Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოსამართლეობის კანდიდატი - „მე გამოვდივარ „წმინდა წერილიდან“, მამათმავლობა გასაკიცხია“

29 მარტი 2016

საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე გუშინ წარდგენილი ორი კანდიდატიდან ერთ-ერთი ნონა თოდუაა. 

კანდიდატად დასახელების შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა მისი თანაავტორობით გამოცემული სახელმძღვანელოებიდან ამონარიდები, სადაც ის ჰომოფობიურ გამონათქვამებს იყენებს.

თოდუას საგანმანათლებლო-სამეცნიერო მუშაობის 30-წლიანი სტაჟი აქვს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციებს წლების განმავლობაში კითხულობდა.

„სისხლის სამართლის კერძო ნაწილის“ მე-4 გამოცემაში, რომლის თანაავტორიც პრეზიდენტის მიერ დასახელებული კანდიდატია,  ვკითხულობთ, რომ „მამათმავლობა ნიშნავს მამრობითი სქესის წარმოამდგენლებს შორის სექსუალურ კავშირს. თუკი ასეთ კავშირს ადგილი აქვს ნებაყოფლობით, და თანაც 16 წელს მიღწეულ პირებს შორის, ქმედება დანაშაულად არ ითვლება. მართალია, ამგვარი ქმედება ზნეობრივი თვალსაზრისით უკიდურესად გასაკიცხია, მაგრამ, ვინაიდან არ აზიანებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს, არაა დასჯადი. მამათმავლობის ჩადენის ხერხია ძალადობა, ძალადობის მუქარა ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენება.  ...ლესბოსელობაც, თუ მას ადგილი აქვს 16 წელს მიღწეულ პირებს შორის ნებაყოფლობით, არაა დასჯადი ქმედება, თუმცა, აუცილებლად ამორალურია“.

„ლიბერალმა“ ნონა თოდუას საგანმანათლებლო - სამეცნიერო  და მომავალ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა.

სახელმძღვანელოში, რომელიც თქვენი თანაავტორობით გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ „მამათმავლობა უკიდურესად გასაკიცხია“. რომელი დოგმებიდან გამომდინარე განმარტავთ ამ საკითხს?

მე გამოვდივარ რელიგიური დოგმატიდან. როგორც იურისტი, გამოვდივარ იქიდან, რომ ქმედების მართლწინააღმდეგობა საერთოდ კულტურის ნორმებს ემყარება, შესაბამისად, კულტურის ნორმა არის ამოსავალი წერტილი იმისათვის, რომ ჩვენ შევაფასოთ ქმედება, როგორც მართლსაწინააღმდეგო, როგორც მორალური ან ამორალური. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, ახალ აღთქმაში რა წერია, რას ნიშნავს ეს, რომ ადამიანს თავისსავე სქესისკენ აქვს სწრაფვა და იქ მიხვდებით პასუხს. ანუ დღეს, ბოლო პერიოდში, შეიცვალა მიდგომა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მიიჩნევენ, რომ ეს არ არის მორალური, რომ ადამიანმა რა ქნას, თუ ასეთი მიდრეკილება აქვს, რომ ეს ბიოლოგიურია, მაგრამ რელიგია მას აბსოლუტურად უარყოფს და მიიჩნევს, რომ 1,5%-ში შეიძლება ეს იყოს თანდაყოლილი რაღაც მიდრეკილება და 99%-ის შემთხვევაში ეს არის მერე შეძენილი. მე გამოვდივარ წმინდა წერილებიდან. ამ შემთხვევაში, ეს არ არის ჩემი მოსაზრება. როდესაც ეკითხებიან ქრისტეს ერთ-ერთ წარმომადგენელს, რას ნიშნავს რომ მამაკაცს მამაკაცისკენ აქვს მიდრეკილება, ქალს - ქალისკენ, ის ამბობს, რომ ეს არის ღვთის რისხვა მისთვის მისი ცოდვების გამო. მეც აქედან გამოვდივარ, ახალ რაღაცას ხომ არ შევქმნი? ჩემს კრიტერიუმს ხომ არ დავდებ საფუძვლად? პრიორიტეტი არის რელიგიური ხედვა ამ საკითხზე და არა კონკრეტული ადამიანების ხედვა, თუნდაც ეს იყოს ევროპაში და თანამდებობის პირებისა და მეცნიერების. ჩემთვის მთავარი ამოსავალია რელიგიური დოგმატები.

ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებზე ამბობთ,  რომ ისინი არიან „სიამოვნების მაძიებელი ეგოისტები“...

ნარკოტიკის მოხმარება რომ მორალის საწინააღმდეგოა და როდესაც ადამიანი სიამოვნებას ეძებს ესეც სადავო გახდა? ჩემი აზრი არ არის ეს, მეცნიერებაში აღიარებული აზრია. ვინ ხდება ნარკოტიკის მომხმარებელი? ვინც ეძებს სიამოვნების მიღებას ცხოვრებაში. აბა სხვა რატომ მაშინ? სიამოვნება უნდა მიიღოს გარეშე ფაქტორებისგან გამომდინარე.

თქვენ პრეზიდენტმა წარგადგინათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად. როგორ ფიქრობთ, მოსამართლე რელიგიური დოგმატებით უნდა ხელმძღვანელობდეს?

არა, არა. სწორედ ამიტომ მე მხარს არ ვუჭერ ნარკოტიკის მომხმარებელთა კრიმინალიზაციას. მე მომხრე ვარ, რომ მომხმარებლები მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაისაჯონ. იმოტომ, რომ ეს არ არის სხვისთვის საფრთხის შემქმნელი ქმედება. თვითონ მისი პრობლემაა, რომ სიამოვნების მაძიებელია, მაგრამ სხვას რას უშავებს?! ამიტომ, მე არ ვარ მომხრე, ისინი დაისაჯონ. შესაბამისად, მე მამათმავლობის დასჯის მომხრე კი არა ვარ.  როცა ეს ძალადობით ხდება, ეს მაშინ არის დასჯადი. თვითონ ადამიანები, ბუნებრივად, ერთმანეთთან რომ შეთანხმდებიან და მამათმავლობას ჩადიან,  ეს მორალის თვალსაზრისით გასაკიცხია, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება?

„მამათმავლობას“ და ჰომოსექსუალობას ერთმანეთისგან გამიჯნავთ?

ჰომოსექსუალიზმი ეს ნიშნავს, როდესაც ერთი და იგივე სქესის წარმომადგენლებს აქვთ ერთმანეთისადმი ლტოლვა და მამათმავლები, იცით, ზოგჯერ ბისექსუალებიც არიან. მამათმავლობასაც ეწევა და თან შეიძლება საწინააღმდეგო სქესთანაც ჰქონდეს ურთიერთობა. ანუ ეს ცოტა ისეთ საკითხია, ანუ სისხლისსამართლებრივად საინტერესო არ არის. მთავარია, იმ ძალადობის დანაშაულთან გვაქვს თუ არა საქმე, რაც 139-ე მუხლშია. ამიტომ, მამათმავლებისა და ლესბოსელების დასჯას კი არ მოვითხოვ, ვამბობ, რომ თუ ეს ნებაყოფლობითია, პრობლემა არ არის სისხლისსამართლებრივად, ეს არის მხოლოდ მორალის საკითხი. მართალია, მორალურად გასაკიცხია, მაგრამ... თქვენ გინახავთ რომელიმე ოჯახი, როცა ცოლმა ვთქვათ, გაიგო, რომ მისი ქმარი არის ასეთი სექსუალური ორიენტაციის? ან საქმროზე გაიგო საცოლემ და მიიღოს ეს ჩვეულებრივად, რომ რა პრობლემაა, თურმე, ჩემს საქმროს კაცებიც მოსწონს და კაცებიც ჰყავს შეყვარებული, ან ჰყოლია, და ამას მიიღებს ნორმალურად? თქვენ დავუშვათ, საცოლე გყავდეთ და გაიგოთ, რომ ადრე შეყვარებული ჰყოლია გოგონა. მოსახლეობის უმრავლესობა მთელ მსოფლიოში თანხმდება, რომ ეს არის ამაზრზენი უმრავლესობისთვის, რომ როგორ, გოგონას გოგონა ჰყავდა შეყვარებული?!  ანუ, ეს არის მორალური საკითხი და არავითარი კავშირი არ აქვს მოსამართლეობასთან.

ამ წიგნით სტუდენტებმა უნდა ისწავლონ. თქვენი აზრით ეს ის პრინციპებია, რომლებიც სტუდენტებმა უნდა გაიზიარონ და მომავალში იხელმძღვანელონ?

