არავისთვის იქნება სიახლე, თუ ვიტყვი, რომ დღეს უნივერსიტეტში მკვდარია მეცნიერება. უნივერსიტეტი არ არის ავტონომიური. უნივერსიტეტს კლანები მართავენ. უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც პრობლემებს რეინკარნაციის უნარი გააჩნიათ, სადაც რუტინული წესით ვიზეპირებთ იმპერატიული ტონით მოლაპარაკე ადამიანების “ნააზრევს”, სადაც 3000-მდე სტუდენტს სტატუსი უწყდება თანხის გადაუხდელობის გამო და რომელთა საერთო საცხოვრებელშიც წყალი ჩამოდის. აუცილებლად უნდა დაისვას შეკითხვა - რამ მიიყვანა უნივერსიტეტი აქამდე? ბევრი ამის ძიებას სახელმწიფოში დაიწყებს, ბევრიც - რექტორში, ზოგსაც საბჭოთა კავშირი გაახსენდება. პასუხი კი ძალიან მარტივია - ინერტული, აპოლიტიკური საზოგადოება, რომელმაც დაკარგა კავშირი სოციუმთან და წარმატებით უსხლტება კოლექტიურ არაცნობიერს; საზოგადოება, სადაც დაბადებისთანავე გვასწავლიან, რომ “პოლიტიკა ბინძურია” და თავი შორს უნდა დავიჭიროთ მისგან. დღეს კი შედეგად ვიღებთ ინერტულ, ერთი შეხედვით პოზიტიურ, ხან ნაკლებად პოზიტიურ, მაგრამ მაინც სოციალურისა და პოლიტიკისაგან დაშორებულ სოციუმს.
რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვხედავდით სტუდენტთა ორ მხარეს. არ მოვყვები იმას, თუ ვინ იყო მართალი და ვინ იბრძოდა თავისი პრივილეგიებისთვის. დასკვნა თქვენთვის მომინდია. მაგრამ საინტერესოა ის, რომ, მაშინ, როცა სტუდენტებს ხელჩართული ბრძოლა ჰქონდათ, როცა უნივერსიტეტში პოლიცია იდგა, როცა სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, ამ დროს ვხედავდით ძალიან ბევრ ინერტულ ლექტორს, სტუდენტს. ეს ხალხი უბრალოდ დუმდა. ეს ის მომენტი იყო, როცა “დუმილი ოქრო” კი არა, დანაშაული იყო. ამ ბრძოლაში ან ერთი მხარე ხარ, ან - მეორე.
წლების განმავლობაში უნივერსიტეტს არ გააჩნდა მყარი პოზიცია მიწებზე, რომელსაც გვართმევდნენ; გადასახადზე, რომელსაც გვიძვირებდნენ; ავტონომიურობაზე, რომელსაც გვირღვევდნენ. ბევრ ადამიანს კონფორმისტული დამოკიდებულება ჰქონდა მჩაგვრელი სისტემის მიმართ, რითაც ხელს უწყობდა რეპრესიული და ძალადობრივი სტრუქტურების კიდევ უფრო გაძლიერებას.
ახლანდელი გამოწვევის წინაშე ინერტულობა და ნეიტრალურობა იმაზე მეტი დანაშაულია, ვიდრე “არასწორ” მხარეს დგომა. შეიძლება იყო ვინმესთვის არასწორი მხარე, შეიძლება იყო სისტემის ნაწილი, მაგრამ პოზიციონირებდე გარკვეული იდეისთვის.
ასეთი ტენდენცია გასაკუთრებით საწყენია ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც უნდა იბრძოდნენ უკეთესი უნივერსიტეტისთვის, აკადემიური თავისუფლებისა და ავტონომიურობისთვის. ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში კონფორმისტულად ხრიდნენ თავს და უხმოდ წევდნენ ხელს, ამით განაჩენი გამოჰქონდათ უნივერსიტეტისთვის. სწორედ ასეთი ლექტორები უკლავენ პირველკურსელს სურვილს, რომ გამოთქვას კრიტიკული აზრი, დაინახოს არსებული - ახალი თვალით. ასეთი ადამიანები ასწავლიან პოლიტიკურისაგან დაცლილ, სტერილურ ინფორმაციას, რომელიც საფუძველია სწორედ იმ სოციალური ინერტულობისა, რასაც წლების განმავლობაში ვხედავთ.
ასეთი აკადემია ისეთ ლექტორებსაც არ ინდობს და სწირავს, რომელსაც გააჩნია მყარად ჩამოყალიბებული პოზიცია და რომლის ხმამაღლა თქმისაც არასდროს შეშინებია. ასეთი ადამიანი კი უნივერსიტეტში თითზე ჩამოსათვლელია. ლექტორების უმრავლესობას არათუ პოზიცია არ გააჩნია, არამედ საერთოდაც არ აინტერესებს მიმდინარე სიტუაცია. სწორედ ასეთი ლექტორები ართმევენ უნივერსიტეტის ავტონომიას, აკადემიურ თავისუფლებასა და მეცნიერული განვითარების პერსპექტივას. სწორედ ინერტულობა უწყობს ხელს პრობლემების კვლავწარმოებას, რომელიც უნივერსიტეტში ისედაც მრავლადაა. ეს ის ადამიანებია, რომელებიც მაშინაც ჩუმად იყვნენ, როცა იმ ლექტორებს, რომლებსაც არ ეშინოდათ განსხვავებული აზრის გამოთქმა და იბრძოდნენ უკეთესი უნივერსიტეტისთვის, თავიანთი პოლიტიკური პოზიციის გამო უნივერსიტეტიდან დევნიდნენ, ათავისუფლებდნენ. ადამიანებს, რომლებიც ხმას არ/ვერ იღებდნენ ასეთ უსამართლობაზე, მორალური უფლება რომ სტუდენტებს ასწავლონ და შექმნან “მეცნიერული” ცოდნა აღარ აქვთ.
ჩვენ არ გვჭირდება ისეთი ლექტორები, რომლებიც ორატორული ნიჭის გამოვლენით გვაჯილდოვებენ ან დამრიგებლური ტონით კონფორმიზმისკენ მოგვიწოდებენ. ძირს აკადემია, რომელსაც არათუ არ გააჩნია თავისი პოზიცია, არამედ ახშობს სოციალურ პროტესტებს! ძირს აკადემია, რომელიც არ იბრძვის აკადემიური თავისუფლებისთვის! ძირს მდუმარე აკადემია! ძირს აკადემია, რომელიც უნივერსიტეტის კედლებს პროტესტის ღირსად არ მიიჩნევს, მაგრამ თავისუფლად ურიგდება ძალადობრივი და პარტიული ინტერესების ამავე კედლებში გატარებას. ასეთი აკადემია თვითლიკვიდაციისთვისაა განწირული, რადგანაც ის თვითმყოფადი აღარ არის.
უნივერსიტეტი ის ერთადერთი ადგილია, სადაც ჯერ კიდევ არსებობს ის კრიტიკული აზრი, რომელსაც შეუძლია აქ და ახლა შეცვალოს ძალიან ბევრი რამ, სადაც ჯერ კიდევ შეიძლება, რომ შენარჩუნდეს სოციალური ერთობა, წარმოიშვას სოლიდარობა, სადაც ჯერ კიდევ არსებობს ჰორიზონტალურობის პრინციპი. ეს ბრძოლა კი იმიტომაც არის მნიშნელოვანი, რომ აღვიძებს სოციალურ პასუხისმგებლობას, ანახებს ყველას, რომ ბრძოლა აქ და ახლა, არის ბრძოლა მთელი სისტემის წინააღმდეგ.