Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სინათლის მომთვინიერებლები

29 მარტი 2016

ღმერთი დაუნდობელი ვინმეა - თქვა თეიმურაზ ჩიჩუამ, - ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, ფიზიკოსმა და ერთობ ახირებულმა კაცმა. შევერცხლილ თმაზე ხელი გადაისვა,  წვრილჩარჩოიანი სათვალე მოიძრო და წინ გადმოიხარა - შეხედეთ, მაგალითად, აი, ამ გოგონას, - მეცნიერმა დაფასთან მდგარ, ფიზიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტზე  მიმითითა, რომელიც, აჩქარებული სხეულის დამუხრუჭების ამსახველ გრაფიკს ჩაჰკირკიტებდა, - ღმერთმა როგორი სილამაზით დააჯილდოვა, - გოგონა  გრაფიკს მოეშვა და ინტერვიუთი დაინტერესდა, - ან აი ის ბიჭები, მაგიდასთან. მათი ნიჭი ნამდვილი საჩუქარია, სამწუხარო ისაა, რომ ეს გამონაკლისია. ბევრი არ არის, - ჩიჩუამ სათვალე მოირგო და კვლავ სკამის საზურგეზე გადაწვა. მხრები სინანულის გამომხატველი მიმიკით აიჩეჩა.

თბილისი. ტექნიკური უნივერსიტეტი. IV კორპუსი.  ფიზიკის ლაბორატორია. „ბიჭები მაგიდასთან“ მე-11 კლასის მოსწავლეები გიორგი ნიორაძე, გიორგი მარგიანი, ბექა მიქაძე და ვახო კონტრიძეა. „სოლარი“ - ასე ჰქვია მათ გუნდს.

ახალგაზრდა ფიზიკოსების  შესახებ დაინტერესებულმა საზოგადოებამ უფრო ადრეც იცოდა, ვიდრე ისინი ბოლო, ყველაზე სახელგანთქმულ გამოგონებას,  „მზის პანელის მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდის ინოვაციურ ტექნოლოგიას“ დღის სინათლეზე გამოიტანდნენ. სწორედ ამ გამოგონებამ მოუტანა მათ ყველაზე ხმაურიანი წარმატება.

2016 წლის 12 თებერვალს ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი გამართა. ფინალში მონაწილეობდა ათი კონკურსანტი გუნდი, რომელიც 34 მოსწავლისგან შედგებოდა.  გუნდების მიერ წარდგენილი პროექტები შეაფასა დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიამ. შედეგად,  სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.

პირველ ადგილზე გავიდა ახალი ლიცეუმისა და აია-GESS-ის სკოლების მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდი „სოლარი“.

ამ გამარჯვების შედეგად, „სოლარი“ მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის კონრადის ფონდის (the Conrad foundation) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სამიტში, რომელიც  2016 წლის 20-24 აპრილს, ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში (NASA KENNEDY SPACE CENTER) გაიმართება.

„სოლარის“ მიერ მოდიფიცირებული ელემენტი ერთი შეხედვით, მარტივი, მაგრამ ინოვაციური სიახლით, მარგი ქმედების კოეფიციენტს ზრდის, გასაგებად რომ ვთქვათ, უფრო მეტ ენერგიას გამოიმუშავებს.

მზის ენერგიის გადამამუშავებელ ელემენტზე გამომგონებლების მიერ შექმნილი სპეციალური აპკის გადაკვრის შედეგად, რომელიც ცილინდრული ლინზის მოვალეობას ასრულებს, ზედაპირზე დაცემული სხივები გარდატყდება და იკრიბება. სხივების ამგვარი გადანაწილების შედეგად პანელის განსაზღვრულ ადგილებზე სინათლის უფრო მძლავრ ნაკადს ვიღებთ. 

აქ ჩნდება სკეპტიკური კითხვა - რა მნიშვნელობა აქვს ამგვარ გარდატეხას, რაკიღა ერთ წერტილში შეკრებილი სხივები, პანელის სხვა წერტილებს აკლდება? შედეგად ამ წერტილებში სინათლის ნაკლებ ინტენსივობას ვიღებთ, ზუსტად იმდენად ნაკლებს, რამდენადაც შეკრების წერტილებს ემატება. მოკლებული და დამატებული ენერგიების ჯამი ნულს უდრის და მარგი ქმედების კოეფიციენტი უცვლელი რჩება... აქ ბიჭები მათემატიკის ცოდნის დემონსტრირებას მაწყვეტინებენ და გამოგონების მთავარ იდეას მიმხელენ, რომელიც, მათი ხელმძღვანელის, თეიმურაზ ჩიჩუას თქმით, „მეცნიერებაში ახალი სიტყვაა“, კერძოდ:

მზის სხივების მარგი ქმედების კოეფინციენტი ზედაპირზე დაცემული სხივების ინტენსივობასა და ტემპერატურაში გამოხატება, ხოლო ინტენსივობის ზღვრული სიდიდის შემდეგ გამოყოფილი ენერგიის რაოდენობის დამოკიდებულება ინტენსივობაზე, ხდება არაწრფივი.  მარტივად რომ ვთქვათ, გამოყოფილი ენერგია იზრდება არა მხოლოდ მოკლებული ენერგიის ტოლად, არამედ გაცილებით მკვეთრად.

