ცხრა აპრილის ტრაგედიის ფხიზელი და მიუკერძოებელი შეფასება არ მომისმენია; შეიძლება იმიტომ, რომ ისტორიას მართლმსაჯულების ენით ლაპარაკი არ შეუძლია. მას მხოლოდ სუბიექტივიზმით დაღდასმული ავტორები თხზავენ. ან იმიტომ, რომ ბოლომდე გაცნობიერებული სიმართლის მოსასმენად ჯერ მზად არა ვართ.
საქართველოში საბჭოთა სისტემის დასასრული მთავრობის სასახლის წინ 60-იან წლებში აღმართულ, მუხინას კიჩური სოციალიზმით შთაგონებული ქანდაკებების დამხობას წააგავდა. სწორედ ამ გიგანტურ და მახინჯ მუშათა და კოლმეურნეთა ქანდაკებების ფონზე, 1989 წლის ცხრა აპრილის გამთენიისას გათამაშდა უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლშეწირვის რიტუალი: ეროვნული მოძრაობის ეგზალტირებული ლიდერების, აგონიაში მყოფი საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებისა და დამსჯელი საბჭოთა ჯარის მონაწილეობით. დაიღუპა ათობით ადამიანი, დასახიჩრდა და მოიწამლა რამდენიმე ათასი.
ცხრა აპრილის წინა დღეებში საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნის აქციას ასობით მოშიმშილე შეუერთდა. ხოლო რვა აპრილის საღამოს, როცა დარბევის საფრთხე რეალური იყო, ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა (ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გია ჭანტურია, ირაკლი წერეთელი, ირინა სარიშვილი, თამარ ჩხეიძე და ა.შ.) აქციის გადატანასა თუ შეწყვეტაზე უარი თქვეს. დილის 4 საათზე რუსთაველზე ფიზიკურადაც კი იგრძნობოდა ბრმა მეჩონგურეების სიმღერის ფონზე გაწელილი წუთების უსასრულობა, მეტაფიზიკური შიში მოსალოდნელი დარბევის წინ და მებრძოლური ხალხურ-კარნავალური სულისკვეთება.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მთავრობის სახლის წინ შეკრებილებს ტაძარში წასვლისა და ლოცვისაკენ მოუწოდა.არადა, ათასობით ადამიანი ანთებული სანთლებით ხელში მაინც მონუსხულებივით შეჰყურებდა იქ მყოფ ლიდერებს და რაღაცას ელოდა. ამავე დროს უცნაური ექსტაზით შეპყრობილნი, თითქოს შეთანხმებულებივით ილტვოდნენ თავგანწირვისა და სიკვდილისკენ, ანუ თავისუფლებისაკენ. ცხადი იყო, რომ მაშინ რუსთაველიდან ფეხს არავინ მოიცვლიდა.
აქცია მთავრობის სახლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით ისე სწრაფად გადაიზარდა დრამატულ-თეატრალური სანახაობიდან ტრაგედიაში, რომ არც ორგანიზატორებს, არც მსხვერპლს, არც ჯალათებს და არც რიგით ობივატელს მისი მნიშვნელობა ბოლომდე გაცნობიერებული არ ჰქონიათ. 9 აპრილმა განაჩენი გამოუტანა არა მხოლოდ საბჭოთა რეჟიმს, არამედ ადგილობრივ კომუნისტურ ხელისუფლებასაც.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - ვიდრე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი დამსჯელი მერვე ლეგიონისა და დარბევის ოპერაციის ხელმძღვანელის, გენერალ როდიონოვის მოწვევას გადაწყვეტდა, თანხმობა უმაღლესი საბჭოს დეპუტატებსა და ინტელიგენციას ჰკითხა, რომლებმაც ეს გზავნილი ინსტინქტურად „სწორად“ გაიგეს. ცინიკური ის არის, რომ მოვლენების მსგავსი სცენარი და განვითარება ეროვნული მოძრაობის ლიდერებსაც აწყობდათ, რადგან იმ მომენტში მათი მნიშვნელობა და როლი ასმაგდებოდა. დისკრედიტირებული კომუნისტური რეჟიმის ფონზე, გზა ხელისუფლებისკენ გახსნილი იქნებოდა.
უკვე დღევანდელი გადასახედიდან, ოცი წლის შემდეგ ცხრა აპრილის აქცია გამოცხადებული დასჯის ქრონიკას ჰგავს. ყველამ ყველაფერი იცოდა - მაშინდელმა ხელისუფლებამ, აქციის ორგანიზატორებმა, მიტინგებზე დროებით „დასახლებულმა“ ხალხმა, საბჭოთა ჯარმა. მაგრამ ტრაგედია მაინც გარდაუვალი აღმოჩნდა. ბრძოლისა თუ ხელისუფლების წყურვილით დაელექტროებული ახალი დროის ლიდერები, დაუმორჩილებლობისა და სიჯიუტის ატმოსფერო... ეს ბედისწერის გარდუვალობის შეგრძნებას უფრო ჰგავდა, მაგრამ ეს დასასრულიც შეიძლება ყოფილიყო და დასაწყისიც. მაშინ ამაზე არავინ ფიქრობდა, რადგან უმთავრესი ღირებულება - თავისუფლება, ჯერ გაუცვეთელი და შეუცნობელი, ფანტომებისა და ძალადობისგან შეუბღალავი ჩანდა.
1989 წლის აპრილი ამბიციური ეროვნული ლიდერებისათვის, თუ სხვა კონკრეტული პიროვნებებისათვის უკომპრომისობას, წლობით დაგუბებულ ოცნებას და ამავდროულად რევანშს ნიშნავდა. ისიც მჯერა, რომ ცაიტნოტსა და ხაფანგში მომწყვდეული საქართველოს ხელისუფლება რაღაც გამოსავალს ეძებდა მოსალოდნელი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად. ინტელიგენციას კი სამუდამო სინდისის ქენჯნად გაჰყვა დამსჯელი ჯარის შემოყვანაზე ირიბი დასტური და პილატესავით დაბანილი ხელები... თუმცა, ამ ყველაფერს მაშინ საბედისწერო რანგის ეგზისტენციური ნიშნული ჰქონდა: თავისუფლება ან სიკვდილი.
აქციების დროს შიში საბჭოთა სისტემის მიმართ აღარ იგრძნობოდა და ეს ნიშნავდა, რომ აღარც სიკვდილის შიში არსებობდა. აპრილის იმ ერთ კვირაში მერყეობა და გაურკვევლობა თითქოს სადღაც გაქრა. ათწლეულობით შემაკავებელმა საბჭოთა აკრძალვებმა, დაშინებამ შედეგი ვერ გამოიღო. სიცრუით შენიღბულმა მორალმა და გაცვეთილმა კანონებმა ძალა, სიმძიმე და გრავიტაცია დაკარგა. და ამ სითამამემ ნარკოტიკული ზემოქმედება მოახდინა - ჩვენივე ნებით გადავეშვით უფსკრულში, რომელიც მონატრებული თავისუფლების სახელით გვიხმობდა.
კარგად მახსოვს ტრაგედიის წინა დღეებში გადაკეტილი რუსთაველი. ათასობით მოსეირნე წყვილი. გამოპრანჭული ქალები მაღალ ქუსლებზე და მომღიმარი კაცები გახამებულ პერანგებში, რადგან უჩვეულოდ თბილოდა. მთელ ხმაზე ჩართული რადიო ხან ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონიას, ხან „მოწინავე ინტელიგენციის“ ჭკუისდამრიგებლურ გაფრთხილებებს, ხანაც დისიდენტების გამოსვლებს გადასცემდა. მაგრამ არსად და არასდროს ყოფილა აკაკის „განთიადი“ (ცხადია, ავტორის წაკითხული) ასე ზუსტი და დროული. მისი სუსტი, ოდნავ მოცახცახე ხმა მთელ ჩვენ მითიურ, ამაოდ ნასწავლ ისტორიას ირეკლავადა და გვაზიარებდა რაღაც უფრო დიდსა და მნიშვნელოვანს, ვიდრე რუსთაველზე გამართული მთელი ეს პოლიტ-ფოლკლორი.
აპრილის შემდეგ ასეთი ლაღი და უდარდელი ხალხი აღარც მინახავს. მგონია, რომ სწორედ მაშინ დასრულდა სოციალური უდარდელობისა თუ პოლიტიკური ინფანტილურობის ხანა საქართველოში და დაიწყო გაუთავებელი სახელისუფლო ბრძოლით ნაკვები სპეკულაციები, რომელიც დღემდე გრძელდება, და რომელმაც უმთავრესი - სამოქალაქო მშვიდობა, ეკონომიკური კეთილდღეობა და არჩევნების თავისუფლება ვერ მოგვიტანა. როცა ათასობით ადამიანი ათეული წლების განმავლობაში ჯერ მონდომებით ანგრევს და შემდეგ თავად ქმნის ლიდერის კულტს და არ შეუძლია რაციონალიზმი იქ მაინც დაინახოს, სადაც აუცილებელია, მაშინ გამეორებული შეცდომები სიბრიყვის მეტაფორად იქცევა.
