Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საყოველთაო ჯანდაცვა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა

31 მარტი 2016

2016 წლის თებერვალში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამას 3 წელი უსრულდება. 2012 წელს საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა მმართველმა ძალამ საკუთარი საარჩევნო დაპირებებიდან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დაპირების შესრულებაზე ზრუნვა დაიწყო.

ჯერ კიდევ პროგრამის ამუშავებამდე მას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. სკეპტიკოსთა რიგებში იყვნენ ისეთები, ვინც ფიქრობდნენ, რომ სახელმწიფო არ უნდა ზრუნავდეს ყველა მოქალაქის ჯანმრთელობაზე. მან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ფინანსური რისკებისგან მხოლოდ მოწყვლადი ჯგუფები უნდა დაიცვას.

იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ საყოველთაობა ცუდი არაა და სახელმწიფო თავის მოქალაქეებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ფინანსურ ტვირთს უნდა უმსუბუქებს განურჩევლად მათი შემოსავლისა და სტატუსისა.

საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამის ეფექტურობის შესაფასებლად უკვე არაერთი კვლევა ჩატარდა. პროგრამის ეფექტურობას იკვლევენ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ორგანიზაციები.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ჩატარდა, რომლის მიზანიც იყო იმის შეფასება, როგორ გაიზარდა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა პროგრამის დაწყების შემდეგ და, რაც უფრო მთავარია, როგორ შეუმსუბუქდა სხვადასხვა სოციალური სტატუსის  მოქალაქეებს ჯანდაცვაზე გაწეული ფინანსური ხარჯები. კვლევის აღნიშნული ნაწილი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ჯანდაცვის პროგრამების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სწორედ ჯანდაცვის სხვადასხვა სერვისებზე მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი თანხის შემცირებაა. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამის ამუშავების შემდეგ გაუმჯობესდა სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა. რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეები ახლა უფრო ხშირად მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებებს. რა გავლენა იქონია სამედიცინო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდამ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე?

ჯანდაცვის სისტემის ოთხი ძირითადი მიზნიდან პირველი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონსტიტუციის მიხედვით ადამიანის ფუნდამენტური უფლება ცხოვრების პროდუქტიულად გატარებაა.

შესაბამისად, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება, მაღალი ხარისხისა და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მათი ფინანსური რისკებისგან დაცვა ყოველი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ეროვნული პრიორიტეტი და პასუხისმგებლობაა.

მოსახლეობის ჯანმრთელობაზე გავლენას არამხოლოდ ჯანდაცვა ახდენს.

მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას ჯანდაცვის სისტემასთან ერთად სოციალური, ეკონომიკური და სხვა გარემო პირობები განსაზღვრავს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლისთვის სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამამ  მოსახლეობის 99% მოიცვა.

მსოფლიო ბანკის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2010 წელთან შედარებით მოსახლეობა უფრო ხშირად აკითხავს ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელს. კერძოდ, 2010 წელთან შედარებით 2014 წელს 6.6%-ით გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებმაც ავადმყოფობის გამო სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს (2010 – 70.6%, 2014 – 76.6%).

მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები თითქმის ინდენტური ინდიკატორების მიხედვით აფასებენ. 

თუ გსურთ გაიგოთ, როგორია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა, უნდა მოიძიოთ ინფორმაცია ისეთი მნიშვნელოვანი მაჩვენებლების შესახებ როგორიცაა: ერის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, ჩვილ ბავშვთა, 5 -წლამდე ასაკის ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობა; ინციდენტობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100, 000 სულ მოსახლეზე დაავადებათა 5 უხშირესი ჯგუფისათვის.

მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობების შესაფასებელი ინდიკატორების ჩამონათვალი რაოდენობრივად უფრო მეტია, თუმცა ეს სამი ძირითადი მაჩვენებელი ყოველთვის სიის თავშია.

საქართველოს ხელისუფლებაც მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის აღწერისას სხვადასხვა ანგარიშებში სწორედ ამ მაჩვენებლებს ეყრდნობა.

