მირზა შაფის ქუჩის განვითარების პროექტი დასამტკიცებლად თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში ბოლოს 29 მარტს შევიდა. წარმოდგენილი ვიზუალური მასალა სწორედ არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული, სანებართვოდ წარდგენილი დოკუმენტაციიდანაა აღებული. არქიტექტურის სამსახურმამშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება 26 აპრილამდე უნდა მიიღოს.
მრავალფუნქციური კომპლექსი „სამეფო ბაღების" არქიტექტურული პროექტი
(საკადასტრო კოდი 01.18.04.018.067 ) 9200 კვ.მ ფართობზე, შპს. „აპოლო გ.ს“ (202430468) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნდა განთავსდეს. პროექტის თანახმად, აქედან განაშენიანება 4625.1 კვ.მ-ზე იგეგმება. შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული სიმაღლე 41.55 მეტრია. აქედან 33.1 მ - მიწის ზემოთ და 8.45 - მიწის ქვემოთ.
პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საპროექტო ტერიტორიის ნაწილი, კერძოდ 2114 კვ.მ განთავსებულია უშუალოდ კლდოვანი მასივის თავზე. საპროექტო ტერიტორიის უკიდურეს მაღალ და უკიდურეს დაბალ წერტილებს შორის სხვაობა წარმოადგენს 37,40 მ-ს.
"ტერიტორიას ჩრდილოეთით ესაზღვრება საერეკრიაციო ზონა (რზ-2), აღმოსავლეთით საცხოვრებელი ზონა (სზ-3), სამხრეთით ლანდშაფტურ-სარეკრიაციო ზონა (ლსზ) და დასავლეთით სარეკრიაციო ზონა (რზ–1)
თავად საპროექტო ტერიტორიის ნაწილი (7086 კვმ) წარმოადგენს საზოგადოებრივ–საქმიან ზონას (სსზ–2) ხოლო მეორე ნაწილი (2114 კვმ) სარეკრიაციო ზონას (რზ–2)
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს "მირზა შაფი"-ს ქუჩაზე (რომელსაც მივყავართ ბოტანიკურ ბაღში) და გადმოჰყურებს ძველ ქალაქს, მტკვარს და ნარიყალას ციხე-სიმაგრეს.
პროექტი გულისხმობს სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას, რომლის მართვას და ექსპლუატაციას განახორციელებს მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორი „კემპინსკი“. დანიშნულების მიხედვით პროექტი მოიცავს 5 ვარსკვლავიან სასტუმროს, ლუქს კლასის აპარტამენტებს, საცხოვრებელ, დასასვენებელ და გასართობ სივრცეებს; საქმიან სექტორს, საზოგადოებრივი და სავაჭრო ფუნქციებით.
დაპროექტებული კომპლექსი წარმოადგენს ტერასულად დანაწევრებულ არქიტექტურას (მსგავსად ძველი თბილისის ბანიანი საცხოვრებელი სახლებისა), რომელიც ორიენტირებულია თბილისის მნიშვნელოვან ხედებზე (ნარიყალა, მეტეხი, აბანოთუბანი). ეს დატერასება და მისი ორ სართულიან მოდულებად დანაწევრება გვაძლევს საშუალებას, რომ კომპლექსი არ აღიქმებოდეს ერთიან მასად, რაც ამ არსებულ გარემოსთვის მიუღებელია.
კომპლექსში შემოვიტანეთ რაც შეიძლება მეტი სიმწვანე, რომელიც გადანაწილდა ტერასებზე და ამ გამწვანებული ტერასებით დავაკავშირეთ უკანა ეზო საკადასტრო საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიასთან, სადაც მოეწყო საერთო სარგებლობის პარკი-რეკრეაციული ზონა.
საპროექტო კომპლექსის მოცულობის მასის ვიზუალურად შესამცირებლად გამოვიყენეთ სხვადასხვა მოსაპირკეთებელი მასალები, კერძოდ: ბუნებრივი ქვები, აგური, პერფორირებული კომპაკტლამინატის პანელები სხვადასხვა ტიპის ორნამენტებით, მაღალი ხარისხის დეკორატიული ლესვა, რაც არსებულ ისტორიულ ჩამოყალიბებული გარემოსთვის უცხო არ არის. აქტიურად გამოვიყენეთ ალუმინისპანორამულივიტრაჟები, რაც იძლევა საშუალება რომ აირეკლოს არსებული გარემო და ამ კომპლექსში მაცხოვრებელთათვის გააჩინოს მეტი პანორამული ხედები ისტორიულ ქალაქზე." - ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.
არქიტექტურის სამსახურმა პროექტის მშენებლობის ნებართვაზე 2016 წლის მარტში ერთხელ უკვე გასცა უარყოფითი პასუხი. “სასურველია მასის შემცირება რელიეფურობის მაქსიმალური მოდელირებით”, - განმარტა მერიამ. თუმცა 29 მარტს პროექტის ავტორმა მერიას თავიდან მიმართა.
არქიტექტურული კომპანია “დემარკის” მთავარმა არქიტექტორმა ვლადიმერ აბრამიშვილმა (მირზა შაფის განვითარების პროექტის ავტორი) არქიტექტურის სამსახურს მირზა შაფის ქუჩაზე მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით 2016 წლის 14 მარტს მიმართა. პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხი მერიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ (დაკომპლექტებულია მუნიციპალიტეტისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისგან) განიხილა (ოქმი N11, 17.03.2016 წ.).
საბჭოს წევრების გადაწყვეტილების საფუძველზე 29 მარტს პროექტის ავტორს უარი უთხრეს მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, რეკომენდაციით: “სასურველია მასის შემცირება რელიეფურობის მაქსიმალური მოდელირებით.”
იმავე დღეს, 29 მარტს ვლადიმერ აბრამიშვილმა პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თხოვნით არქიტექტურის სამსახურს ხელმეორედ მიმართა.
“საკითხი განხილული უნდა იქნეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს უახლოეს სხდომაზე. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დასკვნის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილებას არქიტექტურის სამსახური მიიღებს. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით 31 მარტს გაიმართა საჯარო განხილვა არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეების, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლების მონაწილეობით”, - ვკითხულობთ სამსახურის წერილში.
“პასუხის გაცემის ბოლო ვადა 2016 წლის 26 აპრილია, იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია იქნება სრულყოფილი და ხარვეზი არ დაფიქსირდება”, - ამბობენ მერიაში.