Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩვენ, პოეტები საქართველოსი

11 აპრილი 2016

ანუ არის თუ არა ყველა ქართველი პოეტი ორჯერ პოეტი

თვალები ოდნავ მილულეთ ან გადაქაჩეთ - გააჩნია, სატრფიალო ლექსს კითხულობთ თუ პატრიოტულს. ოდნავ განზე დადექით. ლექსის კითხვისას, რომელიც ხან სასურველია, განწირულ ხავილში გადაიზარდოს, მოულოდნელად რამდენჯერმე შეტოკდით. გულზე მჯიღიც შეიძლება, მაგრამ ეს უკვე ძველმოდურია. როგორც დავაკვირდი, ახლა იდაყვის შექანებაა რაღაც გამოუცნობი ხიბლის მატარებელი და უფრო „ქულ“, როგორც უკვე ჩვენი ახლო წინაპრები იტყოდნენ. სიგარეტი დაშნასავით. კაშნე გემოვნებით. ბერეტი ძველი სიტყვაა, „ისე რა“ მოსულა. დასასრულისას შეეცადეთ, კამერას ჩახედოთ და მეტყველი მზერით გადმოგვძახოთ: „ბურძგლი დამანახეთ“. ტაშს წაუყრუეთსავით და... კადრიდან ისე გადით, შარლ აზნაური რომ მიბარბაცებს ციგანოჩკას სიმღერის შემდეგ ერთ ცნობილ კონცერტზე. თუმცა გარეგნულ ამბებს რა მნიშვნელობა აქვს, ვისაც რა უნდა ის ეცმევა და რაც უნდა, იმას შეჭამს. ეს ისე, ამბის გასამძაფრებლად მოვიტანე. სხვა რამეზე მოგითხრობთ:

დღეს რომ საქართველოში პოეზიაა პოპულარული, ასეთი საშინელი ამბავი იშვიათად ყოფილა. თუმცა გამოვტყდეთ - ლექსმოყვარეობა დიდწილად ყოველთვის ზერელე გახლდათ. ახლა ინტერნეტვიდეოთა ერაში უფრო აიშვა თავი. ერთმა კეთილმა კაცმა დაიდო ცოდვა და კეთილად მოგვატყუა. ასე თქვა: ყველა ქართველი პოეტია და ყველა ქართველი პოეტი ორჯერ პოეტიო. სულ მგონია, რომ ტიციანის ეს სტრიქონები ამაზე პასუხია (თუნდაც დროსა და სივრცეში დაშორებული):

„იმერეთში მღერის დანიელა ურია,

კახეთში კიდევ - დედას ლევანა...

საქართველოში ყოველ ჭორფლიან ქალს

თავის საკუთარი ჰყავდა პოეტი.

დღეს ღვთისმშობელი ძირს რომ ჩამოვიდეს,

მითხარით, მართლა ვინ ეტყვის ლექსს?”

აღქმა კი გვქონდა სხვანაირი. არ დაიჯეროთ. ყველა ქართველის პოეტობა ანუ. არც მკითხველობა დაიჯეროთ. მერე რა, რომ „ვეფხისტყაოსნის” და „ლურჯა ცხენების” ქვეყანა გვქვია, აღაზას სცენა ჩვენს ენაზეა დაწერილი და სულხან-საბას ლექსიკონი (ერთ-ერთი უდიდესი პოეტური წიგნი - ჩემი აზრით). ამ ტექსტების დიდმა ნაწილმა ჩვენებური მკითხველის დიდ ნაწილს გვერდი აუარა. უფრო სწორად, მკითხველმა აუარა გვერდი. გვსმენია და ვაჟა არ გვესმის. არც გურამიშვილი. გალაკტიონიც გავლით, მხოლოდ შეცდომით ნათქვამ საზეპიროდ. შეიძლება თქვათ, რომ ყველგან ასეა. ყველა ქვეყანაში. ჩვენ კი ძალიან დიდი ავტორები გვყავს პოეზიაში, მსოფლიო მასშტაბის, მაგრამ ნუ ვიჟინებთ მაინც ამ ორჯერპოეტობას. ნურც ორჯერმკითხველობას. ამ უკანასკნელს მაინც. თორემ გამოდის პაოლო იაშვილი და ვიღაც ცუდადმრითმავი იუთუბ-ფეშანგი ფაშვი-ბერტყასძე თანაბრად მოგვწონს. ანუ რაღაც ერთობ უხერხული გამოდის.

