გაბრიელი 3 წლისაა. მშობლებთან ერთად თბილისის ერთ-ერთ უბანში ცხოვრობს. ძირითად დროს მამასთან ერთად ატარებს. მამა არ მუშაობს, ოჯახში დასაქმებული მხოლოდ დედაა.
გაბრიელი აუტიზმის მქონეა, მშობლების მცდელობის მიუხედავად, ამ დროისთვის აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილ არც ერთ სახელმწიფო პროგრამაში ჩართული არ არის.
წლისა და სამი თვის იყო, როცა მშობლებმა ცვლილებები შეატყვეს: არ რეაგირებდა სახელზე, მშობლებსა და გარშემომყოფებს თვალებში აღარ უყურებდა. გაბრიელი ქუთაისში ცხოვრობდა, მშობლებმა თბილისში ნევროპათოლოგთან ჩამოიყვანეს. ნევროპათოლოგმა ფსიქოლოგთან გადაამისამართა. სპეციალისტმა წლისა და 8 თვის გაბრიელს სავარაუდო აუტიზმის დიაგნოზი დაუსვა.
ნეიროგანვითარების ინსტიტუტში მშობლებს ბავშვისთვის გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია (ABA) ურჩიეს.
უთხრეს, რომ ეფექტის მისაღწევად გაბრიელს თერაპიაზე დღეში 5 საათი უნდა ევლო. თვეში სულ 100 საათი. ჯამში ეს სერვისი ოჯახს 2900 ლარი დაუჯდებოდა.
„ნეიროგანვითარებაში ისეთი კალკულაცია გამოგვატანეს, რომ ამას ფიზიკურად ვერ შევძლებდით. რა სამსახურიც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს. გვითხრეს, რომ თუ გინდათ შედეგზე გავიდეთ, დღეში 5 საათი უნდა იაროს ბავშვმა შესაბამის თერაპიაზეო. თვეში 100 საათი გამოდიოდა. საათი - 29 ლარი იყო“. - ამბობს გაბრიელის მამა ბესარიონი.
გაბრიელთან ერთად მშობლები ქუთაისში დაბრუნდნენ და ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამაში ჩაერთვნენ, რომელიც უშუალოდ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის არ არის, თუმცა მისით მოსარგებლეთა რიგებში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებიც ირიცხებიან.
პროგრამა თვეში 8 საათს აფინანსებს, ეს იმ დროს, როცა გაბრიელს, სპეციალისტების თქმით, შედეგის მისაღწევად 8 საათი კვირაში სჭირდებოდა.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული პროგრამის შესახებ აუტიზმის სპექტრის აშლილობის ინდივიდთა ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო სერვისების კვლევაში წერია, რომ პროგრამა კარგად მუშაობს, თუმცა ინდივიდუალური თერაპიის ინტენსივობას, რომელიც მინიმალურად აუცილებელია ასა-ს მქონე ინდივიდებისთვის (მინიმუმ 25 საათი კვირაში) ეს პროგრამა ვერ უზრუნველყოფს. კვლევა 2014 წელს ჩატარდა.
„ქუთაისში ორგანიზაცია „პირველ ნაბიჯში“ დაგვყავდა. პროგრამა თვეში სულ 8 საათს აფინანსებდა. ნეიროგანვითარებაშიც და ილიაუნშიც რომ ვიკითხეთ, გვითხრეს, კვირაში 8-9 საათი მაინც უნდა ატაროთ, რომ პასუხისმგებლები ვიყოთ შედეგზეო. ადრეული განვითარების პროგრამა კვირაში 2 საათს აფინანსებდა. თვეში სულ - 8 საათს. წინსვლა გვქონდა, მაგრამ ბევრი ვერაფერი. ქუთაისში, სამწუხარო ისაა რომ ფინანსები რომც გქონდეს, სერვისი არ არსებობს. არ არსებობენ გამოცდილი ფსიქოლოგები” - ამბობს გაბრიელის მამა.
სერვისების არარსებობის გამო, მშობლებმა საცხოვრებლად თბილისში გადმოსვლა გადაწყვიტეს. დედამ იშოვა დედაქალაქში სამსახური და 2015 წლის ოქტომბერში გაბრიელი თბილისში ჩაწერეს. შესაბამისი დოკუმენტები შეიტანეს თბილისის მერიაში და გაბრიელის აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამაში ჩართვა მოითხოვეს.
მერიამ ოჯახს პროგრამაში ბავშვის ჩართვაზე უარი უთხრა, კერძოდ, მერიიდან მიღებულ წერილში წერია, რომ რადგან გაბრიელ ცინცაძის ქ. თბილისში რეგისტრაციის თარიღს წარმოადგენს 2015 წლის ოქტომბერი, მერია პროგრამის კრიტერიუმების გათვალისწინებით, მოკლებულია შესაძლებლობას, დადებითად გადაწყვიტოს გაბრიელის პროგრამაში ჩართვის საკითხი.
პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი კრიტერიუმი სწორედ რეგისტრაციის ადგილს ეხება - პროგრამით სარგებლობა შეუძლია მას, ვინც თბილისში 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობითაა რეგისტრირებული.
„განცხადება 2016 წელსაც შევიტანეთ, ისევ უარი გვითხრეს და ისევ იმავე დადგენილებით ხელმძღვანელობენ. ჩემი აზრით, ესაა ხელოვნურად შექმნილი ბარიერი, ეკონომია რომ გააკეთონ.” - ამბობს გაბრიელის მამა.
გაბრიელი თბილისში ადრეული განვითარების პროგრამით მოსარგებლეც აღარ არის. ის ამ პროგრამით ქუთაისში სარგებლობდა, დედაქალაქში გადმოსვლის შემდეგ კი, ბიუროკრატიული ბარიერების გამო, ვეღარ სარგებლობას.
ადრეული განვითარების პროგრამის წესების მიხედვით, დასავლეთ საქართველოში რეგისტირებულ პირებს ვაუჩერის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ დასავლეთ საქართველოში მოქმედ ცენტრებში. ანუ სადაც ხარ აღრიცხული, პროგრამით სარგებლობაც იქ არის შესაძლებელი.
2016 წლის იანვარში გაბრიელის მამა ქუთაისის სოციალურ სამსახურში მივიდა და გაბრიელი აღრიცხვიდან მოხსნა. პროგრამით განსაზღვრული ვაუჩერის მისაღებად კი თბილისში შესაბამის სამსახურს მიმართა.
„ერთი თვე უარი გვითხრეს, მეორე თვეს სოციალური აგენტიც მოვიდა ბავშვის შესამოწმებლად - ამ თვეში იმედი მაქვს, რომ დაგაფინანსებენო - გვითხრა. ბოლოს ისიც თქვა, რომ უპირატესობას სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს ანიჭებენო. სოციალურად დაუცველში არ გავდივართ, მაგრამ ერთი ადამიანი მუშაობს ოჯახში და უხეშად რომ ვთქვათ, იმდენს ვახერხებთ, ბავშვს საჭმელი ვაჭამოთ და თავი გავიტანოთ. მაგრამ იმის დაფინანსებას, რაც გაბრიელს საჭმელზე მეტად, ჰაერივით სჭირდება, ვერ ვახერხებთ. ქუთაისში რომ ვცხოვრობდით, სერვისები არ იყო. თბილისში სერვისები არის, მაგრამ საშუალებაა არაა.” - ამბობს გაბრიელის მამა.
„ლიბერალი“ დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსს, მაია ბუჩუკურს და თბილისის მერიის სოციალური პროგრამების დეპარტამენტს.
სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსის, მაია ბუჩუკურის თქმით, გაბრიელის ოჯახმა ხელახლა უნდა დაწეროს განცხადება, მიმართოს სოციალურ სამსახურს, რომელიც აღნიშნულ განცხადებას ჯანდაცვის სოციალური პროგრამების სამმართველოს გადაუგზავნის. მაია ბუჩუკურის თქმით, გაბრიელს რიგში დგომა არ მოუწევს, რადგან მას მიენიჭება პრიორიტეტი, იმის გამო, რომ აღნიშნული პროგრამით უკვე სარგებლობდა და განცხადების შეტანიდან პირველივე თვეს ჩარიცხავენ პროგრამაში.
„გაბრიელის ოჯახმა თავიდან უნდა მიმართოს დიდუბის მუნიციპალიტეტს და პირველივე ჩარიცხვაზე ჩავრიცხავთ. ეს იქნება 8 მაისს და პირველი ივნისიდან გაბრიელი წავა ადრეული განვითარების პროგრამაში.” - ამბობს მაია ბუჩუკური.
მაია ბუჩუკურის თქმით, პროგრამაში ცვლილებები შევიდა და გეოგრაფიული ბარიერები მოიხსნა. კერძოდ, 2016 წლის მარტიდან მაგალითად, დასავლეთში ვაჩუერის მიმღებ პირს სერვისით თბილისშიც შეუძლია სარგებლობა.
საგულისხმოა, რომ მაია ბუჩუკურის თქმით, ადრეული განვითარების პროგრამის რიგში დღევანდელი მდგომარეობით 384 ბავშვია.
რაც შეეხება მერიის სოციალური პროგრამების სამსახურს. აღნიშნული სამსახურის მედიასთან ურთიერთობის თანამშრომლის თქმით, გაბრიელის ჩართვა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში ვერ მოხერხდება, რადგან წესისამებრ, პროგრამით სარგებლობა მხოლოდ 2015 წლის 1 ივლისამდე ჩაწერილ პირებს შეუძლიათ.
მისივე თქმით, რეგისტრაციის ადგილის გამო, პროგრამაში ჩართვაზე უარი 35 ბავშვს ეთქვა.