გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში „ნოვრუზს" - გაზაფხულის მოსვლას ზეიმობენ. ზეიმს სხვა სოფლებში მცხოვრები მოსახლეობაც ესწრება.
სართიჭალაში, სადაც 10 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ნოვრუზს მარტის პირველი დღეებიდანვე აღნიშნავენ, თუმცა დღესასწაული კულიმინაციას 22 მარტს აღწევს. ამ დღეს დიდი და პატარა ქუჩაში გამოდის და სახალხო ზეიმის მონაწილე ხდება.
საზეიმო ღონისძიების მთავარი მონაწილეები მამაკაცები არიან. ქალები ამ დროს ოჯახში იმყოფებიან და სადღესასწაულო სუფრისთვის გემრიელ კერძებს: შორქოღალს, შაქარბურას და ფახლავას ამზადებენ. საზეიმო მზადების ყველაზე საინტერესო ნაწილი კვერცხის შეღებვაა. ამ დღეს ფერადი კვერცხები და ხორბლის ჯეჯილი ყველა ოჯახის სადღესასწაულო სუფრას ამშვენებს.
მიუხედავად იმისა, რომ ქალები საზეიმო ღონისძიებაში უშუალოდ არ მონაწილეობენ, ისინი ამ დღისთვის განსაკუთრებულად იმოსებიან და ზეიმზეც მიდიან. ნოვრუზის დღესასწაულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დასაოჯახებელთათვის. ალი ამბობს, რომ ახალგაზრდა გოგონები და ბიჭები აქ ერთმანეთის გაცნობის მიზნით მიდიან: „ნოვრუზ ბაირამი ჩვენი სოფლის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ბიჭები თავიანთ საცოლეებს ხშირად ამ დღესასწაულზე პოულობენ.“
მებრძოლის კოსტუმში გამოწყობილი ადამიანების ერთი ჯგუფი დღესასწაულზე მოსულ ახალგაზრდა მამაკაცებს ხელში ხის ჯოხების ურტყამს და ცეკვას აიძულებს. ახალგაზრდები "თავდამსხმელებს" ძალიანაც არ უძალიანდებიან და ხალისით ცეკვავენ.
ნიღბებს შორის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, ნიღაბსაც ნახავთ. სართიჭალაში მცხოვრები მუბარიზი ამბობს, რომ პუტინი მათთვის ნეგატიურ პერსონაჟთან ასოცირდება და მისი ნიღაბიც ამიტომ შეარჩიეს: „ნოვრუზ ბაირამზე ძირითადად უარყოფით პერსონაჟებს ვაცოცხლებთ. პუტინიც უარყოფითი პერსონაჟია. ამ შიშის მომგვრელი ნიღბების ტარების ერთადერთი მიზანი ხუმრობა და გართობაა“.
დღესასწაულს "მეფე" ხელმძღვანელობს. ჯოხებით შეიარაღებულ თავდამსხმელებს ის მიკრფონით განკარგულებას აძლევს, რომ დღესასწაულზე მოსულ სტუმრებს მაგრად არ დაარტყან.
ნოვრუზ ბაირამის დროს ფულსაც აგროვებენ. თანხა სპეციალურ ყუთში იყრება. მუღანლოში მცხოვრები ჯანფოლადი აცხადებს, რომ დღესასწაულზე შეგროვებული ფული სოფლის პრობლემების მოგვარებას ხმარდება. გასულ წელს ნოვრუზ ბაირამის დროს შეგროვებული ფულით მუღანლოში მეჩეთი შეაკეთეს: „ზოგჯერ საჭიროზე მეტი ფულიც კი შეგვიგროვებია. გასულ წელს მეჩეთთან ერთად გზაც შევაკეთეთ. წელს ხალხს ფული არ აქვს და ნაკლები თანხა შეგვიგროვდა“.
დღესასწაულის ყველაზე საინტერესო ეპიზოდი ქორწილია, სადაც ნეფეც და დედოფალიც მამაკაცია, პატარძალს კი, აზერბაიჯანული ტრადიციისამებრ, იტაცებენ. „ამ სოფელს ქორწილს განსხვავებული წესები აქვს და ჩვენც ამ ზეიმის საშუალებით ვცდილობთ, სოფელში მოსულ სტუმრებს ეს წესი დავანახოთ“, - გვიხსნის ანარი.
საღამოს კი ნოვრუზ ბაირამის ტრადიციის თანახმად, მოედნებზე და ჭიშკრების წინ სადღესასწაულო კოცონს ანთებენ და ცეკვავენ. დღესასწაული შუაღამემდე გრძელდება. ახალგაზრდები კოცონზე ხტებიან. ამგვარად ისინი გასული წლის ტკივილსა და მწუხარებას ცეცხლზე წვავენ. ახალ წელს და გაზაფხულს კი ახალი იმედებით ეგებებიან. ბავშვები მეზობლების კართან ცარიელ ქუდებს ტოვებენ. ყველა ცდილობს, პატარებს ქუდები გემრიელი ნუგბარით გაუვსოს და სიხარული და სიუხვე დაიბედოს.
სართიჭალაში მცხოვრები შაჰბაიმი ამბობს, რომ ზეიმის ამ ფორმით აღნიშვნას რამდენიმე ასეული წლის ტრადიცია აქვს.
სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას