Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რაში იხარჯება სკოლის ბიუჯეტი

01 აპრილი 2016

საქართველოში ზოგადი განათლების დაფინანსების წილი მშპ-ში განვითარებული ქვეყნების იმავე მაჩვენებელს ორჯერ ჩამოუვარდება. 1990-იანი წლებიდან სახელმწიფოს ბიუჯეტში განათლების დაფინანსების გაზრდის მიუხედავად, ის დღემდე ჩამორჩება ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური დაცვა და თავდაცვა.

ზოგადი განათლების დაფინანსების შესახებ ერთ-ერთი კვლევა ამბობს, რომ ზოგადი განათლების ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან საქართველოში საჯარო სკოლებს განვითარებისთვის საჭირო ფინანსური რესურსი არ რჩებათ. ბიუჯეტიდან მიღებულ თანხას სკოლები, ძირითადად, ხელფასსა და კომუნალურ გადასახადებში ხარჯავენ და მათ აბსოლუტურ უმრავლესობას სხვა აქტივობების დასაფინანსებლად საჭირო თანხა აღარ რჩებათ.

თბილისის 50-ე საჯარო სკოლა

თბილისის #50 საჯარო სკოლაში 861 მოსწავლე სწავლობს. სკოლის 2015 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ვაუჩერულმა დაფინანსებამ 370 304 ლარი შეადგინა. ამას ემატება სერტიფიცირებული მასწავლებლების დაფინანსება - 27 394 ლარი, სპეცმასწავლებლებისა და სკოლის ექიმების პროგრამული დაფინანსება - 7015 ლარი.

დამატებითი შემოსავალი სკოლამ ბუფეტის იჯარიდან მიიღო - 1500 ლარი. საგანმანათლებლო სერვისებიდან - წრეებიდან შემოსავალმა კი 11000 ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხის 80% მასწავლებლების ხელფასებისთვის გაიხარჯა, 20% კი სკოლას დარჩა.

სკოლის ბიუჯეტის ნაშთმა 35 000 ლარი შეადგინა. დირექტორის, მანანა ალიბეგაშვილის თქმით, ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მორჩენილ ნაშთს სკოლაში სარემონტო სამუშაოებისთვის, ასევე მასწავლებლებისა და მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად იყენებს.

მისი თქმით, ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში მასწავლებლები პედსაბჭოზე ადგენენ კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც მათთვის პრემია გაიცემა. პრემიის მინიმალური რაოდენობა 100 ლარია. მაგალითად, საახალწლოდ სკოლამ ოთხ ფასილიტატორ მასწავლებელს გადასცა პრემია, თითოეულს - 250 ლარი.

რაც შეეხება ბავშვების მოტივაციის ამაღლებას, ალიბეგაშვილი განმარტავს, რომ ამ მიმართულებით სკოლის ბიუჯეტიდან თანხა მოსწავლეების მიერ დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებების დაფინანსებას გულისხმობს, ასევე ექსკურსიებისათვის საჭირო თანხის გარკვეული ნაწილის დაფარვას, სიგელებისა და ფასიანი საჩუქრების (ძირითადად, წიგნების) შეძენას.

სკოლაში 4 განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეა. სპეცმასწავლებლების ხელფასი ცენტრალური ბიუჯეტიდან ირიცხება, თუმცა დამატებითი საჭიროებისთვის მასწავლებლები დირექტორს სამსახურებრივი ბარათით მიმართავენ. მაგალითად, მიმდინარე წელს მოსწავლეების გონებრივი განვითარებისთვის ასაწყობი საგანმანათლებლო ინვენტარი, გასაფერადებლები და გამოსაჭრელი ქაღალდები შეიძინეს.

„სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, საშუალო კონტინგენტის სკოლებში, სადაც 800 და მეტი მოსწავლეა, სრულიად საკმარისია ვაუჩერული დაფინანსება. სკოლას რჩება საკმარისი თანხა, რომელსაც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მასწავლებლებისა და მოსწავლეების მოტივაციის გაზრდას მოახმარს. ჩვენ ისეთი საჭიროება არ გაგვაჩნია, რომლის დაფარვასაც სკოლის ბიუჯეტი ვერ გასწვდება. ვინაიდან ჩვენი სკოლა ქალაქის ძველ უბანში მდებარეობს, შენობა ისტორიულია. ყოველწლიურად ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩვენგან იღებს ინფორმაციას, ინფრასტრუქტურული საჭიროებების შესახებ და მსხვილი სამუშაოების დაფინანსებაში გვეხმარება. მაგალითად, სკოლაში გაზის შემოყვანა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყო. ცხადია, ასეთ დიდ თანხას სკოლა ვერ გასწვდება, მაგრამ მათი დახმარებით ინფრასტრუქტურული პრობლემა არასდროს არ გაგვჩენია", - ამბობს მანანა ალიბეგაშვილი.

თბილისის 84-ე საჯარო სკოლა

თბილისის #84 საჯარო სკოლაში შედარებით მცირე კონტინგენტია, სულ - 535 მოსწავლე. 2015 წელს სკოლის ვაუჩერულმა დაფინანსებამ 317 901 ლარი შეადგინა. სერტიფიცირებული მასწავლებლების დაფინანსებამ - 17 584. სკოლამ დამატებითი შემოსავალი იჯარიდან და საგანმანათლებლო სერვისებიდან - წრეებიდან მიიღო, სულ 9178 ლარი.

ხელფასებისთვის 295 235 ლარი გაიხარჯა. ოფისის ხარჯმა კი 43 778 ლარი შეადგინა. წლის ბოლოს ბიუჯეტიდან ნაშთის სახით 5 483 ლარი დარჩა.

„ყოველწლიურად ბიუჯეტში რჩება ნაშთი, მაგრამ იმდენად მცირე, რომ ვინახავთ, ეგებ, რამე კრიტიკულად მნიშვნელოვანი დასჭირდეს სკოლას და მაშინ გამოვიყენოთ. მაგალითად, ზამთარში კომუნალური გადასახადი იზრდება, სექტემბერში რომ სულ გამოვხარჯო თანხა, არ ვიცი, ზამთარში როგორი ამინდი იქნება და რამდენი დასჭირდება სკოლას დამატებით", - ამბობს სკოლის დირექტორი მანანა ბაციკაძე.

მისი თქმით, სკოლის ბიუჯეტი მხოლოდ აუცილებელ საჭიროებებს სწვდება, ამიტომ სასურველი იქნებოდა მეტი დაფინანსება, რაც საშუალებას მისცემდათ, დამატებითი ინვენტარი შეეძინათ საკლასო ოთახებისთვის, ან შეერემონტებინათ სკოლის შენობის დაძველებული სახურავი.

სკოლის დირექტორის თქმით, სურვილის მიუხედავად, ვერ მოხერხდა მასწავლებლებისთვის პრემიების მიცემა. რასაც ბაციკაძე მწირი ნაშთით ხსნის და განმარტავს, რომ ვინაიდან სკოლას დიდი ბიუჯეტი არ აქვს, მნიშვნელოვანია, ბიუჯეტი კეთილგონივრულად იმართოს და არამიზნობრივი ხარჯი არ გაწიონ.

სკოლის ბიუჯეტი წვდება ბავშვების წახალისებას, მაგალითად, მათთვის ღონისძიებების დაფინანსებას და სიგელების დაბეჭდვას. სკოლაში 22 სპეციალური საჭიროების მოსწავლე სწავლობს. ბაციკაძის თქმით, სკოლის ბიუჯეტიდან მათთვის საჭირო ინვენტარიც შეიძინეს, _ კომპიუტერი, დიდაქტიკური მასალა, ფანქრები, ქაღალდები.

ბაციკაძე ყურადღებას მასწავლებლების დაბალ ანაზღაურებაზე ამახვილებს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ის უფრო მაღალი იყოს, რაც, თავის მხრივ, მათ საშუალებას მისცემს, მაქსიმალურად გაიხარჯონ სკოლაშივე და ორიენტირებულნი არ იყვნენ სახლში მალე წასვლაზე, სადაც აბიტურიენტი ელოდებათ.

ზოგადი განათლების დაფინანსება საქართველოში

საქართველოში სკოლების დაფინანსების ძირითადი წყარო ვაუჩერია. ეს არის თანხა, რომელიც თითოეულ მოსწავლეზე გამოიყოფა. წელიწადში ერთ მოსწავლეზე სკოლა 300 ლარს, ან უფრო მეტს იღებს _ ვაუჩერის მოცულობას სკოლის ზომა, სწავლების საფეხური, სკოლის გეოგრაფიული მდებარეობა, სწავლების ენა და სხვა ფაქტორები განსაზღვრავს. ის განსხვავებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა შემთხვევაშიც.

ზოგადი განათლების დაფინანსების უმთავრესი წყარო საქართველოში ცენტრალური ბიუჯეტია.

დაფინანსების აღნიშნული ფორმა, სხვადასხვა ნაირსახეობით, საქართველოში 2005 წლიდან მოქმედებს. მანამდე თანხა სკოლის დასაფინანსებლად ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გამოიყოფოდა.

ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადასვლა სკოლების კონკურენტუნარიანობის გაზრდას, მისი ავტონომიის განვითარებას და დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად.

ერთ მოსწავლეზე გამოყოფილი სტანდარტული ვაუჩერის გარდა, სკოლები იღებენ საბაზო დაფინანსებასაც, რომელიც სკოლის ზომის მიხედვით განისაზღვრება.

დამატებით ფინანსდება სოფლად, დაბაში ან მაღალმთიან რეგიონში მდებარე, ასევე არაქართულენოვანი სკოლები. დამატებითი დაფინანსებაა რეორგანიზებული სკოლებისთვის, რომელთაც ბალანსზე ერთზე მეტი შენობა ერიცხებათ. ასევე დამატებითი თანხაა გამოყოფილი შშმ ბავშვებისა და კონკრეტული კვალიფიკაციის მქონე პედაგოგებისთვის.

დაფინანსების სხვა წყაროები

საქართველოში ზოგადი განათლების დასაფინანსებლად სახელმწიფო სახსრები შეიძლება გამოიყოს როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტიდან. ზოგადი განათლების შესახებ კანონი ზოგადი განათლების სფეროში თვითმმართველობების უფლებამოსილებებს განსაზღვრავს. კანონის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა ვალდებულია, დააფინანსოს იმ მოსწავლეთა განათლება, რომლებიც კანონით განსაზღვრულ დროში ვერ სძლევენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამას. ასევე მათ შეუძლიათ, დააფინანსონ სპეციალური და მიზნობრივი საგანმანათლებლო პროგრამები. შეუძლია, დააფინანსონ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების კაპიტალური ხარჯი.

2014 წელს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრმა 432 სკოლის კვლევის საფუძველზე დაადგინა, რომ კვლევაში მონაწილე სკოლებიდან მხოლოდ 22-ს ჰქონდა მიღებული დაფინანსება ადგილობრივი თვითმმართველობიდან. დაფინანსების მოცულობის თვალსაზრისით, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოყოფილი თანხა კვლევაში მონაწილე სკოლების ბიუჯეტის მხოლოდ 0.14%-ს შეადგენს.

სკოლებს მინიჭებული აქვთ უფლება, მოიპოვონ დამატებითი დაფინანსება, იჯარისა და საგანმანათლებლო სერვისების საშუალებით. ამავე კვლევის შედეგების თანახმად, გამოვლინდა, რომ აღნიშნულ უფლებას დამატებითი დაფინანსების მოპოვების თაობაზე სკოლების მესამედზე ნაკლები იყენებს.

ამ მხრივ განსხვავებაა ქალაქისა და სოფლის სკოლებს შორის. ქალაქის სკოლების 80% იღებს შემოსავალს იჯარიდან, სოფლის სკოლების კი _ 19%. შესაბამისად, კვლევის მიხედვით, დამატებითი შემოსავლის წყაროების მოძიების მხრივ ქალაქის სკოლები სოფლის სკოლებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში არიან.

გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ სკოლები შემოსავალს მშობელთა ნებაყოფლობითი დახმარებიდან, შემოწირულობიდან და გრანტებიდან იღებენ. თუმცა, საერთო ჯამში, ყველა დამატებითი წყაროდან მიღებული თანხა მთლიანად 2%-საც არ შეადგენს. შესაბამისად, სკოლები შემოსავლის თითქმის 100%-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტიდან იღებენ.