ამ ტელე-ინტერნეტ პოეზიის ორი მიმდინარეობა სუფევს. სამიჯნურო და საკუთრივ პოეტის შესახებ. ანუ გაუტეხელი, ძმაბიჭებშემოუძარცველი ან შემოძარცული, უდარდელი, დაუფასებელი, მაგრამ მაინც ღრუბელშემოსილი პოეტის შესახებ. მეორე მიმდინარეობაში შეიძლება გაერთიანდეს ლექსები სამშობლოზე, სამყაროსა და საცალფეხო ბილიკებზე. პირველი ისეთია, აი თვალების მილულვა რომ სჭირდება: „მე შენ მიყვარხარ და მეყვარები, რამ დამავიწყოს შენი თვალები, შენი თვალები, როგორც ალები, მე შენ მიყვარხარ და მეყვარები“. მეორე - ხავილისა - დაახლოებით ასეთი:

„ვერვინ დამძალავს, მე ვარ პოეტი,

და მთები ამაქვს ღმერთთან ტკივილით,

არ მინდა ფული, არ მინდა სახლი,

ლექსები უნდა ვშობო კივილით.

ასეა, ასე ვიქნები მარად,

მე არ ვიცვლები, პოეტი მქვია,

სანამ ჩემ ამაყ, ნაჩუქარ პალტოს

არ შეჭამს ჭია.

მე დავბრუნდები მერე მიწაზე,

თქვენ რომ გგონივართ ხუთი წლის მკვდარი,

მე დავბრუნდები. პირამიდები.

ორი ღერი სიგარეტი.

ქარი”.

ხოლო თქვენ მოხვალთ და მეტყვით: აი, პოსტმოდერნიზმი, აი, მაღალი და დაბალი ხელოვნების გათანაბრება, აი, მასკულტურის აღზევება და მერე სიმულაკრები და ჩაკრები და დერიდა და იჰაბ ჰასანი. მოხვალთ და მეტყვით, ან ლექსები წერე, ან სხვების კრიტიკას შეეშვით, ბატონო გიორგი, საერთოდაც ჯობს, თვალები ოდნავ მილულეთ ან გადაქაჩეთ - გააჩნია, სატრფიალო ლექსს კითხულობთ თუ პატრიოტულს.

ამასწინათ ჟურნალისტები მწერდნენ, კომენტარი გააკეთეთ გიორგი ტიგინაშვილის ლექსზე, რომელმაც ინტერნეტი დაიპყროო. თავიდან ცოტა დავიბენი, სამწუხაროდ, არ ვიცოდი, ვინ იყო ბატონი ტიგინაშვილი, მერე ჩავძახე გოოგლე-ს და ამომძახა ჯაჯანიძის შოუ და რაღაც დაძაბული ლაპარაკი სიყვარულზე თუ ქალზე, ლექსივით. არაფერი ტრაგიკული, მით უფრო საოცარი არ არის, თუ ასეთი „ლიტერატურა“ ბევრ ხალხს მოსწონს. ყველა დროში ამგვარად იქნებოდა, უბრალოდ, სოციალურმა ქსელმა უფრო აშკარა გახადა - ყოველთვის იარსებებს უამრავი ადამიანი, ვისაც თქვენთვის მდარე ლექსები მოეწონება და ის, რაც თქვენ მოგწონთ, მათთვის იქნება მდარე (სულ მცირე, გაუგებარი). ამას ვერც განათლებით ვუშველით (თუმცა გვაკლია და ძალიანაც) და ვერც დაძალებით. იყოს ის ხალხი, იკითხოს, მოეწონოს და აზიაროს. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ, ჩემი აზრით, ქილიკის უფლება არ გაქვთ - პირიქით. უბრალოდ, კითხვები დამისვეს ასე: „შეიძლება თუ არა პოეტების ქვეყანაში ახალგაზრდებს ასეთი უნიჭობა მოსწონდეთ“. რა თქმა უნდა, შეიძლება. მომწონს თუ არა მე? რა თქმა უნდა, არ მომწონს. მაგრამ ვითავისებ და ვიცი, რომ ყოველთვის იყო, არის და იქნება. ასე რომ, მეტი სიმშვიდე. დამერწმუნეთ, გალაკტიონი ამის გამო საფლავში არ ბრუნავს. არც გაუგია.

 ბატონი ჯაჯანიძე და სხვა დანარჩენი პოეტებიც, მანამდე სხვა დანარჩენი ჯაჯანიძეც და სხვა პოეტებიც საკუთარ საქმეს აკეთებენ. მათ არც და ვერც მოვუწოდებ შეცვლისკენ. ჩემი სტატიის პათოსი იმ პრეტენზიას ეხება, რომ დიდი პოეზია მაინცდამაინც ყველას სისხლში გვაქვს თუ ქართველი ვართ, თორემ მურმან ლებანიძის არ იყოს:

არც თესავდა და არც ხნავდა,

რას ვერჩი, შპალერს შესცქერდა!

რა მოხდა, კაცს ხომ არ კლავდა -

იჯდა კაცი და

ლექსს წერდა! 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^