირება და სირიაში გადასვლაც სწორედ ამ გზით ხდებოდა. მიზეზიც ნათელი და გასაგებია, "ISIS-ის" მთავარი მტერი ხომ რეგიონში არა სუნიტური თურქეთი, არამედ შიიტი ალავიტი ბაშარ ალ-ასადის რეჟიმია, რომელსაც შიიტური ირანი მფარველობდა და ახლაც მფარველობს. ისიც ხომ ფაქტია, როდესაც დაეშმა სირიის ქურთისტანის ქალაქი კობანი ალყაში მოაქცია და 6 თვის განმავლობაში სრულ ბლოკადაში ჰყავდა, რამდენიმე კილომეტრში მდგარ თურქეთის ჯარებს არაფერი გაუკეთებიათ ქალაქის ტერორისტებისგან დასაცავად და ფაქტობრივად, მისი 45 000-იანი მოსახლება სასიკვდილოდ გაწირეს.
2002 წლიდან, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში რეჯებ ტაეპ ერდოღანის "სამართლიანობისა და განვითარების პარტია" მოვიდა, თურქეთმა გადაუხვია ათა თურქისეულ ლაიცისტურ მოდელს და დაადგა ისლამიზაციის გზას, გაძლიერდნენ რელიგიური თემის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, აღნიშვნის ღირსია მის მიერ განხორციელებული უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური გარდაქმნებიც, რომლებმაც თურქეთი ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად აქცია. ერდოღანის ტრადიციონალისტი მხარდამჭერები მას ხშირად "სულთნად" მოიხსენიებენ და ეს შემთხვევითი არ არის. ერდოღანის მიზანი ძალიან ნათელი და გამოკვეთილია - მას სურს თურქეთისთვის ძველი დიდების დაბრუნება, ისლამური სამყაროს ცენტრად ქცევა.
ერთგან სულთანი, მეორეგან ხალიფა, ღმერთმანი, როგორი უცნაურები არიან ეს ახლო-აღმოსავლელი დიქტატორები.