მირზა შაფის ქუჩის განვითარების პროექტი დასამტკიცებლად თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში შევიდა.
არქიტექტურის სამსახურმა პროექტის მშენებლობის ნებართვაზე 2016 წლის მარტში ერთხელ უკვე გასცა უარყოფითი პასუხი. “სასურველია მასის შემცირება რელიეფურობის მაქსიმალური მოდელირებით”, - განმარტა მერიამ. თუმცა 29 მარტს პროექტის ავტორმა მერიას თავიდან მიმართა.
როგორც არქიტექტურის სამსახურის მიერ “ლიბერალისთვის” მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, არქიტექტურული კომპანია “დემარკის” მთავარმა არქიტექტორმა ვლადიმერ აბრამიშვილმა (მირზა შაფის განვითარების პროექტის ავტორი) არქიტექტურის სამსახურს მირზა შაფის ქუჩაზე მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით 2016 წლის 14 მარტს მიმართა.
პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხი მერიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ (დაკომპლექტებულია მუნიციპალიტეტისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისგან) განიხილა (ოქმი N11, 17.03.2016 წ.).
საბჭოს წევრების გადაწყვეტილების საფუძველზე 29 მარტს პროექტის ავტორს უარი უთხრეს მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, რეკომენდაციით: “სასურველია მასის შემცირება რელიეფურობის მაქსიმალური მოდელირებით.”
იმავე დღეს, 29 მარტს ვლადიმერ აბრამიშვილმა პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თხოვნით არქიტექტურის სამსახურს ხელმეორედ მიმართა.
“საკითხი განხილული უნდა იქნეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს უახლოეს სხდომაზე. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დასკვნის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილებას არქიტექტურის სამსახური მიიღებს. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით 31 მარტს გაიმართა საჯარო განხილვა არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეების, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლების მონაწილეობით”, - ვკითხულობთ სამსახურის წერილში.
პროექტისთვის მშენებლობის ნებართვის თაობაზე საბოლოო პასუხი არქიტექტურის სამსახურმა 26 აპრილამდე უნდა გასცეს.
“პასუხის გაცემის ბოლო ვადა 2016 წლის 26 აპრილია, იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია იქნება სრულყოფილი და ხარვეზი არ დაფიქსირდება”, - ამბობენ მერიაში.
მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზური პროექტების კონკურსში გამარჯვებული 2015 წლის 20 მაისს გამოვლინდა (არქიტექტურული კომპანია "დემარკი", არქიტექტორი ვლადიმერ აბრამიშვილი). თუმცა განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული ვერსია თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ 10 აგვისტოს განიხილა, დადებითად შეაფასა და განსახილველად საკრებულოს სხდომაზე გადააგზავნა. 13 აგვისტოს გამართულ საკრებულოს სხდომაზე 10-მდე დეპუტატი, პარტიზანი მებაღეები და მოქალაქეთა ნაწილი საკითხის განხილვისა და კენჭისყრის სექტემბრამდე გადადებას მოითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. 24-მა დეპუტატმა მირზა შაფის ქუჩის განვითარების პროექტის კორექტირებულ გრგ-ს (განაშენიანების რეგულირების გეგმას) მხარი მაინც დაუჭირა. 7 თვის შემდეგ, უკვე წელს, მარტში პროექტი არქიტექტურის სამსახურში მშენებლობის ნებართვის მისაღებად შევიდა.
პროექტის განმახორციელებელი ინვესტორი კომპანია CAPITAL PARTNERS OF GEORGIA-ა. მისი დამფუძნებელი გიორგი სვანიძე ამბობს, რომ ნებართვის მიღების შემდეგ მშენებელი კომპანიის შესარჩევად საერთაშორისო ტენდერს გამოაცხადებენ და გაზაფხულზე მშენებლობა ყველა შემთხვევაში უნდა დაიწყოს. ქუჩაზე დაგეგმილი მრავალფუნქციური კომპლექსის მართვას სავარაუდოდ სასტუმროების ცნობილი ოპერატორი კომპანია "კემპინსკი" განახორციელებს. სვანიძე ამბობს, რომ პროექტში 60 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და 1200-მდე ადამიანი დასაქმდება.
“პროექტით გათვალისწინებულია მაქსიმუმ 2-4 სართულიანი ტერასიანი შენობების, ბიზნესცენტრების, ბუტიკ-ოტელების, სხვადასხვა ქვეყნის კულტურული სახლების, საგამოფენო დარბაზების მშენებლობა. მირზა შაფის ქუჩაზე კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში სასტუმრო აპარტამენტიც აშენდება, რითაც საქართველოში "კემპინსკის" ბრენდი შემოვა”, - განმარტავს CAPITAL PARTNERS OF GEORGIA-ს დამფუძნებელი “კომერსანტთან” საუბარში.
თუმცა Capital Partners of Georgia-სთან საზოგადოების ნაწილს ბევრი კითხვა ჰქონდა. საქმე ეხება 2008 წელს მირზა შაფის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების დემონტაჟს.
ნგრევა მირზა შაფის ქუჩაზე 2008 წლის 15 ნოემბერს დაიწყო. „თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება - ტფილისის ჰამქრის“ მტკიცებით, კომპანია „აპოლო გ.ს“-ს შენობების დემონტაჟის უფლება არ ჰქონდა. ასევე, უკანონო იყო მოგვიანებით მათ მიერ კლდის მოჭრაც. 4 დეკემბერს ქუჩა სახლებისგან უკვე გათავისუფლებული იყო.
თუმცა ნგრევის ნებართვის დოკუმენტი მაშინ „ლიბერალის“ ჟურნალისტებმა ვერ მოიპოვეს. არ გაცემულა N16-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დემონტაჟის ნებართვაც.
საინვესტიციო კომპანია CAPITAL PARTNERS OF GEORGIA-მ ნგრევის დაწყებიდან 2-3 კვირაში განაცხადა, რომ საქართველოში 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებდა და მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი სწორედ მირზა შაფის ქუჩის განაშენიანება იყო.
ამასთან, "აპოლო გ.ს."- სა და "CAPITAL PARTNERS OF GEORGIA-ში" ერთი და იმავე ადამიანის, გიორგი სვანიძის მონაწილეობა იკვეთებოდა. ასევე, სვანიძე "CAPITAL PARTNERS-ის" დამფუძნებელია. "აპოლო გ.ს."-ის დამფუძნებელი კი თინათინ სვანიძეა.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „ტფილისის ჰამქართან“ და მოქალაქე მარინე ხატიაშვილთან ერთად პროკურატურას 2010 წელს მიმართა. ისინი ითხოვდნენ, დაწყებულიყო გამოძიება მირზა შაფის ქუჩაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება-განადგურების საქმეზე.
იურისტ სულხან სალაძის თქმით, მათ საკმაოდ დიდი მოცულობის დოკუმენტაცია წარადგინეს იმის დასტურად, რომ აშკარა იყო დანაშაული, რომელზეც პროკურატურას გამოძიება უნდა დაეწყო. თუმცა მიუხედავად ამისა, არცერთ განმცხადებელს საქმის წარმოების შესახებ მას შემდეგ არანაირი ინფორმაცია არ მიუღია.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მირზა შაფის ქუჩის საქმესთან დაკავშირებით 5 წლის შემდეგ, 2015 წლის შემოდგომაზე უკვე სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, რომ სასამართლოს დაევალდებულებინა პროკურატურა, მიეწოდებინა მომჩივნებისთვის არაერთგზის მოთხოვილი ინფორმაცია: დაიწყო თუ არა 5 წლის წინ მიწოდებულ მასალებზე გამოძიება, რა ეტაპზე იყო ის, დადგა თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი და ა.შ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენელი სულხან სალაძე ამბობს, რომ ბოლო მიმართვის შემდეგ, პროკურატურამ მათ უპასუხა.
“პროკურატურის განმარტებით, შესაძლო დანაშაულის გამოძიება შეუძლებელია, რადგან საქმე ხანდაზმულია. თუმცა ეს არ არის სწორი მიდგომა, რადგან მირზა შაფის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ფაქტზე მასალები და განცხადება პროკურატურაში იმ ვადებში შევიტანეთ, რომ გამორიცხულია მაშინ საქმე ხანდაზმული ყოფილიყო. ეს ხდებოდა 6 წლის წინ. ვადები არ დარღვეულა. გარდა ამისა, მთელი ამ 6 წლის განმავლობაში ჩვენც და ჩვენი პარტნიორებიც ვცდილობდით გაგვეგო, რა ეტაპზე იყო გამოძიება, საერთოდ მიმდინარეობდა თუ არა, და ერთადერთი პასუხი, რაც მივიღეთ, იყო - ვერ გამოვიძიებთ, რადგან საქმე ხანდაზმულიაო”, - ამბობს სალაძე.
იურისტის განმარტებით, ამჟამად საია ცალკე საჩივრით ითხოვს, შესწავლილი იქნეს იმ პროკურორების საქმიანობა, რომლებმაც თავის დროზე არ გამოიძიეს საქმე და დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი,, რადგან შეტყობინება დროულად იყო შესული და გამოძიება მაშინვე უნდა დაწყებულიყო.
“ამ ფონზე პროცესების გააქტიურება და ამ საქმის დაძვრა, რა თქმა უნდა, მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლებელია, აქ სხვა ინტერესი იყოს. გარკვეული ალბათობით არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ეს საკითხი იყოს შესწავლილი და გამოძიებული. ამასთან, სხვა ფაქტორები, თუნდაც ის, რომ პროექტს ახლაც იგივე კომპანია ახორციელებს, რომელიც შესაძლოა პასუხისმგებელი იყოს ძეგლის განადგურებაზე, ზრდის კითხვების რიცხვს. მაგრამ ერთადერთი უწყება, რომელსაც შეუძლია ყველა აუცილებელი საგამოძიებო პროცედურის ჩატარება, არის საქართველოს პროკურატურა, რომელიც ამ დრომდე არ დაინტერესებულა და არ შეუსწავლია მირზა შაფის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ფაქტი", - ამბობს სალაძე.
კითხვაზე, როდესაც პროკურატურაში რამდენიმე საჩივარია შეტანილი ინვესტორი კომპანიის წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული დემონტაჟის შესახებ და გამოძიება არ დასრულებულა, ხომ არ იწვევს ამ პროცესის გააქტიურება და მშენებლობის ნებართვის გაცემა დამატებით შეკითხვებს ან ბუნდოვანებას, თბილისის მერიაში გვპასუხობენ, რომ "თბილისის არქიტექტურის სამსახური მოქმედებს კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში".