მარნეულში კარგი მოსავალი და უმოსავლობა ერთნაირად აშინებთ
ქვემო ქართლი საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანითაა ცნობილი, თუმცა, რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი სხვის კუთვნილ მიწაზე მუშად მუშაობით ირჩენს თავს.
მარნეულის რაიონის სოფელ შულავერში სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდ ნაწილზე სათბურებია მოწყობილი. შულავერი სწორედ სათბურებით არის ცნობილი. ადგილობრივებს მიწის შედარებით მცირე ნაწილზე კარტოფილი მოჰყავთ. ამ სოფელში ეთნიკური აზერბაიჯანელების გარდა ეთნიკური სომხებიც ცხოვრობენ.
ერთ რიგში მდგომი თავსაბურავიანი ქალები მიწას თოხნიან. მაჰირა ნაბიევა ქოშინით სუნთქავს და ამბობს, რომ მიწის ეს შავი ნაკვეთი აპრილის ბოლოს პომიდვრის, კიტრისა და წიწაკის მოსავლით აივსება: „თესვისა და მოსავლის აღების დროსაც აქ ვმუშაობთ. ასე ვარჩენთ ოჯახებს. დღეში 14-20 ლარს გვაძლევენ. თანხის რაოდენობა შესრულებული სამუშაოს მოცულობასა და მიწის ზომაზეა დამოკიდებული.“
ადგილობრივი მოსახლეობაის თქმით, შულავერის სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდი ნაწილი არაბ და ქართველ ბიზნესმენებს ეკუთვნით. ამიტომ, ისინი იძულებულები არიან სხვის კუთვნილ მიწაზე მუშად იმუშაონ. ეთნიკური აზერბაიჯანელი, ფარჰად გულიევი ამბობს, რომ რვა წელია არაბი ბიზნესმენის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მუშაობს: „ამჟამად პომიდორსა და კიტრს ვრგავთ. თვეში სულ რაღაც 400 ლარს გვაძლევენ. ძალიან დამთრგუნველია, საკუთარ სოფელში მიწა რომ არ მაქვს და სხვის მიწაზე ვმუშაობ. ჩემი ნაკვეთი რომ მქონდეს, სხვასთან არ ვიმუშავებდი. პრივატიზაციის დროს მიწები შეძლებულმა ადამიანებმა იყიდეს, ჩვენ კი მიწის გარეშე დავრჩით. პატარა მიწაც რომ მქონდეს, ამჟამინდელზე სამჯერ მეტ შემოსავალს მივიღებდი.“
ჯაფარ აბბასლი, რომელიც მოსავლის შეგროვებისა და გაყიდვის პროცესს მეთვალყურეობს, აცხადებს, რომ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში პროდუქციის რეალიზაციამ მოიკლო და შესაბამისად, თანამშრომლების ხელფასიც შემცირდა:
„აპრილის ბოლოდან ექვსი თვის განმავლობაში მოსავალი მუდმივად გვექნება. მოყვანილ მოსავალს სად გავყიდით, ჯერ არ ვიცით. რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებულმა ემბარგომ პროდუქციის გაყიდვაზე მკვეთრი გავლენა მოახდინა. მოსავლის გაყიდვა ადგილობრივ ბაზარზეც გვიჭირს. გასულ წელს 30 ტონამდე მოსავალი მივიღეთ. აქედან 18 ტონა გასაყიდი დაგვრჩა. დაახლოებით 40 ათასი დოლარი ვიზარალეთ.“
სულთან სულთანოვი 12-სულიან ოჯახს სათბურში მუშაობით მიღებული გასამრჯელოთი ინახავს. ამბობს, რომ კარგი გაყიდვების დროს, მათი ხელფასიც იზრდება: „როცა პროდუქცია არ იყიდება, მოგებაც არ არის. საზღვარგარეთ რომ შეგვეძლოს საქონლის გატანა და გაყიდვა, ნორმალურ ანაზღაურებას ავიღებდით. ადრე რუსეთში გადიოდა ჩვენი პროდუქცია და ანაზღაურებაც კარგი გვქონდა. იყო დრო, უფროსი თვეში 1000 ლარსაც გვიხდიდა.“
საქსტატის მონაცემებით, 2008 წლამდე სათბურებში მოყვანილი მოსავლის დაახლოებით 60 პროცენტი რუსეთის ბაზარზე გადიოდა. 2006 წელს, რუსეთის მხრიდან ემბარგოს შემოღების შემდეგ, რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა.
აგრონომი მამმად ალიევი აცხადებს, რომ შულავერში მიწა ნაყოფიერია, მაგრამ სარწყავი წყლის დეფიციტი კარგი მოსავლის და მოგების მიღების საშუალებას არ იძლევა: „სოფელში წყალი არ არის. სარწყავი წყალი რეზერვუარით მოგვაქვს. სასუქიც ძვირია: 25 კილოგრამს 130 ლარად ვყიდულობთ. სეზონზე სულ მცირე 200 კგ სასუქი გვჭირდება. შემდეგ უკვე აღარ ვიცით, ამდენი ხარჯი როგორ დავფაროთ.“
ელშენ ჰასანოვი ამბობს, რომ საქართველოში მოყვანილი მოსავლის აზერბაიჯანში გატანაც ჭირს: „მოსავლის გაყიდვა უჭირთ როგორც ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, ისე ქართველებს. ადრე აზერბაიჯანშიც ჩვენი პროდუქცია კარგად გადიოდა. ბოლო ორი წელიწადია, ჩვენს პროდუქციაზე აზერბაიჯანმა მაღალი საბაჟო გადასახდი დააწესა. ეს კი მოსავლის გაყიდვას აფერხებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ თხოვნით, რომ რუსეთთან მოლაპარაკება დაიწყონ: იქნებ როგორმე იქ მეწარმეების გასვლა მაინც გაადვილდეს და პროდუქცია გავიტანოთ.“
საქართველოს სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის თავმჯდომარე, ზაურ ხალილოვი მიიჩნევს, რომ უმჯობესია, მეწარმეებმა რუსეთის ბაზრის მაგივრად გეზი ევროკავშირისკენ აიღონ და ამაში მათ ხელისუფლებაც უნდა დაეხმაროს:
„რუსეთთან არსებული დიპლომატიური ურთიერთობის და სავიზო პოლიტიკის გამოსწორება ახლო მომავალში მოსალოდნელი არ არის. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოსთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა. რამდენიმე თვეში ჩვენი მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას შეძლებენ. ეს მეწარმეებისათვის ახალ შესაძლებლობებს ნიშნავს. მათ მთავრობაც უნდა დაეხმაროს.“
სულთან სულთანოვი ხილ-ბოსტნეულის მარნეულისა და თბილისის ბაზარზე გადაზიდვის პროცესს ზედამხედველობს. წელს მას უკეთესი მოსავლის მიღებისა და ხელფასის მომატების იმედი აქვს. თუ იმედი გაუმართლდება, აღებული თანხით სტუდენტი შვილის სწავლის საფასურს დაფარავს.
სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების
მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას
გულნურ ქაზიმოვა