შესაძლოა, ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ კერძო დავის გადასაწყვეტად ყოველთვის სასამართლოში წასვლა საჭირო არ არის. უკვე მეექვსე წელია, საქართველოში კერძო არბიტრაჟი მოქმედებს. დავების გადაწყვეტის ამ ალტერნატივას სასამართლოსთან შედარებით რამდენიმე დადებითი მხარე აქვს, თუმცა დაბალი ნდობისა და არბიტრთა მწირი გამოცდილების გამო, ამ ინსტიტუტს არც ისე ხშირად მიმართავენ. ვითარება ვერც 2015 წლის საკანონმდებლო ცვლილებებმა შეცვალა, რომელმაც კანონში მნიშვნელოვანი სიახლეები შეიტანა. იურისტთა ნაწილი ამ ინსტიტუტის აუცილებლობაზე საუბრობს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ მას განვითარების პერსპექტივა არ აქვს.
თუკი თქვენი ბიზნესპარტნიორი შეთანხმებას არღვევს ან სამშენებლო კომპანიას ფული გადაუხადეთ, ის კი დიდი ხანია, თქვენს კუთვნილ ბინას არ გაბარებთ, თქვენ სამართლებრივი დავის ორი გზა გაქვთ - დარღვეული უფლებების აღსადგენად და ქონებრივი ზარალის ასანაზღაურებლად ან სასამართლოს უნდა მიმართოთ, ან კერძო არბიტრაჟს.
თუკი მეორე გზას აირჩევთ, შედეგს სასამართლო დავასთან შედარებით ბევრად ნაკლებ დროში მიიღებთ. თუ სასამართლოს სამ ინსტანციაში დავას 1-1,5 წელი დასჭირდება, საარბიტრაჟო დავისთვის კანონით მხოლოდ 180 დღე, ანუ 3 თვეა განსაზღვრული და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება დაემატოს კიდევ 3 თვე.
საარბიტრაჟო დავა იმ შემთხვევაშიც მოსახერხებელია, თუკი საკუთარ ან კომპანიის იმიჯზე ზრუნავთ და არ გსურთ, სხვა პირსა თუ კომპანიასთან თქვენი უთანხმოების შესახებ ვინმემ შეიტყოს. კონფიდენციალურობას, მტკიცებულებებისა და დოკუმენტების შინაარსის გაუმჟღავნებლობას მხარეებსა და არბიტრაჟს კანონი ავალდებულებს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ საარბიტრაჟო დავისთვის არბიტრს/არბიტრებს თავად ირჩევთ, რადგან კანონი არ განსაზღვრავს, ვინ შეიძლება გახდეს არბიტრი. შესაბამისად, შეგიძლიათ, დავის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ისეთ ადამიანს მიანდოთ, ვის ობიექტურობასა და პროფესიონალიზმშიც ეჭვი არ გეპარებათ. კანონით მინიჭებული ეს თავისუფლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ შემთხვევაში, როცა დავა სპეციფიკური საკითხების ცოდნას მოითხოვს, მაგალითად, სამშენებლო, საზღვაო ან ეკონომიკური დავები, სადაც იურიდიულ განათლებაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკისა და საზღვაო სფეროს ცოდნაა. ასეთი სპეციფიკური განათლება კი მოსამართლეებს არ აქვთ.
კერძო არბიტრაჟისადმი ნდობის ასამაღლებლად და ამ ინსტიტუტის დასახვეწად 2015 წელს „არბიტრაჟის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა. კანონპროექტზე იუსტიციის სამინისტროსთან ერთად საქართველოს ბიზნესასოციაცია მუშაობდა. კანონის ახალი ვერსიით, საარბიტრაჟო დავას მხარეები შეთანხმების საფუძველზე ირჩევენ. ამასთან, ხელშეკრულებაში თავიდანვე უნდა გაიწეროს, ვინ განიხილავს მას. მანამდე მხოლოდ ზოგადად იყო მითითებული, რომ დავა შეიძლებოდა, არბიტრაჟს განეხილა. კონკრეტული არბიტრი კი დასახელებული არ იყო.
