Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სიცოცხლის უფლება და ორგანოებით ვაჭრობის რისკი

11 აპრილი 2016

ორგანოების დონორთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს. საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, ორგანოს დონორობის უფლება გარდა ნათესავებისა, პაციენტთან ემოციურად დაკავშირებულ სხვა ადამიანებსაც მიეცემათ. სპეციალისტები ინიციატივას სიფრთხილიუყურებენ და ორგანოებოთ ვაჭრობის რისკის ზრდაზე საუბრობენ.

ლევან გ-ს რამდენიმე წლის წინათ ღვიძლის ავადმყოფობა დაუდგინდა. გამოკვლევების შემდეგ გაირკვა, რომ მისი დაავადება პროგრესირებს და მისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება ღვიძლის ტრანსპლანტაციაა.

საქართველოში ადამიანის ორგანოთა გადანერგვის საკითხს „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“  კანონი არეგულირებს, რომელიც ითვალისწინებს დონორობის ორ გზას - გვამურ დონაციასა და ორგანოს აღებას ცოცხალი დონორისაგან. ტექნიკური თუ ლოჯისტიკური პრობლემების გამო, გვამური დონაციის ოპერაციები საქართველოში არ წარმოებს.

შესაბამისად, პაციენტის ერთადერთი გამოსავალი ცოცხალი დონორისაგან ორგანოს გადანერგვა იყო.

საქართველოს კანონმდებლობა ადგენს სავარაუდო დონორთა წრეს. კანონით, ცოცხალი დონორი შეიძლება იყოს: რეციპიენტის გენეტიკური ნათესავი, რეციპიენტის მეუღლე, თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 1 წელი, რეციპიენტის მეუღლის შვილი, დედა (დედამთილი/სიდედრი), მამა (მამამთილი/სიმამრი), შვილიშვილი, ბებია, პაპა, და (მული/ცოლისდა), ძმა (მაზლი/ცოლისძმა), შვილის მეუღლე (რძალი/სიძე), შვილიშვილის მეუღლე (რძალი/სიძე), დის მეუღლე (სიძე), ძმის მეუღლე (რძალი), თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 2 წელი.

„მიუხედავად კანონში მითითებული პირების სურვილისა, დამხმარებოდნენ და ყოფილიყვნენ ჩემი დონორები, მოცემული კანონით განსაზღვრულ სანათესაო წრეში, არ აღმომაჩნდა სამედიცინო თვალსაზრისით დონორობისთვის შესაბამისი ნათესავი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღმოვჩნდი გამოუვალ მდგომარეობაში, ვინაიდან საზღვარგარეთ მკურნალობის მატერიალური სახსრების მოძიება შეუძლებელია, ხოლო საქართველოში დონორის მოძიებას კანონი მიკრძალავს“, - წერს სარჩელში ლევან გ.

მას კანონით გათვალისწინებულ პოტენციურ დონორთა წრიდან მხოლოდ ძმა, დედა და მამა ჰყავს, თუმცა მათგან დონორობისთვის შესაფერისი არც ერთი არ აღმოჩნდა.

ლევან გ-ს შემთხვევის მაგალითზე საკონსტიტუციო სარჩელი მომზადდა. მოსარჩელე სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ დონორთა წრეს ასაჩივრებს და აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსი ადგენს ამომწურავ ჩამონათვალს, თუ ვინ შეიძლება იყოს დონორი და, შესაბამისად, ამით მას ართმევს უფლებას,  მოიძიოს დონორი, მოცემულ პირთა წრის გარეთ - ნათესაური ან/და ემოციური კავშირის მქონე სხვა პირი, ვისაც აქვს სურვილი, დაეხმაროს მას ავადმყოფობის დაძლევაში.

ლევან გ-ს ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი გიორგი გოცირიძე იცავს.

„ლიბერალთან“ საუბრისას იურისტი აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესზე მათ ფორმულირება შესთავაზეს საკონსტიტუციო სასამართლოს, „რომ პოტენციური დონორი, რომელსაც აქვთ ემოციური კავშირი რეციპიენტთან (ემოციურ კავშირში იგულისხმება მეგობრული, ასევე რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე კავშირი და ა.შ.) და რომელიც მას არ მოსთხოვს ორგანოს სანაცვლოდ თანხის გადახდას, არ ყოფილიყო გამორიცხული დონორთა სიიდან და, მართლაც, ეს ფორმულირება საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა; სარჩელი წარმოებაში მიიღო და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმა შეაჩერა“, - ამბობს გოცირიძე.

მისივე თქმით, ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს 9-კაციანმა პლენუმმა მიიღო, ხოლო 2 მოსამართლეს ჰქონდა შიში, თუ როგორ შეიძლება დადგინდეს ადამიანებს შორის ემოციური კავშირი.

