XXI საუკუნე ის დროა, როდესაც შეგნებულმა სახელმწიფოებმა პრიორიტეტები ჩამოაყალიბეს და იქ მანქანების ადგილი არ აღმოჩნდა. მაგალითად, ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ეტაპობრივად აკრძალავს მანქანების გადაადგილებას ქალაქის ცენტრში. ამავდროულად ევროპის სხვა ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები და ავსტრალია ერთმანეთს ეჯიბრებიან სამანქანო გზების საჯარო სივრცის ჩანაცვლებით. სან ფრანცისკომ საჯარო სივრცეების ყველაზე ორიგინალურ გადაწყვეტასაც კი მიაგნო. მათ მანქანების რამდენიმე სადგომ ადგილზე პაწია საჯარო სივრცეების მოწყობა დაიწყეს, რასაც „parklet” უწოდეს. ისინი საინტერესო დიზაინით გამოირჩევა და ადგილობრივებს დასასვენებლად და სხვა აქტივობებისთვის იზიდავს. ამ ტენდენციას არც ლონდონი ჩამორჩა, სადაც ასევე ხშირად გვხვდება მსგავსი სივრცეები .
ამ ყველაფრის პარალელურად ჩვენს დედაქალაქში ესტაკადებისა და ახალი გზების მშენებლობა აქტიურ ფაზაში შედის. უქმდება პუშკინის სკვერთან არსებული ისტორიული და საჯარო სივრცე, რომელსაც მალე სამანქანო გზა დაიკავებს. პარკინგის ხაზებით იხატება განიერი ტროტუარები. ხოლო იქ, სადაც ნახატი არ არის, მანქანები ისედაც პოულობენ თავიანთ ადგილს გასაჩერებლად. დღევანდელი მონაცემებით თბილისში 1 პარკინგზე 12 ავტომანქანა მოდის და გასაჩერებელი ადგილის პოვნა დღითი დღე რთულდება.
თბილისის ქუჩების უმრავლესობას ერთი და იგივე პრობლემა აქვს და ერთ-ერთი მათგანი ტროტუარებია, რომლებიც ადამიანებს ეკუთვნით. თუმცა იქ ყველაფერმა დაიკავა ადგილი მათ გარდა: განათების ან სარეკლამო ბოძები, რომლებიც ტროტუარის ისედაც ვიწრო ზოლს ისე ბლოკავს, ქვეითი იძულებული ხდება გვერდი სამანქანო გზიდან აუაროს; ვიწრო და მოუხერხებელი მონაკვეთები ძველ თბილისში ან კიბე ტროტუარზე, რომელიც კონკრეტული მაცხოვრებლის მიერაა დადგმული და ზოგჯერ ნახევარ, ხოლო უმეტეს შემთხვევაში ტროტუარის მთლიან სიგანეს იკავებს... გარეუბნებში პრობლემა უფრო მწვავედ დგას, რადგან იქ ამ ყველაფერს სივრცეების მოუწესრიგებლობაც ემატება და გავლაც კი შეუძლებელია, ბალახის, განადგურებული ზედაპირის ან უბრალოდ საფეხმავლო გზის არარსებობის გამო.
ასათიანის ქუჩა. თბილისი / ჭავჭავაძის გამზირი. თბილისი
თეთელაშვილის ქუჩა. თბილისი / სამგორი. თბილისი
ეს საკითხი განსაკუთრებით ხელს უშლის იმ ქვეითებს, რომლებსაც საბავშვო ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი ეტლებით გადაადგილება ესაჭიროებათ. აღნიშნული პრობლემების გამო, ცხადია ისინი ტროტუარს ვერ იყენებენ და ალტერნატიულ სივრცედ მხოლოდ სამანქანო გზის ნაწილი რჩებათ.
ამ თემის სიმწვავე და აქტუალობა ყოველდღე უფრო და უფრო მწვავედ დგება. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ახალი მშენებლობები მთლიანად შენობაზეა ორიენტირებული და ქალაქის მერია მათ საჯარო სივრცის არსებობას არ სთხოვს.
ბოლო წლების აშკარა სურათია, რომ ფეხით მოსიარულე არ არის პრიორიტეტი. ქალაქში სიარულისას ქვეითი აწყდება უამრავ დაბრკოლებას და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად ძირითად მანძილს სამანქანო გზაზე სიარულში გადის. ტროტუარების არარსებობა არა მხოლოდ დისკომფორტის გამომწვევი, არამედ სიცოცხლისთვის საშიშიცაა, რადგან როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, ფეხით მოსიარულეებს ალტერნატივად სამანქანო გზაზე მოძრაობაღა რჩებათ, რაც შეიძლება ფატალური შედეგით დამთავრდეს.