საკანონმდებლო ცვლილებებით, არბიტრაჟზე სასამართლოს კონტროლი შემცირდა. თუკი მანამდე სააპელაციო სასამართლო დავის შინაარსშიც ერეოდა, ახლა ის მხოლოდ პროცესუალურ ნორმებს ამოწმებს, ხომ არ დაირღვა ისინი. აქამდე თუ არბიტრაჟის გადაწყვეტილება სასამართლოში საჩივრდებოდა, ახლა ის საბოლოოა და სასამართლოს მხოლოდ მისი ცნობა და აღსრულება ევალება.
საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, ადვოკატი როინ მიგრიაული, რომელიც საარბიტრაჟო დავისას არბიტრიც ყოფილა და მხარის წარმომადგენელიც, მიიჩნევს, რომ ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობა ჯერ კიდევ ძალიან დაბალია და მომავალში მისი არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ამის მიზეზად კი რამდენიმე ფაქტორს ასახელებს.
როინ მიგრიაულის შეფასებით, პირველი, რაც ნდობაზე მოქმედებს, არბიტრების პროფესიონალიზმია. ადვოკატი ამბობს, რომ დღეს საქართველოში არბიტრებად ახალგაზრდა ადვოკატები, ყოფილი ან ამჟამინდელი მოსამართლეები მუშაობენ, რომლებმაც სასამართლო სისტემაში ადგილი ვერ იპოვეს. ადვოკატის შეფასებით, არბიტრს დიდი პროფესიული და ცხოვრებისეული გამოცდილება უნდა ჰქონდეს.
„ლონდონის ერთ-ერთ არბიტრაჟში მივიღე მონაწილეობა, ექსპერტიც ვიყავი და მხარის წარმომადგენელიც. იქ არბიტრი თმაშევერცხლილი, ჭაღარა ადამიანია, რომელმაც თავისი კარიერა განვლო, იყო მოსამართლე ან ადვოკატი და როცა ამოწურა საქმიანობა, არბიტრი მერე გახდა. მის მიმართ დიდი ნდობაა. ის მოუსყიდავია. მეც ვყოფილვარ არბიტრად მიწვეული და მგონია, რომ ჩემი არბიტრობაც არაა სწორი. მე მაშინ უნდა მიმიწვიონ, როცა ჩემს საადვოკატო კარიერას ამოვწურავ“.
როინ მიგრიაული მიიჩნევს, რომ ამ ინსტიტუტს სანდოობას არბიტრაჟებში ობიექტურობის დონეც უკარგავს, რადგან ბევრი მათგანი ბანკების ან რომელიმე კერძო კომპანიის მიერაა შექმნილი. შესაბამისად, ისინი კერძო დავისას მხოლოდ ამ არბიტრაჟებს მიმართავენ, ამ დროს კი მეორე მხარეს სამართლიანობის იმედი არ უნდა ჰქონდეს.
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ რომელიმე მხარეს, დროის გაყვანის მიზნით, დავის სასამართლოში განხილვა უნდოდეს. თუმცა მიგრიაული ამბობს, რომ მაშინაც კი, როცა მხარეს საქმის დროულად დასრულება სურს, მაინც სასამართლოს მიმართავს, რადგან მის მიმართ უფრო მეტი ნდობა აქვს და დღეს სასამართლოების გადატვირთულობა სწორედ ამაზე მეტყველებს.
როინ მიგრიაული მიიჩნევს, რომ არბიტრაჟის ინსტიტუტისადმი ნდობის მოსაპოვებლად კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს და გაიწეროს, ვის აქვს საარბიტრაჟო საქმიანობის უფლება და ვინ შეიძლება გახდეს არბიტრი. ამასთან, უნდა გახანგრძლივდეს გადაწყვეტილების დაწერის ვადებიც, რათა არბიტრაჟმა მისი უკეთ დასაბუთება შეძლოს. ადვოკატი ლონდონის ერთ-ერთ არბიტრაჟს იხსენებს, სადაც გადაწყვეტილება განხილვის დასრულებიდან ერთ წელიწადში დაიწერა.