არადა, რა მარტივი და ზუსტი იქნებოდა მხოლოდ დათმენა, ამბიციებზე უარის თქმა, უბრალოდ სიჩუმე, ხანგრძლივი პაუზა, დაფიქრება ხვალინდელ დღეზე... რომ არაფერი ვთქვათ, სხვისი სიცოცხლის მიმართ პასუხისმგებლობაზე. „ჯოს“ ძახილით გაყრუებული მოედნიდან წასვლა კი ღალატს ნიშნავდა, მაშინ, როცა საჯაროდ და საზეიმოდ გამზადებულ სასაკლაომდე რამდენიმე საათი რჩებოდა. „ლესია უკრაინკას და ბესიკის ქუჩაზე ჩაფხუტიანი, გიგანტური ზომის ჯარისკაცები დავინახე. სრული შეგრძნება მქონდა, თითქოს გაპარსული ორანგუტანგები იყვნენ, - იგონებს რეჟისორი გულსუნდა სიხარულიძე, - ირგვლივ ტანკები და ათასობით შეიარაღებული ჯარისკაცი იდგა, მთავრობის სახლის წინ კი ცეკვა-თამაში იყო გამართული. ეს რაღაც არარეალურის, უფრო ზუსტად, დროში აცდენილი მოვლენების თანხვედრას ჰგავდა. ხალხი სრულიად სხვა ფსიქოლოგიურ რეალობაში იმყოფებოდა, მაშინ, როცა სხვა რამე ხდებოდა რუსთაველის პროსპექტის მიღმა.“
ამგვარი არარეალურობის მეტაფორას აღბეჭდავს ვიდეოკამერაც, როცა გამწარებული ახალგაზრდა ტანკს ჯოხს ურტყამს. ეს აკონკრეტებს გულწრფელი ამბოხის უსუსურობას ძალადობასთან შედარებით. უფრო ზუსტად, სინამდვილესა და წარმოდგენას შორის გაწყვეტილ კავშირს. ქართველის ციური და ფეთქებადი ბუნება ყველზე კრიტიკულ მომენტში გმირულ მსხვერპლშეწირვას გულისმობს და არა რეფლექსიას და დაეჭვებას. ხოლო როცა მრისხანების ჟამს გონება მოქმედებაში არ მონაწილეობს, ვღებულობთ იმას, რაც მივიღეთ.
ჯერ ყოფილი დისიდენტი, ზვიად გამსახურდია. თავისი ნაციონალური იდეებით, მიუღწეველი სამოქალაქო მშვიდობით, სრულიად ირაციონალური ხელისუფლებით, აღზევებით და დაცემით. შემდეგ ფხიზელი ნეოკომუნისტური ხელისუფლების რეინკარნაცია. შევარდნაძის ამბიციური დასაწყისით (გაერო, ნატო, ევროსაბჭო, ნავთობსადენი) და კორუმპირებულ ჭაობში აღსრულებული ფინალით. და ბოლოს, „ვარდების რევოლუციის“ მითი - „ჭაბუკების ხელისუფლება“ (გაიხსენეთ იერემიას წყევლა ბიბლიიდან), უცნაური და ამბიციური გავეშება („პირველად ისტორიაში“), ლამაზ ფორმებში გამოწყობილი „პატრულით“ და შეღებილი სახლებით რეკლამა. და გაუთავებელი დაჭერების ტელესეანსები. თუმცა გასული წლის აგვისტოს ომმა სააკაშვილის ხელისუფლების მითი საამაყო გზებთან, სახლებთან და სკვერებთან ერთად, საბოლოოდ დაანგრია.