ცხადია ეს პრობლემა ქალაქის უკვე არსებულ ურბანულ ქსოვილში ჩამოყალიბდა, თუმცა მისი გადაჭრის გზა შეიძლება იყოს:
ა) ტროტუარების სიგანის გაზრდა, სამანქანო გზის დავიწროების ხარჯზე.
ხშირ შემთხვევაში (განსაკუთრებით კი ძველ უბნებში) სამანქანო გზა ცალმხრივია და სიგანე იმაზე მეტია, ვიდრე ერთი ავტომანქანის გაბარიტებს სჭირდება. ასე რომ, ამ შემთხვევაში ტროტუარის გადიდება შესაძლებელია ეფექტური გზა აღმოჩნდეს პრობლემის გადასაჭრელად. აქვე აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ტროტუარებზე უნდა დამონტაჟდეს სპეციალური წინაღობები, რათა შეუძლებელი გახდეს იქ პარკინგი.
ბ) სად წავიდეს ამდენი მანქანა, რომლებიც ამ ადგილებს ემსახურებიან ან იქ მაცხოვრებლების საკუთრებაა? გამოსავალი აქაც შეიძლება იყოს:
ქალაქის ნებისმიერ რაიონსა და უბანს შენობებს შორის აუთვისებელი მონაკვეთები აქვს, ხოლო ძველ თბილისში გვხვდება ავარიული, ფაქტობრივად დანგრეული შენობები ან უკვე გამოთავისუფლებული ადგილები, რომლებიც ინვესტორებზე იყიდება. ნაცვლად იმისა, რომ ამ ყველა ადგილას საცხოვრებელი ფართი ან საოფისე შენობები აშენდეს, მერია ამ ტერიტორიებზე ავტოსადგომების აშენებას გეგმავს, სადაც ყველა მძღოლს კომფორტულად და საიმედოდ ხელმისაწვდომ ფასში შეეძლება მანქანის გაჩერება ნებართვის გამცემ ორგანოსგან განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, რომ ყველა მომავალ მრავალბინიან საცხოვრებელ შენობას ჰქონდეს იმდენი პარკინგი, რამდენიც საჭიროა, რადგან დღევანდელი მდგომარეობით მრავალბინიან საცხოვრებლებს თავიანთი მაცხოვრებლებისთვის საჭირო პარკინგიც კი არ აქვს. ხოლო კომერციულ სივრცეში მომსვლელი ავტომანქანების სადგომები საერთოდ გათვალისწინებულიც კი არაა. თბილისის მერია ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავს და ზედამხედველობის სამსახურიდანაც რეაგირება არ არის, შენობები დღემდე იმავე პრინციპით მტკიცდება და შენდება.
გ) კომფორტული და სწრაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მე მაინც მგონია, რომ ქალაქში მომრავლებულ მანქანებს, კომფორტული და სწრაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნამდვილად შეამცირებს. მანქანით გადაადგილების საჭიროება აღარ იქნება, თუ ავტობუსები, სამარშუტო ტაქსები და მეტრო დანიშნულების ადგილას მაქსიმალურად მოკლე დროში და, რაც მთავარია, სუფთა გარემოთი მიგვიყვანს. ვფიქრობ, პირველ რიგში სახელმწიფომ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს.
ცხადია, ტროტუარების პრობლემა პირველად მე არ წამომიჭრია და არც ახალია. ეს პრობლემა გაცილებით კომპლექსურია და სცდება გადაჭრის ყველა იმ გზას, რაც მე აქ ჩამოვთვალე. თბილისის გარეთ არარსებული სამსახურები და ქალაქს შემოკედლებული რეგიონების მოსახლეობა, ცხადია, ემატება ქალაქის ისედაც გადატვირთულ სამანქანო მოძრაობას. ამასთანავე მანქანებისთვის დაზღვევა სავალდებულო არაა, იაფი განბაჟება და ტექდათვალიერების არარსებობა ქალაქს უმძიმესი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე აყენებს. ეს ძალიან ცოტას აქვს გააზრებული. ამ ცოტაში კი მთავრობა სამწუხაროდ არ შედის, რადგან ტროტუარების პრობლემის მოსაგვარებლად და საჯარო სივრცეების შესაქმნელად კომპლექსური სამუშაოები დღის წესრიგშიც კი არ დგას.
ეს ყველაფერი ამ რეალობაში, ჩვენს თვალწინ არსებობს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ საკითხით დაინტერესება და მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა. ერთად უნდა მოვითხოვოთ კომფორტულ გარემოში არსებობა, რისი უფლებაც ნამდვილად გვაქვს!
ბროდვეი და აღმოსავლეთის მე_17 ქუჩა. ნიუ-იორკი / გრიფიტ პარკის ბულვარი. ლოს ანჯელესი
წმინდა უბერის ქუჩა. მინრეალი. კვებეკი / Chateau d'Eau. ბორდო