„არბიტრაჟში რომ შედიხარ, უნდა იგრძნობოდეს, რომ შედიხარ დაწესებულებაში, სადაც სამართალს იპოვი. მას სასამართლოზე ნაკლები სოლიდურობა არ უნდა ჰქონდეს“.
უნდობლობისა და არაობიექტურობის გამო, როინ მიგრიაული უკვე 2 წელია, არბიტრაჟში არ ყოფილა. მისი თქმით, ამავე მიზეზით, ის მხარეს ყოველთვის სასამართლოსთვის მიმართვას ურჩევს.
მიზეზი, რამაც არბიტრაჟის მიმართ უნდობლობა წარმოშვა, ბიზნესასოციაციის იურიდიული ანალიტიკოსის, ნიკა ნანუაშვილის შეფასებით, ცუდი წარსული მეხსიერებაა, როცა სადარბაზოებში იმართებოდა დავა და არბიტრები კერძო პირებისა და კომპანიების ინტერესებს მიკერძოებულად იცავდნენ. თუმცა იურისტი მიიჩნევს, რომ ის დრო დასრულდა და ახლა თვითონ არბიტრებისა და არბიტრაჟის ინტერესშია, რომ მაღალი სანდოობითა და რეპუტაციით სარგებლობდნენ.
„კერძო არბიტრაჟი ბიზნესია. მე თუ ვიქნები მაქსიმალურად დამოუკიდებელი და ობიექტური, ხვალ უფრო მეტი ბიზნესი მოვა, რომ ჩემთან განიხილონ დავა. რაც მეტი მოვა, მეტი შემოსავალი მექნება, ამიტომ არბიტრებს უნდა ჰქონდეთ ჯანსაღი ინტერესი, რასაც არბიტრაჟის ინსტიტუტის განვითარების გზაზე თავისი ლოგიკური გაგრძელება უნდა ჰქონდეს. ამასთან, თუ არის კორუფციული დანაშაული, რაც შეიძლება მიმხრობის საფუძველი აღმოჩნდეს, არბიტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა დაიწყება“.
ნიკა ნანუაშვილი ამბობს, რომ 2015 წლის საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ დავის განსახილველად კერძო არბიტრაჟს სულ უფრო მეტი კომპანია მიმართავს. ისინი კი, ვინც სასამართლოში მიდიან, რიგში დგომა უწევთ და უკამყოფილოები რჩებიან.
იურიდიული ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ არბიტრაჟი ის მომავალია, სადაც დავა უნდა გადაწყდეს. მისი შეფასებით, ამ ინსტიტუტის განვითარება ორი მიმართულებით იქონიებს ეფექტს: განიტვირთება სასამართლო და უფრო დაიხვეწება კერძო არბიტრაჟის ინსტიტუტი.
ვინ ვერ გახდება არბიტრი
„კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არბიტრად დანიშვნა მხოლოდ იმ პირს შეიძლება აეკრძალოს, რომელიც:
1) შეზღუდულქმედუნარიანი ან მხარდაჭერის მიმღებია;
2) პოლიტიკური თანამდებობის პირი ან საჯარო მოხელეა;
3) მსჯავრდებულია დანაშაულის ჩადენისთვის და ნასამართლეობა მოხსნილი/გაქარწყლებული არ აქვს.
ქართველი არბიტრები
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია (GAA) 2013 წლის 22 აპრილს დაფუძნდა. მისი მიზანი საქართველოში არბიტრაჟის განვითარება და არბიტრთა თვითრეგულირების მექანიზმის ჩამოყალიბებაა.
შპს „დავების განმხილველი ცენტრი“ (DRC) 2008 წელს შეიქმნა. ის მოქალაქეებსა და კერძო კომპანიებს დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებებს, არბიტრაჟსა და მედიაციას სთავაზობს.