Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

2016 წლის 17 აპრილი: იდეების ეპიდემია თბილისში

11 აპრილი 2016

საქართველოს დედაქალაქი წელს რიგით მეოთხე TEDxTbilisi - ის ღონისძიებას უმასპინძლებს. მსოფლიოში ერთ - ერთი ყველაზე ცნობილი ინტელექტუალური ფორუმის მოახლოებასთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ შევახსენოთ მკითხველს თუ რა არის TEDxTbilisi და რატომ არის იგი ესოდენ მნიშვნელოვანი.

TEDxTbilisi 2012 წელს ჩამოყალიბდა. ამ სახელწოდების მიღმა დგას მსოფლიოში ერთ - ერთი ყველაზე პოპულარული და პრესტიჟული ბრენდის TED-ის მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე ყოველწლიურად ორგანიზებული ინტელექტუალური ფორუმები. ღონისძიებების ფარგლებში TEDxTbilisi - ის გუნდი თავს უყრის საინტერესო ადამიანებს, რომლებიც აუდიტორიას საკუთარ ორიგინალურ პროექტებს თუ იდეებს აცნობენ.  ერთი შეხედვით დიდი არაფერი; თითქოს ეს ღონისძიება მორიგი ინტელექტუალური ყრილობაა. მაგრამ, TED-ის ლოგოთი წარმოდგენილ თუნდაც ერთ პრეზენტაციას თუ მოუსმენთ, მიხვდებით, რომ არც ასე მარტივად არის საქმე. არის რაღაც, რაც გამოარჩევს ამ ფორმატს სხვა კონფერენციებისაგან; რაღაც, რაც ვირუსივით აღწევს მსმენელში და მის ცხოვრებაში სამუდამოდ იკავებს ადგილს; რაღაც, რის გამოც TED - ი დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში არის წარმოდგენილი და რამდენიმე მილიარდიან აუდიტორიას ითვლის; რაღაც, რაც ნათელი ხდება მაშინ, როდესაც ინტერნეტ საძიებო სისტემაში პირველად აკრეფ www.TED.com-ს.

TED ფორმატი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში 1984 წელს ჩაისახა. სახელწოდება სამი ინგლისური სიტყვის - ტექნოლოგია (Technology) გართობა (Entertainment) და დიზაინი (Design) - აბრევიატურას წარმოადგენს. პროექტის მიზანი იყო ამ სამ სფეროში ინოვაციების სტიმულირება ორიგინალური პროექტების თუ იდეების შესახებ ინფორმაციის გავრცელების გზით. ოცდაათ წელიწადზე მეტია რაც TED – ის ფორმატი გზას უკვლევს თავისი დროის ბრწყინვალე წარმომადგენლებს და გავლენას ახდენს კაცობრიობის განვითარებაზე. სწორად TED-ის სცენიდან გაიცნო საზოგადოებამ პირველი კომპაქტური დისკი, ელექტრონული წიგნი, 3D გრაფიკის შესაძლებლობები და თანამედროვე ცხოვრების ბევრი სხვა განუყოფელი ელემენტი.  დაარსებიდან რამდენიმე წელიწადში ფორმატმა უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა. მის ფარგლებში ორგანიზებულ ყოველწლიურ შეხვედრებს მოუთმენლად ელოდნენ ცნობისმოყვარე მსმენელები და ინოვატორი პრეზენტატორები.  სწორად ამან მისცა ბიძგი მცირე, რეგიონული ღონისძიებების ე.წ.  TEDx-ების დაარსებას. TEDx -ების დახმარებით TED ფორმატი ეპიდემიასავით მოედო მთელს მსოფლიოს და დღეს მრავალმილიარდიან ფან - კლუბს აერთიანებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. 2012 წლის გაზაფხულიდან ცნობისმოყვარე და პროგრესულად მოაზროვნე TED საზოგადოებას ქართველებიც შეემატნენ. მიუხედავად ფორმატის სიახლისა TEDxTbilisi-მა უკვე მოახერხა საკუთარი თავის დამკვიდრება და რამდენიმე ათასიანი აუდიტორიის გულის მოგება. ამის დასტური თუნდაც ისაა, რომ 2015 წლის ღონისძიებაზე დასასწრები ყველა ბილეთი 43 წუთში გაიყიდა TEDxTbilisi-ის მხარდაჭერის მსურველი ორგანიზაციების თუ კერძო პირების რაოდენობა კი, წლიდან - წლამდე გეომეტრიული პროგრესიით მატულობს.

რა გამოარჩევს ამ ფორმატს სხვა ინტელექტუალური ფორუმებისაგან და რატომ არის იგი მნიშვნელოვანი საქართველოსთვის? ამ კითხვაზე TEDxTbilisi-ს ორგანიზებაში ჩართული ადამიანებისაგან შემდეგი პასუხები მივიღეთ.