საქართველოში დაუსრულებელი „ცხრა აპრილების“ უმთავრესი დრამა გზასაცდენილი საზოგადოების გულუბრყვილო ვერსიებშია - თითქოს არსებობა, როგორც ასეთი, აუცილებლად რაღაც იდეებისთვის ან ვიღაცის უფლებებისთვის ბრძოლისა და მსხვერპლშეწირვის რიტუალია. ამის შემდგომ ხელისუფლების უჭკუობით თავსდამტყდარი ტრაგედიებით მუდმივი თვითგვემა ცალკე საუბრის თემაა. სპეკულაციისათვის დრო და ადგილი ყოველთვის არსებობს: რუსეთი ისევ ახლოა, უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიები უხვადაა, შეუმდგარი თუ ამბიციური ლიდერები კი არასოდეს გრძნობენ სირცხვილს ჩადენილის გამო. ქვეყნის ნორმალური არსებობა საღი გონებით მოძებნილ პერსპექტივას გულისხმობს, რაც, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ფუფუნებაა.
მიუღწეველი შესაძლებლობა, როგორც „უძაფო დაზგებით ქარის ქსოვა“. ჩვენი ყოფნა (ან იქნებ არყოფნა?!) - ტომას ელიოტის ცნობილი ლექსის, „ჯერონშენის“ მეტაფორა. ელიოტის ლექსი ძველ, დანგრეულ სახლში მცხოვრებ მოხუცზე, რომელიც ქარსა და წვიმას ამაოდ ელოდება. ეს არის შეცდომებისა და მცდარი წარმოდგენების მუდმივი გამეორება, რომელიც ლექსს ირონიულ სევდას ანიჭებს. იობის წიგნშიც ხომ დაახლოებით ასეა - უდაბნოს ქარი, როგორც მუდმივი იმედებისა და ილუზიების საფუძველი.
ცხრა აპრილიდან ოცი წელი გავიდა, მაგრამ მოჯადოებული წრის გარღვევა შეუძლებელია. მუდმივად გადავადებული მოლოდინი პერსპექტიულ სიცხადეს - რა იქნება ხვალ - არ შეიცავს. ერთ დროს საამაყო საქარავნო გზები, რომელსაც დღეს სანავთობო დერეფანი და სტრატეგიული გზაჯვარედინი ეწოდება, ჩვენივე უჭკუობით პოლიტიკურ ჯვარცმად ვაქციეთ, რომელზეც, ცხადია, ყველაზე დავიწყებულები, სუსტები და დაუცველები გავაკარით.
„დამოუკიდებლობა გვჭირდება იმიტომ, რომ საკუთარი თავი ხელახლა დავინახოთ“ - წლების შემდეგ მერაბ მამარდაშვილის ეს ზუსტი კომენტარი, შესაძლოა ვიგრძენით, მაგრამ გამოცდილებად არ ვაქციეთ. რადგან ამგვარი ეგზისტენციური ყოფა უშფოთველი და უდარდელი ცხოვრების შედეგი იყო. ქვეყნის დამოუკიდებლობის ორი ათწლეული ისე განვვლეთ, რომ მატყუარა, დეფორმირებულ სარკეებში ლამაზ ანარეკლებს ვხედავდით და ვერ ვამჩნევდით სინამდვილეს. მხოლოდ ისინი მლიქვნელობდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ყველაზე ლამაზები ვართ, რომლებსაც ფიფქიაც და დედინაცვალიც ფეხებზე ეკიდათ. და როცა გასული წლის აგვისტოში ნამდვილი ეგზისტენციური კრიზისი დაგვიდგა, მარტო დავრჩით. აბსოლუტურად მარტო! წარსული შეცდომებისა და ხელისუფლების ბრიყვული თვითკმაყოფილების ამარა.
„არ შეგეშინდეთ, ძალიან შორს თუ შეტოპავთ, რადგან ჭეშმარიტება კიდევ უფრო შორსაა“. დეკარტეს ამ სენტენციის გაცნობიერების სურვილი და მზაობა ალბათ მოგვიანებით დადგება. როცა ფსევდოპატრიოტული ვნებების ქარიშხალი ჩაივლის და დროშების ფრიალს თუ ომების უნიჭო წამქეზებლებს ამოფარებული ხელისუფლება იმაზე მაინც დაფიქრდება, სად არის გამოსავალი. იქნებ, ჩვენ გვსურდა რაღაც კალვინისტური სიშიშვლის დემონსტრირება - აი, შეგვხედეთ, ესა ვართ რაც ვართ. თავისუფალნი და ამაყები, მაგრამ გამოგვივიდა ხანგრძლივი თეატრალური კარნავალი - ბრმა მეჩონგურეებით, მოქკავშირზე შეთხზული სიმღერებით, შადრევნებით, საბავშვო საქანელებით... აღმოჩნდა, რომ „პატარა მსხვერპლით დიდი თავისუფლების მიღწევა“ (როგორც ამას ერთ დროს ეროვნული მოძრაობის ლიდერები ვარაუდობდნენ) შეუძლებელია.
ვიდრე გაიგებ რა გსურს, ან ხარ თუ არა დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში, ჯერ მოწინააღმდეგის პრინციპები და არგუმენტები უნდა ჩამოთვალო და გააანალიზო... მაგრამ რაც უფრო გეზიზღება მოწინააღმდეგე, მით უფრო დიდია ცდუნება, ჭეშმარიტებას დაშორდე ან მისგან შეგნებულად გადაიხარო; ყველა არგუმენტი ბოროტებას მიაწერო და არა რეალობას.
საკმარისია, დაუსხლტე ბოროტების იმპერიას, რომ შენი ცხოვრება თავისუფლების ნიშნით წარიმართება. ამავე დროს, საკუთარ წარუმატებლობას მხოლოდ იმპერიას მიაწერ და მუდმივად მსხვერპლის როლს შეასრულებ. ეს თავის მოტყუების ძალიან ნაცადი ფორმაა: გამუდმით და ზუსტად ვეწერებით მსხვერპლისა და ჯალათის პარადიგმაში და ამით უცნაურ მაზოხისტურ სიამოვნებასაც ვიღებთ. ხოლო როცა გინდა იყო მსხვერპლი, ეს ნიშნავს, რომ არ გინდა და არ იღებ პასუხისმგებლობას საკუთარ საქციელზე. მსგავსი რამ კი ინფანტილურ ბავშვებსა და მოხუცებს სჩვევიათ. პოლიტიკური ზრდასრულობა ჩვენ რატომღაც არ შეგვეხო, რადგან შევეჩვიეთ დამსხვრეულ იმპერიასთან მუდმივ ანგარიშსწორებას. ალბათ ცხრა აპრილიც სწორედ ამის პირველი და ყველაზე გულწრფელი გამოვლინებაა.
ჩვენ ტოტალიტარული ყოფისა და ახალი, შეუცნობელი ყოფიერების ბნელი გვირაბიდან გამოვდივართ... ნელა, მტანჯველი რეფლექსიებით, მაგრამ მაინც გამოვდივართ. ამიტომ შეუძლებელია, არ ვატარებდეთ ამ საშინელი და სისხლიანი გამოცდილების კვალს, როცა რამდენიმე თაობა იბადებოდა და იზრდებოდა იმ ატმოსფეროში, სადაც ძალადობა ჯერ კიდევ ახსნილი არ არის. ის ჯერ კიდევ ჰაერშია გამოკიდებული და ჩვენ თავზე ირხევა და მოძრაობს. განა შეიძლება იქიდან ანგელოზის ფრთებით გამოხვიდე? ან იტირო, გაბრაზდე, განრისხდე და ამით ვინმეს გული მოიგო? ეს არასერიოზული იქნებოდა.
9 აპრილის ფენომენი ორი რეალობის დაჯახებას ჰგავდა. ეს ცნობილი დიალექტიკაა - ჯალათი და მსხვერპლი. ნებისმიერი ტრაგედიის შემდეგ დგება მომენტი, როცა გაშიშვლების სურვილი იმდენად დიდია, რომ გინდა ამის შესახებ ყველას მოუყვე და ამით რაღაც უფრო საშინელი და შეუცნობელი ჭეშმარიტება გამოააშკარავო, როგორც, მაგალითად - „ოიდიპის მეფეში“; ან გინდა, სურვილი რეალობად აქციო და მერე თავად დაიჯერო ეს ახალი რეალობა.
...„ჯერონშენის“ ჩამონგრეულ სახლში მეხსიერებადაკარგული მოხუცი წარსულსა და აწმყოში მოგზაურობს. ელიოტი სიზმრადქცეულ რეალობას უბრალოდ და გულწრფელად აღწერს: „მე, მოხუცი კაცი - ფუტურო თავით, ქარიან სივრცეებს შორის ვარ გაჩხერილი“. ალბათ ჩვენც ასევე ვართ წარსულ და დამდეგ ცხრა აპრილს შორის გაჩხერილები; თანაც, ჯერ არაფერი დამთავრებულა, მხოლოდ ახლა იწყება - ამჯერად საქართველოს ნარჩენების სახელით.
სტატია პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ "ცხელ შოკოლადში" , 2009წ. N48