ერთ-ერთი ბოლო ანგარიში, სადაც მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამ კუთხით არსებული გამოწვევებია ასახული 2013 წელს მომზადდა (ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების ანგარიში, სადაც აღწერილია ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებთან მიმართებით მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის სურათი და სახელმწიფოს მიზნები). გარდა ამისა, ყოველწლიურად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამზადებს სტატისტიკურ მიმოხილვას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 

ექპერტთა ნაწილი ამბობს, რომ ამ კრიტერიუმთან მიმართებით პროგრამის ეფექტურობის შეფასებაზე საუბარი ჯერ ადრეა. ნაწილი კი ფიქრობს, რომ სხვადასხვა მაჩვენებელზე პროგრამას გარკვეული გავლენა უკვე უნდა მოეხდინა და პროგრამის განმხორციელებელი უწყება ამ შედეგებს თვალ-ყურს უნდა ადევნებდეს. მაგალითად, ინციდენტობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაავადებათა 5 უხშირეს ჯგუფში შემცირებული უნდა იყოს, ან ახლად გამოვლენილი ავთვისებიანი სიმსივნეების საერთო რაოდენობაში პირველ და მეორე სტადიაზე გამოვლენილი შემთხვევების წილი გაზრდილი უნდა იყოს.

საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ დირექტორი გიორგი გოცაძე კითხვაზე, რა გავლენის მოხდენა შეეძლო ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, გვპასუხობს:

“საბოლოო დასკვნის გამოტანა ძნელია და ამაზე შეგედავებიან, მაგრამ კონკრეტული მაგალითების დადება რთული არაა. მარტივი მაგალითი - გაკეთდა ამდენი ონკოლოგიური ოპერაცია. გავარკვიოთ, ამ ოპერაციებით დიდხანს ვაცოცხლეთ თუ არა ეს ხალხი. შევადაროთ ადრინდელი და ახლანდელი მაჩვენებელი. იდეაში ჩვენ უნდა გაგვეხანგრძლივებინა მათთვის სიცოცხლე და უნდა შემცირებულიყო სიკვდილიანობა. სახელმწიფო სტატისტიკა ამას აღრიცხავს. ეს დათვლადია. თუ ვამბობთ, რომ ადრე ვერ იტარებდნენ მკურნალობას, ახლა კი ეს მათთვის ხელმისაწვდომია, შესაბამისად თვალსაჩინო უნდა იყოს შედეგი. ეს გაზომვადია. ასევე, ვისაუბროთ კარდიოლოგიაზე - ის ერთ-ერთი მთავარი მკვლელია. თუ ადრე ადამიანები ინფარქტებით კვდებოდნენ, სიკვდილიანობა იმ ასაკობრივ ჯგუფში ასევე შემცირებული უნდა იყოს. ესეც გაზომვადია, მაგრამ ვინ ზომავს? სახელმწიფოს უნდა აინტერესებდეს ამ შედეგების დადება. გაზომვადი შედეგების ანალიზი არა მარტო საქართველოში, პოსტსაბჭოთა სივრცეშიც არავის უყვარს. საზოგადოება ამ მოთხოვნას არ აყენებს და პოლიტიკოსისთვის კი ეს  ხაფანგია”, - ამბობს გიორგი გოცაძე.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედაც რომ მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა. თუმცა კითხვაზე - რა ცვლილებები შეინიშნება პროგრამის განხორციელებიდან 3 წლის თავზე მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით - გვპასუხობენ, რომ ჯერ ამაზე საუბარი ადრეა.

“პროგრამა 2014 წლის ოქტომბრიდან ფაქტობრივად სრულად ამოქმედდა. ამ პერიოდში გაიზარდა  ამბულატორიული და სტაციონარული მიმართვიანობა. აგრეთვე გაუმჯობესდა რეგისტრაცია. შესაბამისად, ამ დროის ინტერვალის გადასახედიდან, სიკვდილიანობისა და ავადობის მიზეზებზე  მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენასთან დაკავშირებით საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია”, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს წერილში.

არაგადამდები დაავადებები - სიკვდილიანობისა და ავადობის მთავარი მიზეზი 

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვა ინდიკატორებით იზომება. ერთ-ერთი ინდიკატორი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა. ნაადრევი სიკვდილიანობის გამომწვევი დაავადებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის ინდიკატორზე.

საქართველოში არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის ტვირთი მაღალია.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სიკვდილიანობის 91 პროცენტი გამოწვეულია არაგადამდები დაავადებებით. აქედან 71 % მოდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე, 12% - კიბოზე, 2% - დიაბეტზე, 1% - ქრონიკულ რესპირატორულ დაავადებებზე, სხვა არაგადამდებ დაავადებებზე კი სიკვდილიანობის მხოლოდ 5% მოდის.

2014 წელსაც სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი არაგადამდები დაავადებებია (94%). სიკვდილიანობის სტრუქტურა წლიდან წლამდე საქართველოში არ იცვლება. 

სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზთა შორის  წამყვანი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია (69%).

წერილის ამ ნაწილში საქართველოში არაგადამდებ დაავადებათა გავრცელების სურათს მიმოვიხილავთ. კერძოდ იმ დაავადებას, რომლსაც სიკვდილიანობის მიზეზთა ჩამონათვალში წამყვანი ადგილი უჭირავს (გულ- სისხლძარღვთა დაავადებები). ასევე იმას, თუ რას აფინანსებს საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამა არაგადამდები დაავადებების პრევენცია/მკურნალობის კუთხით. 

ჰიპერტენზია - “ჩუმი მკვლელი

საანგარიშო წელს (2014) სისხლის მიმოქცევის სისტემის ახალი ავადმყოფობების გამოვლენისას 54.8% ჰიპერტენზიაზე მოდიოდა, 21,8% - გულის იშემიურ ავადმყოფობებზე, 4,8% - ცერებროვასკულურ ავადმყოფობებზე და სხვა მიზეზების წილი 19% იყო. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო იმ ხუთი ქვეყნის რიცხვშია, რომელთა მოსახლეობასაც ყველაზე მაღალი არტერიული წნევა აღინიშნება (საქართველოში, უნგრეთი, პოლონეთი, ლიტვა, კვიპროსი).

როგორც ცხრილში ხედავთ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა წამყვანი ადგილი ჰიპეტენზიას უკავია. ჰიპეტენზიას “ჩუმი მკვლელი” ეწოდება, რადგან ხშირად ადამიანებმა არ იციან მისი არსებობის შესახებ. დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ზრდასრული ადამიანების 60%-ს ჰიპერტენზიის განვითარების რომელიმე რისკფაქტორი აქვს. ხოლო ამ პოპულაციის ნახევარს - ორი ან მეტი რისკფაქტორი აღენიშნება, რაც ზრდის დაავადებების განვითარების რისკს.

ჰიპერტენზიის გამოწვევი რისკფაქტორია გენეტიკა - ჰიპეტენზიის არსებობა პირველი რიგის ნათესავებში დაავადების განვითარების მაღალ რისკზე მიუთითებს. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება  - სპირტის მაღალი შემცველობის სასმელის ხშირი მიღება ზრდის წნევის მაჩვენებლის. თამბაქოს მოხმარება - მოწევა იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას და დაზიანებული სისხლძარღვების მიდრეკილებას სპაზმისკენ. მისი გამომწვევი მიზეზებია ასევე სტრესი და ფსიქიკური დაძაბულობა, მარილის ჭარბი მოხმარება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, სიმსუქნე, ჯანსაღი კვება.

ჰიპერტენზიის გამომწვევი რისკფაქტორების სია ცხადყოფს, რომ ამ დაავადებასთან ბრძოლის ერთადერთი გზა სამედიცინო დაწესებულებებზე არ გადის და რისკფაქტორების შემცირების გარეშე ჰიპეტენზიით ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის შეცვლა რთული ან შეუძლებელი იქნება.

ამასთან საგულისხმოა 2010 წლის კვლევა არაგადამდები დაავადებების რისკფაქტორების შესახებ, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 34% ჩამოყალიბებული ან პოტენციური ჰიპერტენზიის მქონეა.  ამავე კვლევის მიხედვით, არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის ეფექტური სისტემების დანერგვა გადაუდებელი აუცილებლობაა.

“ლიბერალი” შეეცადა გაერკვია, როგორ გეგმავს სახელმწიფო არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესებას. აღნიშნულ კითხვაზე პასუხის მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროში  - 2014-2020 წლების საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სახელმწიფო კონცეფციის „საყოველთაო ჯანდაცვა და ხარისხის მართვა პაციენტთა უფლებების დასაცავად“ წაკითხვა გვირჩიეს, სადაც არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესება 2014-2020 წლებში ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 

კონცეფციაში წერია, რომ  არაგადამდები დაავადებების პრევენციის ღონისძიებები მოიცავს საკანონმდებლო და პროგრამულ ინიციატივებს ძირითადი რისკფაქტორებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეების შესახებ, მოსახლეობის ცოდნის ამაღლებას და.შ.