“TED ფორმატი არ არის ელიტარისტული; მისი სცენა ხელმისაწვდომია როგორც საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეებისთვის, ისე კარიერის საწყის საფეხურზე მყოფი პირებისთვის. შერჩევის უმთავრესი კრიტერიუმი არის წარმოსადგენი იდეის ორიგინალობა, მისი პოტენციური გავლენა საზოგადოებაზე, ყველაფერი დანარჩენი (ასაკი, სქესი, წინარე პროფესიული წარმატებები, ორგანიზაციული მიკუთვნებულობა და ა.შ) სრულიად არარელევანტურია. საქართველოში კიდევ რამდენ ფორმატს შეუძლია ამით თავის მოწონება? სამწუხაროდ არც ისე ბევრს. არადა, საინტერესო იდეები არ იზღუდავენ თავს მხოლოდ ელიტარული წრეებით. პირიქით, ხშირად ყველაზე პროგრესული და ასე ვთქვათ გარდამტეხი ინიციატივები სრულიად მოულოდნელ კონტექსტში ისახება. TEDxTbilisi-ზე მუშაობის ოთხი წლის განმავლობაში უამრავ საინტერესო ადამიანს შევხვდი და ამაყი ვარ იმით, რომ ჩვენი ფორმატი ხელს უწყობს მათ წარმოჩენას როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენნაირ პატარა ქვეყანას არ აქვს ორიგინალური იდეების იგნორირების ფუფუნება; სწორედ ამიტომ მომწონს TEDxTbilisi და ამიტომ ვუთმობ მას ჩემს დროს.”

                           მერი გაბაშვილი,

 TEDxTbilisi-ის თანადამფუძნებელი

“TED ფორმატი გახსნილია ნებისმიერი დარგისთვის. სხვა კონფერენციებისაგან განსხვავებით იგი ჰარმონიულად აერთიანებს ისეთ განსხვავებულ სფეროებს, როგორებიცაა ხელოვნება, მედიცინა, სპორტი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, არქეოლოგია, ბიზნესი, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ა.შ. ყოველ წელს ღონისძიებები გარკვეული თემის ირგვლივ ტარდება, თუმცა ეს არ არის ვიწრო, დარგობრივი კონფერენციები, რომლებზეც ერთი და იგივე სფეროს წარმომადგენლები უღრმავდებიან ამა თუ იმ საკითხს. აქ ერთი ზოგადი თემის გაშლა სხვადასხვა დარგების კონტექსტიდან ხდება, რის გამოც ნებისმიერი გემოვნების თუ ინტერესის ადამიანს შეუძლია რაღაცის “წაღება” .”

ირინა ღუღუნიშვილი,

TEDxTbilisi-ის თანადამფუძნებელი

‘TEDxTbilisi და ზოგადად TED ფორმატი შთაგონების უნიკალური წყაროა. აქ იდეების გაცვლას არ აქვს მხოლოდ წმინდა ინფორმატიული ეფექტი. პირადად ჩემთვის და ამ ფორმატის მოყვარული ჩემი მეგობრებისთვი ეს არის კრეატიულობის მასტიმულირებელი ინსტრუმენტი. შეუძლებელია უყურო რომელიმე TED ვიდეოს და არ აენთო ახლის შექმნის სურვილით. ის ინოვაციურობა და პროგრესიულობა, რომელიც TED სცენაზე არის წარმოდგენილი გადამდებია - გავსებს პოზიტივით და შემოქმედებითი მუხტით. სწორად ამ მუხტის გავრცელებისთვის ჩავერთე TEDxTbilisi-ის ორგანიზებაში და მიხარია, როდესაც ჩვენი ღონისძიების სტუმრების ანთებულ თვალებში ვხედავ ზემოთ აღწერილ ეფექტს.”

ნატალია მემანიშვილი

TEDxTbilisi-ის პროექტების მენეჯერი

“ჩემთვის TEDxTbilisi-ის უნიკალურობა მის სულისკვეთებაშია. TED 100% მოხალისეობაზე დაფუძნებული ინიციატივაა. მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად რამდენიმე ასეული კონფერენცია მხოლოდ მოხალისეების - TED ფორმატის მოყვარულთა ძალისხმევით ტარდება. TEDxTbili-ის გუნდში 15 -მდე მოხალისე აქტიურად მუშაობს ყოველ წელს მაყურებლებისათვის დაუვიწყარი ღინისძიების ორგანიზებისთვის. ეს სამუშაო მათ მიერ სრულდება ძირითად საქმიანობასთან და სხვა ვალდებულებებთან შეთავსებით, რადგან გუნდის თითოეულ წევრს ღრმად სჯერა იდეების და მათი გავრცელების მნიშვნელობის საზოგადოების განვითარებისთვის. ანუ თავისი ბუნებით და სულისკვეთებით TEDxTbilisi-არ არის ჩვეულებრივი პროექტი. იდეთ გაერთიანებულ ადამიანების გუნდთან მუშაობა სრულიად უნიკალური და დაუვიწყარი გამოცდილებაა პირადად ჩემთვის. თუმცა ასეთი ინიციატივების მნიშვნელობა სცდილდება ინდივიდუალურ ჩარჩოს. ღრმად მჯერა, რომ მსგავსი პროექტების არსებობას ძალუძს ჩვენი საზოგადოების შეცვლა უკეთესობისაკენ მოხალისეობის კულტურის დამკვიდრების გზით.”