რატომ უნდა იხელმძღვანელოს, ეს ხომ მორალური საკითხია? მოსამართლე ამ დროს მორალურ საკითხს კი არ წყვეტს, მან განაჩენი უნდა გამოიტანოს - იყოს თუ არ ძალადობა. მორალურად როგორ შეაფასებს, ეს მის გულში უნდა დარჩეს.

თუმცა მოსამართლე არ მსჯელობს მხოლოდ იურიდიული საკითხებით. მას აქვს შინაგანი რწმენა და აქედან გამომდინარე, იღებს გადწყვეტილებებს. თქვენ თუ გექნებათ შემთხვევა, რომელიც ეხება სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციას, თქვენი მორალური ღირებულებები მოგცემთ საშუალებას, იყოთ ობიექტური?

ასეთი ხალხის დისკრიმინაცია არ შეიძლება. რა უფლება გვაქვს, ისინი დავჩაგროთ? დისკრიმინაცია ყოვლად გამორიცხულია, როგორ შეიძლება მათ მოვეპყროთ ისე, რომ უარეს მდგომარეობაში ჩავაყენოთ  სექსუალური ორიენტაციის გამო. მე მაგალითად, რამდენიმე სტუდენტი მყავს, ვგრძნობ კიდევაც, როდესაც ტელევიზიით გამოდის, იმ ორგანიზაციის წარმომადგენელი ყოფილა, რომელიც ამას უჭერს მხარს, მაგრამ ის ჩემთვის ძალიან საყვარელი სტუდენტია. დიდი სიყვარულით ვხვდები. ისიც ასევეა ჩემ მიმართ. მე ახლა გულში შეიძლება ვფიქრობ, რომ ის ამ თვალსაზრისით გარკვეულწილად მეცოდება, მაგრამ ძალიან მიყვარს, როგორც სტუდენტი. ამასთან ეს კავშირში არ არის. ანუ ის პასუხს აგებს უფალთან და არა ჩემთან, როგორც ლექტორთან. მე მასთან ადამიანური ურთიერთობის პრობლემა არ მაქვს.

მე მაქვს ვალდებულება, კანონს დავემორჩილო, დავადგინო, იყო თუ არა ეს დისკრიმინაცია და გამოვიტანო განაჩენი, რომ დისკრიმინაცია მოხდა ამ პირის მიმართ სექსუალური ორიენტაციის მიხედვით. დავსაჯო ის პირი, ვინც ის დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩააგდო.

ანუ, თქვენთვის ჰომოსექსუალობა ნაკლი არ არის...

იცით რა, ნაკლი, როგორც პროფესიაში პიროვნებისა, როგორც მოქალაქისა, რომელსაც რაღაც ფუნქცია აქვს, ამაში ხელს არ უშლის. შეიძლება იყოს კარგი მძღოლი, კარგი პოლიციელი, მაგრამ მორალურად, როგორც ადამიანისა, რომელიც უფალთან აგებს პასუხს, ვფიქრობ, ეს მისთვის დიდი ნაკლია და კარგი იქნება, რომ იზრუნოს ამ ნაკლის გამოსწორებისთვის, მაგრამ ეს არის მისი გადასაწყვეტი.

როგორც პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი, როგორ ფიქრობთ, რა არის ის მთავარი თვისებები, რომელთა გამოც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უნდა გახდეთ?

ვფიქრობ, იმიტომ უნდა გავხდე, რომ მე ვარ პირველ რიგში სისხლის სამართალში, შეიძლება, პროფესიონალი ხმამაღალი ნათქვამია... ვიცი ეს დარგი. მე არ ვარ ბუნებით მიკერძოებული და ჩემთვის მთავარი ის კი არ არის, რომ ამ გადაწყვეტილებით პეტრეს ან პავლეს არ ვაწყენინო... ვფიქრობ, რომ ბუნებით ვარ სამართლიანი და ამდენად, უსამართლო გადაწყვეტილებას არ მივიღებ. შეიძლება, შემეშალოს რაღაც, შეცდომისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ შეგნებულად არ გავაყალბებ იმის გამო, რომ ვიღაც ძალებს, ან კონკრეტულ პირს ვასიამოვნო. ან ჩემთვის შევიქმნა კომფორტი. და ეს არის მთავარი მოსამართლისთვის - უნდა იყოს გაბედული, სამართლიანი და თავისი საქმის პროფესიონალი. ვფიქრობ, ამ ნიშნებს მეტ-ნაკლებად ვაკმაყოფილებ. ამდენად, ვფიქრობ, თუ მომცემენ შესაძლებლობას, კარგი იქნება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^