“მომზადდა და უახლოეს მომავალში დამტკიცდება სტრატეგიები და მათი განხორციელების სამოქმედო გეგმები, რომლებიც ხელს შეუწყობს არაგადამდები დაავადებების მართვის გაუმჯობესებას: არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის სტრატეგია; კიბოს პრევენციისა და კონტროლის სტრატეგია; სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების პრევენციისა და კონტროლის სტრატეგია; ტრავმატიზმისა და ძალადობის პრევენციისა და კონტროლის სტრატეგია; ჯანმრთელობის ხელშეწყობის ეროვნული სტრატეგია; ალკოჰოლის საზიანო მოხმარების შემცირების სტრატეგია; დიაბეტის პრევენციისა და კონტროლის სტრატეგია; სიმსუქნის პრევენციისა და კონტროლის სტრატეგია; მარილის მოხმარების პრევენციისა და კონტროლის სტრატეგია; სურსათის და ჯანსაღი კვების სტრატეგია”, - წერია ანგარიშში.

ჩამოთვლილი სტრატეგიებიდან ჯერჯერობით არცერთი დამტკიცებული არაა. არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის სტრატეგია, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზეა განთავსებული, სულ 15 გვერდიანია. არ მოიცავს სამოქმედო გეგმის ნაწილს და ზოგადად აღწერს არაგადამდებ დაავადებებთან მიმართებით ქვეყნის შვიდ ამოცანას. ზოგადია ამოცანებიც და საუბარი ძირითადად პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებასა და ხარისხს ეხება. თუმცა როდის შეუდგება ქვეყანა აღნიშნული სტრატეგიების განხორციელებას, უცნობია.

ერთადერთი დამტკიცებული სტრატეგიის თემა თამბაქოს კონტროლია. 2013 წელს დამტკიცდა თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყნის პრიორიტეტი მოქალაქეთა ჯანმრთელობა და სიცოცხლის დაცვაა. თუმცა სტრატეგიაშივე აღნიშნულია, რომ არ ხორციელდება თანმიმდევრული სახელმწიფო ღონისძიებები, სუსტია თამბაქოს კონტროლის მოქმედი კანონმდებლობა და მისი აღსრულება. თამბაქოს კონტროლზე პასუხისმგებელ ორგანოში ამბობენ, რომ თამბაქოს კონტროლის საქმეში თამბაქოს ინდუსტრია და მასთან ბრძოლა მთავარ პრობლემად რჩება, რადგან თამბაქოს ინდუსტრია განაგრძობს მარკეტინგის განვითარებას და მომხმარებელთა წრის გაფართოებას, რაც ზრდის თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობას.

რაც შეეხება დიაგნოსტიკა/მკურნალობის ეტაპს, სადაც თავის მხრივ საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამას დიდი კონტრიბუცია აქვს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  ითვალისწინებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გადაუდებელ ამბულატორიულ მკურნალობას, ასევე, სტაციონარულ დონეზე კრიტიკული მდგომარეობების/ინტენსიური თერაპიის,   სხვა გადაუდებელი მდგომარეობების მართვას და კარდიოქირურგიულ მომსახურებას შესაბამისი ლიმიტების და თანაგადახდების შესაბამისად. გეგმური ამბულატორიის ფარგლებში გათვალისწინებულია ექიმ-სპეციალისტის (კარდიოლოგის) მომსახურება, სხვადასხვა ლაბორატორიული გამოკვლევები. ასევე, გეგმური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ოჯახის ექიმის მომსახურება მოიცავს ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რისკფაქტორების შეფასებას, პრევენციული ღონისძიებებს, დაავადებათა (მ.შ. გულ-სისხლძარღვთა)  დიაგნოსტიკას, მართვას და რეფერალს საჭიროების შესაბამისად.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მაია ხომერიკის თქმით, სახელმწიფოს დაგეგმილი აქვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტოზური კომპონენტის გაფართოება, სადაც ამბულატორიულ დონეზე გათვალისწინებული იქნება ანტიჰიპეტენზიული მედიკამენტების ჩადება.

გულ-სისხლძარღვთა სისტემით დაავადებულ პირთა რაოდენობა იზრდება. როგორც სხვადასხვა ანგარიშიდან ჩანს, კარდიოქირურგიულ ოპერაციათა რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა. თუმცა, სახელმწიფოს ამ დაავადებების პრევენციის ნაწილში ჯერჯერობით ეფექტური ღონისძიებები არ გაუტარებია. ჰიპერტენზიის ეროვნული სტრატეგიის მიხედვით კი საქართველოს საკმაოდ ამბიციური გეგმა აქვს და 2025 წლამდე ჰიპერტენზიის პრევალენტობის 25%-ით შემცირებას გეგმავს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^