მარი ხოხლენკო

TEDxTbilisi-ის პროექტების მენეჯერი

“TED ღონისძიებების დაფინანსების ერთადერთი წყარო არის სოციალური პასუხისმგებლობის მქონე სპონსორების მხარდაჭერა. ორგანიზაციამ განზრახ შემოიღო სპონსორობის საკმაოდ მკაცრი ჩარჩოები, რათა პარტნიორებისთვის ღონისძიების მხარდაჭერა მიმზიდველი იყოს მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობის, ფორმატის მიღმა არსებული ძირითადი იდეის და არა კომერციული მოგების გამო. სასიხარულოა, რომ ამგვარი თანამშრომლობა სულ უფრო მეტი ქართული კომპანიისთვის ხდება მიმზიდველი. თავდაპირველად ჩვენი პროექტით მხოლოდ ერთი - ორი კომპანია იყო დაინტერესებული; გვიწევდა კარ და კარ სიარული და ჩვენი იდეის ახსნა. დღეს კი, უკვე ორგანიზაციები თვითონ გვიკავშირდებიან და გვთავაზობენ დახმარებას, რაკი ჩვენსავით სჯერათ იდეების და უნდათ საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანა. 2016 წლის ღონისძიებას 25-მდე ორგანიზაცია უდგას მხარში. მათგან აუცილებლად მინდა გამოვყო საქართველოს ბანკი და სასტუმროთა ქსელი რუმსი, რომლებიც პროექტის ჩასახვის ეტაპიდან გვიდგანან გვერდში. TEDxTbilisi არ იარსებებდა ამ ორგანიზაციების დახმარების გარეშე. ჩვენი და მსგავსი პროექტების არსებობა ხელს შეუწყობს სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას ქართულ სივრცეში, რასაც, ჩემი აზრით, უდიდესი გავლენა ექნება ჩვენი ქვეყნის მომავალზე.”

ანა ნიორაძე

TEDxTbilisi-ის კომუნიკაციების ოფიცერი

“თუ არ იცი რა არის TED, არც ყოფილა საჭირო”

დავით გოგიჩაიშვილი, TEDxTbilisi 2012, სპიკერი

“თბილისი არ არის განებივრებული საინტერესო ღონისძიებებით, თუმცა არსებულთა შორის TEDxTbilisi ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეულია. TED ფორმატმა ბევრი მნიშვნელოვანი რამ გვასწავლა და უამრავი საინტერესო სპიკერი გაგვაცნო. TEDxTbilisi იგივე მიზანს ემსახურება ადგილობრივ, ქართულ კონტექსტში უკვე რამდენიმე წელია რაც. და არსებობის მოკლე ისტორიის მიუხედავად წარმატებულ და ცნობისმოყვარე ადამიანებისთვის დასასწრებად აუცილებელ ფორმატად იქცა. “

ალექსანდრე ჯეჯელავა, TEDxTbilisi 2015, სპიკერი

“TED-ის ყურებისას ვაზროვნებ, ანუ ვარსებობ"

ანდრო დგებუაძე, TEDxTbilisi 2012, სპიკერი

Ted-ი ჩემთვის ის ადგილია, სადაც გონების შედევრები რეალობას ერწყმის და ეს სინთეზი იწვევს გარდაკმნას ჩვენში - უბრალო ადამიანებში. გარდაქმნას, რომელიც შეუძლებელს შეგვაძლებინებს, გარდაქმნას, რომელიც გვასხამს ფრთებს, გვადგმევინებს პირველ ნაბიჯებს იმისაკენ, რაზეც ვოცნებობთ, მაგრამ ზოგჯერ გვეშინია, გვერიდება, არ გვჯერა. TED არის იმედი, TED არის მომავალი,   TED  არის რწმენა…”

          ქეთი ზაზანაშვილი, TEDxTbilisi 2015, სპიკერი

2016 წლის TEDxTbili-ი 17 აპრილს, თბილისის სახელმწიფო  კონსერვატორიაში ჩატარდება. წლევანდელი ღონისძიება ინოვაციასა და ტრადიციას დაუპირისპირებს ერთმანეთს. სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები საკუთარი პერსპექტივიდან ეცდებიან ინოვაციის და ტრადიციის შეპირისპირებას და იმ იდეების წარმოდგენას, რომლებიც ამ ორის გადაკვეთაზე ჩაისახა. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შეგიძლიათ  biletebi.ge -ს პორტალზე და ბილეთის ღირებულება 30  ლარს შეადგენს. ღონისძიების დეტალური დღის წესრიგი და გამომსვლელთა ვინაობა წარმოდგენილია  TEDxTbili-ის ოფიციალურ ვებ და facebook გვერდებზე. შეუწყვე ხელი იდეების ეპიდემიის გავრცელებას; გახდი TED საზოგადოების ნაწილი!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^