ბიუჯეტი განვითარებისთვის - 0

„კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველოს" მიერ 2015 წელს ზოგადი განათლების დაფინანსების შესახებ მომზადებული ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ზოგადი განათლების დაფინანსების მოცულობა გაიზარდა, სკოლებს მაინც ნაკლები თანხა რჩებათ თავისუფლად განკარგვისათვის. სკოლების დანახარჯის 67% პედაგოგთა ანაზღაურებაზე მოდის, 18% - ადმინისტრაციული პერსონალის, ხოლო 15% კომუნალურ და სხვა ხარჯებზე.

დაფინანსების სიმწირის გამო, ანაზღაურებისთვის საჭირო თანხის მიღმა ქართულ სკოლებს, ფაქტობრივად, არ რჩებათ თანხა განვითარებისთვის. ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა მცირე ზომის სკოლებისთვის.

პედაგოგთა წლიური ანაზღაურება საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს 56 %-ია, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში კი ეს მაჩვენებელი საშუალოდ 117%-ს შეადგენს.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის, რომლებიც შედარებით მცირე თანხას ხარჯავენ ზოგად განათლებაზე, დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლებში ინვესტირებას. მკვლევრებისთვის სადავოა, არსებობს თუ არა პირდაპირი კავშირი მასწავლებლების ანაზღაურებასა და მის მოტივაციას, აქედან გამომდინარე კი მოსწავლის აკადემიურ შედეგებს შორის. თუმცა ყველა თანხმდება, რომ პროფესიაში კვალიფიციური პერსონალის მისაზიდად საჭიროა ფინანსური მიმზიდველობა.

2015 წლის თებერვალში დამტკიცდა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომელიც პროფესიის პრესტიჟის გაზრდას, ახალი კადრების მოზიდვას, პედაგოგების კვალიფიკაციისა და მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.

სქემაში გაწერილია მასწავლებლის ხელფასის ეტაპობრივი მატება, რომლის თანახმადაც, 2017 წელს მასწავლებლის საშუალო ხელფასი 850 ლარი უნდა იყოს. ეს კი 2017 წელს, წინასწარი პროგნოზის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს რაოდენობის 90%-ზე მეტს შეადგენს. შესაბამისად, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო 2017 წლისთვის მთლიან სახელმწიფო შემოსავლებთან მასწავლებელთა ანაზღაურების მიმართების მაჩვენებლით მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს მიუახლოვდება. 

ქართული ზოგადი განათლების სისტემა და საერთაშორისო კვლევა

ერთ-ერთი პოპულარული სტანდარტიზებული ტესტი, რომლის შედეგებსაც მკვლევრები ზოგადი განათლების სისტემების ობიექტურად შესაფასებლად იყენებენ, არის პიზა (PIშA) - 15 წლის მოსწავლეების ტესტირება ვერბალურ უნარებში, მათემატიკასა და მეცნიერებებში.

2009 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მოსწავლეების მიერ პიზის სამივე სფეროში _ წიგნიერებაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში მიღწეული შედეგები სტატისტიკურად OEჩD ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალია.

უფრო კონკრეტულად კი წიგნიერებაში მოსწავლეთა საშუალო ქულა 374 მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება პიზის საერთაშორისო საშუალო ქულას (493). ამ მონაცემებით, საქართველოს შედეგები ყატარის, პერუსა და პანამის მოსწავლეების მიღწევების მსგავსია.

გარდა ამისა, კვლევის შედეგებით, მოსწავლეთა დაახლოებით 38%-ის კითხვის უნარი იმ მინიმალურ ან მინიმალურზე დაბალ დონეს შეესაბამება, რომელიც საჭიროა კითხვის ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენებისათვის.

რაც შეეხება მათემატიკას, მოსწავლეების საშუალო ქულამ 379 შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად დაბალია საერთაშორისო საშუალოზე (496). საბუნებისმეტყველო საგნებში კი ქართველი მოსწავლეების საშუალო ქულაა 373, რაც სხვა სფეროების მსგავსად სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება საერთაშორისო საშუალო ქულას (501).

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^