„მათ ასევე ჰქონდათ წინადადება, რომ თუკი სანათესაოში არ აღმოჩნდებოდა შესაბამისი დონორი, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ჰქონდეს ემოციურად დაკავშირებულ ადამიანებს დონორობის უფლება“, - აღნიშნავს გოცირიძე.

როგორც ის ამბობს, ასევე საჭირო გახდება ასეთი მეგობრობის მტკიცება, რომელიც ადამიანებს შორის წლების განმავლობაში გრძელდება. 

სარჩელის ირგვლივ განსახილველია კიდევ ერთი საკითხი - ვინ უნდა განსაზღვროს, არის თუ არა ადამიანებს შორის ასეთი ემოციური კავშირი.

გოცირიძე აღნიშნავს, რომ დღევანდელ საკანონმდებლო მოცემულობაში, როდესაც სადავო ნორმა შეჩერებულია, დონორსა და რეციპიენტს შორის ემოციური კავშირის დადგენა ტრანსპლანტაციის საბჭოს უწევს. საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხის განხილვისას კი გამოითქვა მოსაზრება, რომ მომავალში, ასეთი საკითხი სასამართლოს გადაეწყვიტა.

„სასამართლოს აქვს სათანადო უნარი, გამოიკვლიოს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები, გამართოს პროცესი, დაკითხოს მოწმეები,რომლებიც დაადასტურებენ, რომ ამ ადამიანებს შორის წლების განმავლობაში იყო ახლო, მეგობრული ურთიერთობა და ეს ემოციური კავშირი ისეთი ღრმაა, რომ დონორი რეციპიენტს არ მოსთხოვს ორგანოს სანაცვლოდ გარკვეულ თანხას“, - ამბობს გოცირიძე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვის პარალელურად იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე მოამზადა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“  კანონში ცვლილებების პროექტი. განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მომზადება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავამ განაპირობა.

კანონპროექტი ადგენს რეციპიენტთან ახლო პირადი ურთიერთობის მქონე პირის განმარტებას, რომლის თანახმადაც, პირი ცოცხალ დონორად მიიჩნევა, თუ მას რეციპიენტთან უცხოვრია არანაკლებ 2 წლის განმავლობაში, ან მასთან იმდენივე ხნის განმავლობაში ჰქონდა ახლო და სტაბილური ემოციური კავშირი.

აღსანიშნავია ისიც, რომ რეციპიენტთან ახლო პირადი ურთიერთობის მქონე პირისგან ორგანოს აღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცოცხალი დონორი არ მოიძებნება კანონით უკვე განსაზღვრულ დონორთა წრიდან (მე-18 მუხლის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები).

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილავდნენ, თუ ვის უნდა დაედგინა ადამიანებს შორის ემოციური კავშირის არსებობა. იურიდიული კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი, ამ ფუნქციას სასამართლოს აკისრებს.

კანონპროექტით, წარმოდგენილი პროექტით შესაძლებელი ხდება რეციპიენტთან ახლო პირადი ურთიერთობის მქონე პირისგან ორგანოს გადანერგვა იმ შემთხვევაში თუ არსებობს სასამართლოს ნებართვა. რეციპიენტთან ახლო პირადი ურთიერთობის მქონე პირისგან ორგანოს აღების შესაძლებლობას ითვალისწინებს ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ კონვენციის 2001 წლის დამატებითი ოქმის მე-10 მუხლი, ასევე არაერთი ევროპული ქვეყნის კანონმდებლობა, მათ შორის, ბულგარეთი, გერმანია, ფინეთი, საფრანგეთი სლოვენია, პოლონეთი. მსგავსი დონაცია შესაძლებელია ასევე ესპანეთსა და შვეიცარიაშიც, ვინაიდან დონორთა წრე კანონმდებლობით საერთოდ არ არის განსაზღვრული“, - წერია განმარტებით ბარათში.

იურისტი გიორგი გოცირიძე განმარტავს, რომ თუ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე  მიიღებენ, ასეთ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო მაინც არ შეწყვეტს საკითხის განხილვას. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, პარლამენტს გაუჭირდება კანონის ამ ნორმის გაუქმება და ა.შ.

ორგანოს დონორთა წრის გაფართოების რისკი

როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელს იხილავდა, ექსპერტად ვიყავი მიწვეული და განვაცხადე, რომ დონორთა წრის გაფართოება არის ძალიან ფართოდ ჭიშკრის გაღება ორგანოთა ტრეფიკინგისთვის. ორგანოთა ტრეფიკინგი იგივეა, რაც ადამიანთა ტრეფიკინგი“, - აცხადებსლიბერალთანსაუბრისას ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი, სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორი გია თომაძე.

მისი თქმით, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ სასწორის ერთ მხარეს ადამიანის სიცოცხლის უფლება დადო, მეორე მხარემ თუნდაც ორაგანოთა ტრეფიკინგის ხსენებით ის ვერ გადაწონა.