ანუ, პანელის „ჩაბნელებული“ ნაწილი  გვაძლევს ნაკლებ ელექტროენერგიას, მაგრამ „გაკაშკაშებული“  მხოლოდ იმდენად მეტს კი არ გამოიმუშავებს, რომ ზრდა ჯამში ნული მივიღოთ, არამედ – გაცილებით მეტს, ასე იზრდება მარგი ქმედების კოეფიციენტი.

სწორედ ესაა „ახალი სიტყვა მეცნიერებაში“.

ბექა და ვახო დაფასთან დგანან და ფორმულის პრაქტიკულ მნიშვნელობას ხსნიან: „გამოვიანგარიშოთ  100 კვადრატულ მეტრზე. დავუშვათ, რომ მოდიფიკაციის გარეშე ელემენტებმა E ენერგია გამოიმუშავეს, როდესაც ჩვენს მოდიფიკაციას გაუკეთებენ, ამ ენერგიის მისაღებად საკმარისი იქნება 95 კვადრატული მეტრი, 5 კვადრატულ მეტრს ვიგებთ, ხოლო თუ ამ გამოთავისუფლებულ ადგილზეც პანელებს დავამატებთ, შედეგად 5%-ით  ზრდას ვიღებთ“.

ერთ მეტრ/კვადრატში 83 ელემენტი ეტევა, ასში - 8300, თითოეული დაახლოებით 1,65 - 1, 7 ვატ ენერგიას გამოიმუშავებს. 1,65 X 8300, = 13 695 ვატს. დაახლოებით 14 კილოვატი ენერგიაა, მოდიფიკაციის შედეგად დაახლოებით 700 კილოვატით მეტ ენერგიას მივიღებთ, და თუ წარმოვიდგენთ რომ მზის პანელები არა რამდენიმე კვადრატულ მეტრს, არამედ ხშირად ათასობით ჰექტარზე გადაჭიმულ ტერიტორიებს მოიცავს, მივხვდებით - საქმე  მილიონობით დოლარის ღირებულების ენერგიას ეხება.

ბიზნესი? - ჯერ არ ვიცი, ამბობს გიორგი მარგიანი, გუნდის კაპიტანი. ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გამოსაკვლევი, დასაკონკრეტებელია პარამეტრები, უფრო ხარისხიანი ტექნოლოგიაა შესამუშავებელი.

ახალგაზრდა გამომგონებლები ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, თეიმურაზ ჩიჩუასთან  აია-GESS-ის დირექტორის, რუსუდან ბოლქვაძის მეცადინეობით მოხვდნენ. ლაბორატორიას სამუშაოდ სხვა გამომგონებლებიც იყენებენ. ზოგჯერ ღამით წავსულვართ აქედან - მიყვება გიორგი ნიორაძე, - სამუშაო ბევრი გვაქვს, ბევრი რამ უნდა დავხვეწოთ.

მზის ელემენტის მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდა გუნდის ერთადერთი გამოგონება არ არის. სხვადასხვა იდეაზე ისინი ბავშვობიდან მუშაობენ. ერთ-ერთი ასევე წარმატებული გამოგონება, რომელშიც „ლეონარდო და ვინჩის“ გრანპრიც აქვთ მიღებული პარაბოლური რეფლექტორია, რომელსაც შიგნიდან ამრეკლი ზედაპირი აქვს.

რეფლექტორის ერთ-ერთი ვერსია კოსმოსური სადგურებისთვისაა გამიზნული. ბიჭები იმედოვნებენ, რომ გამარჯვების შედეგად მოპოვებული საერთაშორისო მიწვევები მათ გამოგონებების „საჭირო ხალხამდე“ მიტანაში დაეხმარებათ.

თავს განსხვავებულად ვგრძნობ თუ არა?  - შეკითხვას იმეორებს „სოლარის" კაპიტანი, არა, ჩვენ მხოლოდ ფუნდამენტური მეცნიერებებისადმი ძლიერი ინტერესი გამოგვარჩევს. ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა ამ მეცნიერებათა სიღრმისეულად შესწავლა და ჩვენი იდეების ოპტიმალური განვითარებაა - შემდეგ? შემდეგ ვნახოთ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^