„პასუხი იყო ასეთი, რომ ისე უნდა ამუშავდეს მექანიზმები, ორგანოთა ტრეფიკინგი არ მოხდეს, გამოვლენდნენ არაალტრუისტული დონორები, ხოლო შეუნარჩუნდეს სიცოცხლე იმ ადამიანს, ვისაც ეს გადანერგვა ესაჭიროება“, - ამბობს თომაძე.

რაც შეეხება ორგანოებით ვაჭრობის რისკს, თომაძე მიიჩნევს, რომ ამ მხრივ საქართველოში არსებული სოციალური ფონიც გასათვალისწინებელია.

„ასეთი გამოთქმა არსებობს, რომ საქართველოში ნახევარი მოსახლეობა მევალეა და ნახევარი კი - მოვალეო. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვალის დასაბრუნებლად ადამიანმა თირკმელი ან ღვიძლი გაყიდოს. მაგალითად, ესპანეთში აღძრულია  სისხლის სამართლის საქმე - გარკვეული ჯგუფი აიძულებდა ადამიანებს, საფასურის სანაცვლოდ ჩაებარებინათ თირკმელი და ფული მიეტანათ მოთხოვნის ადგილზე. ასეთი საშიშროებისგან დაზღვეულები არც ჩვენ ვართ. ჩვენი სამართალდამცავი და საკანონმდებლო ორგანოების, პროფესიონალების დანიშნულებაა, რომ რაც შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანონ ამგვარი შემთხვევები“, - ამბობს თომაძე.

იურისტი გიორგი გოცირიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი აღნიშნული შემთხვევების დროს არგუმენტი ვერ იქნება, რადგან თანხის გადახდა არც ნათესავებს შორის გამოირიცხება. „შესაძლოა, დეიდაშვილმაც განსაზღვრული თანხის საფასურად გაყიდოს ორგანო. ამიტომ ეს არგუმენტი არ არის. თუ არადა, არსებობს გამოძიება, რომელმაც უნდა დაადგინოს აღნიშნული. ერთი ლარის გადახდაც კი დანაშაულია და მას არანაირად არ აზღვევს ნათესაური ურთიერთობა. იმის გამო, რომ თანხა არ იყოს გადახდილი რეციპიენტსა და დონორს შორის, ადამიანის სიცოცხლე არ უნდა დადგეს რისკის ქვეშ “, - ამბობს გოცირიძე.

რაც შეეხება კითხვას, პრაქტიკაში რამდენადაა იმის საჭიროება, რომ მოხდეს დონორთა წრის გაკონტროლება,  თომაძე აღნიშნავს, რომ მას პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები ჰქონია. მისი თქმით, ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ადამიანმა არაოფიციალურად მოიყვანა ცოლი, დონორად გამოყენების მიზნით. „საბედნიეროდ, ეს ამბავი გაირკვა და გადანერგვა არ მოხდა“, - ამბობს თომაძე.

თომაძე აღნიშნავს, რომ პარლამენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხის განხილვის პარალელურად, მსჯელობა მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროს ტრანსპლანტაციის საბჭოში, ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციაში, მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ კომისიაში.

„ყველგან ვცდილობთ, მოვიფიქროთ ის მეთოდოლოგია, რომლითაც შესაძლებელი იქნება დავადგინოთ, ერთმანეთისადმი რამდენად ემოციურად ახლობლები არიან პოტენციური დონორი და პოტენციური რეციპიენტი და რამდენად შესაძლებელია, მათ შორის ფინანსურ გარიგების არსებობა“, - ამბობს თომაძე.

მისი თქმით, სამუშაო შეხვედრებში ჩართულები არიან იურისტები, ასევე ფსიქოლოგები, რათა სხვადასხვა ხერხით დადგინდეს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს პოტენციური დონორისა და რეციპიენტის ემოციური ურთიერთობა. როგორც ის ამბობს, მაგალითად, ადამიანების წამების შემთხვევაში, როდესაც ის თავად არ/ვერ ამხელს რომ აწამეს, შესაბამისი კითხვების დასმით ხდება ამის დადგენა. „ასევეა ადამიანის ტრეფიკინგის შემთხვევაში. ისინი შესაძლოა არ ამბობდნენ, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლნი იყვნენ, მაგრამ რასაც ეკითხებიან, პასუხებიდან გამომდინარე, ამის გარკვევა შესაძლებელია“.

თომაძე აღნიშნავს, რომ არ არსებობს მზა რეცეპტი, როგორ შეიძლება ორგანოების ვაჭრობის შემთხვევების ამოცნობა,  მაგრამ „რამენაირად ისეთი მეთოდოლოგია უნდა შევიმუშაოთ, რითაც მინიმუმამდე დავიყვანთ ასეთი რისკის ალბათობას“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^